არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რებეკა შეუპოვარი და ღვთისმოშიში ქალი

რებეკა შეუპოვარი და ღვთისმოშიში ქალი

რებეკა შეუპოვარი და ღვთისმოშიში ქალი

წარმოიდგინეთ, რომ ვაჟს საცოლე უნდა აურჩიოთ. როგორ პიროვნებაზე შეაჩერებდით არჩევანს? როგორი თვისებების დანახვას ისურვებდით მასში? დაუწყებდით ძებნას ლამაზ, გონიერ, კეთილ და მშრომელ ქალს? თუ პირველ რიგში სხვა თვისებებს მიანიჭებდით უპირატესობას?

აბრაამი სწორედ ასეთი რთული საკითხის წინაშე დადგა. იეჰოვამ აღუთქვა აბრაამს, რომ მისი ძის, ისაკის, მეშვეობით უკურთხებდა შთამომავლობას. ახლა სწორედ ბიბლიის იმ მონაკვეთიდან დავიწყებთ თხრობას, როდესაც აბრაამი ხანდაზმულია, მაგრამ მისი ვაჟი ჯერ კიდევ არ არის დაქორწინებული (დაბადება 12:1—3, 7; 17:19; 22:17, 18; 24:1). ისაკი აღთქმულ კურთხევებს თავის მომავალ მეუღლესთან და შვილებთან ერთად გაიზიარებს. ამიტომ აბრაამი ზრუნავს, რომ შესაფერისი ცოლი მოუძებნოს ისაკს. რაც ყველაზე მთავარია, ის იეჰოვას მსახური უნდა იყოს. რადგან ქანაანში — იქ, სადაც აბრაამი ცხოვრობს — ღვთისმოშიში ქალის მოძებნა შეუძლებელია, აბრაამი სხვაგან ცდილობს ასეთი ქალის მოძებნას. საბოლოოდ არჩევანი რებეკაზე შეჩერდა. როგორ მოძებნა ის აბრაამმა? არის რებეკა სულიერი პიროვნება? რისი სწავლა შეგვიძლია რებეკას მაგალითიდან?

ღირსეული ქალის ძებნა

აბრაამი თავის სახლთუხუცესს, როგორ ჩანს, ელიეზერს (ელეაზარი), აგზავნის შორეულ შუამდინარეთში, რათა თავის ნათესავებს შორის, რომლებიც იეჰოვას თაყვანისმცემლები არიან, მოუძებნოს ისაკს საპატარძლო. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ამიტომ აბრაამი ელიეზერს ფიცს ადებინებს, რომ არ მოუყვანს ისაკს ცოლს ქანაანელთაგან. ამ საკითხთან დაკავშირებით აბრაამის დაჟინებულობა საყურადღებოა (დაბადება 24:2—10).

ელიეზერი აბრაამის ნათესავების ქალაქს მიუახლოვდა და თავისი ათი აქლემი ჭასთან მიიყვანა. წარმოიდგინეთ ასეთი სცენა. საღამოა. ელიეზერი ლოცულობს: «აჰა, მე ვდგავარ წყლის წყაროსთან, და ქალაქის მკვიდრთა ასულნი გამოდიან წყლის ამოსახაპავად; თუ ყმაწვილი ქალი, რომელსაც ვეტყვი: ‘დახარე შენი სურა, რომ დავლიო’, მიპასუხებს: ‘დალიე და აქლემებსაც დავალევინებ’, სწორედ ის იქნება შენი მორჩილისთვის, ისაკისთვის რომ გყავს დანიშნული» (დაბადება 24:11—14).

ყველა ადგილობრივ ქალს ეცოდინებოდა, რომ მწყურვალი აქლემი ბევრ წყალს (დაახლოებით 100 ლიტრს) სვამს. ამიტომ, ქალი, რომელიც ათი აქლემისთვის მოზიდავდა წყალს, ცხადყოფდა, რომ მზად იყო მძიმე შრომის გასაწევად. თუ ის სხვების დახმარების გარეშე ყველას წინაშე გააკეთებდა ამას, ეს იმის აშკარა მტკიცება იქნებოდა, რომ ენერგიული, მომთმენი, თავმდაბალი იყო და ზრუნავდა არა მარტო ადამიანებზე, არამედ ცხოველებზეც.

რა მოხდა შემდეგ? «ჯერ არ დაემთავრებინა მას ლაპარაკი, რომ მოვიდა მხარზე სურაშემოდგმული რებეკა, რომლის მამა იყო ბეთუელი, რომელიც იყო ძე მილქასა და ნახორისა, აბრაამის ძმისა. და იყო იგი დიდად მშვენიერი ქალწული . . . და ჩავიდა იგი წყაროზე, აავსო სურა და ამოვიდა. და გაეშურა მსახური მის შესახვედრად, და სთხოვა: „დამალევინე ცოტა შენი სურიდან“. და მან უპასუხა: „დალიე, ჩემო ბატონო“, და ჩამოიღო სურა მხრიდან» (დაბადება 24:15—18).

