არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ერთი სული მაქვს, როდის ვეტყვი მათ: „ჩვენ კვლავ ერთად ვართ!“

ერთი სული მაქვს, როდის ვეტყვი მათ: „ჩვენ კვლავ ერთად ვართ!“

ერთი სული მაქვს, როდის ვეტყვი მათ: „ჩვენ კვლავ ერთად ვართ!“

მოგვითხრო აბიგაილ ოსტინმა

ეს ამბავი ინგლისში 1995 წელს მოხდა. აპრილის ლამაზი დღე იდგა. მაშინ 9 წლის ვიყავი. ჩვენი კრების წევრებმა ბუნებაში გასვლა გადაწყვიტეს. მანქანებში ჩავსხედით და ქალაქგარეთ წავედით. მე, ჩემი მშობლები, უფროსი და, სარა და ჩვენი ოჯახის მეგობარი, დებორა ერთ მანქანაში ვისხედით. მოულოდნელად შემხვედრი მანქანა ჩვენი სავალი გზის ნაწილზე გადმოვიდა და დაგვეჯახა. მხოლოდ მე გადავრჩი.

გონზე ორი კვირის შემდეგ მოვედი საავადმყოფოში. თავის ქალის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა მქონდა მიღებული. ექიმებმა თავის ქალაში ძვლოვანი ქსოვილის აღსადგენად მეტალის ფირფიტები ჩამისვეს. მიუხედავად ამისა, მალე გამოვჯანმრთელდი. მომხდარის შესახებ ჩემმა ნათესავებმა მითხრეს, მაგრამ ვერ დავიჯერე. მეგონა, ჩემი მშობლები და დაიკო მაშინ მოდიოდნენ ჩემ სანახავად, როცა მეძინა. მხოლოდ სახლში დაბრუნების შემდეგ გავუსწორე თვალი ამ მწარე რეალობას. ენით აუწერელ ტკივილს ვგრძნობდი.

ახლა მოგიყვებით, როგორ შევეგუე ამ საშინელ ტრაგედიას.

სულიერი გარემო

ხუთი და-ძმიდან ყველაზე პატარა მე ვიყავი. ამ ტრაგედიის დროს სარა 22 წლის იყო, შეინი — 20-ის, ჯესიკა  — 17-ის, ხოლო ლუკა — 15-ის. ჩვენ მოსიყვარულე და მზრუნველი მშობლები გვყავდა. მამაჩემი, სტივი უხუცესად მსახურობდა დასავლეთ იორქშირში მდებარე ქალაქ შიპლის იეჰოვას მოწმეთა კრებაში. იგი ყველას ძალიან უყვარდა, რადგან ყოველთვის ნახულობდა დროს სხვების მოსასმენად და დასახმარებლად. დედაჩემი, ქეროლიც ძალიან თბილი და მოსიყვარულე იყო. ის კრების ხანდაზმულ წევრებზე შვილივით ზრუნავდა. დედა ხშირად აწყობდა ჩვენთვის მეგობრულ შეხვედრებს, რომ კარგი მეგობრები შეგვეძინა. ჩვენი სახლის კარი ყველასთვის ღია იყო. მშობლები გვასწავლიდნენ, თავაზიანად მოვქცეოდით მეზობლებს.

ყოველ ოთხშაბათ საღამოს მთელი ოჯახი ერთად ვსწავლობდით ბიბლიას. ზოგჯერ ვდგამდით ბიბლიურ დრამებს და შესაფერისი სამოსით ვიმოსებოდით. მამა და დედა ბავშვობიდანვე გვასწავლიდნენ, როგორ მოვმზადებულიყავით კრების შეხვედრებისთვის და როგორ შეგვეთავაზებინა კარდაკარ ხალხისთვის ბიბლიური ცნობა. მიუხედავად იმისა, რომ ხუთ შვილს გვზრდიდნენ, მშობლები თითოეულს დროს გვითმობდნენ და იეჰოვასთან დაახლოებაში გვეხმარებოდნენ.

სკოლის დამთავრების შემდეგ სარა, შეინი, ჯესიკა და ჩვენი ოჯახის მეგობარი დებორა პიონერები, სრული დროით მსახურები გახდნენ. მე და სარას განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. ის ჩემთვის მეორე დედა იყო. სკოლის არდადეგების დროს ჩვენ ერთად ვატარებდით დროს და სხვებს ღვთის გაცნობაში ვეხმარებოდით. იმ პერიოდთან თბილი მოგონებები მაკავშირებს. მახსოვს, რა სიხარულს ანიჭებდა ჩემს დებს, ძმას და დებორას პიონერული მსახურება და მეც მათთან ერთად ვხარობდი. მიზნად მქონდა სკოლის დამთავრებისთანავე სარას მსგავსად დამეწყო პიონერული მსახურება.

შაბათ-კვირას ჩვენი ოჯახი და კრების სხვა წევრები ხშირად ვატარებდით ერთად დროს. კრებაში ყველას, დიდსა თუ პატარას, ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემს თავს ასეთი უბედურება დატრიალდებოდა და ამ მძიმე წუთებში ასე დამჭირდებოდა მათი თანადგომა!

ტრაგედიის შემდეგ

საავადმყოფოდან მშობლიურ სახლში დავბრუნდი. შეინი და ჯესიკა თავს არ ზოგავდნენ, რომ აუცილებელი გვქონოდა; ისინი ნახევარგანაკვეთზე მუშაობდნენ და თან სრული დროით მსახურობდნენ.

