არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიოგრაფია

მრავალმხრივ გამოვცადეთ ღვთის წყალობა

მრავალმხრივ გამოვცადეთ ღვთის წყალობა

მამაჩემს, ართურ გესტს, რომელიც ღვთისმოშიში კაცი იყო, ახალგაზრდობაში სურდა, მეთოდისტური ეკლესიის მსახური გამხდარიყო. თუმცა მისი გეგმები მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბიბლიის მკვლევართა ლიტერატურის კითხვა და მათ შეხვედრებზე დასწრება დაიწყო. ის 1914 წელს 17 წლის ასაკში მოინათლა. იმ დროს პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა, ამიტომ მამაც გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. ვინაიდან იარაღს ხელში არ აიღებდა, მას 10-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კინგზტონის ციხეში (ონტარიოს პროვინცია, კანადა). გათავისუფლების შემდეგ მამამ სრული დროით მსახურება დაიწყო როგორც წიგნების დამტარებელმა (პიონერი).

1926 წელს მამამ ცოლად მოიყვანა ჰეიზელ უილკინსონი. დედამისმა ჭეშმარიტება 1908 წელს გაიგო. მე 1931 წლის 24 აპრილს დავიბადე. ოთხ დედმამიშვილს შორის მეორე ვიყავი. ჩვენს ოჯახში იეჰოვასადმი თაყვანისცემა პირველ ადგილზე იდგა. ვინაიდან მამა აფასებდა და ავტორიტეტად მიიჩნევდა ბიბლიას, ღვთის სიტყვის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება ჩვენც განგვივითარდა. მთელი ოჯახი რეგულარულად ვმონაწილეობდით კარდაკარ მსახურებაში (საქ. 20:20).

მივყვები მამის კვალს

1939 წელს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, მომდევნო წელს კი კანადაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აიკრძალა. საჯარო სკოლებში ტარდებოდა პატრიოტული ცერემონიალები, რომლებშიც დროშისთვის სალმის მიცემა და ეროვნული ჰიმნის შესრულება შედიოდა. ამ დროს მე და ჩემს უფროს დას კლასიდან გვიშვებდნენ. ერთ დღეს ჩემდა გასაკვირად ჩემი მასწავლებელი შეეცადა კლასის წინაშე დავემცირებინე და ლაჩარი მიწოდა. გაკვეთილების შემდეგ რამდენიმე თანაკლასელმა წამაქცია და მცემა. თუმცა ამ შემთხვევამ მხოლოდ განმიმტკიცა გადაწყვეტილება, ადამიანზე მეტად ღმერთს დავმორჩილებოდი (საქ. 5:29).

1942 წლის ივლისში ერთ ფერმაში წყლის ავზში მოვინათლე. მაშინ 11 წლისა ვიყავი. არდადეგების დროს დროებით პიონერად (დამხმარე პიონერი) ვმსახურობდი ხოლმე. ერთხელ სამ ძმასთან ერთად გადავედი ონტარიოს ჩრდილოეთ ნაწილში გაუნაწილებელ ტერიტორიაზე იქაურ ტყისმჭრელებთან საქადაგებლად.

1949 წლის პირველ მაისს პიონერად მსახურება დავიწყე. იმ პერიოდში ფილიალის გაფართოება მიმდინარეობდა. მეც მიმიწვიეს მშენებლობაზე. იმავე წლის პირველ დეკემბერს კანადის ბეთელის ოჯახის წევრი გავხდი. სტამბაში დამნიშნეს, სადაც ბრტყლად საბეჭდი მანქანის გამოყენება ვისწავლე. რამდენიმე კვირის განმავლობაში ღამის ცვლაში ვმუშაობდი და ვბეჭდავდი ბუკლეტს, რომელიც კანადაში იეჰოვას ხალხის დევნას ეხებოდა.

მოგვიანებით, სამსახურებრივ განყოფილებაში მსახურებისას, ინტერვიუ ავიღე ფილიალში სტუმრად მოსული პიონერებისგან, რომლებიც მსახურების გაფართოების მიზნით კვებეკში, დევნის ეპიცენტრში მიდიოდნენ. ამ პიონერთაგან ერთ-ერთი იყო მერი ზაზულა ედმონტონიდან (ალბერტას პროვინცია). მერის მშობლებმა, რომლებიც თავგამოდებული მართლმადიდებლები იყვნენ, ის და მისი უფროსი ძმა ჯო სახლიდან გააგდეს, რადგან ბიბლიის შესწავლაზე უარს არ ამბობდნენ. 1951 წლის ივნისში ორივენი მოინათლნენ, ექვსი თვის შემდეგ კი პიონერულ მსახურებას შეუდგნენ. ინტერვიუს დროს მერის სულიერმა ხედვამ მომხიბლა. გულში ვთქვი: თუ ყველაფერი კარგად იქნება, ამ გოგოს ცოლად მოვიყვან! ცხრა თვის შემდეგ, 1954 წლის 30 იანვარს დავქორწინდით. ერთი კვირის დაქორწინებულები ვიყავით, როცა სარაიონო მსახურებისთვის სტაჟირების გასავლელად მიგვიწვიეს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩრდილოეთ ონტარიოში ვინახულებდით კრებებს.

