არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა

რა იწვევს მოზარდთა დეპრესიას და როგორ დავეხმაროთ მათ?

რა იწვევს მოზარდთა დეპრესიას და როგორ დავეხმაროთ მათ?

„როცა დეპრესია მიმწვავდება, ყველაფრის ხალისი მეკარგება; საყვარელი საქმის კეთებაც კი აღარ მახარებს. ამ დროს ძილად ვარ ქცეული. ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ უღირსი ვარ, არავის ვუყვარვარ და სხვებისთვის მხოლოდ ტვირთი ვარ“ (ანა). *

„თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი. სინამდვილეში სიკვდილი კი არა, უარყოფითი გრძნობებისგან თავის დაღწევა მინდოდა. ჩვეულებრივ, მიყვარს სხვებზე ზრუნვა, მაგრამ როცა ცუდად ვარ, არავინ და არაფერი მაინტერესებს“ (ჯულია).

ანას და ჯულიას პირველად მოზარდობის ასაკში დაემართათ დეპრესია. სხვა ახალგაზრდებისგან განსხვავებით, რომლებიც შეიძლება დროდადრო იყვნენ უხასიათოდ, ანა და ჯულია დეპრესიულ მდგომარეობაში ზოგჯერ კვირები ან თვეებიც კი ყოფილან. ანა გვიზიარებს: „ეს იმის მსგავსია, ღრმა, ბნელ ორმოში ჩავარდე, საიდანაც შეუძლებელია ამოსვლა. ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს ჭკუიდან იშლები; შენს თავს აღარ ჰგავხარ“.

ანას და ჯულიას მდგომარეობა ბევრისთვის კარგადაა ნაცნობი, რადგან შემაშფოთებლად იზრდება იმ მოზარდების რიცხვი, რომლებსაც დეპრესიის დიაგნოზს უსვამენ. გარდა ამისა, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინება, დეპრესია არის „10-დან 19 წლამდე გოგონებსა და ბიჭებში სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მთავარი მიზეზი; აგრეთვე დეპრესია საგრძნობლად აქვეითებს მოზარდების როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ ქმედითუნარიანობას“.

დეპრესიის სიმპტომებმა შეიძლება მოზარდობის ასაკში იჩინოს თავი, რასაც შესაძლოა თან ახლდეს ძილის დარღვევა, კვებითი აშლილობა, წონის ცვალებადობა, გუნება-განწყობილების მკვეთრი ცვლილება, უმწეობის, უიმედობისა და, ზოგჯერ, უღირსობის განცდა. დეპრესიისთვის აგრეთვე დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: საზოგადოებისგან გარიყვა, კონცენტრირებისა და მეხსიერების უნარის დაქვეითება, აუხსნელი ჩივილები, თვითმკვლელობაზე ფიქრი ან თავის მოკვლის მცდელობა. სანამ ფსიქოთერაპევტები დეპრესიის დიაგნოზს დასვამენ, რამდენიმე კვირის მანძილზე აკვირდებიან იმ სიმპტომებს, რაც პაციენტს აღენიშნება, და რაც მას სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებას არ აძლევს.

დეპრესიის გამომწვევი შესაძლო მიზეზები მოზარდებში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნით, „დეპრესიას განაპირობებს სოციალური, ფსიქოლოგიური და გენეტიკური ფაქტორების ერთობლიობა“.

გენეტიკა და სხვა ფაქტორები. ეს დაავადება, როგორც ჯულიას შემთხვევიდანაც გამოჩნდა, მემკვიდრეობით გადადის, რადგან ტვინში მიმდინარე ქიმიური პროცესები ხშირად გენეტიკურ კოდში ჩადებული ინფორმაციით არის განპირობებული. გარდა ამისა, დეპრესიის მიზეზი შეიძლება გახდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ჰორმონალური ცვლილებები; აგრეთვე ხანგრძლივი დროის მანძილზე ნარკოტიკებსა თუ ალკოჰოლზე დამოკიდებულება, რის გამოც ადამიანს შეიძლება გაუმწვავდეს დეპრესიული ფონი ან უფრო ღრმა დეპრესიაშიც კი ჩავარდეს. *

სტრესი. მცირეოდენი სტრესი შეიძლება კარგიც იყოს, მაგრამ მუდმივმა და ძლიერმა სტრესმა შესაძლოა ჯანმრთელობა შეურყიოს და ფსიქოლოგიური პრობლემები შეუქმნას ადამიანს, განსაკუთრებით კი მოზარდებს, რადგან ამ დროს მათ ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს, რაც მათ საკმაოდ მგრძნობიარეებს ხდის. სწორედ ამის გამო შეიძლება მოზარდი ადვილად ჩავარდეს დეპრესიაში. არ არსებობს დეპრესიის გამომწვევი ერთი კონკრეტული, უნივერსალური მიზეზი. მის განვითარებას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

მოზარდებში სტრესი ან დეპრესია შეიძლება კიდევ ბევრმა ფაქტორმა გამოიწვიოს, მაგალითად მშობლების დაშორებამ ან განცალკევებით ცხოვრებამ, საყვარელი ადამიანის სიკვდილმა, ფიზიკურმა ან სექსუალურმა შეურაცხყოფამ, უბედურმა შემთხვევამ, ამა თუ იმ დაავადებამ ან სწავლის უნარის დაქვეითებამ. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მაშინაა მტკივნეული მოზარდისთვის, როცა ის თავს სხვებისგან გარიყულად გრძნობს. ამას შეიძლება დაემატოს მშობლების არარეალური მოლოდინი, რომლებიც იმედოვნებენ, რომ მათ შვილს მაღალი აკადემიური მოსწრება ექნება. გარდა ამისა, დეპრესიაში ჩავარდნის საშიშროება იმ მოზარდებსაც ემუქრებათ, რომელთაც თანატოლები ჩაგრავენ, რომელთა მშობლებიც დეპრესიაში არიან ან ცვალებადი ხასიათი აქვთ და მათგან ვერ იღებენ ემოციურ მხარდაჭერას, ან რომელთაც აშინებთ მომავალზე ფიქრი. რა დაეხმარება დეპრესიაში მყოფ მოზარდებს?

იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე

იესომ თქვა: „ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ“ (მარკოზი 2:17). ასე რომ, მსუბუქი თუ მწვავე დეპრესიის დროს გონივრულია, მივმართოთ კვალიფიციურ ექიმს და მივყვეთ მის მიერ დანიშნულ მკურნალობის მეთოდს. * ჩვენი ორგანიზმი და ტვინი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ამიტომ ამ დაავადებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნებისმიერი ორგანოს, მათ შორის ტვინის, ფუნქციონირებაზე. აქედან გამომდინარე, ურიგო არ იქნებოდა ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევა.

თუ დეპრესიით იტანჯებით, გონიერების ფარგლებში მიიღეთ საჭირო ზომები, რათა გაუფრთხილდეთ როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობას. მაგალითად, ჯანსაღად იკვებეთ, საკმარისად იძინეთ და რეგულარულად ივარჯიშეთ. ვარჯიშის დროს ტვინში გამოიყოფა ისეთი ქიმიური ნივთიერებები, რომელიც ადამიანს განწყობას უმაღლებს, ენერგიას მატებს და ძილს უწესრიგებს. თუ შესაძლებელია, შეეცადეთ, მალევე ამოიცნოთ დეპრესიის ნიშნები და მიიღოთ აუცილებელი ზომები; გული გადაუშალეთ სანდო ადამიანს. ასეთ დროს შეიძლება ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა დიდი დახმარება აღმოგიჩინონ, რის შედეგადაც შესაძლოა ამ დაავადების ზოგი სიმპტომი საერთოდ გაგიქრეთ. ფურცელზე გადაიტანეთ თქვენი ფიქრები და გრძნობები; სწორედ ეს დაეხმარა ზემოხსენებულ ჯულიას. რაც ყველაზე მთავარია, არ უგულებელყოთ სულიერი მოთხოვნილებები. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, შესაძლოა ცხოვრებას სულ სხვა თვალით შეხედოთ. იესო ქრისტემ თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).

იკვებეთ ჯანსაღად, იცხოვრეთ აქტიურად და იძინეთ საკმარისად

სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ნამდვილად განუგეშებთ

ანა და ჯულია თავად დარწმუნდნენ იესოს სიტყვების ჭეშმარიტებაში. ანა ამბობს: „სულიერ საქმეებში მონაწილეობა მეხმარება, მხოლოდ საკუთარი თავით არ ვიყო მოცული. ეს ყოველთვის არ არის ადვილი, მაგრამ როცა ამის გაკეთება გამომდის, გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს“. ჯულიას დიდად ანუგეშებს ბიბლიის კითხვა და ლოცვა. „ძალიან ვმშვიდდები, როცა ღმერთს ლოცვაში გულს ვუღვრი, — გვიზიარებს ის. — ბიბლიის კითხვის დროს ვრწმუნდები, რომ ღვთის თვალში ძვირფასი ვარ და ის ნამდვილად ზრუნავს ჩემზე; მეტიც, ეს წიგნი მეხმარება, მომავალს იმედის თვალით ვუყურო“.

ჩვენს გამჩენს, იეჰოვა ღმერთს, კარგად ესმის, რომ ჩვენს პიროვნულ თვისებებს და შეხედულებებს აყალიბებს გარემო, სადაც აღვიზარდეთ, ცხოვრებისეული გამოცდილება და გენეტიკური ფაქტორები. ამიტომ მას შეუძლია საჭირო დახმარება აღმოგვიჩინოს და გვანუგეშოს თანამგრძნობი და გულისხმიერი ადამიანების მეშვეობით. მეტიც, მალე დადგება დრო, როცა ღმერთი განგვკურნავს ყოველგვარი დაავადებისგან. „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“, — ამბობს წინასწარმეტყველი ესაია (ესაია 33:24).

დიახ, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, მალე ღმერთი „მოსწმენდს [ადამიანებს] ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხადება 21:4). მართლაც რაოდენ მანუგეშებელია ეს დანაპირები! თუ გსურთ, მეტი გაიგოთ, რა განზრახვა აქვს ღმერთს კაცობრიობასთან მიმართებით, ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს jw.org. ამ ვებ-გვერდზე განთავსებულია ონლაინ ბიბლია და სტატიები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის დეპრესიაზე.

^ აბზ. 3 სტატიაში სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 10 ადამიანის გუნება-განწყობილებაზე შეიძლება იმოქმედოს სხვადასხვა დაავადებამ, მედიკამენტებმა თუ ნარკოტიკულმა საშუალებებმა. ასეთ დროს აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და სწორი დიაგნოზის დასმა.

^ აბზ. 14 ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ რეკომენდაციას არ უწევს მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდს.