არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ დავძლიე მშობიარობის შემდგომი დეპრესია

როგორ დავძლიე მშობიარობის შემდგომი დეპრესია

როგორ დავძლიე მშობიარობის შემდგომი დეპრესია

მახსოვს, როგორ შევცქეროდი ჩვენს ახალშობილ გოგონასთან მოთამაშე ჩემს მეუღლეს და ვფიქრობდი, რომ უჩემოდ ისინი გაცილებით ბედნიერები იქნებოდნენ. ვფიქრობდი, რომ ტვირთად ვაწექი მათ. მინდოდა ჩავმჯდარიყავი მანქანაში და სადმე გადავკარგულიყავი. მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა იმაზე, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესიით ვიტანჯებოდი.

ქორწინების პირველი ათი წელი ჩვენთვის ბედნიერებით სავსე იყო. მე და ჯეისონი უსაზღვრო სიხარულით ვზრდიდით ჩვენს პირველ ქალიშვილს, ლიანას, და როდესაც კიდევ ერთხელ დავფეხმძიმდი, ყველა სულმოუთქმელად ველოდით პატარას.

მაგრამ ამჯერად ძალიან მძიმე ფეხმძიმობა მქონდა. კინაღამ გადავყევი ბავშვის დაბადების შემდგომ განვითარებულ გართულებებს. მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე კი გონება თითქოს დამებინდა. მდგომარეობა გამიუარესდა, როდესაც ჩვენი პატარა გოგონა, კარლი, სამშობიაროდან გამოვიყვანეთ. გამუდმებით ვგრძნობდი დაღლილობას, ელემენტარული გადაწყვეტილებების მიღებაც კი მიჭირდა. წამდაუწუმ ვურეკავდი ჯეისონს სამსახურში მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მეკითხა, რა საშინაო საქმე გამეკეთებინა შემდგომში ან იმისთვის, რომ მას კიდევ ერთხელ დავერწმუნებინე ჩემი სიტყვებისა თუ ქმედებების სისწორეში.

ხალხში ყოფნის შიში გამიჩნდა, ძველ მეგობრებსაც კი გავურბოდი. თუკი ვინმე ჩვენს კარს მოულოდნელად მოადგებოდა, საძილე ოთახში ვიმალებოდი. სახლს ვერ ვალაგებდი, ყურადღება ადვილად მეფანტებოდა, ვიბნეოდი. საერთოდ მიყვარს კითხვა, მაგრამ ამჯერად თითქმის საერთოდ ვეღარ ვკითხულობდი, რადგანაც გონების მოკრება არ შემეძლო. მიჭირდა ლოცვა, შედეგად კი სულიერად დავსუსტდი. ჩემში არანაირი ემოცია აღარ არსებობდა, არავის მიმართ არ ვგრძნობდი სიყვარულს. იმის შიში მქონდა, რომ ბავშვებს არაფერი მოსვლოდათ ჩემი არეული აზროვნების გამო. პირადი ღირსების გრძნობა გამიქრა. მეგონა, ჭკუიდან გადავდიოდი.

იმ პერიოდში სამსახურიდან დაბრუნებული ჯეისონი სახლის დალაგებასა და საჭმლის მომზადებაში მეხმარებოდა ხოლმე, მე კი ამ დახმარების გამო ვბრაზობდი მასზე! თითქოს ამით მას იმის დანახვება უნდოდა ჩემთვის, რომ უვარგისი დედა ვიყავი. მეორე მხრივ კი, თუკი ის ვერ ახერხებდა რამეში წაშველებას, უყურადღებობაში ვადანაშაულებდი. ის რომ ასეთი სიყვარულით და მზრუნველობით არ მომქცეოდა, მშობიარობის შემდგომ დეპრესიას ჩვენი ქორწინებისთვის შეიძლება რეალური საფრთხე შეექმნა. ჯეისონი, ალბათ, უფრო უკეთ აღწერს, თუ როგორ მოქმედებდა მასზე ჩემი ასეთი მდგომარეობა.

