არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 21 თებერვალი
ისრაელი

ისრაელში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე გამოცხადდა ებრაული წერილების გამოცემის შესახებ

ისრაელში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე გამოცხადდა ებრაული წერილების გამოცემის შესახებ

გახარებული ოჯახი ახალი ბიბლიებით ხელში.

„ხელმძღვანელმა საბჭომ განსაკუთრებული საჩუქარი მოგიმზადათ“ — ამ სიტყვებით დაიწყო მოხსენება ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა ჯეფრი ჯექსონმა და გამოაცხადა, რომ გამოიცა ებრაული წერილების „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ თანამედროვე ებრაულ ენაზე. ამ სპეციალურ ღონისძიებას, რომელიც 2020 წლის 11 იანვარს ისრაელის ქალაქ ხაიფაში, რომემას სტადიონზე გაიმართა, 2 125 ადამიანი დაესწრო.

ძმა დეივიდ სიმოზრაგმა, რომელიც ისრაელის ფილიალში საინფორმაციო განყოფილებას ხელმძღვანელობს, აღნიშნა: «ჩვენს რეგიონში ებრაულ ენაზე, სავარაუდოდ, 8 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს. დარწმუნებულნი ვართ, რომ თანამედროვე ებრაულზე შესრულებული „თანახი“ ადგილობრივ მოსახლეობას ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს». a ეს ახალი გამოცემა ერთ-ერთია იმ თითო-ოროლა თანამედროვე თარგმანებს შორის, რომლებიც დღესდღეობით ებრაელი მკითხველისთვისაა ხელმისაწვდომი.

ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ დღეისათვის, მთლიანად ან ნაწილობრივ, ხელმისაწვდომია 186 ენაზე. ბიბლიურ დროში მოღვაწე მასორეტების მსგავსად, მთარგმნელობით განყოფილებაში მომსახურე ჩვენი და-ძმებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ, რომ ბიბლიური ცნობა ზუსტად გადმოეცათ თანამედროვე ებრაულ ენაზე. ამ თარგმანის შესრულებას სამ წელზე მეტი დასჭირდა. ერთ-ერთი მთარგმნელი აღნიშნავს: „ბევრ ებრაელ მკითხველს რომელიმე კონკრეტული მუხლის ან თუნდაც ბიბლიის მთლიანი წიგნების მნიშვნელობის გასაგებად სხვა ენებზე შესრულებული თარგმანების ან განმარტებების წაკითხვა უწევდა. მაგრამ ამ ბიბლიის წყალობით თანამედროვე მკითხველი ადვილად წვდება წმინდა წერილების მნიშვნელობას“.

ოჯახის თითოეულ წევრს ხელში უჭირავს თანამედროვე ებრაულ ენაზე შესრულებული, ახლახან გამოცემული ებრაული წერილები.

ერთმა ძმამ აღნიშნა: «ათწლეულების განმავლობაში რიგით მკითხველს უჭირდა „თანახის“ უმეტესი ნაწილის გაგება, მაგრამ ახლა, მისი გაგება გაცილებით ადვილია, რადგან აზრები მარტივად და ზუსტად არის გადმოცემული». ისრაელის ფილიალის ტერიტორიაზე 2 000-ზე მეტი მაუწყებელია, რომელთაგან 603 — ებრაულ ენაზე საუბრობს. უდავოა, რომ ებრაულ ენაზე მოლაპარაკე ეს და-ძმები ამ განსაკუთრებულ საჩუქარს გამოიყენებენ „იეჰოვას კანონში რჩევის საძებნელად [და] მის შესასრულებლად“ (ეზრა 7:10).

a „თანახი“ არის ებრაული წერილების სამი ნაწილის სახელწოდებათა პირველი ასოებისგან შედგენილი აბრევიატურა, რომელიც ბიბლიის ებრაულ წიგნებს სხვა ბიბლიებისგან განსხვავებით სამ ჯგუფად ყოფს: თორა (კანონი), ნევიიმი (წინასწარმეტყველები) და კეტუვიმი (წერილები). წიგნების იგივე თანმიმდევრობაა დაცული თანამედროვე ებრაულ გამოცემაში.