არის რებეკა ისაკის შესაფერისი?

რებეკა აბრაამის ძმის შვილიშვილია. ის მხოლოდ შესახედაობით კი არ არის მშვენიერი, არამედ უმანკოცაა. რებეკა არ გაურბის უცხო ადამიანთან საუბარს, მაგრამ არც ზედმეტად უშინაურდება მას. რებეკა უსრულებს ელიეზერს თხოვნას, როცა ის წყალს სთხოვს. ასეთი რამ მოსალოდნელიცაა, რადგან ამით ელემენტარული თავაზიანობა ვლინდება. როგორ ართმევს თავს რებეკა შემდგომ გამოცდას?

რებეკა ეუბნება მას: „დალიე, ჩემო ბატონო“. მაგრამ ამით არ მთავრდება ყველაფერი. ის დასძენს: „ამოვხაპავ წყალს შენი აქლემებისთვისაც, ვიდრე არ დარწყულდებიან“. რებეკა იმაზე მეტ სამსახურს უწევს სტუმარს, ვიდრე მოსალოდნელია. მან მზადყოფნით „ისწრაფა და დაცალა თავისი სურა სარწყულებელში, და კვლავ გაეშურა ჭისკენ ამოსახაპად, და ამოხაპა ყველა მისი აქლემისთვის“. ის ციბრუტივით ტრიალებს. „ხოლო — გრძელდება თხრობა — ის კაცი უყურებდა მას გაოცებული“ (დაბადება 24:19—21).

როდესაც ელიეზერი იგებს, რომ ეს ქალი აბრაამის ნათესავია, მუხლს იყრის და მადლობას სწირავს იეჰოვას. ის ეკითხება ქალს, თუ არის მისთვის და მის თანმხლებთათვის ღამის გასათევი ადგილი მამამისის სახლში. რებეკა დადებითად პასუხობს და სახლში გარბის, რომ თავისიანებს შეატყობინოს ამის შესახებ (დაბადება 24:22—28).

მას შემდეგ, რაც რებეკას ძმა, ლაბანი, და მამა, ბეთუელი, ისმენენ ელიეზერის მიერ მოყოლილ ამბავს, რწმუნდებიან, რომ ამ საქმეს ღმერთი ხელმძღვანელობს. რებეკა ნამდვილად ისაკისთვის არის განკუთვნილი. ისინი ეუბნებიან ელიეზერს: „წაიყვანე და წადი, რომ იყოს ცოლი შენი ბატონის ძისა. როგორც თქვა უფალმა“. რას გრძნობს ამ დროს რებეკა? როდესაც ეკითხებიან, მაშინვე წაჰყვება თუ არა ელიეზერს, რებეკა პასუხობს მზადყოფნის გამომხატველი ერთი ებრაული სიტყვით: „წავალ!“. მას არ აიძულებენ გათხოვებას. აბრაამმა ელიეზერს გასაგებად უთხრა, რომ ის თავისუფალი იქნებოდა ფიცისგან იმ შემთხვევაში, თუ ‘ქალი არ ინებებდა გაყოლას’. მაგრამ რებეკა ხედავს, რომ ეს ღვთის ნებით ხდება. ამიტომ დაუყოვნებლივ ტოვებს ოჯახს, რათა ცოლად გაჰყვეს მამაკაცს, რომელსაც არასდროს შეხვედრია. ასეთი გაბედული გადაწყვეტილება ძალიან ძლიერი რწმენის მაჩვენებელია. არჩევანი მართლაც ღირსეულ ქალზე შეჩერდა! (დაბადება 24:29—59).

როდესაც რებეკა ისაკს ხვდება, სახეზე რიდეს იფარებს, რაც მორჩილების მაჩვენებელია. ისაკს ის ცოლად მოჰყავს და, უეჭველია, მისი შესანიშნავი თვისებების გამო უყვარდება (დაბადება 24:62—67).

ტყუპი ვაჟები

რებეკა დაახლოებით 19 წლის განმავლობაში უშვილოა. ბოლოს ის ტყუპებს აჩენს, მაგრამ ძალიან რთული ორსულობა აქვს, რადგან მის საშვილოსნოში ბავშვები ერთმანეთს ეჯაჯგურებიან, რის გამოც რებეკა ღმერთს უხმობს დახმარებისთვის. როდესაც ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, შეიძლება ჩვენც მსგავსად ვიქცევით. იეჰოვა ისმენს რებეკას თხოვნას და ანუგეშებს. ის ორი ერის დედა უნდა გახდეს და ‘უფროსი უმცროსს უნდა დაემონოს’ (დაბადება 25:20—26).

