არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ნიშნავს მეორე ლოყის მიშვერა?

რას ნიშნავს მეორე ლოყის მიშვერა?

ბიბლიის თვალსაზრისი

რას ნიშნავს მეორე ლოყის მიშვერა?

საყოველთაოდ ცნობილი მთაზე ქადაგებისას იესო ქრისტემ თქვა: „ნუ შეეწინააღმდეგებით ბოროტ კაცს. თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგაწნავს სილას, მეორე ლოყაც მიუშვირე“ (მათე 5:39).

რას გულისხმობდა იესო? იმას, რომ ქრისტიანებს არაფერი უნდა გაეკეთებინათ თავის დასაცავად? ან იმას ხომ არა, რომ ხმის ამოუღებლად მოეთმინათ შეურაცხყოფა და უარი ეთქვათ კანონის ძალით დაცვაზე?

რას გულისხმობდა იესო?

იმის გასარკვევად, თუ რას გულისხმობდა იესო, განვიხილოთ მუხლის კონტექსტი და გავიგოთ, ვის მიმართა მან ამ სიტყვებით. სანამ იესო მსმენელებს ზემოაღნიშნულ რჩევას მისცემდა, წმინდა წერილებიდან კარგად ნაცნობი ციტატა მოუყვანა: «თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „თვალის სანაცვლოდ თვალი და კბილის სანაცვლოდ კბილი“» (მათე 5:38).

იესო გამოსვლის 21:24-დან და ლევიანების 24:20-დან ციტირებდა. აღსანიშნავია, რომ ღვთის კანონის თანახმად, ამ მუხლებში მოხსენიებული სასჯელი, „თვალის სანაცვლოდ თვალი“, სათანადოდ მხოლოდ მას შემდეგ აღსრულდებოდა, როცა კანონდამრღვევს მღვდლებისა და მსაჯულების წინაშე წარადგენდნენ. მათ უნდა შეეფასებინათ მდგომარეობა და განესაზღვრათ, იყო თუ არა დანაშაული წინასწარი განზრახვით ჩადენილი (კანონი 19:15—21).

დროთა განმავლობაში იუდეველებმა ამ კანონის არასწორად გამოყენება დაიწყეს. XIX საუკუნეში მოღვაწე ბიბლიის კომენტატორი ადამ კლარკი აღნიშნავს: „როგორც ჩანს, იუდეველები ამ კანონის [თვალის სანაცვლოდ თვალი, კბილის სანაცვლოდ კბილი] საფუძველზე ამართლებდნენ პირადი წყენის ნიადაგზე შურისძიებას. ისინი შურისძიების უკიდურეს ზომებს მიმართავდნენ და მწყენინებელს სამაგიეროს იმაზე მეტი ბოროტებით უხდიდნენ, ვიდრე მათ მიმართ იყო ჩადენილი“. მაგრამ წმინდა წერილების თანახმად, პირადი შურისძიება გაუმართლებელი იყო.

ის, რაც იესომ მთაზე ქადაგებისას მეორე ლოყის მიშვერაზე თქვა, ისრაელისთვის მიცემული ღვთის კანონის ნამდვილ არსს ასახავს. ამ სიტყვებით იესო იმას არ გულისხმობდა, რომ თუ მის მიმდევრებს ერთ ლოყაში სილას გააწნავდნენ, მეორეც უნდა მიეშვირათ. ბიბლიურ დროში, ისევე როგორც დღეს, სილის გაწვნით ფიზიკური ტკივილის მიყენება კი არ სურდათ, არამედ შეურაცხყოფა ჩხუბში გამოწვევის მიზნით.

მაშასადამე, იესოს იმის თქმა სურდა, რომ თუ გამოწვევის მიზნით ვინმეს პირდაპირი გაგებით ლოყაში სილას გააწნავდნენ ან სარკასტულად მიმართავდნენ, მას შური არ უნდა ეძია. პირიქით, მას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისათვის, რომ დაუსრულებელი შურისძიებისთვის გასაქანი არ მიეცა (რომაელები 12:17).

