არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ამბობენ მშობლები

რას ამბობენ მშობლები

რას ამბობენ მშობლები

თუ სკოლამდელი ასაკის ბავშვი გყავთ, ნამდვილად არ იქნება უცხო თქვენთვის სირთულეები. ერთ-ერთი ასეთი სირთულე შეიძლება იყოს ბავშვის ისტერიკა. რა არის ამ დროს გამოსავალი? როგორ უნდა ასწავლოთ შვილს სწორის არასწორისგან გარჩევა და როგორ შეგიძლიათ გონივრულ ფარგლებში დასაჯოთ. ვნახოთ, როგორ გაართვა ზოგმა მშობელმა ამ სირთულეებს თავი.

ისტერიკა

„ბავშვი ფიქრობს, რომ რასაც მოისურვებს, ყველაფერი უნდა მისცენ. ჩვენს ბიჭსაც ეს პრობლემა ჰქონდა. თუ სურვილს არ შევუსრულებდით, რაც ხელში მოხვდებოდა, ყველაფერს აქეთ-იქით ისროდა. ის ჩვენი პირველი შვილი იყო და როცა ისტერიკაში ვარდებოდა, არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით. სხვები გვეუბნებოდნენ, რომ ასეთი რამ ბავშვებში ჩვეულებრივი მოვლენა იყო, მაგრამ დიდი ვერაფერი ნუგეში იყო ეს ჩვენთვის“ (სიუზენი, კენია).

„ჩვენი გოგონა ორი წლისა რომ იყო, იატაკზე გაწვებოდა ხოლმე, ყვიროდა, ტიროდა და ფეხებს იქნევდა . . . ძალიან გვაღიზიანებდა ასეთი საქციელი. იმ მომენტში ლაპარაკი არ შველოდა. თავის ოთახში ვუშვებდით და წყნარად ვეუბნებოდით, რომ დამშვიდებულიყო და მერე გამოსულიყო ოთახიდან, შემდეგ კი ერთად ვისაუბრებდით ამ საკითხზე. ბოლოს, როცა წყნარდებოდა, ან მე ან ჩემი მეუღლე მივდიოდით და ვუხსნიდით, რატომ იყო მისი საქციელი არასწორი. ეს მეთოდი ამართლებდა. ერთხელ იმასაც კი მოვკარით ყური, როგორ სთხოვდა ღმერთს პატიებას თავისი საქციელის გამო. დროთა განმავლობაში ის იმდენად ხშირად აღარ ვარდებოდა ისტერიკაში და ბოლოს საერთოდ შეწყვიტა“ (იოლანდა, ესპანეთი).

„ისტერიკის დროს ბავშვი ექსპერიმენტს ატარებს იმის დასადგენად, რამდენად გაიტანს თავისას. თუ მას იმის უფლებას მისცემთ, რასაც მანამდე მკაცრად უკრძალავდით, დააბნევთ პატარას. ერთ რამეს მივხვდით, როცა პრინციპულები ვიყავით და ჩვენს სიტყვას არ გადავდიოდით, ბავშვები სწავლობდნენ, რომ ჩხავილით ვერაფერს მიიღებდნენ“ (ნილი, დიდი ბრიტანეთი).

დისციპლინა

„რთულია იმის განსაზღვრა, გისმენს თუ არა ბავშვი, როცა რამეს უხსნი. ამიტომ ხშირად უნდა გაუმეორო ერთი და იგივე, თუნდაც ათასჯერ, თანაც ხელებით უნდა აუხსნა და ხმაში სიმტკიცე უნდა გეტყობოდეს“ (სერჟი, საფრანგეთი).

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შვილები ერთი და იმავე გარემოში იზრდებოდნენ, ოთხივეს განსხვავებული ხასიათი ჰქონდა. ერთი, როცა ხვდებოდა, რომ ისეთი რამე გააკეთა, რაც ჩვენ არ მოგვწონდა, დაჯდებოდა და ტირილს იწყებდა; მეორე სულ იმას ცდილობდა, როგორმე თავისი გაეტანა. ზოგჯერ საკმარისი იყო მკაცრად შეხედვა ან შენიშვნის მიცემა; სხვა შემთხვევაში უფრო მკაცრ ზომებს მივმართავდით ხოლმე“ (ნათანი, კანადა).

„მშობელი დათმობაზე არ უნდა წავიდეს. თუმცა უნდა მოერიდოს დოგმატურობას და ზედმეტ სიმკაცრეს. ზოგჯერ, როცა ბავშვი მართლა ხვდება თავის დანაშაულს და ნანობს, ისე მკაცრად აღარ ვსჯით“ (მეტიო, საფრანგეთი).

