არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს | ახალგაზრდები

როგორ შევიძინოთ ნამდვილი მეგობრები

როგორ შევიძინოთ ნამდვილი მეგობრები

პრობლემა

თანამედროვე ტექნიკის წყალობით შეგიძლიათ უამრავ ადამიანთან იქონიოთ ურთიერთობა დიდი ძალისხმევის გარეშე. მსგავსი რამ ისტორიას არ ახსოვს. თუმცა შეიძლება ფიქრობთ, რომ ასეთი ურთიერთობები ძალიან ზედაპირულია. ერთმა 24 წლის ბიჭმა თქვა: „ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენი მეგობრობა შეიძლება მომენტალურად შეწყდეს, არადა მამაჩემს უკვე ათწლეულებია, რაც ერთგული მეგობრები ჰყავს!“.

რატომ არის ჩვენს დროში ნამდვილი და ხანგრძლივი ურთიერთობების დეფიციტი?

რა უნდა იცოდე

ნაწილობრივ ამის მიზეზი შეიძლება ტექნიკა იყოს. ტექსტური შეტყობინებების, სოციალური ქსელებისა თუ სოციალური მედიის მეშვეობით ადამიანებს ძალიან უადვილდებათ ურთიერთობა პირისპირ შეხვედრის გარეშე. შინაარსიანი საუბრები მოკლე ტექსტურმა შეტყობინებებმა ჩაანაცვლა. ერთ წიგნში ნათქვამია: „დღეს ადამიანები იშვიათად ესაუბრებიან ერთმანეთს პირისპირ. სტუდენტები უფრო მეტ დროს კომპიუტერთან ატარებენ, ვიდრე ერთმანეთთან“ (Artificial Maturity).

ზოგჯერ შეიძლება ინტერნეტ მეგობრებს ახლო მეგობრებად ვთვლიდეთ, სინამდვილეში კი ასეთები არ იყვნენ. 22 წლის ბრაიანი * თავის გამოცდილებას გვიზიარებს: „ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ ყოველთვის მე ვავლენდი ინიციატივას და ვკითხულობდი ჩემი მეგობრების ამბებს. ერთხელ გადავწყვიტე, არავისთვის მიმეწერა და მენახა, რამდენს გავახსენდებოდი. მხოლოდ ერთი-ორმა მომწერა. ყველა არ აღმოჩნდა ისეთი მეგობარი, როგორიც მეგონა“.

ნუთუ მართლა შეუძლებელია სოციალური ქსელებითა და მესიჯებით ვინმესთან ურთიერთობა და მეგობრობის განმტკიცება? შეუძლებელი არ არის, თუ თქვენი ურთიერთობა მხოლოდ ინტერნეტით არ შემოიფარგლება. თუმცა ხშირად სოციალური ქსელები ხიდის როლს ასრულებს — ერთმანეთთან გვაკავშირებს, მაგრამ ვერ გვაახლოებს.

გამოსავალი

უნდა იცოდე, რას ნიშნავს ნამდვილი მეგობრობა. ბიბლია მეგობარს ისეთ ადამიანად აღგვიწერს, რომელიც „ძმაზე ახლობელია“ (იგავები 18:24). შენც ისურვებდი ასეთ მეგობარს? შენ თვითონ თუ ხარ ასეთი მეგობარი? ამ კითხვებზე პასუხს ადვილად გასცემ, თუ ჩამოწერ სამ თვისებას, რომელსაც მეგობარში ეძებ. შემდეგ დაწერე ის სამი თვისება, რომელიც შენ უნდა გქონდეს მეგობრობის განსავითარებლად. ჰკითხე საკუთარ თავს: „ჩემი ინტერნეტ მეგობრებიდან რომელი ავლენს იმ თვისებებს, რასაც მეგობარში ვაფასებ?“, „მათთვის რომ მეკითხა, რას მეტყოდნენ, ჩემი რომელი თვისება უწყობს მათთან მეგობრობას ხელს?“ (ბიბლიური პრინციპი: ფილიპელები 2:4).

დაადგინე პრიორიტეტები. ონლაინ მეგობრობა ხშირად მხოლოდ საერთო ინტერესებზეა აგებული, მაგალითად ჰობიზე. თუმცა საერთო ფასეულობები საერთო ინტერესებზე მნიშვნელოვანია. 21 წლის ლინი ამბობს: „შეიძლება ბევრი მეგობარი არ მყავს, მაგრამ ვინც მყავს, ყველა მეხმარება, კარგ პიროვნებად ჩამოვყალიბდე“ (ბიბლიური პრინციპი: იგავები 13:20).

ესაუბრე მეგობრებს პირისპირ. პირისპირ საუბარს არაფერი შეედრება. ამ დროს ადვილად ვამჩნევთ ხმის ტონის უმნიშვნელო ცვლილებას, სახის გამომეტყველებას და ჟესტებს, რისი დანახვაც კომპიუტერით ნაკლებადაა შესაძლებელი (ბიბლიური პრინციპი: 1 თესალონიკელები 2:17).

მისწერე წერილი. რაც უნდა მოძველებული ჩანდეს, წერილით მეგობარს აგრძნობინებ, რომ მისდამი განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინე. დღეს მოუცლელობის სინდრომით შეპყრობილ საზოგადოებაში ასეთი ყურადღება აშკარად დეფიციტურია. თავის წიგნში მწერალი შერი ტერკელი წერს ახალგაზრდა კაცზე, რომელიც ამბობს, რომ არასოდეს მიუღია წერილი. მამაკაცი მოიხსენიებს დროს, როდესაც ადამიანები ერთმანეთს წერილებს წერდნენ და აღნიშნავს: „მაშინ დაბადებული არ ვიყავი, მაგრამ ის დრო მაინც მენატრება“ (Alone Together). შენც ხომ არ მიმართავდი ამ ძველ მეთოდს მეგობრობის განსავითარებლად?

დასკვნა: ნამდვილი მეგობრობა მიწერ-მოწერაზე მეტია. ნამდვილი მეგობრები ერთმანეთის მიმართ სიყვარულს, თანაგრძნობასა და მოთმინებას ავლენენ. ისინი ადვილად პატიობენ ერთმანეთს შეცდომებს. ეს თვისებები ღირსეული მეგობრობის საწინდარია. მაგრამ ამ თვისებების გამოვლენა გაგიჭირდება, თუ თქვენი მეგობრობა მხოლოდ ონლაინ ურთიერთობით შემოიფარგლება.

^ აბზ. 8 ამ სტატიაში ზოგი სახელი შეცვლილია.