იესოს სიტყვები ძალიან ჰგავს მეფე სოლომონის ნათქვამს: „ნუ იტყვი: რაც იმან გამიკეთა, მეც იმავეს გავუკეთებ; ყველას თავისი ნამოქმედარის მიხედვით მივუზღავო“ (იგავები 24:29). იესოს მიმდევარს იმ გაგებით უნდა მიეშვირა მეორე ლოყა, რომ ურთიერთდაპირისპირების თავიდან ასარიდებლად პროვოკაციას არ წამოჰგებოდა (გალატელები 5:26).

რისი თქმა შეიძლება თავდაცვაზე?

მეორე ლოყის მიშვერა იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტიანმა თავდამსხმელისგან თავი არ უნდა დაიცვას. იესო იმას გულისხმობდა, რომ შეურაცხყოფაზე შეურაცხყოფით არ გვეპასუხა და სამაგიერო არავისთვის გადაგვეხადა. ჩვეულებრივ, ჩხუბის თავიდან ასარიდებლად, გონივრულია, კონფლიქტურ სიტუაციას გავერიდოთ. მაგრამ თუ ბოროტმოქმედების მსხვერპლი გავხდებით, თავდაცვა და პოლიციის გამოძახება მართებული იქნება.

პირველ საუკუნეში იესოს მიმდევრებიც თავიანთი კანონიერი უფლებების დასაცავად იმავე მეთოდს მიმართავდნენ. მაგალითად, მოციქულმა პავლემ ისარგებლა იმდროინდელი კანონებით, რათა შეესრულებინა იესოს დავალება და სასიხარულო ცნობა ექადაგა (მათე 28:19, 20). ფილიპეში ქადაგებისას პავლე და მისი თანამსახური სილა სახელმწიფო მოხელეებმა დააკავეს და კანონის დარღვევაში დაადანაშაულეს.

პავლე და სილა საჯაროდ გაროზგეს და გასამართლების გარეშე საპყრობილეში ჩაყარეს. მაგრამ პავლემ, როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, რომის მოქალაქის უფლებებით ისარგებლა. როცა სახელმწიფო მოხელეებმა გაიგეს, რომ პავლე რომის მოქალაქე იყო, შეშინდნენ და პავლესა და სილას ქალაქის უხმაუროდ დატოვება სთხოვეს. ამგვარად, პავლემ ‘სასიხარულო ცნობის დაცვისა და კანონით განმტკიცების’ მაგალითი დაგვიტოვა (საქმეები 16:19—24, 35—40; ფილიპელები 1:7).

პავლეს მსგავსად, იეჰოვას მოწმეებიც არაერთხელ გამხდარან იძულებულნი, ქრისტიანული საქმიანობის გასაგრძელებლად სასამართლოებში კანონის ძალით ებრძოლათ. თავიანთი უფლებების დასაცავად მოწმეები ისეთ ქვეყნებშიც იბრძვიან, სადაც ხალხი რწმენის თავისუფლებით სარგებლობს. იეჰოვას მოწმეებს ლოყის მიშვერა არც მაშინ მოეთხოვებათ, როცა თავს ბოროტმოქმედი ესხმის ან როცა საქმე მათ პირად უსაფრთხოებას ეხება. თავდაცვის მიზნით ისინი კანონს მიმართავენ.

მოწმეები კანონის ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ გარკვეული უფლებების მოსაპოვებლად, მიუხედავად იმისა, იციან, რომ მათი მცდელობა ყოველთვის წარმატებული არ იქნება. ამ დროს იესოს მსგავსად, ისინი ღმერთს ანდობენ ასეთ საკითხებს და დარწმუნებულნი არიან, რომ იეჰოვა ყველა ფაქტის გათვალისწინებით იმოქმედებს და მის ნებისმიერ განაჩენში სრულყოფილი სამართალი გამოჩნდება (მათე 26:51—53; იუდა 9). ჭეშმარიტ ქრისტიანებს ახსოვთ, რომ შურისძიება იეჰოვას ეკუთვნის (რომაელები 12:17—19).

გიფიქრიათ?

● რას უნდა ერიდებოდნენ ქრისტიანები? (რომაელები 12:17)

● კრძალავს ბიბლია იურიდიული უფლებების გამოყენებას თავდაცვის მიზნით? (ფილიპელები 1:7)

● რაში იყო იესო დარწმუნებული? (მათე 26:51—53)