არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა სახის კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებდნენ ბიბლიურ დროში?

რა სახის კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებდნენ ბიბლიურ დროში?

ბიბლიურ დროში მცხოვრებ ქალთათვის თავის მოვლის პროცედურა თვალების შეღებვას და სახესა თუ ტანზე საცხის წასმას მოიცავდა

დაბანის შემდეგ ქალი სურნელოვან ზეთს იზელს ტანზე. შემდეგ თავს ხდის სხვადასხვა ფერის ორნამენტებით მოხატულ ყუთს, რომელშიც მინის, სპილოს ძვლის, ნიჟარებისა და ქვისგან დამზადებული უამრავი მცირე ზომის ბოთლი, თასი და ქილაა მოთავსებული. ამ ჭურჭელში იგი სხვადასხვა სახის ზეთსა და სუნამოს ინახავს, საიდანაც ბალზამის, ილის, დარიჩინის, გუნდრუკის, თაფლისა და სმირნის სასიამოვნო სურნელი იფრქვევა.

ქალი კოლოფიდან პაწაწინა კოვზებსა და თასებს იღებს. ამ ჭურჭელზე იმ კოსმეტიკურ საშუალებებს აზავებს, რომელიც იმ დღეს უნდა გამოიყენოს. შემდეგ ბრინჯაოს სარკეში იყურება და თავის გალამაზებას იწყებს.

როგორც ჩანს, ქალები ოდითგანვე ზრუნავდნენ თავიანთ გარეგნობაზე. აკლდამების კედლებზე შესრულებული ნახატებიდან, ფრესკებიდან და მოზაიკებიდან ვხედავთ, რომ უძველეს შუამდინარეთსა და ეგვიპტეში კოსმეტიკურ საშუალებებს აქტიურად იყენებდნენ. როგორც ეგვიპტელი ქალების გამოსახულებებიდან ჩანს, ეგვიპტელებს უყვარდათ თვალის კონტურის გამკვეთრება და თვალის ჭრილისთვის ნუშისებური ფორმის მიცემა.

რა შეიძლება ითქვას ისრაელებზე? იყენებდნენ ძველ ისრაელში ქალები კოსმეტიკურ საშუალებებს? თუ დიახ, რა სახის საშუალებებს? მართალია, არ არსებობს უძველესი ხანის ისრაელის კედლების მხატვრობისა თუ ფრესკების ნიმუშები, რომელთა საფუძველზეც კონკრეტულ დასკვნამდე მივიდოდით, მაგრამ ბიბლიური ცნობები და არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები ზოგად წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა სახის კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებდნენ ისრაელები ბიბლიურ დროში.

საპარფიუმერიო ნივთები

კოსმეტიკური საშუალებების გასაზავებელი თასები, ისრაელი

მთელი ისრაელის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა უამრავი საპარფიუმერიო ნივთი: ქვის თასები, რომლებშიც კოსმეტიკურ საშუალებებს ფხვნიდნენ და ერთმანეთში ურევდნენ, ასევე კონუსის ფორმის სუნამოსა და ალებასტრონის ქილები, გაპრიალებული ბრინჯაოს ხელის სარკე; სპილოს ძვლის კოვზი, რომლის ტარის ერთ მხარეზე პალმის რტოები იყო ამოკვეთილი, მეორე მხარეს კი ქალის სახე, რომელსაც აქეთ-იქიდან მტრედები ჰქონდა გამოსახული.

როგორც ჩანს, მდიდრებს ძალიან მოსწონდათ დეკორატიული ნიჟარები, რომელთაც საპარფიუმერიო კოლოფებად იყენებდნენ. კოსმეტიკურ პაწაწინა კოვზებს სპილოს ძვლისგან ან ხისგან ამზადებდნენ. ეგვიპტისა და ქანაანის ტერიტორიებზე ნაპოვნ ზოგიერთ კოვზს მოცურავე გოგონებისა თუ სხვა ათასგვარი ფორმა ჰქონდა მიცემული. ყველა ეს ნივთი იმაზე მოწმობს, რომ ბიბლიურ დროში ქალები კოსმეტიკურ საშუალებებს ინტენსიურად იყენებდნენ.

