არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ინტერვიუ | პაოლა კიოცისთან

ბიოქიმიკოსი მოგვითხრობს თავის რწმენაზე

ბიოქიმიკოსი მოგვითხრობს თავის რწმენაზე

დოქტორი პაოლა კიოცი 20 წელზე მეტია, რაც იტალიის ქალაქ ფერარას უნივერსიტეტში მოლეკულური ბიოლოგიის დარგში მოღვაწეობს. ჟურნალმა „გამოიღვიძეთ!“ მისგან ინტერვიუ აიღო.

რას გვეტყვით მოკლედ თქვენს წარსულზე?

მამაჩემი მეწაღე იყო, დედა ფერმაში მუშაობდა. მე მინდოდა მეცნიერი გამოვსულიყავი. ლამაზი ყვავილები, ფრინველები და ცხოველები ჩემზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენდა. ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი ვიღაც ზეადამიანური სიბრძნის მქონეს უნდა შეექმნა.

ყოველთვის გწამდათ შემოქმედის?

არა. ღვთის არსებობაში ეჭვი მაშინ შემეპარა, როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. მამაჩემი მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. მიკვირდა, რატომ უშვებდა ამხელა სილამაზისა და მშვენიერების შემოქმედი ტანჯვასა და სიკვდილს.

იპოვეთ მეცნიერებაში ამის პასუხი?

თავდაპირველად არა. მას შემდეგ, რაც მოლეკულური ბიოლოგიის პროფესიას დავეუფლე, დავიწყე სიკვდილის პროცესების გამოკვლევა. უჯრედების არაპროგრამირებულ (არაბუნებრივ) კვდომას კი არ ვიკვლევდი, რაც ორგანიზმში იწვევს ანთებით პროცესებსა და განგრენას, არამედ პროგრამირებულ (ბუნებრივ) სიკვდილს. წლების წინ მეცნიერები ამ პროცესებს ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად ამაზეა დამოკიდებული.

რა მხრივ ასრულებს მნიშვნელოვან როლს ორგანიზმში უჯრედის პროგრამირებული სიკვდილი?

ჩვენი სხეული ტრილიონობით პაწაწინა უჯრედისგან შედგება. პრაქტიკულად ყველა უჯრედი უნდა კვდებოდეს და ხდებოდეს მათი ჩანაცვლება ახლით. თითოეული უჯრედის ტიპს სიცოცხლის განსხვავებული ხანგრძლივობა აქვს. ზოგი რამდენიმე კვირაში კვდება და ახლდება, ზოგი კი — რამდენიმე წელიწადში. უჯრედების კვდომისა და მათი ჩანაცვლების პროცესი ზედმიწევნით მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს, რათა უჯრედის კვდომა და აღდგენა ურთიერთშეთანხმებულად მოხდეს.

რა შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესის რღვევას?

ზოგიერთი კვლევის შედეგად გაირკვა, რომ უჯრედების ბუნებრივი სიკვდილის პროცესის რღვევამ შეიძლება გამოიწვიოს რევმატოიდული ართრიტი ან კიბო. და თუ უჯრედი დროზე ადრე კვდება, შეიძლება განვითარდეს პარკინსონის ან ალცჰეიმერის დაავადება. ჩემი კვლევები სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ ამ დაავადებების დამარცხების გზები ვიპოვოთ.

როგორ იმოქმედა თქვენზე უჯრედის განახლების პროცესის შესწავლამ?

გულწრფელად გითხრათ, დავიბენი. აშკარა იყო, რომ ეს სასწაულებრივი პროცესი დაპროგრამებული იყო ვიღაცის მიერ, ვინც ზრუნავდა ჩვენს ჯანმრთელობაზე. მაგრამ კითხვა, რატომ იტანჯებოდა და კვდებოდა ადამიანი, მოსვენებას არ მაძლევდა. მეცნიერებამ ამაზე ვერ გამცა პასუხი.

მაგრამ იმაში ხომ დარწმუნდით, რომ უჯრედების განახლების პროცესი დაპროგრამებული იყო?

