არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ველური ბუნება

ბუმბერაზი — ლოსი

ბუმბერაზი — ლოსი

„რა უშნო და ულამაზო ცხოველია, რამსიგრძე ფეხები აქვს, როგორი წაგრძელებული თავი აქვს“, — ასეთი სიტყვებით აღწერა ლოსი მე-19 საუკუნეში მცხოვრებმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწე ჰენრი დეივიდ თოროუმ. ერთი შეხედვით სასაცილო გარეგნობამ და იმან, რომ ის საკმაოდ იშვიათი სანახაობაა ველურ ბუნებაში, ბევრს ისეთი შეხედულება შეუქმნა ამ ცხოველზე, რომ ის თითქოს ტლანქი და უჭკუოა. მართლა ასეა ეს? ჩრდილოეთ ამერიკასა და ევრაზიაში მკვლევრებმა არაერთი ფაქტი აღმოაჩინეს ამ უჩვეულო ცხოველზე. მოდით, გავეცნოთ ზოგიერთ მათგანს.

სიტყვა ბუმბერაზი ლოსისთვის მართლაც რომ ზედგამოჭრილია. „ტყის ამ მონარქს“ საკმაოდ გრძელი ფეხები აქვს, რის გამოც ის ერთი შეხედვით მოუქნელი ჩანს, თუმცა სწორედ ამ ფეხების წყალობით შეუძლია ადვილად დაუსხლტეს მგლების ხროვას. ლოსი დაბადებიდანვე იწყებს ცურვას. მას შეუძლია კილომეტრები გაცუროს და 6 მეტრის სიღრმეზეც კი ჩაყვინთოს წყალმცენარეების მოსაპოვებლად.

ლოსს თავის მოძრაობის გარეშე შეუძლია თვალების მოძრაობით შეამჩნიოს, რა ხდება მის უკან. ყნოსვაც საკმაოდ განვითარებული აქვს. სპეციალისტების თქმით, ვინაიდან ლოსს ნესტოები ერთმანეთისგან საკმაოდ შორს აქვს განლაგებული, მას შეუძლია ობიექტის ადგილმდებარეობა უზუსტესად განსაზღვროს. სმენაც არანაკლებ განვითარებული აქვს. მას შეუძლია ბგერების აღქმა ყველა მიმართულებიდან და მისგან 3 კილომეტრით შორს მყოფი ლოსების ხმის გაგონება.

როგორც ერთმა მწერალმა აღნიშნა, ლოსებს ძალიან „საყვარელი“ ნაშიერები ჰყავთ, რომლებიც ცნობისმოყვარეები და უდარდელები ჩანან. დედები შვილებზე სათუთად და ერთგულად ზრუნავენ. ისინი თავიანთ პატარებს ნებისმიერი მტრისგან იცავენ: მგლებისგან, დათვებისგან და ადამიანებისგანაც კი. როდესაც ხბო ერთი წლის ხდება და ამ დროს დედა სხვა ნაშიერს ელოდება, დედა უხეშად იშორებს მას თავიდან. ასე იწყებს პატარა ხბო დამოუკიდებლად ცხოვრებას.

ყინვა გამძლეები

საინტერესოა, როგორ გადააქვთ ლოსებს ცივი ზამთარი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ისინი მხოლოდ მცენარეებს მიირთმევენ? ნაწილობრივ იმით, რომ ზამთრის დადგომამდე ისინი კარგა მადიანად იკვებებიან. ლოსი დღეში საშუალოდ 23 კილოგრამ მცენარეულს მიირთმევს. თუ დასჭირდა 3 მეტრის სიმაღლიდანაც ჩამოკრეფს ფოთლებს და არც წყალში დაიზარებს ჩასვლას მათ მოსაპოვებლად. საკვების უმეტეს ნაწილს ამუშავებს ოთხ-განყოფილებიანი კუჭი, რის შედეგადაც ორგანიზმი შეითვისებს საჭირო მასაზრდოებელ ნივთიერებებსა და ცხიმს. მაგრამ ლოსს ზამთარში სხვა საშიშროებები ემუქრება.

ზამთრის სუსხისა და დიდთოვლობის გამო ეს ცხოველი უმოძრაო ცხოვრებას იწყებს და ასეთ ცივ ამინდებში თავისი ქურქის იმედზეღა რჩება. მას უჭირს თოვლში სირბილი და შეიძლება ადვილად ჩაუვარდეს მგელს ხახაში. თუმცა, როგორც ყოველთვის, მისი ყველაზე საშიში და დაუძინებელი მტერი ადამიანია — მონადირეები და, თქვენ წარმოიდგინეთ, მანქანის მძღოლები.

ლოსებს უყვართ ზამთარში გზებზე მოყრილი მარილის ლოკვა. თუმცა მუქი შეფერილობის გამო, შებინდებულზე მძღოლებს უჭირთ გზაზე გადამდგარი ლოსის შემჩნევა და ხშირად ხდება უბედური შემთხვევები. სხვათაშორის, ეს მარტო ლოსებს არ უქმნის საფრთხეს. ამ დროს არც მძღოლების სიცოცხლეა დაზღვეული.

ონავარი ლოსები

გაზაფხულის თბილ ამინდში ერთ რამედ ღირს ოკეანის ტალღებთან მოთამაშე ონავარი ლოსების ნახვა. დაწყვილების პერიოდში მდედრი და მამრი ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ. დედის მზრუნველობა და ალერსი თავისი ნაშიერისადმი ხომ საერთოდ ულამაზესი სანახავია. თუ ისე მოხდა, რომ პატარა ლოსი ვინმემ წამოიყვანა და სახლში გაზარდა, ის თავის პატრონს დედასავით ეჩვევა. დოქტორი ზოოლოგიის დარგში ვალერიუს გაისთი ასეთ დასკვნას აკეთებს: „ეს უცნაური და უშნო ცხოველი საკმაოდ მახვილგონიერი, მოსიყვარულე და ერთგულია“.

პატარა ლოსები ძალიან ცნობისმოყვარეები და უდარდელები არიან

ბოლოს გვინდა ერთი გაფრთხილება მოგცეთ: ლოსი ძალიან ძლიერი ცხოველია. თუ შემთხვევით სადმე გადააწყდით, მოერიდეთ! განსაკუთრებით, თუ თავის პატარასთან ერთად შეგხვდებათ. დარწმუნებული იყავით, „ტყის ამ ბუმბერაზი“ ცხოველის ცქერით სიამოვნებას შორი მანძილიდანაც მიიღებთ.