ვინაიდან მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობა სწრაფად მიიწევდა წინ, მეტი მისიონერი იყო საჭირო. ჩვენ ვფიქრობდით, რომ თუკი ზამთარში უკიდურეს სიცივეს ვუძლებდით, ზაფხულში კი — აბეზარ კოღოებს, ნებისმიერ პირობებს შევეგუებოდით. 1956 წლის ივლისში სკოლა „გალაადის“ 27-ე კლასი დავამთავრეთ, იმავე წლის ნოემბერში კი შევუდექით მისიონერულ მსახურებას ბრაზილიაში.

მისიონერული მსახურება ბრაზილიაში

ბრაზილიის ფილიალში ჩასვლის შემდეგ პორტუგალიური ენის სწავლა დავიწყეთ. მას შემდეგ, რაც მიმართვის ძირითადი ფორმები ვისწავლეთ და ჟურნალის ერთწუთიანი შეთავაზება დავიზეპირეთ, გვითხრეს, რომ შეგვეძლო მსახურებაში წავსულიყავით. გვირჩიეს, რომ ინტერესის შემთხვევაში მობინადრისთვის ის მუხლები წაგვეკითხა, რომლებშიც აღწერილია, თუ როგორი ცხოვრება იქნება ღვთის სამეფოს მმართველობის დროს. პირველად რომ გავედით მსახურებაში, ერთმა ქალბატონმა ყურადღებით მომისმინა, ამიტომ მეც გამოცხადების 21:3, 4 ამოვუკითხე და მაშინვე გონება დავკარგე! ცხელ და ნოტიო კლიმატს ჯერ კიდევ არ ვიყავი შეგუებული და ეს პრობლემა წლების მანძილზე გაგრძელდა.

მისიონერებად დაგვნიშნეს ქალაქ კამპუსში, სადაც ახლა 15 კრებაა. თუმცა ჩვენ რომ ჩავედით, იქ მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი ჯგუფი და მისიონერთა სახლი იყო, სადაც ოთხი და — ესთერ ტრეისი, რამონა ბაუერი, ლუიზა შვარცი და ლორენ ბრუკსი (ამჟამად უოლენი) — ცხოვრობდა. მისიონერთა სახლში სამრეცხაოს დახმარება და საჭმლის მოსამზადებლად შეშის მოტანა მევალებოდა. ერთ ორშაბათ საღამოს „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის შემდეგ დაუპატიჟებელი სტუმარი გვეწვია. ჩემი ცოლი დასასვენებლად დივანზე წამოწვა. ერთმანეთს დღის ამბებს ვუყვებოდით. როცა მერიმ წამოიწია ასადგომად, ბალიშის ქვემოდან გველი გამოძვრა! ალიაქოთი მანამდე არ ჩაწყნარდა, სანამ ქვეწარმავალი არ მოვკალი.

პორტუგალიური ენის სწავლის დაწყებიდან ერთ წელიწადში სარაიონო ზედამხედველად დავინიშნე. ძირითადად სოფლებში ვმსახურობდით და ძალიან უბრალოდ ვცხოვრობდით — არ გვქონდა ელექტროენერგია, გვეძინა ნოხზე და ცხენშებმული ორთვალათი ვმგზავრობდით. ერთხელ გაუნაწილებელ ტერიტორიაზე სამქადაგებლო კამპანიის დროს მთაში მატარებლით გავემგზავრეთ ერთ ქალაქში და პატარა სასტუმროში ოთახი დავიქირავეთ. ფილიალმა მსახურებაში გასავრცელებლად 800 ჟურნალი გამოგვიგზავნა. ჟურნალებით სავსე ყუთები ჩვენს საცხოვრებლამდე რომ მიგვეტანა, არაერთხელ მოგვიწია ფოსტაში მისვლა.