რას განიცდიდა ქმარი

„თავიდან ვერ გამეგო, რა დაემართა ჯენელს. ადრე ის სიხარულით სავსე და ურთიერთობის მოყვარული იყო, ახლა კი სრულიად შეიცვალა, თითქოს სხვა ადამიანი ყოფილიყო. რაც არ უნდა მეთქვა მისთვის, ყველაფერს პირად კრიტიკად მიიჩნევდა და მაშინაც კი, როდესაც მისი ტვირთის შესამსუბუქებლად რამეში დახმარებას ვცდილობდი, მინაწყენდებოდა. თავიდან ლამის ვუთხარი, რომ თავი ხელში აეყვანა, მაგრამ მივხვდი, რომ ასეთი სიტყვებით მდგომარეობას მხოლოდ გავუუარესებდი.

ურთიერთობები ძალიან დაგვეძაბა. ჯენელს ეჩვენებოდა, რომ მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგ ამხედრდა. გაგონილი მქონდა, რომ ასეთი სიმპტომებისგან სხვა ქალებიც იტანჯებოდნენ და რომ ეს მშობიარობის შემდგომი დეპრესიით იყო გამოწვეული. ეჭვი გამიჩნდა, რომ ჩემს ცოლსაც მსგავსი დაავადება ჰქონდა და გადავიკითხე ამ თემაზე მიძღვნილი მთელი ის ლიტერატურა, რაზეც ხელი მიმიწვდებოდა. წაკითხულმა ჩემი ეჭვები გაამართლა. ისიც შევიტყვე, რომ ჯენელი თავის დაავადებაში დამნაშავე არ იყო — ეს არ ყოფილა მისი მხრიდან გამოვლენილი რაიმე უყურადღებობის შედეგი.

უნდა გამოვტყდე, რომ ცოლ-შვილზე გადამეტებული ზრუნვის გამო ემოციურად და ფიზიკურად გამოვიფიტე. ორი წლის მანძილზე ციბრუტივით უნდა მეტრიალა და თავი გამერთვა როგორც სამსახურისთვის, ასევე კრების უხუცესისა და ქმრისა და მამის მოვალეობებისთვის. საბედნიეროდ, შევძელი იმის მოგვარება, რომ სამსახურიდან ცოტა ადრე დავბრუნებულიყავი, განსაკუთრებით კი იმ დღეებში, როდესაც ქრისტიანულ შეხვედრებს უნდა დავსწრებოდით. აუცილებელი იყო, რომ სახლში დროზე მივსულიყავი, რათა ჯენელს სადილის მომზადებასა და ბავშვების ჩაცმაში დავხმარებოდი. ამის წყალობით ყველას შეგვეძლო შეხვედრებზე დასწრება“.

გზა გამოჯანმრთელებისკენ

ჩემს ქმარს ასეთი დიდი სიყვარული რომ არ გამოევლინა ჩემ მიმართ, გამოჯანმრთელების პროცესი, უეჭველად, საგრძნობლად შემიფერხდებოდა. ჯეისონი ყურადღებით მისმენდა ხოლმე, როდესაც გულს გადავუშლიდი და ჩემს შიშებზე ველაპარაკებოდი. მივხვდი, რომ გრძნობები არ უნდა დამემალა. ზოგჯერ ჩემს სიტყვებში ბრაზიც კი ერია. მაგრამ ჯეისონი გამუდმებით მარწმუნებდა თავის სიყვარულში და იმაში, რომ ამ მდგომარეობას ერთად დავძლევდით. ის ყოველთვის ცდილობდა, რომ ჩემთვის ვითარების დადებითი მხარეები დაენახვებინა. მოგვიანებით ვუბოდიშებდი ხოლმე ცხელ გულზე წამოსროლილი უხეში სიტყვებისთვის. ის მარწმუნებდა, რომ ასე მხოლოდ დაავადება მალაპარაკებდა. ახლა, როდესაც განვლილს ვიხსენებ, ვხედავ, რამდენს ნიშნავდა ჩემთვის მისი გონივრული სიტყვები.

