არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რწმენით მიიღეთ ბრძნული გადაწყვეტილებები!

რწმენით მიიღეთ ბრძნული გადაწყვეტილებები!

„სთხოვოს რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე“ (იაკ. 1:6).

სიმღერები: 81, 70

1. რამ მოახდინა გავლენა კაენის გადაწყვეტილებაზე და რა იყო შედეგი?

კაენი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე იდგა. მას უნდა გადაეწყვიტა, აჰყვებოდა ემოციებს თუ იბატონებდა მათზე. ნებისმიერ შემთხვევაში მისი არჩევანი მთელ მის ცხოვრებაზე მოახდენდა გავლენას. როგორც ვიცით, კაენმა ცუდი არჩევანი გააკეთა, რასაც მისი ძმა აბელი შეეწირა, თავად კი შემოქმედთან ურთიერთობა გაიფუჭა (დაბ. 4:3—16).

2. რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი გადაწყვეტილებების მიღება?

2 ჩვენც გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება. ყველა გადაწყვეტილება ერთნაირად მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა ზოგმა გადაწყვეტილებამ შეიძლება მთელ ჩვენს ცხოვრებაზე მოახდინოს გავლენა. სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი გვეხმარება, რომ შედარებით მშვიდად ვიცხოვროთ და თავიდან ავირიდოთ უთანხმოებები, პრობლემები და გულგატეხილობა (იგავ. 14:8).

3. ა) რა უნდა გვწამდეს ბრძნული გადაწყვეტილებების მისაღებად? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?

3 რა დაგვეხმარება ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებაში? ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ ღმერთს სურს და შეუძლია კიდეც, დაგვეხმაროს, რომ ბრძნულად მოვიქცეთ. გარდა ამისა, უნდა ვენდოთ ღვთივშთაგონებულ სიტყვას და გვწამდეს, რომ მასში ჩაწერილი რჩევები სანდოა (წაიკითხეთ იაკობის 1:5—8). რაც უფრო დავუახლოვდებით იეჰოვას და შევიყვარებთ მის სიტყვას, მით უფრო დავრწმუნდებით, რომ მან იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო. შედეგად, გადაწყვეტილების მიღებამდე ღვთის სიტყვაში რჩევის ძებნა ჩვევად გვექცევა. როგორ შეგვიძლია გავიწაფოთ გადაწყვეტილების მიღების უნარი? ნიშნავს გადაწყვეტილების მიღება იმას, რომ ის აღარასდროს უნდა შევცვალოთ?

გადაწყვეტილებების მიღება გარდაუვალია

4. რა არჩევანი უნდა გაეკეთებინა ადამს და რა მოჰყვა მის გადაწყვეტილებას?

4 ადამიანს შექმნის დღიდან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიეღო. ადამს უნდა აერჩია, ვის მოუსმენდა — შემოქმედს თუ ევას. მართალია, ის არ გაქცევია ამ პასუხისმგებლობას, მაგრამ რას იტყოდით მის გადაწყვეტილებაზე? ადამი ცოლის გავლენაში მოექცა და ძალიან ცუდი არჩევანი გააკეთა, რის გამოც სამოთხეც დაკარგა და სიცოცხლეც. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ადამის საშინელი გადაწყვეტილების შედეგებს დღემდე ვიმკით.

5. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს გადაწყვეტილებების მიღების მიმართ?

5 ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ცხოვრება გაცილებით იოლი იქნებოდა, თუ გადაწყვეტილებების მიღება არ დაგვჭირდებოდა. თქვენც ეთანხმებით ამ აზრს? უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვამ ადამიანები რობოტებად არ შექმნა, რომელთაც არჩევნის გაკეთების და აზროვნების უნარი არ გააჩნიათ. ღმერთი ბიბლიის მეშვეობით გვასწავლის ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებას. იეჰოვას სურს, გადაწყვეტილებები თავად მივიღოთ, რაც ჩვენთვისვე იქნება კარგი. განვიხილოთ ამის რამდენიმე მაგალითი.

