არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 11 მარტი
შეერთებული შტატები

წერილებით ქადაგება კვლავ წარმატებით გრძელდება

წერილებით ქადაგება კვლავ წარმატებით გრძელდება

ბევრი იეჰოვას მოწმე სიამოვნებით ქადაგებს წერილების მეშვეობით. შეერთებულ შტატებში მომხდარი შემდეგი შემთხვევები აჩვენებს, რომ ამ მეთოდის გამოყენება შესანიშნავი საშუალებაა მანუგეშებელი ბიბლიური ცნობის ხალხისთვის გადასაცემად.

კარლი რაგლსი და დედამისი ბიბლიურ მუხლებს ეძებენ წერილებისთვის

13 წლის და კარლი რეგელსი, რომელიც ბლუ-ეშში (ოჰაიოს შტატი) ცხოვრობს, ერთმა უჩვეულო გამოხმაურებამ დაარწმუნა, თუ რამდენად კარგი შედეგი შეიძლება მოჰყვეს წერილებით ქადაგებას.

ერთ დღეს, კარლი ეზოში იყო, როცა დაინახა, რომ ერთმა მამაკაცმა მოტოციკლით მათი სახლისკენ მიმავალ გზაზე გადაუხვია, მასთან მივიდა და მოტოციკლიდან გადმოხტა. ხელში კონვერტი ეჭირა. მან ხმამაღლა დაიძახა: „ვინ გამომიგზავნა ეს წერილი?“. კარლი მიხვდა, რომ ეს ქადაგების დროს მის მიერ გაგზავნილი ერთ-ერთი წერილი იყო.

სანამ მშობლები მივიდოდნენ, კარლიმ მას გაბედულად უპასუხა: „მე გამოგიგზავნეთ, ბატონო“.

კარლი და მისი მშობლები გაოცებული დარჩნენ, როცა მოტოციკლის მძღოლის სიტყვები მოისმინეს. „შენი წერილი ზუსტად ის იყო, რაც ძალიან მჭირდებოდა“. შემდეგ მოუთხრო მათ, როგორ ებრძოდა მარტოობის გრძნობას პანდემიის გამო და როგორ გაამხნევა წერილში მოცემულმა ინფორმაციამ. მან ისიც დასძინა, რომ ძმა ჰყავდა ახალი გარდაცვლილი და კარლის წერილმა ნუგეში მოჰგვარა.

ბოლოს მან კარლის და მის მშობლებს ასეთი თხოვნით მიმართა: „არ შეწყვიტოთ წერილების წერა. შეიძლება ყველამ არ მოგწეროთ პასუხი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ასეთი წერილები მათ ძალიან ამხნევებთ“.

კარლის ახლა უფრო მეტად აქვს გადაწყვეტილი, არ შეწყვიტოს წერილების გაგზავნა მეზობლად მცხოვრები ხალხისთვის. „აღფრთოვანებული ვიყავი, რომ იეჰოვამ ვიღაცის გასამხნევებლად გამომიყენა. ჩვენი დაწერილი ტექსტი ნამდვილად შეიძლება აღმოჩნდეს დროული ვინმესთვის“, — ამბობს კარლი.

და მირნა ლოპესი სენტერში (ტეხასის შტატი)

და მირნა ლოპესს, რომელიც სენტერში (ტეხასის შტატი) ცხოვრობს, აეჭვებდა, გამოეხმაურებოდა თუ არა ვინმე მის წერილებს. მან შეიტყო, რომ მისი დისშვილი, რომელიც ბავშვობაში კრების შეხვედრებს ესწრებოდა, დაეპატიმრებინათ. მირნამ გადაწყვიტა, რომ მიეწერა მისთვის. წერილში თავის დისშვილს არწმუნებდა, რომ იეჰოვას ის კვლავ ახსოვდა.

მირნამ საპასუხო წერილი მიიღო. წერილში ახალგაზრდა მამაკაცი წერდა, რომ დაპატიმრების შემდეგ ძალიან განერვიულებული იყო და ცხოვრების აზრს ვეღარაფერში ხედავდა. ციხეში ყოფნის დროს მან ბავშვობა გაიხსენა და ბიბლიის კითხვა და ლოცვა დაიწყო. ის ლოცვით იეჰოვა ღმერთს მიმართავდა. მირნასგან მიღებული წერილი კი მან თავის ლოცვებზე პასუხად ჩათვალა და დარწმუნდა, რომ იეჰოვა კვლავ არის დაინტერესებული მისით.

და ნატალი ბიბსი ნორკროსში (ჯორჯიის შტატი)

და ნატალი ბიბსმა, რომელიც ნორკროსიდანაა (ჯორჯიის შტატი), შეტყობინება მიიღო ერთი ქალბატონისგან, რომელსაც მისი წერილი სირბილის დროს ეპოვა. მას გზის პირას დაუნახავს დაკეცილი წერილი და თავიდან ისე ჩაუვლია, რომ ყურადღება არ მიუქცევია, შემდეგ კი რაღაც მიზეზების გამო უკან დაბრუნებულა და აუღია.

ქალბატონმა ნატალის მისწერა: «ძალიან რთული კვირა მქონდა და რაღაც კარგის მოსმენა მჭირდებოდა. სწორედ თქვენი წერილი აღმოჩნდა ეს „რაღაც კარგი“».

ნატალი გვიყვება: „ამ შემთხვევამ დამარწმუნა, რომ მსახურების რომელ სფეროშიც არ უნდა ვიღებდეთ მონაწილეობას, იეჰოვა ყოველთვის ჩვენ გვერდითაა და აკურთხებს ჩვენს მონდომებას“.

და ლაურა მარტინესი, რომელიც ათენსში (ტეხასის შტატი) ცხოვრობს, წერილებს აძლევს ადგილობრივი სასურსათო მაღაზიის თანამშრომლებს, როცა ისინი მას მანქანამდე პროდუქტის მიტანაში ეხმარებიან. ერთ-ერთმა მათგანმა ლაურას უთხრა, რომ ძალიან მოეწონა წერილი. საპასუხოდ, ლაურამ ისევ მისწერა ამ ქალბატონს ორი წერილი, ახლა კი მასთან ბიბლიის შესწავლას ატარებს.

და ლაურა მარტინესი ათენსში (ტეხასის შტატი) წერილებს აძლევს ადგილობრივი მაღაზიის თანამშრომლებს.

ასეთი შემთხვევები შეგვახსენებს, რომ არ ვიცით, როდის „მოგვემართება ხელი“ და როდის გამოიღებს ნაყოფს ჩვენ მიერ დათესილი ჭეშმარიტების თესლი. იეჰოვამ მსახურების ნებისმიერი ფორმით შეიძლება მიიტანოს მანუგეშებელი ცნობა ცხვრისმაგვარ ადამიანებთან (ეკლესიასტე 11:6).