საბოლოო ჯამში, ჩვენ მივაგენით ძალიან ყურადღებიან ექიმს, რომელიც ყოველთვის მზად იყო, მოესმინა ჩემთვის და გაერკვია, რას ვგრძნობდი. მან მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დიაგნოზი დამისვა და მკურნალობა დამინიშნა; უნდა მიმეღო სამედიცინო პრეპარატები, რის დახმარებითაც შესაძლებელი გახდებოდა იმ ხშირი შეტევების გაკონტროლება, რომელთა დროსაც შიშსა და აფორიაქებას ვგრძნობდი. მან აგრეთვე მირჩია, რომ ფსიქიატრთანაც მივსულიყავი. გარდა ამისა, დამარიგა, რომ რეგულარულად მევარჯიშა, რადგან ვარჯიშებით ბევრი გაუმკლავდა დეპრესიას.

გამოჯანმრთელების ყველაზე დიდ ხელისშემშლელ ფაქტორთაგან ერთ-ერთი იყო მშობიარობის შემდგომი დეპრესიის თანმხლები სიმპტომი — სირცხვილის გრძნობა, რომელთანაც ბრძოლა მიწევდა. ადამიანებს ხშირად უჭირთ თანაგრძნობის გამოხატვა იმ ავადმყოფების მიმართ, რომელთა დაავადებაც მათ არ ესმით. მშობიარობის შემდგომი დეპრესია არ არის, მაგალითად, მოტეხილი ფეხივით თვალსაჩინო, რომ ხალხმა ის დაინახოს და ავადმყოფს თანაუგრძნოს. მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები მართლაც რომ დიდ მხარდაჭერას მიწევდნენ და ესმოდათ ჩემი.

ოჯახის წევრებისა და მეგობრების სიყვარულით გაწეული დახმარება

მე და ჯეისონი ძალიან ვემადლიერებით დედაჩემს, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მხარში გვედგა. სახლში შექმნილი დაძაბული სიტუაციის გამო ჯეისონს დროდადრო დასვენება ესაჭიროებოდა. დედა ყოველთვის დადებითად უყურებდა ყველაფერს და არ ცდილობდა მთელი ჩემი საოჯახო საქმის შესრულებას. ნაცვლად ამისა, ის მხარს მიჭერდა და მამხნევებდა, რომ იმდენი მაინც გამეკეთებინა, რისი უნარიც შემწევდა.

მეგობრებიც დიდ მხარდაჭერას გვიწევდნენ კრებაში. ბევრმა გამოგვიგზავნა მოკლე ბარათები, რომლებითაც გვატყობინებდნენ, რომ ფიქრობდნენ ჩემზე. ასეთი თბილი სიტყვები გულს მიჩუყებდა. ეს ბარათები ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ძალიან მიჭირდა ხალხთან დალაპარაკება როგორც ტელეფონით, ისე უშუალოდ. თანაქრისტიანებთან ურთიერთობასაც კი გავურბოდი კრების დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ. მაგრამ ჩვენი მეგობრები თავიანთი წერილებით არა მხოლოდ იმას გვაგებინებდნენ, რომ ესმოდათ ჩემი იმჟამინდელი შეზღუდული მდგომარეობა, არამედ იმაშიც გვარწმუნებდნენ, რომ ვუყვარდით და წუხდნენ ჩვენზე.

ეს დაავადება სამუდამო სასჯელი არ არის!

ახლა თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს ექიმს, რომელმაც შესანიშნავი რჩევები მომცა; ოჯახს, რომელიც მუდამ მხარში მედგა და გულისხმიერ მეგობრებს. ახლაც სისტემატურად ვვარჯიშობ, მაშინაც კი, როდესაც დაღლილობას ვგრძნობ, რადგან ეს გამოჯანმრთელებაში მეხმარება. იმასაც ვცდილობ, რომ დადებითად გამოვეხმაურო სხვებისგან გამხნევებას. რთულ დროს კი ბიბლიისა და „სამეფო მელოდიების“ აუდიოჩანაწერებს ვისმენ — იეჰოვას მოწმეების მიერ შექმნილი ეს მუსიკა სულიერად და ემოციურად მამხნევებს. იეჰოვას ორგანიზაციისგან ბოძებული ყველა ეს ძვირფასი ძღვენი მეხმარება იმაში, რომ სულიერად გავძლიერდე და დადებითი აზროვნება შევინარჩუნო. ამას წინათ ისიც კი შევძელი, რომ კრების შეხვედრაზე კვლავ წარვდექი ბიბლიაზე დაფუძნებული სასწავლო დავალებით.

