არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოუთმენლობა შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს

მოუთმენლობა შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს

წარმოიდგინეთ, კაცი მიდის მანქანით გზაზე. მის წინ მოძრაობს ავტომობილი, რომელსაც მანდილოსანი მართავს. ის ფიქრობს, რომ ქალბატონი მეტისმეტად ნელა ატარებს მანქანას. ვინაიდან გზის ამ მონაკვეთზე გასწრება აკრძალულია, გაღიზიანებული მამაკაცი რამდენიმე წუთის განმავლობაში ძალიან ახლოს მიჰყვება წინა მანქანას. მოულოდნელად კარგავს მოთმინებას, გადადის მეორე ზოლში და მაღალი სიჩქარით ასრულებს გასწრებას. ფაქტობრივად, ის არღვევს კანონს და ქმნის საავარიო სიტუაციას.

სამსახურში ქალს არ ჰყოფნის მოთმინება, იმუშაოს ისეთი თანამშრომლების გვერდით, რომლებიც არ არიან მისნაირი სწრაფები და გონებამახვილები. მამაკაცი ლიფტის ლოდინში გაუთავებლად აჭერს თითს ღილაკს. თქვენც ხომ არ გამოდიხართ ხშირად მდგომარეობიდან თქვენს ასაკოვან მშობლებთან ურთიერთობისას? ან თუ მშობელი ხართ, ხომ არ კარგავთ მოთმინებას შვილებთან ურთიერთობის დროს? ადვილად ღიზიანდებით სხვების შეცდომებზე?

 დროდადრო ყველანი ვკარგავთ მოთმინებას. მაგრამ თუ ეს ჩვევად გვექცა, ამან შეიძლება საკმაოდ სერიოზული შედეგები მოიტანოს.

ჯანმრთელობის შერყევა

მოთმინების ნაკლებობა პირდაპირ კავშირშია იმედგაცრუებასთან, გაღიზიანებასა და გაბრაზებასთან. ასეთმა ემოციურმა მდგომარეობამ შეიძლება ადამიანში ზედმეტი სტრესი გამოიწვიოს, რაც საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში მოუთმენლობა დასახელებულია ჰიპერტონიის გამომწვევ ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად, ახალგაზრდებშიც კი.

მოუთმენლობას ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც ახლავს თან. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ამან შესაძლოა ადამიანში წონის მომატება გამოიწვიოს. გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ აღნიშნული იყო: „სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ მოუთმენელ ადამიანთა შემთხვევაში გაცილებით მეტია წონის მომატების ალბათობა, ვიდრე მათ შემთხვევაში, ვისაც ლოდინი შეუძლია“. ბევრ ქვეყანაში იაფი და არაჯანსაღი საკვები თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება, ამიტომ მოუთმენელი ადამიანები ვერ უძლებენ ცდუნებას და ხშირად ყიდულობენ ასეთ საკვებს.

 მედღეხვალიეობა

ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევართა გაერთიანება, რომელსაც კოორდინირებას უწევს ლონდონის ცენტრი, აცხადებს, რომ მოუთმენელ ადამიანებს ქრონიკული მედღეხვალიეობა ახასიათებთ. ის ხომ არ გახლავთ ამის მიზეზი, რომ მათ არ ჰყოფნით მოთმინება, ბოლომდე მიიყვანონ საქმე, რომელსაც ცოტათი მეტი დრო სჭირდება? ნებისმიერ შემთხვევაში, საქმის გადადების ჩვევამ შესაძლოა საკმაოდ სერიოზული შედეგები მოუტანოს ადამიანს და მის შემოსავალზეც კი აისახოს. ბრიტანულ გაზეთ „ტელეგრაფში“ მოყვანილი იყო ექსპერტ ერნესტო რეუბენის სიტყვები: „მედღეხვალიეობა უარყოფითად მოქმედებს ჩვენს შრომისნაყოფიერებაზე და მას შეუძლია მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მოგვაყენოს, მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი საბუთებთან დაკავშირებულ საქმეებს დროულად არ აკეთებს“.

