არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მზე და სუფთა ჰაერი — ბუნებრივი „ანტიბიოტიკები“

მზე და სუფთა ჰაერი — ბუნებრივი „ანტიბიოტიკები“

როდესაც მე-20 საუკუნის შუა პერიოდში მეცნიერებმა პირველად აღმოაჩინეს ანტიბიოტიკები, ექიმები იმედოვნებდნენ, რომ ამ ახალი მედიკამენტების წყალობით ბევრ დაავადებას დაამარცხებდნენ. თავიდან ეს პრეპარატები ამართლებდა მათ მოლოდინს, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ფართოდ იყენებდნენ მედიცინაში ანტიბიოტიკებს, მით უფრო მრავლდებოდა და ვრცელდებოდა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ახალ-ახალი ბაქტერიები.

ინფექციებთან ბრძოლის ახალი საშუალებების ძიებაში ზოგმა მეცნიერმა კიდევ ერთხელ გადახედა დაავადებებთან ბრძოლის ძველ მეთოდებს. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია მზე და სუფთა ჰაერი.

წარსულის გაკვეთილი

ინგლისში ზოგი სწავლული ჯერ კიდევ გასულ საუკუნეებში ემხრობოდა მზის სხივებისა და სუფთა ჰაერის სამკურნალო მიზნით გამოყენების იდეას. ექიმი ჯონ ლეტსემი (1744—1815) ტუბერკულოზით დაავადებულ ბავშვებს უნიშნავდა მზის აბაზანებს და ზღვის ჰაერს. 1840 წელს ქირურგმა ჯორჯ ბოდინგტონმა შენიშნა, რომ ღია ცის ქვეშ მომუშავეები, მაგალითად: ფერმერები, მიწათმოქმედები და მწყემსები იშვიათად ავადდებოდნენ ტუბერკულოზით, მაშინ როცა, ეს დაავადება ადვილად ერეოდა მათ, ვინც დროის უმეტეს ნაწილს შენობაში ატარებდა.

ინგლისელი მედდა ფლორენს ნაიტინგეილი (1820—1910) ისტორიაში იმ ინოვაციური მეთოდების გამო შევიდა, რასაც ყირიმის ომის დროს დაჭრილი ბრიტანელი ჯარისკაცების სამკურნალოდ იყენებდა. ის მათ ეკითხებოდა: „შესულხართ ოდესმე სხვის საძინებელში . . . ღამით ან დილით სარკმლის გაღებამდე და გიგრძნიათ, რა მძიმე, დახუთული ჰაერით იყო ოთახი გაჟღენთილი?“. ფლორენსი რეკომენდაციას იძლეოდა, რომ პალატაში მუდმივად ყოფილიყო ისეთივე სუფთა ჰაერი, როგორიც გარეთ, ოღონდ ისე, რომ ავადმყოფები არ გაციებულიყვნენ. ის ამბობდა: „გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ეს მკურნალობის საუკეთესო მეთოდია. სუფთა ჰაერის შემდეგ მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სინათლეა . . . არა უბრალოდ ნათელი ოთახი, არამედ უშუალოდ მზის აბაზანები“. იმ დროს ბევრს იმისიც სჯეროდა, რომ თეთრეულისა და ტანსაცმლის გამზეურება კარგი ჯანმრთელობის საწინდარი იყო.

მე-19 საუკუნიდან დღემდე მედიცინა არნახულ პროგრესს განიცდის. მიუხედავად ამისა, თანამედროვე კვლევების საფუძველზე მეცნიერები კვლავ ამ აზრამდე მიდიან. მაგალითად, 2011 წელს ჩინეთში ჩატარებული კვლევისას გამოვლინდა, რომ სტუდენტთა საერთო საცხოვრებლებში, სადაც სათანადოდ არ ხდებოდა ოთახების ვენტილაცია, უფრო სწრაფად ვრცელდებოდა სასუნთქი გზების ინფექციები.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის აზრით, ინფექციების დასამარცხებლად მნიშვნელოვანია ბუნებრივი ვენტილაცია — ფანჯრიდან ან კარიდან ოთახში ჰაერის ნაკადის ჭარბად შემოშვება. 2009 წელს გამოქვეყნებული რეკომენდაციით ჯანდაცვის ორგანიზაცია მედიცინის მუშაკებს მოუწოდებდა, რომ სამკურნალო დაწესებულებებში ინფექციების შესამცირებლად გამოეყენებინათ შეუცვლელი მეთოდი — ბუნებრივი ვენტილაცია. *

შეიძლება თქვათ, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ დაგებადოთ კითხვა: არის თუ არა ეს მეცნიერულად დადასტურებული? როგორ შეიძლება, რომ ჰაერმა და მზემ შეაჩეროს ინფექციები?

ბუნებრივი სადეზინფექციო საშუალებები

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს პოლიგონზე ჩატარებული კვლევების შედეგად პასუხი გაეცა ზოგიერთ კითხვას. მეცნიერები ცდილობდნენ, დაედგინათ, რამდენ ხანს იქნებოდა ჰაერი დაბინძურებული იმ შემთხვევაში, თუ ლონდონის თავზე ააფეთქებდნენ ბიოლოგიურ იარაღს (საშიში ბაქტერიით დაკომპლექტებული იარაღი). რომ გაეგოთ, რამდენ ხანს იცოცხლებდნენ ჰაერის ზემოქმედების ქვეშ დაავადების გადამტანი მიკროორგანიზმები, მეცნიერებმა ნაწლავის ჩხირი (კოლი ბაქტერია) მოათავსეს ობობას ქსელში და ღია ცის ქვეშ დატოვეს. ექსპერიმენტი ღამით ჩატარდა, რადგან ცნობილი იყო, რომ მზის სხივებზე ეს ბაქტერია კვდებოდა. როგორი იყო კვლევის შედეგები?

სადღაც ორ საათში თითქმის ყველა ბაქტერია მკვდარი იყო. მაგრამ, როცა იგივე ბაქტერია დახურულ ყუთში მოათავსეს და იმავე კლიმატურ პირობებში იმავე ადგილას დადგეს, ბაქტერიების უმეტესობა ორი საათის შემდეგაც ცოცხალი იყო. რა მოხდა? როგორც ჩანს, ბაქტერიებს კლავს რაღაც ნივთიერება, რაც ჰაერის შემადგენლობაშია. ეს, ეგრეთ წოდებული, სუფთა ჰაერის ფაქტორი ბოლომდე არ არის შესწავლილი. თუმცა მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჰაერში ხდება რაღაც ქიმიური პროცესები, რომლებიც „ასრულებენ ბუნებრივი სადეზინფექციო საშუალებების როლს და წარმატებით უმკლავდებიან ვირუსებსა და ბაქტერიებს“.

ბუნებრივი სადეზინფექციო თვისება მზის სხივებსაც გააჩნიათ. ერთი სამედიცინო ჟურნალი განმარტავს, რომ „ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ვირუსებისა და მიკრობების უმეტესობა მზის სხივების ზემოქმედების შედეგად კვდება“ (Journal of Hospital Infection).

მაშ, როგორ უნდა მოიქცეთ? გადით სუფთა ჰაერზე და იქ საკმაო ხანს დაჰყავით. ხარბად შეისუნთქეთ სუფთა ჰაერი და მიიღეთ მზის აბაზანები. ეს თქვენს ჯანმრთელობას უთუოდ არგებს.

^ აბზ. 8 ფანჯრების ღიად დატოვებას შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო მოვერიდოთ. მაგალითად, უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვის გამო ან მაშინ, თუ გარედან დაბინძურებული ჰაერი ან ხმაური შემოდის.