1962 წელს ბრაზილიის სხვადასხვა ნაწილში მისიონერი და-ძმებისთვის სამეფო მსახურების სკოლა ჩატარდა. ექვსი თვის მანძილზე ამ სკოლის ჩასატარებლად ერთი ადგილიდან მეორეზე გადავდიოდი, ოღონდ მერი თან არ მახლდა. ვასწავლიდი მანაუსში, ბელენში, ფორტალეზაში, რესიფისა და სალვადორში. ორგანიზება გავუწიე საოლქო კონგრესის ჩატარებას მანაუსის სახელგანთქმულ საოპერო დარბაზში. ძლიერმა წვიმებმა სასმელი წყლის დიდი ნაწილი დააბინძურა და გამოუსადეგარი გახადა ის ადგილი, სადაც სასადილო უნდა მოგვეწყო კონგრესის დელეგატებისთვის (იმ დროს კონგრესებზე სადილი მზადდებოდა). დასახმარებლად სამხედრო ნაწილს მივმართე. ერთმა კეთილმოსურნე ოფიცერმა სასმელი წყლით მოგვამარაგა და სამზარეულოსა და სასადილოსთვის ორი დიდი კარვის დასადგმელად ჯარისკაცები გამოგვიგზავნა.

როცა სკოლებს ვატარებდი, მერი პორტუგალიელთა საქმიან უბნებში ქადაგებდა, სადაც ადამიანთა მთავარი საზრუნავი ფულის კეთება იყო. მან ვერავისთან შეძლო ბიბლიურ თემებზე საუბრის წამოწყება, ამიტომ რამდენიმე ბეთელელთან თქვა: „დედამიწის ზურგზე პორტუგალიის გარდა ყველგან ვიცხოვრებდი!“. ჩვენდა გასაოცრად, ამის შემდეგ მალევე მივიღეთ წერილი, რომელშიც პორტუგალიაში მსახურებას გვთავაზობდნენ! თავიდან მერი საგონებელში ჩავარდა. ჩვენ მაინც მივიღეთ ეს მოწვევა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს პორტუგალიაში ჩვენი საქმიანობა აკრძალული იყო.

ჩვენი მსახურება პორტუგალიაში

1964 წლის აგვისტოში პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში ჩავედით. ვინაიდან ჩვენს და-ძმებს პორტუგალიის საიდუმლო პოლიცია დევნიდა, გადავწყვიტეთ, არავინ მოსულიყო ჩვენ შესახვედრად და არც ჩვენ გვეცადა ადგილობრივ მოწმეებთან დაკავშირება. ბინადრობის ნებართვის მიღებამდე პატარა სასტუმროში დავრჩით, მისი მიღების შემდეგ კი ბინა ვიქირავეთ. ბოლოს, 1965 წლის იანვარში, ფილიალს დავუკავშირდით. ძალიან ბედნიერები ვიყავით, როცა ხუთი თვის თავზე პირველად დავესწარით კრების შეხვედრას!

გავიგეთ, რომ პოლიცია ყოველდღე ჩხრეკდა ძმების სახლებს. სამეფო დარბაზები დაკეტილი იყო, ამიტომ ძმები კრების შეხვედრებს კერძო სახლებში ატარებდნენ. ასობით იეჰოვას მოწმე დასაკითხად და ვინაობის დასადგენად პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. ძმებს განსაკუთრებით ცუდად მაშინ ეპყრობოდნენ, როცა კრების პასუხისმგებელი ძმების სახელების გაგება უნდოდათ. ამის გამო, ძმები ერთმანეთზე საუბრისას გვარების ნაცვლად მხოლოდ სახელებს იყენებდნენ, მაგალითად ჟუზეს ან პაულუს. ჩვენც ასე ვიქცეოდით.

ჩვენი მთავარი საზრუნავი ძმებისთვის სულიერი საზრდოს მიწოდება იყო. მერის ევალებოდა მიმეოგრაფისთვის „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიებისა და სხვა პუბლიკაციების შაბლონების მომზადება.

სასიხარულო ცნობის დაცვა სასამართლოში

1966 წლის ივნისში ლისაბონში მნიშვნელოვანი სასამართლო საქმის განხილვა მოხდა. კერძო სახლში უკანონო შეხვედრაზე დასწრებისთვის ფეიჟუს კრების ორმოცდაცხრავე წევრი სასამართლოში მიიყვანეს. ისინი სასამართლო მოსმენისა და ჯვარედინი დაკითხვისთვის მოვამზადე, ვითომ ბრალმდებელი ვიყავი. ვიცოდით, რომ საქმეს წავაგებდით, თუმცა ისიც გვესმოდა, რომ ამ დროს დამოწმების კარგი საშუალება მოგვეცემოდა. ჩვენმა გაბედულმა ადვოკატმა თავისი სიტყვა პირველ საუკუნეში მცხოვრები გამალიელის სიტყვებით დაასრულა (საქ. 5:33—39). ამ საქმეზე სიახლეები ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. 49 და-ძმას საპატიმროში ყოფნა 45 დღიდან ხუთთვე-ნახევრამდე მოუწია. გვიხარია, რომ ჩვენმა გაბედულმა ადვოკატმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო და სიკვდილამდე კრების შეხვედრებსაც ესწრებოდა ხოლმე.