6, 7. რა არჩევნის წინაშე იდგნენ ისრაელები და რატომ იყო მათთვის სწორი გადაწყვეტილების მიღება რთული? (იხილეთ სურათი მე-13 გვერდზე)

6 აღთქმულ მიწაზე დასახლებული ისრაელები მნიშვნელოვანი არჩევნის წინაშე იდგნენ. მათ ან იეჰოვასთვის უნდა ეცათ თაყვანი, ან რომელიმე სხვა ღმერთისთვის (წაიკითხეთ იესო ნავეს ძის 24:15). ეს ერთი შეხედვით მარტივი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო, თუმცა მათთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო. მსაჯულების დროს ისრაელებმა არაერთხელ მიიღეს არაგონივრული გადაწყვეტილება. მათ ზურგი აქციეს იეჰოვას და ცრუ ღმერთებს დაუწყეს თაყვანისცემა (მსაჯ. 2:3, 11—23). საუკუნეების შემდეგ წინასწარმეტყველმა ელიამ ღვთის ხალხი არჩევნის წინაშე დააყენა. მათ ან იეჰოვასთვის უნდა ემსახურათ, ან ცრუ ღვთაება ბაალისთვის (1 მეფ. 18:21). ხალხი ყოყმანობდა, ამიტომ ელიამ გაკიცხა ისინი. შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს მარტივი არჩევანი იყო, რადგან იეჰოვასადმი მსახურების არჩევა ყოველთვის ბრძნულია და ჩვენსავე კეთილდღეობას ემსახურება. წესით, არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ უნდა ყოფილიყო ბაალის თაყვანისცემით მოხიბლული. მიუხედავად ამისა, ისრაელები „ორივე ფეხით კოჭლობდნენ“. ელიამ მოუწოდა მათ, მხარი დაეჭირათ იეჰოვას თაყვანისმცემლობისთვის, რომელიც ბევრად აღემატებოდა სხვა ღმერთების თაყვანისცემას.

7 რატომ იყო ისრაელებისთვის სწორი არჩევნის გაკეთება ასეთი რთული? მათ თითქმის დაკარგული ჰქონდათ იეჰოვასადმი რწმენა და აღარც მის ხმას უსმენდნენ. ისრაელებს აღარც საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდათ და აღარც ღვთიური სიბრძნე. ისინი არ ენდობოდნენ იეჰოვას. ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა დიდ დახმარებას გაუწევდა მათ, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიეღოთ (ფსალმ. 25:12). უფრო მეტიც, ისინი უფლებას აძლევდნენ სხვებს, გავლენა მოეხდინათ მათზეც და მათ გადაწყვეტილებებზეც. იმ მიწაზე მცხოვრები ხალხი, რომლებიც არ ემსახურებოდნენ იეჰოვას, გავლენას ახდენდნენ ისრაელების აზროვნებაზე და უბიძგებდნენ, რომ უმრავლესობას აჰყოლოდნენ. ამის შესახებ იეჰოვას ისრაელები დიდი ხნით ადრე ჰყავდა გაფრთხილებული (გამ. 23:2).

უნდა იღებდნენ სხვები ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილებებს?

8. რა მნიშვნელოვანი გაკვეთილის სწავლა შეგვიძლია ისრაელების მაგალითიდან?

8 ზემოთ მოხსენიებული მაგალითებიდან მნიშვნელოვანი გაკვეთილის სწავლა შეგვიძლია. გადაწყვეტილებების მიღება ჩვენი პასუხისმგებლობაა და ბრძნული გადაწყვეტილებები ღვთის შესახებ ცოდნას უნდა ეფუძნებოდეს. გალატელების 6:5 შეგვახსენებს, რომ „თითოეული თავის სატარებელს ატარებს“. ამიტომ არავის უნდა დავრთოთ ნება, ჩვენ მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილებები. ნაცვლად ამისა, პირადად უნდა დავრწმუნდეთ, რა მოსწონს ღმერთს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ.