ორ წელიწად-ნახევარზე მეტი დამჭირდა იმის მისაღწევად, რომ უფრო სრულად შემეგრძნო და გამომეხატა ჩემი სიყვარული მეუღლის, ბავშვებისა და სხვებისადმი. და თუმცა ჩვენი ოჯახისთვის ეს საკმაოდ რთული დრო იყო, დღეს ჩვენი კავშირი უწინდელთან შედარებით გაცილებით უფრო ძლიერია. განსაკუთრებით ვემადლიერები ჯეისონს, რომელმაც უდიდესი სიყვარული გამოავლინა ჩემ მიმართ — ის იტანდა დეპრესიით გამოწვეულ ურთულეს მომენტებს და როდესაც მისი დახმარება მესაჭიროებოდა, ყოველთვის მხარში მედგა. და რაც ყველაზე მთავარია, ორივე უფრო დავუახლოვდით იეჰოვას, რომელიც ნამდვილად გვაძლიერებდა ჩვენი განსაცდელის დროს.

შეტევები ზოგჯერ დღესაც მიმეორდება ხოლმე, მაგრამ ჩემი ოჯახის, ექიმის, კრებისა და იეჰოვას სულიწმიდის დახმარებით ვგრძნობ, რომ გვირაბის ბოლოს შემოჭრილი შუქი უფრო და უფრო ძლიერ კიაფობს. მშობიარობის შემდგომი დეპრესია ნამდვილად არ არის სასჯელი, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა იხადო. ის მტერია, რომლის დაძლევაც შესაძლებელია (მოგვითხრო ჯენელ მარშალმა).

[ჩარჩო⁄სურათი 20 გვერდზე]

მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ზოგი ხელშემწყობი ფაქტორი

გარდა ჰორმონალური დარღვევებისა, არსებობს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ხელშემწყობი მთელი რიგი ფაქტორები, მათ შორის:

1. ქალის პირადი წარმოდგენა დედობაზე, რაც შეიძლება იმით იყოს განპირობებული, რომ მას ბედნიერი ბავშვობა არ ჰქონდა და მშობლებისგანაც მაინცდამაინც დიდი სითბო არ უგრძვნია.

2. საზოგადოების მიერ დედებისთვის წაყენებული არარეალური მოთხოვნები.

3. დეპრესიისადმი მიდრეკილების მემკვიდრეობითი ფაქტორი.

4. არადამაკმაყოფილებელი ურთიერთობები ქორწინებაში, აგრეთვე ოჯახის წევრებისა და ნათესავების მხრიდან არასაკმარისი ყურადღების გამოვლენა.

5. უღირსობის გრძნობა.

6. მთელი დღის განმავლობაში ბავშვებზე ზრუნვის გამო გადაღლა და გადატვირთვა.

რასაკვირველია, ეს არ არის სრული ჩამონათვალი. არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ხელს უწყობს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარებას. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზები ჯერ სრულად შესწავლილი არ არის.

[ჩარჩო 21 გვერდზე]

ეს მხოლოდ უგუნებობა არ არის

მშობიარობის შემდგომი დეპრესია არ უნდა აგერიოთ იმ უგუნებობაში, რომლის შესახებაც ლაპარაკობს დ-რი ლაურა მილერი: „მშობიარობის შემდეგ ქალებს ხშირად გუნება ეცვლებათ ხოლმე. . . ბავშვის გაჩენის შემდეგ ქალების თითქმის 50 პროცენტი ემოციურად ლაბილური (ანუ არამდგრადი) ხდება, რის გამოც ხშირად ტირის. ჩვეულებრივ, მათი ასეთი მდგომარეობა თავის პიკს მშობიარობიდან მესამე-მეხუთე დღეს აღწევს, ხოლო შემდეგ თანდათანობით კლებულობს და რამდენიმე კვირის განმავლობაში სრულიად ქრება“. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ქალის გუნება-განწყობილების ასეთი შეცვლა მშობიარობის შემდეგ მის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებებით არის განპირობებული.