თვალის დეკორატიული კოსმეტიკა

ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ იობის ერთ-ერთ ქალიშვილს კერენ-ჰაფუქი ერქვა. ეს სახელი ებრაულ ენაზე შესაძლოა ნიშნავს რქას, რომელშიც თვალის შესაღები შავი საღებავები ანუ თვალის შუქჩრდილები ინახებოდა (იობი 42:14). სახელი კერენ-ჰაფუქი შეიძლება იობის ქალიშვილის სილამაზეზეც მიუთითებდეს, თუმცა ის იმაზეც მოწმობს, რომ იმ დროს კოსმეტიკური საშუალებები ფართოდ გამოიყენებოდა.

საგულისხმოა, რომ ბიბლიაში თვალის საღებავი ყოველთვის უარყოფით კონტექსტშია მოხსენიებული.  მაგალითად, თვალის საღებავს იყენებდა ბოროტი და ინტრიგანი დედოფალი იზებელი. წინასწარმეტყველმა იერემიამ და ეზეკიელმაც თვალის საღებავი მოიხსენიეს, როცა ორგულ იერუსალიმს აღწერდნენ, როგორც მეძავს (2 მეფეები 9:30; იერემია 4:30; ეზეკიელი 23:40). არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია უამრავი მინისა და ქვის საპარფიუმერიო კოლოფი თუ სხვა წვრილ-წვრილი ატრიბუტი, რომლითაც თვალებს იღებავდნენ. როგორც ჩანს, როცა ისრაელი ღმერთს განუდგა, ქალები, განსაკუთრებით კი დიდგვაროვნები და შეძლებული ფენის წარმომადგენლები, ჭარბად იყენებდნენ თვალის შუქჩრდილებსა თუ სხვა სახის კოსმეტიკურ საშუალებებს.

სურნელოვანი ზეთები

ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან ამზადებდნენ ზეითუნის ზეთისგან ისრაელები სხვადასხვა სურნელოვან ზეთს. ბიბლიურ წიგნ „გამოსვლაში“ აღწერილია, თუ როგორ მზადდებოდა წმინდა სურნელოვანი ზეთი, რომელსაც მღვდლები ტაძარში მსახურებისას იყენებდნენ. ის იყო დარიჩინის, სმირნისა და სხვა არომატული მცენარეების ნაზავი (გამოსვლა 30:22—25). იერუსალიმში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ნანგრევები, რომელიც ახ. წ. პირველი საუკუნით დაათარიღეს. მათი აზრით, ეს იყო საწარმო, სადაც სურნელოვან ზეთებსა და საკმეველს ამზადებდნენ.  ბიბლიის ბევრ მონაკვეთში მოხსენიებულია ნელსაცხებელი, რომელიც გამოიყენებოდა როგორც ღვთის თაყვანისმცემლობის დროს, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში (2 მატიანე 16:14; ლუკა 7:37—46; 23:56).

გამომწვარი თიხის სუნამოს ჭურჭელი, ისრაელი

ვინაიდან ისრაელის ტერიტორიაზე საკმარისი წყალი არ იყო, პირადი ჰიგიენის დასაცავად ხალხი, როგორც წესი, სურნელოვან ზეთებს იყენებდა. ამგვარი საცხები არა მხოლოდ კანს იცავდა ცხელსა და მშრალ კლიმატში, არამედ მათ კოსმეტიკური დანიშნულებაც ჰქონდა (რუთი 3:3; 2 სამუელი 12:20). მაგალითად, სანამ იუდეველ ქალწულს, ესთერს, მეფე ახაშვეროშს წარუდგენდნენ, 12 თვის მანძილზე სხეულს უზელდნენ — პირველი 6 თვე სმირნის ზეთით, ხოლო მომდევნო 6 თვის მანძილზე — ბალზამით (ესთერი 2:12).

ბიბლიური დროში სურნელოვანი ზეთები იმდენად ძვირფასი იყო, რომ მათი ღირებულება ვერცხლსა და ოქროს უტოლდებოდა. როცა მეფე სოლომონს საბას დედოფალი ესტუმრა, მან მეფეს ოქროსა და სხვა ძვირფას ქვებთან ერთად ბალზამიც მიართვა (1 მეფეები 10:2, 10). როდესაც მეფე ხიზკიამ ბაბილონის მეფის შიკრიკებს თავისი საგანძური უჩვენა, ოქრო-ვერცხლთან და მთელ სამხედრო აღჭურვილობასთან ერთად დიდი სიამაყით „ბალზამი და ძვირფასი ზეთიც“ ანახა (ესაია 39:1, 2).