9. რატომ იქნებოდა ცუდი, თუ სხვები ჩვენ მაგივრად მიიღებდნენ გადაწყვეტილებებს?

9 როგორ შეიძლება მივცეთ სხვებს უფლება, ჩვენ მაგივრად მიიღონ გადაწყვეტილებები? საზოგადოების გავლენამ შეიძლება არასწორი გადაწყვეტილება მიგვაღებინოს (იგავ. 1:10, 15). არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერია სხვების მხრიდან ზეწოლა, ჩვენი პასუხისმგებლობაა ბიბლიით განსწავლული სინდისის ხმას მოვუსმინოთ. როცა სხვებს ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილებების მიღების უფლებას ვაძლევთ, ფაქტობრივად, მათ „მივყვებით“. ესეც არჩევანია, მაგრამ ამ არჩევანმა შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.

10. რის შესახებ გააფრთხილა პავლემ გალატელები?

10 მოციქულმა პავლემ გააფრთხილა გალატელები, რატომ იყო სახიფათო, თუ სხვებს მათ ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღების უფლებას მისცემდნენ (წაიკითხეთ გალატელების 4:17). კრებაში ზოგიერთს სურდა, სხვების მაგივრად გადაეწყვიტა ის, რაც მხოლოდ პირადი გადასაწყვეტი იყო, რათა ისინი მოციქულებისგან ჩამოეშორებინა. რა მოტივი ჰქონდათ მათ? ამ ეგოიზმით შეპყრობილ ადამიანებს პირველობის სული ამოძრავებდათ. ისინი გასცდნენ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებს და პატივს არ სცემდნენ თანაქრისტიანების უფლებას, თვითონ მიეღოთ გადაწყვეტილებები.

11. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები?

11 პავლე პატივს სცემდა თანაქრისტიანების უფლებას, თავად მიეღოთ გადაწყვეტილებები, რითაც შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა (წაიკითხეთ 2 კორინთელების 1:24). დღესაც უხუცესებმა პავლეს მაგალითს უნდა მიჰბაძონ, როცა რჩევას აძლევენ კრების წევრებს პირად საკითხებზე. ისინი დაუზარებლად უზიარებენ თავიანთ სამწყსოს ბიბლიაზე დაფუძნებულ ინფორმაციას, თუმცა ყველანაირად ერიდებიან და-ძმების ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღებას. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ამ და-ძმებს თავად მოუწევთ მიღებული გადაწყვეტილების შედეგებთან გამკლავება. აქედან მნიშვნელოვან რამეს ვსწავლობთ: ჩვენ შეგვიძლია სხვების მიმართ ინტერესი გამოვავლინოთ და ბიბლიურ პრინციპებსა და რჩევებზე გავუმახვილოთ ყურადღება. თუმცა მათი უფლება და პასუხისმგებლობაა, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები. როცა ისინი სწორ არჩევანს აკეთებენ, ეს მათივე კეთილდღეობას ემსახურება. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ისეთ აზროვნებას, თითქოს უფლება გვაქვს, და-ძმების ნაცვლად მივიღოთ გადაწყვეტილებები.

მოსიყვარულე უხუცესები ეხმარებიან კრების წევრებს, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები (იხილეთ აბზაცი 11)

გადაწყვეტილებების მიღება მოზღვავებული ემოციების დროს

12, 13. რატომ არის საშიში გაბრაზების ან გულგატეხილობის დროს გულის ხმის მოსმენა?

12 დღეს ხშირად გაიგებთ ასეთ მოწოდებას: მოუსმინე შენს გულს! მაგრამ ამას შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს. გარკვეულწილად ეს ბიბლიურადაც გაუმართლებელია. ბიბლია გვაფრთხილებს, რომ გადაწყვეტილებები არასრულყოფილი გულის ან ემოციების კარნახით არ მივიღოთ (იგავ. 28:26). ბიბლიიდან ჩანს, რა სავალალო შედეგები ახლავს გულისთქმის აყოლას. ძირითადი პრობლემა ის არის, რომ არასრულყოფილი ადამიანის „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია“ (იერ. 3:17; 13:10; 17:9; 1 მეფ. 11:9). რა შეიძლება მოჰყვეს გულისთქმის აყოლას?