თანამორწმუნეებიც დახმარების ხელს გვიწვდიდნენ. სანამ საკუთარ თავზე ზრუნვას შევძლებდით, და-ძმები ძალიან ბევრს აკეთებდნენ ჩვენთვის — ისინი გვიმზადებდნენ საჭმელს, გვისუფთავებდნენ სახლს, გვირეცხავდნენ, გვყიდულობდნენ პროდუქტებსა თუ ტანსაცმელს. არასდროს დავივიწყებთ მათ სიკეთეს! საიდან აღარ ვიღებდით საჩუქრებსა თუ ბარათებს, რითაც თანამორწმუნეების მხარდაჭერას ვგრძნობდით. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ იეჰოვას ორგანიზაციას ნამდვილი სიყვარული აერთიანებს.

დაახლოებით ერთ წელიწადში ჩემი და-ძმები მიხვდნენ, რომ სრულფასოვანი ოჯახური გარემო მჭირდებოდა. კრებაში რამდენიმე ოჯახმა დახმარება შემოგვთავაზა. ასე რომ, ყველანი დავსხედით და ვიმსჯელეთ, რა იქნებოდა ჩემი მომავლისთვის საუკეთესო და რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ასეთ შემთხვევაში ჩვენი მშობლები. ყურადღება ერთ ოჯახზე შევაჩერეთ. ბილი, რომელიც უხუცესად მსახურობდა, და მისი ცოლი, დონი ძალიან ახლოს იყვნენ ჩვენთან; მათ ხუთი წლის ქალიშვილი, ლოისი, ჰყავდათ. ბილიმ და დონიმ სიხარულით მიმიღეს თავიანთ ოჯახში და დღემდე სიყვარულით ზრუნავენ ჩემზე. ისინი საკუთარი ქალიშვილისგან არ მანსხვავებენ. ამის გამო ლოისი არ ეჭვიანობს; ჩვენ ნამდვილი დებივით ვართ.

როგორ შევეგუე ტრაგედიას

პირველ ხანებში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში: „რაღა ჩემს ოჯახს დაატყდა თავს ასეთი უბედურება?! ჩემს მშობლებს, სარასა და დებორას ხომ მთელი გულით უყვარდათ იეჰოვა და მოყვასი!“ მოგვიანებით დავფიქრდი იობის ისტორიაზე, რომელმაც შვილების დაკარგვის მიუხედავად, ღვთისადმი რწმენა შეინარჩუნა (იობი 1:19, 22). ჩემთვის გავიფიქრე: „სატანას ხალხისთვის ტანჯვისა და სიკვდილის მეტი არაფერი მოაქვს. ის ძალიან ბედნიერი იქნება, თუ ამ ტრაგედიის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავვარდებით და ჩამოვშორდებით ღმერთს (დაბადება 3:1—6; გამოცხადება 12:9). იმანაც გამამაგრა, რომ მოსიყვარულე იეჰოვა აღდგომის იმედს გვაძლევს (იოანე 5:28, 29). ჩვენ სამოთხეში, დედამიწაზე კვლავ შევხვდებით ჩვენი ოჯახის წევრებს და დებორას! ამ ყველაფრის შემდეგ იეჰოვასადმი ჩემი სიყვარული კიდევ უფრო გაღრმავდა.

როდესაც ვხვდები ხალხს, რომლებსაც მსგავსი ტრაგედია აქვთ გადატანილი, გული მეწვება, რომ მათ არა აქვთ აღდგომის იმედი. სურვილი მიჩნდება, გავუზიარო მათ ეს ბიბლიური იმედი, რომელიც ამ ბნელით მოცულ ქვეყნიერებაში მხოლოდ იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის წყალობით კიაფობს ჩვენს გულებში.

ჩვენს თავს დატრიალებულმა ტრაგედიამ ბევრი მშობელი დააფიქრა. ისინი ეკითხებიან საკუთარ თავს: „ვუნერგავთ ჩვენს შვილებს ძლიერ რწმენას? ხვალ რომ რამე დაგვემართოს, გააგრძელებენ ისინი ჩვენ გარეშე იეჰოვას მსახურებას?“

ისე ვცხოვრობ, თითქოს დედ-მამა ისევ ჩემ გვერდით არიან. დარწმუნებული ვარ, მათი სურვილი იქნებოდა, მსახურებაში არ დამეზოგა თავი და მათსავით მემსახურა. სკოლის დამთავრების შემდეგ პიონერად ვმსახურობ. ამას წინათ ლოისიც შემომიერთდა სრული დროით მსახურებაში. ჩემი და-ძმები დაქორწინდნენ და სიხარულით ემსახურებიან იეჰოვას თავიანთ კრებებში.

მოუთმენლად ველი ღვთის ახალ ქვეყნიერებას, სადაც ჩემს ახლობლებს შევხვდები! მაშინ აღარავინ იგრძნობს ტკივილს და სიკვდილიც წარსულს ჩაჰბარდება (გამოცხადება 21:3, 4). ძალას მაძლევს იმის ცოდნა, რომ მალე ყველა ერთად ვიქნებით. ერთი სული მაქვს, როდის ჩავეხუტები მამას, დედას, სარას და დებორას, და ვეტყვი მათ: „ჩვენ კვლავ ერთად ვართ!“

[სურათი 23 გვერდზე]

აბიგაილი (მარცხნიდან მეორე) თავის ახალ ოჯახთან ერთად