შესაძლოა მხოლოდ ამ სიტყვებით არ არის გამოწვეული ის, რომ რებეკას უფრო მეტად თავისი უმცროსი ვაჟი, იაკობი, უყვარს. მისი ორი ძე განსხვავებულები არიან. იაკობი „სათნო კაცია“, ხოლო ესავი იმდენად უგულოდ ეკიდება სულიერ საკითხებს, რომ ერთ შეჭამადში მიჰყიდის იაკობს თავის პირმშოობას — ღვთის აღთქმების მიღების უფლებას. ესავი ქორწინდება ორ ხეთელ ქალზე და ამით ცხადყოფს, რომ არ აფასებს — შეიძლება ითქვას, არაფრად აგდებს — სულიერ ფასეულობებს. ამის შედეგად ის დიდ ტკივილს აყენებს თავის მშობლებს (დაბადება 25:27—34; 26:34, 35).

იაკობისთვის კურთხევების მოპოვება

ბიბლიაში არ არის ნათქვამი, იცოდა თუ არა ისაკმა, რომ ესავი იაკობს უნდა დამორჩილებოდა. როგორც უნდა იყოს, რებეკამ და იაკობმა იციან, ვინ უნდა მიიღოს კურთხევები. რებეკა იგებს, რომ ისაკს ესავის კურთხევა აქვს განზრახული, როცა ეს უკანასკნელი ნანადირევისგან კერძს მოუმზადებს მამას. ამიტომ ის სასწრაფო ზომებს იღებს. რებეკას მტკიცე ხასიათი და შეუპოვრობა, რომელიც ახალგაზრდობაში ჰქონდა, არ დაუკარგავს. ის ‘უბრძანებს’ იაკობს, რომ ორი თიკანი მოუყვანოს, რათა ქმარს საყვარელ კერძი მოუმზადოს. შემდეგ იაკობმა კურთხევის მისაღებად ესავად უნდა მოაჩვენოს მამას თავი. იაკობი ამის წინააღმდეგია, რადგან ფიქრობს, რომ მამა მიუხვდება ჩანაფიქრს და დასწყევლის. რებეკა კი მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე. „ჩემზე იყოს შენი წყევლა, შვილო ჩემო“, — ეუბნება ის იაკობს. შემდეგ ამზადებს კერძს, ნიღბავს იაკობს და ქმართან აგზავნის (დაბადება 27:1—17).

საღვთო წერილში არ არის აღნიშნული, რატომ იქცევა ამგვარად რებეკა. ბევრი განსჯის მის მოქმედებას, მაგრამ ბიბლია მას არ განსჯის და არც ისაკი დებს მას მსჯავრს, როცა იგებს, რომ იაკობმა მიიღო კურთხევა. ნაცვლად ამისა, ისაკი უფრო მეტად აკურთხებს იაკობს (დაბადება 27:29; 28:3, 4). რებეკამ იცის, რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ მის ვაჟებზე. ამიტომ ის ისე მოქმედებს, რომ იაკობს გარანტირებული ჰქონდეს იმ კურთხევის მიღება, რომელიც ნამდვილად მას ეკუთვნის. უდავოა, რომ რებეკა იეჰოვას ნების თანახმად მოქმედებს (რომაელთა 9:6—13).

იაკობს ხარანში გზავნიან

ამჯერად რებეკა ცდილობს, ესავის რისხვა ააცილოს იაკობს და მოუწოდებს, რომ გაიქცეს, სანამ ძმის რისხვა დაცხრება. მას სურს, საკუთარი გეგმის განსახორციელებლად ისაკისგან თანხმობა მიიღოს, მაგრამ თავს არიდებს ესავის გულმოსულობის შესახებ საუბარს. ნაცვლად ამისა, რებეკა ტაქტიანად უხსნის ქმარს, რომ შიშობს, იაკობიც არ დაქორწინდეს ქანაანელ ქალზე. ეს კი საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ ისაკმა რებეკას სანათესაოში გაგზავნოს იაკობი, რათა იქ მოძებნოს ღვთისმოშიში ცოლი და, ამგვარად, თავი აარიდოს არასასურველ ქორწინებას. ბიბლიაში არ არის მოხსენიებული, ამის შემდეგ ნახულობს თუ არა რებეკა იაკობს, მაგრამ მისი მოქმედების შედეგად ისრაელი — ერი, რომელიც მომავალში ყალიბდება — უხვ კურთხევებს ღებულობს (დაბადება 27:43—28:2).

რებეკას შესახებ მონათხრობი აღტაცებას იწვევს ჩვენში. მას ძალიან ლამაზი შესახედაობა ჰქონდა, მაგრამ მისი ნამდვილი სილამაზე ღვთისმოშიშობა იყო. სწორედ ამ თვისების დანახვა სურდა აბრაამს თავის მომავალ რძალში. მისმა სხვა შესანიშნავმა თვისებებმაც, ალბათ, აბრაამის ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რებეკას რწმენა, ღვთის ხელმძღვანელობის მიყოლისას გამოვლენილი გაბედულება, შეუპოვრობა, მოკრძალებულობა და საოცარი სტუმართმოყვარეობა ის თვისებებია, რომლებიც ყველა ქრისტიანმა ქალმა უნდა განავითაროს. იეჰოვას სწორედ ასეთი თვისებების დანახვა სურს ნამდვილად ღირსეულ ქალში.