13 ქრისტიანის ცხოვრებაში „გული“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჩვენ მთელი გულით უნდა გვიყვარდეს იეჰოვა, მოყვასი კი — საკუთარი თავივით (მათ. 22:37—39). მაგრამ წინა აბზაცში მოყვანილი ბიბლიური მუხლებიდან ნათლად ჩანს, რამდენად საშიშია, თუ ემოციებს ჩვენი ფიქრებისა და მოქმედებების გაკონტროლების უფლებას მივცემთ. მაგალითად, რა შეიძლება მოხდეს, თუ გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე მივიღებთ? თუ ოდესმე ასე მოვქცეულვართ, პასუხი ალბათ ცხადი იქნება (იგავ. 14:17; 29:22). შევძლებთ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას გულგატეხილობის დროს? (რიცხ. 32:6—12; იგავ. 24:10). ღვთის სიტყვიდან ჩანს, რომ ბრძნულია, „ღვთის კანონის მონები“ ვიყოთ (რომ. 7:25). ემოციებმა შეიძლება ადვილად შეგვიყვანოს შეცდომაში, თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს არ გავაკონტროლებთ მათ.

როდის ღირს გადაწყვეტილების შეცვლა?

14. საიდან ჩანს, რომ ზოგჯერ გადაწყვეტილების შეცვლა გამართლებულია?

14 ჩვენ ბრძნული გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები განხილვას აღარ დაექვემდებარება. ზოგჯერ კარგია გადაწყვეტილების გადახედვა და, თუ საჭიროა, მისი შეცვლაც. ყურადღება მიაქციეთ, როგორ მოექცა იეჰოვა იონას დროს მცხოვრებ ნინეველებს. „ჭეშმარიტმა ღმერთმა დაინახა მათი საქმეები, რომ მიატოვეს თავიანთი ბოროტი გზა. შეიწყალა ისინი ჭეშმარიტმა ღმერთმა და აღარ დაატეხა ის უბედურება, რაც ნათქვამი ჰქონდა“ (იონ. 3:10). მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ ნინეველებმა მოინანიეს და მიატოვეს ცუდი საქმეები, იეჰოვამ თავისი გადაწყვეტილება შეცვალა. ამგვარად მან გონიერება, თავმდაბლობა და თანაგრძნობა გამოავლინა. ღმერთი შეიძლება რისხვით აენთოს, თუმცა იმ ადამიანებივით არასდროს მოიქცევა, რომლებიც ცხელ გულზე იღებენ გადაწყვეტილებებს.

15. რის გამო შეიძლება შევცვალოთ გადაწყვეტილება?

15 შეიძლება დროდადრო საჭირო გახდეს, დავფიქრდეთ ჩვენს არჩევანზე, მაგალითად მაშინ, როცა ვითარება გვეცვლება. იეჰოვა ზოგჯერ შეცვლილი ვითარების გამო ცვლიდა თავის გადაწყვეტილებას (1 მეფ. 21:20, 21, 27—29; 2 მეფ. 20:1—5). შეიძლება გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი ახალმა ინფორმაციამაც მოგვცეს. მეფე დავითს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საულის შვილიშვილის, მეფიბოშეთის შესახებ. მაგრამ მოგვიანებით, სიმართლის გაგების შემდეგ, მან შეცვალა გადაწყვეტილება (2 სამ. 16:3, 4; 19:24—29). ზოგჯერ შეიძლება ურიგო არ იყოს, ჩვენც მსგავსად მოვიქცეთ.

16. ა) რომელი რჩევები გვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში? ბ) რატომ ღირს, დავფიქრდეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და რის გაკეთება შეიძლება გახდეს საჭირო?

