მარკოზის სახარება 7:1—37

  • ადათ-წესების დაგმობა (1—13).

  • სიბილწე გულიდან გამოდის (14—23).

  • სიროფინიკიელი ქალის რწმენა (24—30).

  • ყრუს განკურნება (31—37).

7  იერუსალიმიდან ჩამოსული ფარისევლები და რამდენიმე მწიგნობარი იქ შეგროვდნენ, სადაც იესო იყო.+  დაინახეს, რომ ზოგი მისი მოწაფე საჭმელს წაბილწული, დაუბანელი ხელით ჭამდა*  (ფარისევლები და იუდეველები ისე არ ჭამენ, თუ ხელები იდაყვებამდე არ დაიბანეს, რადგან ზედმიწევნით იცავენ წინაპართა ადათ-წესებს.  არც ბაზრიდან დაბრუნებულები ჭამენ, სანამ არ განიბანებიან. ბევრ სხვა ადათ-წესსაც მკაცრად მიჰყვებიან: ავლებენ თასებს, დოქებსა და სპილენძის ჭურჭელს).+  ამიტომ ფარისევლებმა და მწიგნობრებმა იესოს ჰკითხეს: „რატომ არ იცავენ შენი მოწაფეები წინაპართა ადათ-წესებს და რატომ ჭამენ წაბილწული ხელებით?“+  მან მიუგო: «თვალთმაქცებო, რა ზუსტად იწინასწარმეტყველა ესაიამ თქვენზე: „ეს ხალხი ბაგით მადიდებს, გულით კი შორს არიან ჩემგან.+  ტყუილუბრალოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მოგონილ წესებს მცნებად უდებენ ხალხს“.+  ღვთის მცნებას არღვევთ, ადამიანთა ადათ-წესებს კი ზედმიწევნით იცავთ».+  მერე განაგრძო: „თქვენ მოხერხებულად უვლით გვერდს ღვთის მცნებას, თქვენი ადათ-წესები რომ დაიცვათ.+ 10  მაგალითად, მოსემ თქვა, პატივი ეციო მამას და დედას,+ და მამის ან დედის მლანძღველი მოკვდესო.+ 11  თქვენ კი რომ ამბობთ, თუ კაცი მამას ან დედას ეტყვის, ჩემი ქონება, რითაც უნდა მერჩინე, კორბანიაო (ღვთისთვის განკუთვნილი ძღვენი), 12  ამით მას მამისთვის ან დედისთვის მცირედის გაკეთების საშუალებასაც კი არ აძლევთ.+ 13  ასე თქვენ თქვენივე ადათ-წესებით აუფასურებთ ღვთის სიტყვას.+ სხვასაც ბევრს აკეთებთ ამის მსგავსს“.+ 14  ამიტომ კვლავ მოუხმო ხალხს და უთხრა: „ყური დამიგდეთ და დაუფიქრდით, რასაც გეტყვით.+ 15  ადამიანს ის კი არ ბილწავს, რაც მასში გარედან შედის, არამედ ის, რაც მისგან გამოდის“.+ 16  * —— 17  იქაურობა რომ დატოვა და სახლში მივიდა, მოწაფეებმა მოყოლილ იგავებზე შეკითხვები დაუსვეს.+ 18  მან მიუგო: „ნუთუ ვერც თქვენ ხვდებით?! ნუთუ არ იცით, რომ რაც ადამიანში გარედან შედის, ის არ ბილწავს მას, 19  რადგან ხვდება არა გულში, არამედ მუცელში, მერე კი გარეთ გამოდის?!“ ამით მან ყველანაირი საჭმელი წმინდად გამოაცხადა. 20  შემდეგ განაგრძო: „ადამიანს ის ბილწავს, რაც მისგან გამოდის;+ 21  შიგნიდან ანუ ადამიანის გულიდან+ გამოდის ბოროტი აზრები, უზნეობა*, ქურდობა, მკვლელობა, 22  მრუშობა, სიხარბე, ბოროტება, ცბიერება, თავაშვებულობა*, შური, მკრეხელობა, ამპარტავნობა, უგუნურება; 23  ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს“. 24  იქიდან ტვიროსისა და სიდონისკენ გასწია.+ შევიდა ერთ სახლში, რადგან არ უნდოდა, ვინმეს მისი ჩასვლის შესახებ გაეგო, თუმცა მაინც გაიგეს. 25  ეს ერთმა ქალმაც შეიტყო, რომლის გოგონაც უწმინდურ სულს ჰყავდა შეპყრობილი, მივიდა და მის ფეხებთან დაემხო.+ 26  იგი სიროფინიკიელი იყო, წარმოშობით ბერძენი. ეხვეწებოდა მას, რომ მისი გოგონასგან დემონი განედევნა. 27  იესომ უთხრა: „ჯერ შვილებმა უნდა ჭამონ. ვის გაუგია, შვილებს წაართვა პური და ფინიებს გადაუგდო?!“+ 28  „ჰო, უფალო, მაგრამ ფინიებიც ხომ ჭამენ მაგიდის ქვეშ ბავშვების დაყრილ ნამცეცებს“, — უთხრა ქალმა. 29  იესომ მიუგო: „რადგან ასე თქვი, წადი, გამოსულია დემონი შენი გოგონასგან“.+ 30  წავიდა სახლში და ნახა, რომ ბავშვი საწოლზე იწვა და დემონიც გამოსულიყო.+ 31  წავიდა იესო ტვიროსის მხარიდან, გაიარა სიდონი და გალილეის ზღვისკენ გაემართა. გზად დეკაპოლისი გაიარა.+ 32  იქ ერთი ყრუ და ენაბლუ კაცი მიუყვანეს+ და შეეხვეწნენ, განკურნეო*. 33  იესომ ცალკე გაიყვანა იგი, თითებით ყურები დაუცო და დაფურთხების შემდეგ ენაზე შეეხო.+ 34  მერე ცას ახედა, ამოიოხრა და იმ კაცს უთხრა: „ეფფათა“, რაც ნიშნავს: „გაიხსენ!“ 35  კაცს სმენაც დაუბრუნდა+ და გამართულადაც ალაპარაკდა. 36  იესომ იქ მყოფები გააფრთხილა, რომ ამის შესახებ არავისთვის ეთქვათ,+ მაგრამ რაც უფრო უკრძალავდა, მით უფრო მეტს ლაპარაკობდნენ მომხდარზე;+ 37  განცვიფრებულნი+ ამბობდნენ: „ეს კაცი საოცრებებს ახდენს! ყრუებს სმენას უბრუნებს და მუნჯებს ამეტყველებს!“+

სქოლიოები

იგულისხმება ხელების რიტუალური დაბანა.
ბერძნ. „პორნია“. იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ბერძნ. „ასელგია“. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
სიტყვასიტყვით — „ხელი დაადეო“.