არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საფრთხე, რომელიც მშობლებს საგონებელში აგდებს

საფრთხე, რომელიც მშობლებს საგონებელში აგდებს

საფრთხე, რომელიც მშობლებს საგონებელში აგდებს

ჰიზარსა და სკოტს ბედნიერი ოჯახი აქვთ *. მათ სამი წლის ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე ბიჭუნა ჰყავთ, რომელსაც მზრუნველობას არ აკლებენ. დღევანდელ მსოფლიოში ბავშვზე ზრუნვა არც ისე ადვილია, რადგან მშობლებს მრავალი საფიქრალი აქვთ და უამრავი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ბავშვებს ხომ ბევრი რამის სწავლა სჭირდებათ! ჰიზარსა და სკოტს განსაკუთრებით ერთი რამ აღელვებთ — დაიცვან ბავშვი სექსუალური შეურაცხყოფისგან. რატომ აწუხებთ მათ ეს საკითხი ასე ძლიერ?

„მამაჩემი გულქვა კაცი იყო. ის სმას იყო გადაყოლილი და როცა დალევდა, ყველას გვეჩხუბებოდა, — იხსენებს ჰიზარი. — მე და ჩემს დებს ის ხშირად გვცემდა ხოლმე და სექსუალურ შეურაცხყოფას გვაყენებდა“ *. ცხადია, რომ ასეთი შეურაცხყოფა დიდ ემოციურ ჭრილობას აყენებს ადამიანს. ამიტომ გასაკვირი არაა, თუ რატომ სურს ჰიზარს, დაიცვას თავისი შვილი! სკოტსაც კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის დაცვა.

მრავალი მშობელი შეშფოთებულია იმით, რომ ძალიან გახშირდა ბავშვების სექსუალური შეურაცხყოფა. ეს ფაქტი ალბათ თქვენც გაღელვებთ. ჰიზარისგან განსხვავებით თქვენ, შესაძლოა, პირადად არ გამოგიცდიათ სექსუალური შეურაცხყოფა და მისი მწარე შედეგები, მაგრამ, უდავოდ, გსმენიათ იმის შესახებ, თუ როგორ გაიზარდა ასეთი ამაზრზენი შემთხვევების რიცხვი. მთელ მსოფლიოში მზრუნველი მშობლები თავზარდაცემულნი არიან იმის გამო, რომ ასეთი რამ მათ მხარეშიც ხდება.

გასაკვირი არ არის, რომ ერთი მკვლევარი,  რომელიც სექსუალური შეურაცხყოფის საკითხს იკვლევს, ბავშვთა სექსუალური შეურაცხყოფის შემთხვევათა მომრავლებას „დღევანდელობის ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ ფაქტს“ უწოდებს. ეს მართლაც სამწუხაროა, მაგრამ გასაკვირია, რომ ასეთი რამ ხდება? ასეთი ფაქტების მომრავლება გაოცებას არ იწვევს მათში, ვინც ბიბლიას სწავლობს. ღვთის სიტყვა გვიხსნის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროში, რომელსაც „ბოლო დღეები“ ეწოდება — დროში, როდესაც ფართოდ იქნებოდა გავრცელებული ‘სისასტიკე’, და იცხოვრებდნენ „საკუთარი თავის მოყვარული“ და „თბილ გრძნობებს მოკლებული“ ადამიანები (2 ტიმოთე 3:1—5).

სექსუალური შეურაცხყოფის პრობლემა დღეს ძალიან მწვავედ დგას. ზოგი მშობელი საგონებელში ვარდება, როდესაც ფიქრობს იმ ადამიანების ბოროტებაზე, რომლებიც სექსუალური შეურაცხყოფის მიზნით ბავშვებზე „ნადირობენ“. მაგრამ, არის ეს ისეთი პრობლემა, რომელთანაც მშობლები ვერაფერს გახდებიან? თუ შეუძლიათ მათ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა თავიანთი შვილების დასაცავად? ამ კითხვებს მომდევნო სტატიებში გაეცემა პასუხი.

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 სტატიათა ამ სერიაში სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 3 ბავშვის სექსუალური შეურაცხყოფა მაშინ ხდება, როცა უფროსი ასაკის ადამიანი ბავშვს სექსუალური ჟინის მოსაკლავად იყენებს. ამაში იგულისხმება ისეთი ქმედებები, რასაც ბიბლია სიძვას, ანუ „პორნიას“ უწოდებს, და რაშიც შედის სხვა ადამიანის სასქესო ორგანოებზე შეხება, სქესობრივი კავშირი და ორალური თუ ანალური სექსი. ისეთი შეურაცხმყოფელი საქციელი, როგორიცაა მკერდზე მოფერება, აშკარად სექსუალური მინიშნებები, ბავშვისთვის პორნოგრაფიის ჩვენება, შიშველი ადამიანების ჩუმად ყურება და სხვების თანდასწრებით გაშიშვლება, შეიძლება ჩაითვალოს იმად, რასაც ბიბლია „თავაშვებულობასა“ თუ ‘გაუმაძღრობით ჩადენილ უწმინდურებას’ უწოდებს (გალატელები 5:19—21; ეფესოელები 4:19).