16 ღვთის სიტყვა გვირჩევს, ნაჩქარევად არ მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები (იგავ. 21:5). უფრო დიდი ალბათობაა, რომ სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუ შევეცდებით გულდასმით ავწონ-დავწონოთ ყველაფერი, რაც ჩვენს გადაწყვეტილებას უკავშირდება (1 თეს. 5:21). გადაწყვეტილების მიღებამდე ოჯახისთავმა დრო უნდა გამოყოს ღვთის სიტყვისა და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციების გამოსაკვლევად. მან უნდა გაითვალისწინოს ოჯახის წევრების აზრიც. გაიხსენეთ, რომ ღმერთმა აბრაამს უთხრა, გაეთვალისწინებინა ცოლის ნათქვამი (დაბ. 21:9—12). უხუცესებმაც უნდა გამოყონ დრო გამოკვლევისთვის. გონიერება და თავმდაბლობა დაეხმარება მათ, არ ჰქონდეთ შიში, რომ სხვების პატივისცემას დაკარგავენ, თუ მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღმოჩენის შემდეგ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას შეცვლიან. ისინი მზად უნდა იყვნენ, საჭიროების შემთხვევაში შეცვალონ თავიანთი თვალსაზრისი და გადაწყვეტილება. ასე მოქცევა ყველას გვმართებს. ეს კრებაში წესრიგსა და მშვიდობას შეუწყობს ხელს (საქ. 6:1—4).

გადაწყვეტილებების თანახმად მოქმედება

17. რა დაგვეხმარება კარგი გადაწყვეტილებების მიღებაში?

17 ზოგი გადაწყვეტილება შედარებით მნიშვნელოვანია და მათ მისაღებად უფრო მეტი დრო, ფიქრი და ლოცვაა საჭირო. ზოგიერთი ქრისტიანი გადაწყვეტილების წინაშე დგას — დაქორწინდეს თუ არა და თუ დაქორწინებას გადაწყვეტს, ვისზე დაქორწინდეს. სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც შეიძლება უამრავი კურთხევა მოჰყვეს, ეხება სრული დროით მსახურების დაწყებას. ასეთი გადაწყვეტილებების წინაშე ყოფნისას დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვას შეუძლია მოგვცეს ბრძნული მითითებები და ის გააკეთებს კიდეც ამას (იგავ. 1:5). ამიტომ აუცილებელია, საუკეთესო რჩევების მისაღებად ბიბლიას მივმართოთ და ლოცვაში იეჰოვას ხელმძღვანელობა ვთხოვოთ. იეჰოვას დახმარებით შეგვიძლია ისეთი თვისებები განვივითაროთ, რომლებიც მისთვის მოსაწონი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგომისას ყოველთვის ჰკითხეთ საკუთარ თავს: გამოჩნდება ამ გადაწყვეტილებიდან, რომ მიყვარს იეჰოვა? მოუტანს ის ჩემს ოჯახს მშვიდობასა და ბედნიერებას? მოწმობს ის, რომ მომთმენი და კეთილი ვარ?

18. რატომ მოელის იეჰოვა, რომ თავად მივიღებთ გადაწყვეტილებებს?

18 იეჰოვა არ გვაიძულებს, რომ შევიყვაროთ ის და მისი მსახურები ვიყოთ. ეს არჩევანი თავად უნდა გავაკეთოთ. ვინაიდან მან გვიბოძა ნების თავისუფლება, ის პატივს სცემს ჩვენს პასუხისმგებლობას და უფლებას, თავად ავირჩიოთ, ვიქნებით თუ არა მისი მსახურები (იეს. 24:15; ეკლ. 5:4). თუმცა ის მოელის, რომ მისი მითითებების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულები ვიქნებით. იეჰოვამ უკეთ იცის, რა არის ჩვენთვის კარგი და მისი პრინციპები ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება. როცა ამის გვწამს, ბრძნულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ და არ ვმერყეობთ (იაკ. 1:5—8; 4:8).