ალკოჰოლი და ძალადობა

ერთი ბრიტანული გაზეთის თქმით, „მოუთმენელი ადამიანი მიდრეკილია გვიანობამდე სმისკენ და ჩხუბისა და აყალმაყალის ატეხისკენ“. ეს დასკვნა კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მას შემდეგ გამოიტანეს, რაც ასობით კაცსა და ქალს დააკვირდნენ (South Wales Echo).

საღი აზრის დაქვეითება

ვაშინგტონის ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ მოუთმენელი „ადამიანები ხშირად იღებენ ნაჩქარევ და გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს“. ამ აზრს ეთანხმება ინდოეთში, ბარათიდასანის უნივერსიტეტში სოციალური სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ელანგო პონუსვამი. ის ამბობს: „მოუთმენლობა ძვირი დაგიჯდებათ. შეიძლება მას თქვენი ფინანსები, მეგობრობა და ჯანმრთელობაც კი შეეწიროს, ვინაიდან არასწორი გადაწყვეტილებები ხშირად მოუთმენლობის შედეგია“.

ფინანსური ზარალი

„მოუთმენლობა პირდაპირ კავშირშია დიდ ვალებთან“, — ნათქვამია ბოსტონის ფედერალური სარეზერვო ბანკის კვლევით ანგარიშში. მაგალითად, ახალდაქორწინებულებმა, შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად, შესაძლოა მოინდომონ კომფორტულად მოწყობილი სახლი; და ეს ყველაფერი — ავეჯი, მანქანა, და სხვა დანარჩენი — ბანკიდან აღებული სესხით. ამან შესაძლოა თავად წყვილის ქორწინებას მიაყენოს სერიოზული ზიანი. არკანზასის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრების განცხადებით, „ახალშეუღლებული წყვილები, რომლებიც ქორწინებას ვალებით იწყებენ, უფრო ნაკლებად შეიგრძნობენ ბედნიერებას, ვიდრე ისინი, ვისაც ძალიან ცოტა ვალი აქვს ან საერთოდ არა აქვს“.

ზოგიერთი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებში ბოლოდროინდელი ეკონომიკური კრიზისის გამომწვევი მიზეზი სწორედ რომ მოუთმენლობაა. ფინანსურმა ჟურნალმა „ფორბსმა“ განაცხადა, რომ „დღეს არსებული საბაზრო მდგომარეობა არის შედეგი მეტისმეტი მოუთმენლობის და უზომო სიხარბის. მოთმინების ნაკლებობამ ათასები მიიყვანა იმ ზომამდე, რომ შეიძინონ ისეთი ძვირადღირებული ნივთები, რომელთა საფასურის გადახდაც მათ შესაძლებლობებს აღემატება. ასეთი სახით, ისინი ებმებიან ისეთ ვალებში, რომელთა გადახდაც წლების განმავლობაში მოუწევთ, უარეს შემთხვევაში შეიძლება ვერც კი გადაიხადონ“.

მეგობრების დაკარგვა

მოთმინების ნაკლებობამ შესაძლოა ადამიანებთან ურთიერთობის უნარიც დაგვიქვეითოს. როცა ადამიანს არ ჰყოფნის მოთმინება, რომ საღი და აზრიანი საუბრები წარმართოს სხვასთან, ამით ფაქტობრივად, ეჩვევა დაუფიქრებელ და ზერელე საუბრებს. შეიძლება ის იმ დროსაც კი ღიზიანდება, როცა სხვები საუბრობენ. ასეთ პიროვნებას არ გააჩნია საკმარისი მოთმინება, რომ მოსაუბრეებს ბოლომდე ათქმევინოს სათქმელი. ამ დროს ის მათ პირში ეჩრება და სათქმელს აწყვეტინებს ან სხვა გზით ცდილობს საუბრის სწრაფად დამთავრებას.

ასეთი მოუთმენლობის შედეგი შესაძლოა მეგობრების დაკარგვა იყოს. წინა სტატიაში მოხსენიებული მედიცინის მუშაკი, დოქტორი ჯენიფერ ჰარსტეინი წერს: „ვის ენდომება ისეთ ადამიანთან ყოფნა, რომელიც გამუდმებით საათზე იყურება და ერთ ადგილას ვერ ჩერდება?“ დიახ, მოუთმენლობა ნამდვილად არ არის მიმზიდველი და სასიამოვნო თვისება! მას შეუძლია მეგობრები ერთი მეორეს მიყოლებით ჩამოგვაშოროს.