1966 წლის დეკემბერში ფილიალის ზედამხედველად დამნიშნეს. დროის დიდ ნაწილს იურიდიულ საქმეებს ვუთმობდი. დავაგროვეთ საფუძვლიანი მტკიცებები, რომ იეჰოვას მოწმეებს უფლება ჰქონდათ, თაყვანისცემის თავისუფლებით ესარგებლათ (ფილ. 1:7). ბოლოს, 1974 წლის 18 დეკემბერს, ჩვენი საქმიანობა კანონიერად ცნეს. მსოფლიო მთავარი სამმართველოდან ძმები ნეითან ნორი და ფრედერიკ ფრენცი გვეწვივნენ, რათა პორტუსა და ლისაბონში ჩატარებულ ისტორიულ შეხვედრაზე ჩვენი სიხარული გაეზიარებინათ. ამ შეხვედრას მთლიანობაში 46 870 ადამიანი დაესწრო.

იეჰოვამ სამქადაგებლო საქმიანობის გასაფართოებლად კარი გაგვიხსნა რამდენიმე კუნძულზეც, სადაც პორტუგალიურ ენაზე ლაპარაკობენ. მათ შორისაა: აზორის კუნძულები, კაბო-ვერდე, მადეირა, სან-ტომე და პრინსიპი. შედეგად, უფრო დიდი ფილიალის აშენება გახდა საჭირო. 1988 წლის 23 მარტს ძმა მილტონ ჰენშელი თავმჯდომარეობდა ახალი ფილიალის მიძღვნის პროგრამას, რომელსაც 45 522 დამსწრე აღფრთოვანებული უსმენდა. ძალიან სასიამოვნო იყო, რომ ამ ისტორიულ შეხვედრას ესწრებოდა 20 და-ძმა, რომლებიც ადრე პორტუგალიაში მისიონერებად მსახურობდნენ.

ერთგულთა მაგალითებით გაძლიერებულნი

წლების მანძილზე ერთგულ ძმებთან ურთიერთობამ ჩვენი ცხოვრება ძალიან გაამდიდრა. მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვისწავლე, როცა ძმა თეოდორ იარაჩთან ერთად სამხარეო მონახულებაზე ვიყავი. ფილიალი, რომელსაც ვინახულებდით, სერიოზული პრობლემის წინაშე იდგა, რომლის მოსაგვარებლადაც ფილიალის კომიტეტმა შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთა. ძმა იარაჩმა დაამშვიდა ძმები და უთხრა: „ახლა წმინდა სულს უნდა მივცეთ მოქმედების საშუალება“. მრავალი წლის წინ ბრუკლინში ყოფნის დროს მე და მერი ერთ საღამოს ძმა ფრენცთან და კიდევ რამდენიმე თანამორწმუნესთან ერთად ვისხედით. როცა საუბრის ბოლოს ძმა ფრენცს ვთხოვეთ, რამე გაეზიარებინა იეჰოვასადმი მრავალწლიანი მსახურების გამოცდილებიდან, მან გვითხრა: „ჩემი რჩევაა: რაც არ უნდა მოხდეს, დარჩით იეჰოვას ხილულ ორგანიზაციასთან. ეს არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ასრულებს იესოს მიერ მოწაფეებისთვის დავალებულ საქმეს, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას!“.

მე და ჩემს ცოლს სწორედ ამ საქმის კეთება გვანიჭებს დიდ სიხარულს. დიდი სითბოთი ვიხსენებთ სხვადასხვა ფილიალში ჩვენს სამხარეო მონახულებებს. ამ მონახულებების დროს შესაძლებლობა გვეძლეოდა, ახალგაზრდებისა თუ ხანდაზმულების მიმართ მადლიერება გამოგვეხატა მათი ერთგული მსახურებისთვის და წაგვეხალისებინა იეჰოვასადმი ამ განსაკუთრებული მსახურების გასაგრძელებლად.

წლები გავიდა და ახლა ორივენი 80-ს გადაცილებულები ვართ. მერის ჯანმრთელობა აწუხებს (2 კორ. 12:9). განსაცდელებმა გაგვიძლიერა რწმენა და ერთგულების შენარჩუნების გადაწყვეტილება. როცა განვლილ ცხოვრებაზე ვფიქრობთ, ვხედავთ, რომ იეჰოვას წყალობა მრავალმხრივ გამოვცადეთ. *

^ აბზ. 29 როცა ეს სტატია გამოსაცემად მზადდებოდა, ძმა დუგლას გესტი 2015 წლის 25 ოქტომბერს დაიღუპა. მან ბოლომდე შეინარჩუნა იეჰოვასადმი ერთგულება.