არჩეულ მასალაზე გადასვლა

ნაქირავებ დარბაზში შეკრებილი და-ძმები (როზდილი, უკრაინა)

19 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2023
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან

მათ მაინც შეძლეს გახსენების საღამოს აღნიშვნა

მათ მაინც შეძლეს გახსენების საღამოს აღნიშვნა

2023 წლის 4 აპრილს მილიონობით იეჰოვას მოწმე მოწვეულ სტუმრებთან ერთად ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად შეიკრიბა. ამ შეხვედრას რომ დასწრებოდა, არაერთ და-ძმას სირთულეების გადალახვა მოუწია.

უკრაინა

მაგალითად, უკრაინის ზოგიერთ მხარეში, უამინდობისა და საომარი ვითარების მიუხედავად, ათასობით ადამიანი შეიკრიბა ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად. ასეთი არასტაბილური ვითარების გამო აღმოსავლეთ უკრაინის ერთ ქალაქში უხუცესებმა ორგანიზება გაუწიეს, რომ გახსენების საღამოს მოხსენების ჩანაწერი ერთი კვირით ადრე და-ძმებისთვის მიეწოდებინათ. გახსენების საღამომდე რამდენიმე დღით ადრე ძლიერმა ქარმა ინტერნეტისა და ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. თუმცა ჩანაწერის წყალობით მოხსენების მოსმენა ყველა და-ძმამ შეძლო.

ყაზახეთი

ყაზახეთში მცხოვრები 15 წლის ვიოლეტასთვის სირთულე ოჯახის წევრის მხრიდან წინააღმდეგობა იყო. ვიოლეტას ოჯახს პაპამისი დაახლოებით 20 წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა. ის ოჯახის წევრებს კრების შეხვედრებზე დასწრებას უკრძალავდა და მათ ლიტერატურასაც კი ანადგურებდა. თუმცა დროთა განმავლობაში შვილიშვილის სიყვარულმა აღძრა, რომ მასთან სულიერ საკითხებზე ესაუბრა. ვიოლეტას გასახარად წელს მან ბიბლიის შესწავლაც დაიწყო და გახსენების საღამოსაც დაესწრო.

ზემოთ: ქალაქი სუაი, ქვემოთ: ქალაქი სამე (აღმოსავლეთი ტიმორი)

ზოგისთვის სირთულე მანძილი აღმოჩნდა. მაგალითად, აღმოსავლეთ ტიმორში ჩვენი და-ძმები ტელეფონით 55 ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ ორ ქალაქში, სამესა და სუაიში, მცხოვრებ ხალხთან. უახლოესი კრებიდან ეს ქალაქები რამდენიმე საათის სავალ მანძილზე მდებარეობს. სწორედ ამიტომ ორგანიზება გაეწია, რომ გახსენების საღამო ადგილობრივად კერძო სახლებში ჩატარებულიყო. ერთმა უხუცესმა ოთხი საათი იმგზავრა, რათა სამეში ჩასულიყო და გახსენების საღამოს მოხსენება წარმოეთქვა იქ შეკრებილი 56 დამსწრისთვის. კიდევ ერთმა უხუცესმა 7 საათი იმგზავრა ქალაქ სუაში ჩასასვლელად და იქ შეკრებილი 50 დამსწრისთვის მოხსენების წარმოსათქმელად.

უალპენი, ჩილე

ჩილეში, ქალაქ უალპენში, ძმებს უჭირდათ შესაფერისი ადგილის პოვნა გახსენების საღამოს აღსანიშნავად, ამიტომ დახმარებისთვის რელიგიის საკითხთა ადგილობრივ სააგენტოს მიმართეს. გახსენების საღამოს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ძმებს სააგენტოს წარმომადგენელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ სკოლის კაფეტერიის გამოყენება შეეძლოთ შეხვედრის ჩასატარებლად. ძმებმაც არ დააყოვნეს და მალევე მოაწესრიგეს ეს ადგილი, რათა შესაფერისი გარემო შექმნილიყო ამ საღამოსთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ შეხვედრას სააგენტოს წარმომადგენელიც და ქალაქის მერიც დაესწრნენ. მერმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „ყველანი ძალიან მოწესრიგებული ხართ. მინდა, აქ მყოფთა მიმართ, მათ შორის ბავშვების მიმართ, ჩემი პატივისცემა გამოვხატო. ჩვენი დახმარების იმედი მომავალშიც გქონდეთ!“.

მონაკო

გვახარებს ისიც, რომ 2022 წლის ნოემბერში იეჰოვას მოწმეებმა მონაკოში ოფიციალურად მოიპოვეს კანონიერი აღიარება. გახსენების საღამოს შემდეგ, რომელიც ნაქირავებ შენობაში ჩატარდა, ერთმა სტუმარმა აღნიშნა: „აქაურობა ძალიან ლამაზია, თუმცა ამ ადგილს უფრო მეტ მშვენიერებას აქ შეკრებილი ხალხი სძენს“.

გვამხნევებს იმის დანახვა, რომ ჩვენმა და-ძმებმა არაერთი სირთულის მიუხედავად, მაინც მოახერხეს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნა (ლუკა 22:19).