ამ სინდრომისგან განსხვავებით მშობიარობის შემდგომი დეპრესია გაცილებით ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს და ბავშვის დაბადებისთანავე ან რამდენიმე კვირისა თუ თვის შემდეგაც კი შეიძლება დაიწყოს. ამ მდგომარეობაში ჩავარდნილი დედა ჯერ შეიძლება ძლიერ სიხარულს განიცდიდეს, მეორე წუთში კი — დეპრესიაში ჩავარდეს ან თვითმკვლელობის სურვილიც კი გაუჩნდეს. გარდა ამისა, ის შეიძლება ადვილად ღიზიანდებოდეს, ნაწყენდებოდეს და ბრაზდებოდეს. მას შეიძლება მუდმივად სტანჯავდეს ის აზრი, რომ უვარგისი დედაა და ბავშვის მიმართ დიდ სიყვარულსაც არ გრძნობდეს. დ-რი მილერი ამბობს: „ზოგ დეპრესირებულ დედას გონებით ესმის, რომ უყვარს საკუთარი ბავშვი, მაგრამ ის მხოლოდ გულგრილობას, გაღიზიანებას ან ზიზღს გრძნობს. სხვებს კი ბავშვის დაშავების ან სულაც მოკვლის სურვილი უჩნდებათ“.

მშობიარობის შემდგომ დეპრესიას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ძვ. წ. მეოთხე საუკუნეში ბერძენმა ექიმმა ჰიპოკრატემ შენიშნა, რომ მშობიარობის შემდეგ ზოგი ქალი დიდ ფსიქოლოგიურ ცვლილებებს განიცდიდა. „ბრაზილიის სამედიცინო და ბიოლოგიური კვლევის ჟურნალში“ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ გამოკვლევაში ნათქვამი იყო: „ბევრ ქვეყანაში ქალების 10—15 პროცენტისთვის მშობიარობის შემდგომი დეპრესია საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს“. მაგრამ სამწუხაროდ, „უმეტეს შემთხვევებში ექიმები ვერ იგებენ, რომ დეპრესიასთან აქვთ საქმე, რის გამოც არასწორ დიაგნოზს სვამენ და პაციენტს არასათანადო მკურნალობას უნიშნავენ“, — ნათქვამია ამ ჟურნალში.

ორსულობის შემდგომი გართულებების უფრო იშვიათ, მაგრამ გაცილებით სერიოზულ ფორმას წარმოადგენს მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი. ამ დროს ავადმყოფს ჰალუცინაციები ემართება, ხმები ესმის და კარგავს რეალობის შეგრძნებას, თუმცა შიგადაშიგ, რამდენიმე საათისა თუ დღის განმავლობაში, ის შეიძლება ჩვეულებრივად აზროვნებდეს. დღემდე უცნობია, თუ რა იწვევს ამ ფსიქოზს, მაგრამ დ-რი მილერი აღნიშნავს, რომ „როგორც ჩანს, ამ დაავადების გამომწვევ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს გენეტიკური მიდრეკილება, რომლის ამოქმედებასაც ხელს უწყობს ჰორმონალური დარღვევები“. გამოცდილმა სპეციალისტმა შეიძლება ეფექტური მკურნალობა დაუნიშნოს მშობიარობის შემდგომი ფსიქოზით დაავადებულ ავადმყოფს.

[ჩარჩო⁄სურათები 22 გვერდზე]

ხელი შეუწყეთ საკუთარ გამოჯანმრთელებას *

1. თუ დეპრესიიდან ვერ გამოდიხართ, მიმართეთ ექიმს. რაც უფრო მალე გააკეთებთ ამას, მით უფრო დაიჩქარებთ გამოჯანმრთელების პროცესს. მოძებნეთ ყურადღებიანი ექიმი, რომლისთვისაც ცნობილია ეს დაავადება. ნუ შეგრცხვებათ იმისა, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია გაქვთ და ნუ შეშფოთდებით იმის გამო, რომ მკურნალობა გესაჭიროებათ.

