არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს | ქორწინება

როგორ ვაპატიოთ

როგორ ვაპატიოთ

პრობლემა

როცა თქვენ და თქვენი მეუღლე კამათობთ, ხშირად ერთმანეთს იმ ამბებს უხსენებთ, რაც დიდი ხნის წინ უნდა მოგვარებულიყო. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ რომელიმე თქვენგანმა, ან შესაძლოა ორივემ, არ იცის, როგორ აპატიოს.

სწავლა შესაძლებელია. უპირველესად, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რატომ უჭირს ცოლ-ქმარს ერთმანეთის პატიება.

რატომ ხდება?

გავლენის მოპოვება. ზოგი მეუღლე იმიტომ არ პატიობს, რომ სურს გარკვეულწილად გავლენა მოიპოვოს მეორე ნახევარზე. შემდეგ, როცა კონფლიქტი წამოიჭრება, წარსულში მომხდარ შემთხვევას კოზირად იყენებს, რათა მეუღლეს თავისი ძალა აჩვენოს.

წყენა. წყენით მიყენებული ჭრილობების მოშუშებას დიდი დრო სჭირდება. თქმით შეიძლება უთხრა, რომ პატიობ, მაგრამ გულში წყენას ატარებ და, შესაძლოა, სამაგიეროს გადახდაზეც ფიქრობ.

იმედგაცრუება. ბევრს, ვინც ქორწინდება, მიამიტურად სჯერა, რომ წინ ზღაპრებში აღწერილი რომანტიკული ცხოვრება ელის. ამიტომ უთანხმოებების დროს თავის აზრს არ იცვლის და უკვირს, როგორ შეიძლება, მისი „სრულყოფილი მეუღლე“ მოვლენებს სხვა თვალით უყურებდეს. არარეალური მოლოდინი ადამიანს უფრო მეტად შეცდომების ძიებისკენ უბიძგებს, ვიდრე პატიებისკენ.

არასწორი ხედვა. ბევრ მეუღლეს იმიტომ უჭირს პატიება, რომ არასწორად ესმის პატიების მნიშვნელობა. მაგალითად:

თუ ვაპატიებ, ის იფიქრებს, რომ დიდი ცოდვა არ ჩაუდენია.

თუ ვაპატიებ, უნდა დავივიწყო, რაც მოხდა.

თუ ვაპატიებ, ის სხვა დროსაც ცუდად მომექცევა.

სინამდვილეში, პატიება სულ სხვა რამეა. თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ პატიება ადვილი არ არის. ამის გაკეთება განსაკუთრებით მათ უჭირთ, ვისაც ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა აქვთ, მაგალითად ცოლ-ქმარს.

როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ

უნდა გვესმოდეს პატიების ზუსტი მნიშვნელობა. ბიბლიაში სიტყვა „პატიებას“ „გაშვების“ მნიშვნელობაც აქვს. ამგვარად, პატიება მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ დაივიწყო მომხდარი ან დანაშაული გააუბრალოო. ზოგჯერ ის, რაც მოხდა, უბრალოდ, უნდა „გაუშვა“, ანუ გულთან ახლოს არ უნდა მიიტანო. პირადად თქვენთვის და თქვენი ოჯახის კეთილდღეობისთვის ეს ყველაზე კარგი გამოსავალია.

უნდა გვესმოდეს, რატომ არის ცუდი, როცა არ ვპატიობთ. ექსპერტების თქმით, წყენის გულში ჩატოვება ადამიანის ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს, მაგალითად, მას შეიძლება წნევამ აუწიოს ან დეპრესიაში ჩავარდეს. კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ თუ არ ვპატიობთ, შეიძლება საფრთხე შეექმნას ჩვენს ქორწინებას. სწორედ ამიტომ, ბიბლია გვირჩევს: „კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (ეფესოელები 4:32).

უნდა გვესმოდეს, რატომ არის კარგი, როცა ვპატიობთ.ნაცვლად იმისა, რომ მეუღლეს შეცდომები დავუთვალოთ, პატიების უნარი ნდობას განგვივითარებს და იმაში დაგვარწმუნებს, რომ ჩვენს მეუღლეს ცუდი მოტივით არაფერი გაუკეთებია. ეს კი ოჯახში კარგ ატმოსფეროს შექმნის, რაც დაგვეხმარება ბრაზის დაოკებაში. შედეგად სიყვარული უფრო გაიზრდება (ბიბლიური პრინციპი: კოლოსელები 3:13).

იყავით რეალისტი. ადვილია პატიება, თუ მეუღლეს ისეთს იღებთ, როგორიც არის, თავისი მინუსებით და პლუსებით. „თუ ყურადღებას იმაზე ამახვილებთ, რაც არ მიგიღიათ, ადვილად დაივიწყებთ იმას, რაც მიიღეთ. თქვენ რაზე გსურთ, რომ ყურადღება გაამახვილოთ?“, — ნათქვამია ერთ წიგნში (Fighting for Your Marriage). გახსოვდეთ, რომ სრულყოფილი ამ ქვეყანაზე არავინ არის, მათ შორის არც თქვენ (ბიბლიური პრინციპი: იაკობი 3:2).

იყავით გონიერი. სხვა დროს, როცა მეუღლის სიტყვის ან საქციელის გამო გული გეტკინებათ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: ნამდვილად ღირს ამაზე ყურადღების გამახვილება? აუცილებლად ბოდიში უნდა მოვახდევინო თუ ჯობია, თვალი დავხუჭო? (ბიბლიური პრინციპი: 1 პეტრე 4:8).

თუ საჭიროა, მეუღლეს დაელაპარაკეთ. მშვიდად აუხსენით მეუღლეს, რა გეწყინათ და რატომ. ნუ მიაწერთ მას ცუდ მოტივებს და ნუ გააკეთებთ კატეგორიულ განცხადებებს, რადგან თუ ასე მოიქცევით, მეუღლე თავდაცვაზე გადავა. უბრალოდ უთხარით, როგორ გატკინათ გული მისმა საქციელმა.