არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის სიყვარულის უდიდესი მტკიცება

ღვთის სიყვარულის უდიდესი მტკიცება

დაუახლოვდით ღმერთს

ღვთის სიყვარულის უდიდესი მტკიცება

დაბადება 22:1—18

ერთგულ პატრიარქ აბრაამს ძალიან უყვარდა ღმერთი. მას სიბერეში შეეძინა ვაჟი, რომელსაც ისაკი დაარქვა. როდესაც ისაკი დაახლოებით 25 წლისა იყო, აბრაამი ღმერთმა სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენა — მას მამობრივი გრძნობები უნდა დაეთრგუნა და თავისი საყვარელი შვილი ღვთისთვის შეეწირა. მაგრამ ისაკი გადაურჩა სიკვდილს. როცა აბრაამმა დანა აღმართა ისაკზე, ღმერთმა ის ანგელოზის მეშვეობით შეაჩერა. ბიბლიაში, დაბადების 22:1—18-ში ჩაწერილი მონათხრობი ადამიანების მიმართ ღვთის უდიდესი სიყვარულის გამოვლენის პირველსახე იყო.

„ღმერთმა გამოსცადა აბრაამი“, — ნათქვამია პირველ მუხლში. აბრაამს ძლიერი რწმენა ჰქონდა, მაგრამ მისი რწმენა გამოიცდებოდა. ღმერთმა უთხრა მას: „წაიყვანე შენი ერთადერთი ვაჟი, რომელიც ძალიან გიყვარს, ისაკი . . . და აღავლინე იგი დასაწვავ შესაწირავად, იმ მთაზე, რომელზეც მოგითითებ“ (მუხლი 2). ღვთის სიტყვიდან ვიცით, რომ ღმერთი არ დაუშვებს ისეთ განსაცდელს, რომლის გადატანასაც მისი მსახურები ვერ შეძლებენ. ამ მაგალითიდან ნათლად ჩანს, რომ ღმერთი ენდობოდა აბრაამს (1 კორინთელები 10:13).

აბრაამი დაემორჩილა ღვთის მითითებას. ბიბლიაში ვკითხულობთ: „დილაადრიან ადგა აბრაამი, შეკაზმა ვირი, დაუძახა თავის ორ მსახურს და ისაკს, თავის ვაჟს; დაჩეხა შეშა დასაწვავი შესაწირავისთვის, ადგა და გაუდგა გზას“ (მუხლი 3). როგორც ჩანს, აბრაამს არავისთვის უთქვამს დაწვრილებით, თუ რა დაავალა ღმერთმა.

აბრაამს სამი დღე დასჭირდებოდა ღვთისგან მითითებულ ადგილზე მისასვლელად. ეჭვგარეშეა, მას ფიქრისთვის დიდი დრო ექნებოდა, თუმცა გადაწყვეტილება არ შეუცვლია. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ მას რწმენა არ განელებია. აბრაამმა შორიდანვე დაინახა მთა, სადაც უნდა მისულიყო და თავის მსახურებს უთხრა: „თქვენ აქ დარჩით . . . მე და ჩემი ვაჟი კი იქ ავალთ თაყვანსაცემად და დავბრუნდებით“. როდესაც ისაკმა ჰკითხა, სად იყო შესაწირავი ცხვარი, აბრაამმა უპასუხა: „ღმერთი თვითონ გამოაჩენს ცხვარს“ (მუხლები 58). აბრაამი მოელოდა, რომ ის უკან თავის ვაჟთან ერთად დაბრუნდებოდა, რადგან „მიაჩნდა, რომ ღმერთს შეეძლო მკვდრეთითაც კი აღედგინა იგი [ისაკი]“ (ებრაელები 11:19).

როდესაც აბრაამმა აიღო „დანა შვილის მოსაკლავად“, ის ანგელოზმა შეაჩერა. შემდეგ აბრაამმა ბუჩქებში რქებით გახლართული ვერძი დაინახა და ის „თავისი ვაჟის ნაცვლად“ შესწირა (მუხლები 10—13). ღვთის თვალში, შეიძლება ითქვას, რომ აბრაამმა ისაკი შესწირა (ებრაელები 11:17). ერთი ბიბლეისტის სიტყვების თანახმად, „ღვთისთვის აბრაამის მზადყოფნა შვილის შეწირვის ტოლფასი იყო“.

აბრაამმა იეჰოვას ნდობა გაამართლა. თავის მხრივ, იეჰოვასადმი აბრაამის ნდობაც დაჯილდოვდა, რადგან მას ღმერთმა კიდევ ერთხელ გაუმეორა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, აბრაამის შთამომავლის მეშვეობით იკურთხებოდა დედამიწის ყველა ერი (მუხლები 15—18).

იეჰოვამ არ დაუშვა, რომ აბრაამს თავისი შვილი შეეწირა, მაგრამ მოგვიანებით თავად გაიღო მსხვერპლად საკუთარი ძის სიცოცხლე. აბრაამის მზადყოფნა, შეეწირა საკუთარი შვილი, განასახიერებდა ღვთის მიერ მხოლოდშობილი ძის შეწირვას, რომლის მსხვერპლის საფუძველზეც ცოდვები მოგვეტევება (იოანე 3:16). ქრისტეს შემოწირვა იეჰოვას სიყვარულის უდიდესი მტკიცებაა. რამდენადაც ღმერთმა ჩვენთვის ასეთი მსხვერპლი გაიღო, კარგი იქნება ვკითხოთ საკუთარ თავს: „მზად ვარ, გავიღო მსხვერპლი და ღმერთს ვასიამოვნო?“.