2. რეგულარულად ივარჯიშეთ. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ სისტემატური ვარჯიში დეპრესიასთან ბრძოლის ეფექტური საშუალებაა.

3. გული გადაუშალეთ მათ, ვისთანაც ახლოს ხართ და უთხარით, რას გრძნობთ. ნუ გაერიყებით ხალხს და ნუ დამალავთ თქვენს გრძნობებს.

4. გახსოვდეთ: სულაც არ არის აუცილებელი, რომ ყველა საოჯახო საქმეს იდეალურად გაუძღვეთ. ეცადეთ, გაიმარტივოთ ცხოვრება მხოლოდ აუცილებელზე ყურადღების გამახვილებით.

5. ილოცეთ, რომ ღმერთმა სიმხნევე და მოთმინება მოგცეთ. თუ გრძნობთ, რომ გიჭირთ ლოცვა, სთხოვეთ ვინმეს, თქვენთან ერთად ილოცოს. გამოჯანმრთელების პროცესს მხოლოდ შეაფერხებთ, თუკი ავადმყოფობაში საკუთარ თავს დაადანაშაულებთ და თავს უღირსად ჩათვლით.

[სქოლიოები]

^ აბზ. 39 ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ რეკომენდაციას არ უწევს მკურნალობის რომელიმე განსაზღვრულ მეთოდს. ქალებისა და მამაკაცებისთვის აქ მოცემული რჩევები არ მოიცავს ყველა სიტუაციას და ზოგიერთი მათგანი გარკვეულ შემთხვევებს შეიძლება არც კი მიესადაგებოდეს.

[ჩარჩო 23 გვერდზე]

რამდენიმე რჩევა ქმარს

1. გახსოვდეთ, რომ მშობიარობის შემდგომ დეპრესიაში თქვენს ცოლს ბრალი არ მიუძღვის. თუ მეუღლე მდგომარეობიდან ვერ გამოდის, დაეხმარეთ თანამგრძნობი ექიმის მოძებნაში, რომლისთვისაც ეს პრობლემა ცნობილია.

2. მოთმინებით მოუსმინეთ თქვენს ცოლს. ჩასწვდით მის გრძნობებს. ნუ გაღიზიანდებით მეუღლის პესიმისტური განწყობილების გამო. გულთბილად დაეხმარეთ მას, რომ შექმნილ ვითარებაში დადებითი თვალთახედვა იქონიოს და დაარწმუნეთ, რომ გამოჯანმრთელდება. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ აუცილებლად უნდა გადაწყვიტოთ ყველა ის პრობლემა, რომელსაც თქვენი ცოლი ახსენებს ხოლმე. მას შესაძლოა უფრო ნუგეში ესაჭიროებოდეს, ვიდრე ლოგიკური პასუხები (1 თესალონიკელთა 5:14). გახსოვდეთ, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესიით დაავადებულთათვის რთულია საღად და ლოგიკურად აზროვნება.

3. შეამცირეთ არააუცილებელი საქმეების რაოდენობა, რათა უფრო მეტი დრო გამონახოთ მეუღლის მხარდასაჭერად. ამით ხელს შეუწყობთ მის უფრო სწრაფ გამოჯანმრთელებას.

4. საკუთარი თავისთვისაც გამონახეთ დრო. თქვენს ცოლს უფრო უკეთ ამოუდგებით მხარში, თუკი ფიზიკურად, გონებრივად და სულიერად ჯანმრთელი იქნებით.

5. ესაუბრეთ ისეთ ადამიანს, რომელიც გაგამხნევებდათ. შესაძლოა, ეს იყოს რომელიმე სულიერად მოწიფული მამაკაცი, რომლის ცოლსაც გადაუტანია მშობიარობის შემდგომი დეპრესია.

[სურათი 23 გვერდზე]

მარშალების ოჯახი.