„შვილებს ძალიან ბევრ წესს არ ვუდგენ, მაგრამ მოვითხოვ, რომ რასაც ვუდგენ, იმას არ გადაუხვიონ. ჩემმა სამი წლის ბიჭუნამ იცის, რა მოხდება, თუ არ დაგვემორჩილება და ამიტომაც ცდილობს, კარგად მოიქცეს. მართალია, როცა დაღლილი ვარ, ზოგჯერ მიჭირს რეაგირება მოვახდინო ბავშვის ცუდ საქციელზე, მაგრამ ჩემი სიტყვა რომ არ გადავთქვა, თავს ძალას ვატან და საჭირო ზომებს მაინც მივმართავ. პრინციპულობა აუცილებელია!“ (ნატალი, კანადა).

პრინციპულობა

„პატარებს, გეგონება მახსოვრობის ბარათები აქვთო ტვინში, ისე იმახსოვრებენ მშობლების მხრიდან უკანდახეულ თითოეულ ნაბიჯს“ (მილტონი, ბოლივია).

„ხანდახან ჩემი ბიჭუნა ერთსა და იმავე რამეს სხვადასხვანაირად ითხოვდა, აინტერესებდა, იგივე პასუხს გავცემდით თუ არა. თუ მე ერთს ვეტყვი და დედა მეორეს, ბავშვი დააფიქსირებს ჩვენს მერყეობას და ეცდება, თავის სასარგებლოდ გამოიყენოს“ (ანხელი, ესპანეთი).

„როცა კარგ ხასიათზე ვიყავი, ყურადღებას არ ვაქცევდი ჩემი ბიჭუნას ცუდ საქციელს, მაგრამ ზედმეტად მკაცრად ვსჯიდი, როცა ცუდ ხასიათზე ვიყავი. მივხვდი, რომ ამით ბავშვს ვაღიზიანებდი და ის უფრო ცუდად იქცეოდა“ (გიონგ-ოკი, კორეა).

„ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ თუ დღეს რაღაც საქციელი მიუღებელია, ის მიუღებელი იქნება ყოველთვის“ (ანტონიო, ბრაზილია).

„თუ მშობლები ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ, ბავშვი ხედავს, რომ დედიკო და მამიკო სანდოები არ არიან, რადგან მათი გადაწყვეტილებები გუნება-განწყობაზეა დამოკიდებული. მაგრამ თუ მშობლები არ გადადიან თავიანთ ნათქვამს, ბავშვებს ეცოდინებათ, რომ ის, რაც ცუდია, ყოველთვის ცუდი იქნება. ამით მშობელი ავლენს სიყვარულს და ზრუნავს ბავშვის უსაფრთხოებაზე“ (ჟილმარი, ბრაზილია).

„ბავშვები სარგებლობენ ისეთი სიტუაციებით, როცა მშობელს დიდი არჩევანი არა აქვს და ადვილია მისი დაყოლიება. მაგალითად, მაშინ ითხოვენ რაღაცას, როცა იქ სხვებიც არიან. თუ უარი უნდა ვუთხრა, თავიდანვე ვეუბნები ამას და გასაგებად ვუხსნი ჩემს ბიჭს, რომ გამუდმებით წუწუნს აზრი არა აქვს“ (ჩონგ-სოკი, კორეა).

„მშობლებს აუცილებლად ერთი აზრი უნდა ჰქონდეთ. როცა მე და ჩემს მეუღლეს განსხვავებული აზრი გვაქვს, ამაზე ცალკე ვსაუბრობთ. ბავშვები კარგად ამჩნევენ, როცა დედ-მამა რაღაცაში ვერ თანხმდება და შეუძლიათ ისარგებლონ ამ სიტუაციით“ (ხესუსი, ესპანეთი).

„ბავშვი დაცული იქნება, თუ ეცოდინება, რომ მშობლებს ერთი აზრი აქვთ და მათ თავის ჭკუაზე ვერ ატარებს. ასეთ შემთხვევაში მან კარგად იცის, რა მოელის, თუ არ დაემორჩილება მშობლებს და ისიც იცის, რა ელის, თუ დაემორჩილება მათ მითითებებს“ (დამარისი, გერმანია).

„ჩვენთვის პრინციპულობა იმასაც ნიშნავს, რომ ყოველთვის შევუსრულოთ ჩვენს გოგონას, როცა რამე კარგს ვპირდებით. ამით ის ხედავს, რომ ყოველთვის შეუძლია ენდოს ჩვენს დაპირებებს“ (ჰენდრიკი, გერმანია).

„ძალიან გამაღიზიანებდა, ჩემს დამსაქმებელს ყოველ წუთში რომ შეეცვალა მოთხოვნები. ბავშვებიც ასე არიან. დაცულად გრძნობენ თავს, როცა იციან, რომ დადგენილი აქვთ წესები და ეს წესები არ იცვლება. მათ ისიც უნდა იცოდნენ, რა მოჰყვება ურჩობას და რომ შედეგებიც ყოველთვის უცვლელი იქნება“ (გლენი, კანადა).