დიახ, ამაში დავრწმუნდი. ამ ურთულეს პროცესებში უსაზღვროდ დიდი სიბრძნე ვლინდება. მჯერა, რომ ეს ღვთიური სიბრძნეა. ამ პროცესების მარეგულირებელი მექანიზმების შესასწავლად საკმაოდ ძლიერ მიკროსკოპებს ვიყენებ. ზოგიერთ მექანიზმს, თუ საჭირო შეიქნა, წამებში შეუძლია ჩაშალოს მთელი რიგი პროცესები. უჯრედი თავის თავს თვითონვე ინადგურებს. ეს პროცესი იმდენად კარგად არის დაპროგრამებული, რომ აბსოლუტურ ზეადამიანურ ინტელექტზე მიანიშნებს.

ვინაიდან თითქმის ყველა უჯრედი სისტემატურად ახლდება, მარადიული სიცოცხლე სავსებით შესაძლებელია

მაგრამ თქვენ გაწუხებდათ კითხვები ადამიანთა ტანჯვასა და ღმერთზე. იპოვეთ ამაზე პასუხი?

1991 წელს კარზე იეჰოვას მოწმეებმა მომიკაკუნეს. ვკითხე, იცოდნენ თუ არა, რატომ კვდებოდა ადამიანი. ბიბლია გადამიშალეს და ასეთი სიტყვები ამომიკითხეს: „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი“ (რომაელები 5:12). პირველი კაცი ღმერთს რომ დამორჩილებოდა, არასდროს მოკვდებოდა. მივხვდი, რომ ეს სრულ თანხმობაში იყო იმასთან, რაც მე დავინახე ჩემი კვლევებიდან. ჩემთვის აშკარა გახდა ის, რომ ღვთის გეგმაში არ შედიოდა ადამიანის სიკვდილი. ვინაიდან, თითქმის ყველა უჯრედი სისტემატურად ახლდება, მარადიული სიცოცხლე სავსებით შესაძლებელია.

რამ დაგარწმუნათ იმაში, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა?

139-ე ფსალმუნის მე-16 მუხლში ღმერთზე წერია: „შენმა თვალებმა მიხილა ჯერ კიდევ ჩანასახი და შენს წიგნში ჩაიწერა იმ დღეების შესახებ, როცა ყველა ჩემი ნაწილი უნდა ჩამოყალიბებულიყო“. როგორც ბიოქიმიკოსი, უჯრედში ჩაწერილ გენეტიკურ ინფორმაციას ვიკვლევ. საიდან იცოდა ამ ფსალმუნის დამწერმა ეს? რაც მეტს ვიკვლევდი ბიბლიას, მით მეტად ვრწმუნდებოდი იმაში, რომ ბიბლია ღვთის სიტყვა იყო.

როგორ გაერკვიეთ უფრო ღრმად ბიბლიურ სწავლებებში?

ერთმა იეჰოვას მოწმემ ბიბლიის შესწავლა შემომთავაზა. როგორც იქნა, გავიგე, რატომ უშვებდა ღმერთი ტანჯვას. ისიც შევიტყვე, რომ ღვთის დაპირების თანახმად, „სამუდამოდ შთაინთქმებოდა სიკვდილი“ (ესაია 25:8). ჩვენს შემოქმედს ნამდვილად არ გაუჭირდება ადამიანის სხეულში მიმდინარე სასწაულებრივი პროცესები ისე სრულყოფილად წარმართოს, რომ სიცოცხლე არასოდეს შეწყდეს.

ბიბლიიდან მიღებულ ცოდნას სხვებს თუ უზიარებთ?

1995 წელს იეჰოვას მოწმე გავხდი. მას შემდეგ ვისაც ვხვდები, ყველას ვუზიარებ იმას, რაც ბიბლიიდან გავიგე. მაგალითად, ერთი ჩემი კოლეგა განადგურებული იყო, როცა მისმა ძმამ თავი მოიკლა. ეკლესიაში უთხრეს, რომ თვითმკვლელობა მოუნანიებელი ცოდვა იყო. მას ბიბლიაში წავაკითხე, რომ დადგებოდა დრო, როცა ღმერთი მკვდრებს აღადგენდა (იოანე 5:28, 29). იმის გაგებამ რომ, შემოქმედი ზრუნავს ჩვენზე, მას შვება მოჰგვარა. ამ და მსგავს სიტუაციებში ვგრძნობ, რომ ბიბლიური ჭეშმარიტების სხვებისთვის გაზიარება გაცილებით მეტ კმაყოფილებას მანიჭებს, ვიდრე მეცნიერული კვლევები.