არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველები გვეკითხებიან

რატომ მოითხოვდა ღმერთი ისრაელებისგან, რომ მხოლოდ თავიანთ თანამემამულეებზე დაქორწინებულიყვნენ?

რატომ მოითხოვდა ღმერთი ისრაელებისგან, რომ მხოლოდ თავიანთ თანამემამულეებზე დაქორწინებულიყვნენ?

▪ კანონში, რომელიც ღმერთმა ისრაელებს მისცა, ვკითხულობთ მითითებას იმის თაობაზე, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონოდა ღვთის ხალხს გარშემო მცხოვრებ ერებთან: „არ დაუმოყვრდე, არ მიათხოვო შენი ასული მათ ვაჟს და შენს ვაჟს არ მოუყვანო მათი ასული“ (კანონი 7:3, 4). რატომ აუკრძალა იეჰოვამ თავის ხალხს სხვა ერებთან დამოყვრება?

პირველი მიზეზი ის იყო, რომ ღმერთმა იცოდა, რა მიზანი ჰქონდა სატანას. მას სურდა, გაერყვნა მისი ერი, ჩამოეშორებინა ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის და კერპთაყვანისმცემლობაში ჩაება. სწორედ ამიტომ აფრთხილებდა ღმერთი ისრაელებს, რომ თუ დაუმოყვრდებოდნენ უცხოტომელებს, ჩამოშორდებოდნენ მათი ვაჟები ღმერთს და სხვა ღმერთებს დაუწყებდნენ მსახურებას. ამ შემთხვევაში ისრაელს საფრთხე დაემუქრებოდა. თუ ისრაელი სხვა ღმერთებს დაუწყებდა თაყვანისცემას, ღვთის კეთილგანწყობას დაკარგავდა და ის აღარ დაიცავდა მათ. ამგვარად ისრაელი მტრის იოლი სამიზნე გახდებოდა. თუ ისრაელი ცრუ ღმერთების თაყვანისცემას დაიწყებდა, დაიბადებოდა კი ამ ერში აღთქმული მესია? ცხადია, სატანას დიდი სურვილი ჰქონდა, რამენაირად ეცდუნებინა ისრაელები, რომ ისინი კერპთაყვანისმცემლებზე დაქორწინებულიყვნენ.

მეორე მიზეზი ის იყო, რომ ღმერთი არა მარტო მთლიანი ერით, არამედ ცალკეული ადამიანებითაც ინტერესდებოდა. მან იცოდა, რომ თითოეულის ბედნიერება და კეთილდღეობა იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რამდენად ახლო ურთიერთობა ექნებოდათ მასთან. ნამდვილად ჰქონდა იეჰოვას შეშფოთების მიზეზი? ნუთუ მართლა ასეთ უარყოფით გავლენას იქონიებდა ისრაელებზე უცხოტომელებთან დამოყვრება? მოვიყვანოთ მეფე სოლომონის მაგალითი. მან იცოდა, რა გაფრთხილება მისცა იეჰოვამ ისრაელს უცხოტომელ ქალებთან დაკავშირებით: „მიდრეკენ თქვენს გულს თავიანთი ღმერთებისკენ“. ვინაიდან სოლომონი საოცარი სიბრძნის პატრონი იყო, შეიძლება ფიქრობდა, რომ არ სჭირდებოდა ამ რჩევის მიყოლა. ამიტომ, უგულებელყო ღვთის ეს გაფრთხილება. რა შედეგი გამოიღო ამან? „მისი გული სხვა ღმერთებისკენ მიდრიკეს მისმა ცოლებმა“. რა სამწუხაროა! სოლომონმა ღვთის კეთილგანწყობა დაკარგა და სწორედ ორგულობის გამო მისი სამეფო ორად გაიყო (1 მეფეები 11:2—4, 9—13).

ზოგმა შეიძლება თქვას, რომ არსებობს გამონაკლისიც. მაგალითად, ისრაელი მახლონი დაქორწინდა მოაბელ რუთზე, რომელიც იეჰოვას მოშურნე თაყვანისმცემელი გახდა. მაგრამ მოაბელ ქალზე დაქორწინება ერთობ სახიფათო იყო. მახლონი ნამდვილად არ იყო შესაქები იმის გამო, რომ მან თავისი ცხოვრება მოაბელ გოგონას დაუკავშირა. ის ახალგაზრდა მოკვდა და შესაძლოა მის სიცოცხლეში რუთი არც კი ემსახურებოდა იეჰოვას. მახლონის ძმა, ქილიონიც მოაბელ ქალზე, ორფაზე, დაქორწინდა, რომელიც ქმრის სიკვდილის შემდეგ „დაუბრუნდა თავის ღმერთებს“. რაც შეეხება ბოაზს, იგი მაშინ დაქორწინდა რუთზე, როცა ის უკვე იეჰოვას ემსახურებოდა. მოგვიანებით იუდეველებმა რუთს „სანიმუშო უცხოტომელიც“ კი უწოდეს. ბოაზისა და რუთის ქორწინება მართლაც კურთხევა აღმოჩნდა ორივე მათგანისთვის (რუთი 1:4, 5, 15—17; 4:13—17).

რამდენად გონივრულია, მახლონისა და რუთის მაგალითის მოშველიებით ვიმართლოთ თავი და იეჰოვას მითითება, მხოლოდ თანამორწმუნეზე დავქორწინდეთ, უგულებელვყოთ? განა ეს იმის მსგავსი არ იქნებოდა, რომ ისეთი აზარტული მოთამაშის მაგალითი მოგვეშველიებინა, რომელმაც ლატარეაში ყველაზე დიდი თანხა მოიგო და შემდეგ დაგვეწყო მტკიცება, რომ აზარტული თამაშით თავის რჩენაში ცუდი არაფერია?!

ბიბლია დღეს ქრისტიანებს მოგვიწოდებს, დავქორწინდეთ „მხოლოდ უფალში“. ის გვაფრთხილებს, „არ შევებათ უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან“. ეს რჩევა განსაკუთრებით დროულია მათთვის, ვინც მეორე ნახევარს ეძებს. ბიბლია მათაც სთავაზობს პრაქტიკულ დახმარებას, რომლებიც უკვე დაქორწინდნენ მათზე, ვინც არ იზიარებს მათ რწმენას; ბიბლია ასეთებს ურჩევს, როგორ უნდა გაართვან ღირსეულად თავი შესაძლო სირთულეებს (1 კორინთელები 7:12—16, 39; 2 კორინთელები 6:14). ასეთი რჩევები იმაზე მეტყველებს, რომ ქორწინების დამფუძნებელს, იეჰოვა ღმერთს, სურს, მისი თაყვანისმცემლები ბედნიერნი იყვნენ იმის მიუხედავად, დაუქორწინებლები არიან თუ დაქორწინებულები.