[ჩანართი 8 გვერდზე]

„თქვენი დიახ იყოს დიახ, არა კი — არა“ (იაკობი 5:12).

[ჩარჩო⁄სურათები 9 გვერდზე]

ერთი ოჯახის მაგალითი

დაუგეგმავი ფეხმძიმობა როგორ შევეგუეთ

გვიამბობენ ტომი და იუნჰი ჰანები

ტომი: ექვსი თვის დაქორწინებულები ვიყავით, როცა გავიგეთ, რომ იუნჰი ფეხმძიმედ იყო. გარეგნულად სიმშვიდეს ვინარჩუნებდი; მინდოდა, იუნჰი დამერწმუნებინა, რომ ყველანაირად ამოვუდგებოდი მხარში და ვანუგეშებდი. მაგრამ შინაგანად მე თვითონ ვიყავი პანიკაში.

იუნჰი: თავს საშინლად ვგრძნობდი. შიშმა შემიპყრო. სულ ვტიროდი. ვფიქრობდი, რომ ამისთვის მზად არ ვიყავი და ვერ შევძლებდი დედობას.

ტომი: არც მე ვიყავი მზად მამობისთვის. მაგრამ, როცა სხვა მშობლებს გავესაუბრეთ, მივხვდით, რომ დაუგეგმავი ფეხმძიმობა გაცილებით ხშირი მოვლენა იყო, ვიდრე ჩვენ გვეგონა. მათ ის დიდი სიხარულიც გაგვიზიარეს, რაც დედობას და მამობას სდევს თან. თანდათანობით შიში და გაურკვევლობა ბავშვის მოლოდინმა ჩაანაცვლა.

იუნჰი: ამანდას დაბადების შემდეგ პრობლემების ახალი ტალღა წამოვიდა. კვირები არ მეძინა, სულ ტიროდა. ჭამის მადა აღარ მქონდა და საშინლად გამოვიფიტე. ხალხს გავურბოდი, მარტო მინდოდა ყოფნა. მაგრამ მერე მივხვდი, რომ განმარტოებით საქმეს ვერ ვუშველიდი. სხვა ახალბედა დედებთან გამოვნახე საერთო. შვებას მგვრიდა იმათთან საუბარი, ვისთვისაც უცხო არ იყო ჩემი გასაჭირი. მივხვდი, რომ პრობლემები ჩემ გარდა სხვებსაც ჰქონდათ.

ტომი: ვცდილობდი, ჩვენს ოჯახში არსებული რეჟიმი არ დარღვეულიყო. მე და იუნჰი იეჰოვას მოწმეები ვიყავით და გადაწყვეტილი გვქონდა, რეგულარულად მიგვეღო მონაწილეობა მსახურებაში და არ გაგვეცდინა ქრისტიანული შეხვედრები. ბავშვის დაბადებას თან სდევს დამატებითი ხარჯები და ზოგჯერ გაუთვალისწინებელიც. ვალებში რომ არ ჩავვარდნილიყავით და დამატებითი სანერვიულო არ გაგვჩენოდა, ვხარჯავდით იმდენს, რამდენის უფლებასაც ჩვენი შემოსავალი გვაძლევდა.

იუნჰი: თავიდან ვფიქრობდი, რომ მსახურებაში სიარული არაპრაქტიკული იქნებოდა, რადგან მეგონა, ბავშვი ხელს შემიშლიდა. სინამდვილეში ხალხს სიამოვნებს ბავშვის დანახვა. ამაზე ფიქრი დამეხმარა, მსახურებაში აქტიური ვყოფილიყავი და უფრო მეტი დადებითი დამენახა იმაში, რომ ბავშვი მყავდა.

ტომი: ბიბლიაში წერია, რომ შვილები არიან მემკვიდრეობა და ჯილდო იეჰოვასგან (ფსალმუნი 127:3). ამ სიტყვებმა მაჩვენა, რომ შვილი ძვირფასი საჩუქარია. რაც შეეხება მემკვიდრეობას, შენ არჩევნის საშუალება გაქვს — შეგიძლია შენი მემკვიდრეობა დააბანდო სადმე ან ჰაერში გაფლანგო. ვხედავ, რომ ბავშვის ზრდის ყოველი ეტაპი განსაკუთრებულია და საჭიროა, ყოველთვის მის გვერდით ვიყო. თუ ამ შესაძლებლობას არ გამოვიყენებ, ეს დრო აღარ დამიბრუნდება.

იუნჰი: ზოგჯერ ცხოვრება სიურპრიზებს გვიმზადებს და ბავშვი, რომელიც დაუგეგმავად მოევლინა ამ ქვეყანას, არცთუ ისე ცუდი სიურპრიზი ყოფილა. ახლა ამანდა 6 წლისაა და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

[სურათი]

ტომი და იუნჰი ამანდასთან ერთად