სხვადასხვა ყვავილისგან, ხილისგან, ფოთლებისგან, ხის ფისისა თუ ქერქისგან ძალიან მცირე რაოდენობის სურნელოვანი ზეთის მიღებაა შესაძლებელი. ბიბლია იხსენიებს ბევრ ისეთ სურნელოვან მცენარეს, როგორიცაა ალოე, ბალზამი, სამყე, კოთხუჯი, კასია, დარიჩინი, გუნდრუკი, სმირნა, ზაფრანა და ნარდი. ზოგიერთი მათგანი იორდანის ველზე ხარობდა, ზოგი კი ისრაელში კარგად ცნობილი სავაჭრო გზების გავლით ჩაჰქონდათ ინდოეთიდან, სამხრეთ არაბეთიდან და მსოფლიოს სხვა კუთხეებიდან.

იდუმალებით მოცული ბალზამი

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბალზამის ზეთი მოიხსენიება ბიბლიის იმ მონაკვეთებში, სადაც მოთხრობილია დედოფალ ესთერის, საბას დედოფლისა და მეფე ხიზკიას შესახებ. 1988 წელს მკვდარი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, კუმრანის სიახლოვეს, გამოქვაბულში აღმოაჩინეს პატარა სურა, რომელშიც ზეთი ესხა. ამ აღმოჩენამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ესხა თუ არა ამ სურაში სწორედ ის ზეთი, რომელიც ბალზამის სახელით იყო ცნობილი? მეცნიერები ვერ მივიდნენ ერთ დასკვნამდე. დღემდე მიწათმოქმედები ცდილობენ, როგორმე გააშენონ ერთ დროს საქვეყნოდ ცნობილი ბალზამის ხის კორომები.

სპილოს ძვლისგან დამზადებული საფერუმარილე ჭურჭელი, ისრაელი

როგორც ფაქტები მოწმობს, ბიბლიაში მოხსენიებული ბალზამი ენ-გედის ტერიტორიაზე მოჰყავდათ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ღუმლები, დოქები და ლითონისა თუ ძვლისგან ნაკეთი ნივთები, რომლებიც ძვ. წ. VI საუკუნით დაათარიღეს. ეს ნივთები წააგავს იმ ტერიტორიებზე აღმოჩენილ ნივთებს, სადაც სურნელოვან ზეთებს ამზადებდნენ. მეცნიერთა უმეტესობა ბალზამის ხის სამშობლოდ არაბეთის ნახევარკუნძულს ან აფრიკის კონტინენტს მიიჩნევს. სურნელოვანი ზეთი სწორედ ამ მცენარის გამოწურვის შედეგად მიიღებოდა. ბალზამის ზეთი იმდენად ძვირად ფასობდა, რომ ამ მცენარის მოყვანისა და ბალზამის დამზადების მეთოდები გასაიდუმლოებული იყო.

ბალზამი ზოგჯერ ძველი დროის მსოფლიო მმართველთა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროსაც კი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მაგალითად, ისტორიკოს იოსებ ფლავიუსის ცნობით, რომაელმა მხედართმთავარმა, მარკუს ანტონიუსმა, თავის საკუთრებაში არსებული ამ ძვირფასი მცენარის მთელი კორომი ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრას უძღვნა. რომაელმა ისტორიკოსმა პლინიუსმა მოიხსენია, რომ ახ. წ. პირველ საუკუნეში, „იუდეველთა ომის“ დროს, იუდეველმა მებრძოლებმა ბალზამის ხის კორომების გაკაფვა სცადეს, რათა რომაელებს არ ჩაეგდოთ ხელში.

ბიბლიური ცნობები და არქეოლოგიური აღმოჩენები ზოგად წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რამდენად ფართოდ გამოიყენებოდა კოსმეტიკური საშუალებები ბიბლიურ დროში. ბიბლია არ კრძალავს კოსმეტიკური საშუალებებისა თუ სხვადასხვა სამშვენისის გამოყენებას, თუმცა ხაზს უსვამს იმას, რომ ეს ყველაფერი მოკრძალებითა და საღი აზროვნებით უნდა იქნეს შერჩეული (1 ტიმოთე 2:9). პეტრე მოციქულმა აღნიშნა, რომ „ღვთის თვალში ძალიან ძვირფასია“ ისეთი ქალი, რომელიც „შემოსილია სიმშვიდითა და რბილი ხასიათით“. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ გემოვნება და მოდა მუდმივად იცვლება, ეს რჩევა მართლაც საუკეთესოა ყველა ქრისტიანი ქალისთვის, იქნება ის ახალგაზრდა თუ ასაკოვანი (1 პეტრე 3:3, 4).