არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 საუბრები ბიბლიურ თემებზე

სულერთია ღმერთისთვის ჩვენ რომ ვიტანჯებით?

სულერთია ღმერთისთვის ჩვენ რომ ვიტანჯებით?

ქვემოთ მოყვანილია იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს საუბარი. წარმოიდგინეთ, რომ ერთი იეჰოვას მოწმე, სახელად მარინა, ესაუბრება ვინმე სოფოს.

როგორ დაუშვა ღმერთმა ეს?

მარინა: დღეს თქვენს სამეზობლოში ამ ტრაქტატს ვავრცელებ. მისი სათაურია „გინდათ იცოდეთ სიმართლე?“. ინებეთ.

სოფო: რელიგიაზეა?

მარინა: დიახ, ნახეთ აქ ექვსი კითხვაა მოცემული. რომელ კითხვაზე ...

სოფო: არა, საჭირო არ არის. ვფიქრობ, დროს ტყუილად დაკარგავთ ჩემთან საუბრით.

მარინა: რატომ ფიქრობთ ასე?

სოფო: სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, მწამს თუ არა ღმერთი.

მარინა: ვაფასებ თქვენს გულწრფელობას. შეიძლება გკითხოთ, ყოველთვის ასე ფიქრობდით?

სოფო: არა, ადრე ხშირად დავდიოდი ეკლესიაში. მაგრამ დიდი ხნის წინ შევწყვიტე იქ სიარული.

მარინა: გასაგებია. ჰო მართლა, მე მარინა მქვია, თქვენ როგორ მოგმართოთ?

სოფო: სოფო.

მარინა: სასიამოვნოა თქვენი გაცნობა სოფო.

სოფო: ჩემთვისაც.

მარინა: არ იფიქროთ, რომ ჩემს რწმენას გახვევთ თავს. უბრალოდ მაინტერესებს, კონკრეტულად რამ დაგაეჭვათ ღვთის არსებობაში?

სოფო: 17 წლის წინ დედაჩემი ავარიაში მოყვა.

მარინა: რა სამწუხაროა. ძალიან დაშავდა?

სოფო: დღემდე პარალიზებულია.

მარინა: საშინელებაა. ალბათ, ძალიან გიჭირთ ამასთან შეგუება.

სოფო: რა თქმა უნდა. ამიტომაც ვფიქრობ, ღმერთი რომ არსებობდეს, ასეთ რამეს როგორ დაუშვებდა. და თუ არსებობს, რატომ უშვებს ადამიანების ტანჯვას?

არასწორია თუ ასეთი კითხვები გვიჩნდება?

მარინა: თქვენი კითხვები სავსებით ნორმალურია. ბუნებრივია, როცა ვიტანჯებით, გვაინტერესებს, რატომ ხდება ეს. ბიბლიურ დროში ღვთის ერთგულ მსახურებსაც აწუხებდათ მსგავსი კითხვები.

სოფო: მართლა?

მარინა: დიახ, შეიძლება ბიბლიიდან ერთი აზრი წაგიკითხოთ?

სოფო: კი ბატონო.

მარინა: ნახეთ, რა ჰკითხა ღმერთს მისმა ერთგულმა წინასწარმეტყველმა აბაკუმმა. აბაკუმის 1-ლი თავის მე-2 და მე-3 მუხლებში წერია: „როდემდე უნდა გთხოვდე, იეჰოვა, შველას და არ ისმენდე? როდემდე უნდა გთხოვდე ხსნას ძალადობისგან და არ გვშველოდე? რატომ მაყურებინებ სიავეს?“. ამ წინასწარმეტყველის კითხვები რაღაცით თქვენს კითხვებს ჰგავს.

სოფო: კი, ასეა.

მარინა: ღმერთს არასდროს გაუკიცხავს აბაკუმი ასეთი კითხვებისთვის და არც ის უთქვამს, რომ მას რწმენა აკლდა.

სოფო: საინტერესოა.

იეჰოვას გული სტკივა, როცა ადამიანთა ტანჯვას ხედავს

მარინა: ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთს შეუმჩნეველი არ რჩება ჩვენი ტანჯვა და ის ზრუნავს ჩვენზე.

სოფო: რას გულისხმობთ?

მარინა: მინდა, ერთი აზრი გაგიზიაროთ ბიბლიიდან, რომელიც ჩაწერილია გამოსვლის 3:7-ში. თავად ხომ არ წაიკითხავდით?

 სოფო: კარგი. „ვიხილე ეგვიპტეში ჩემი ხალხის ჩაგვრა და მოვისმინე მათი ღაღადი, რადგან სამუშაოდ მიერეკებიან. კარგად ვიცი, რა ტკივილსაც განიცდიან“.

მარინა: მადლობა. ამ მუხლიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, სულერთია ღმერთისთვის, რომ მისი მსახურები იტანჯებიან?

სოფო: როგორც ჩანს, არა.

მარინა: დააკვირდით, რა წერია ამ მუხლის ბოლოში. ღმერთი ამბობს: „კარგად ვიცი, რა ტკივილსაც განიცდიან“. ჰგავს ეს სიტყვები გულგრილი ღმერთის ნათქვამ სიტყვებს?

სოფო: ნამდვილად, არა.

მარინა: მართალია. ღმერთი არა მარტო ამჩნევს ჩვენს პრობლემებს, არამედ წუხს კიდევაც იმის გამო, რომ ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ვართ. ამასთან დაკავშირებით ვნახოთ, რა წერია ესაიას 63:9-ში. ეს ეხება იმ დროს, როცა ღვთის ხალხი გასაჭირში იყო. აქ წერია: „მათი გასაჭირი მისი გასაჭირი იყო“. განა აქედან არ ჩანს, რომ ღმერთს გულთან ახლოს მიჰქონდა თავისი ხალხის გასაჭირი?

სოფო: დიახ, ასეა.

მარინა: სოფო, ღმერთი მართლა ზრუნავს ჩვენზე და მას გულს სტკენს ჩვენი ტანჯვის დანახვა. ჩვენი ტკივილი მისი ტკივილია.

რატომ არაფერს არ აკეთებს ამდენი ხანი?

მარინა: წასვლამდე, მინდა ბიბლიიდან კიდევ ერთი აზრი გაგიზიაროთ.

სოფო: კეთილი.

მარინა: ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია ღვთის ძალაზე. ნახეთ, რა წერია იერემიას 10:12-ში. შეგიძლიათ წაიკითხოთ?

სოფო: რა თქმა უნდა. „მან თავისი ძლიერებით შექმნა დედამიწა, სიბრძნით დააფუძნა ნაყოფიერი მიწა და გამჭრიახობით გადაჭიმა ცა“.

მარინა: მადლობა. მოდი, ერთი წუთით დავფიქრდეთ ამ მუხლზე. განა დიდი ძალა არ იქნებოდა საჭირო ამხელა სამყაროს შესაქმნელად?

სოფო: რასაკვირველია.

მარინა: თუკი ღმერთს იმხელა ძალა აქვს, რომ ეს ყველაფერი შექმნა, განა იმას ვერ შეძლებს, რომ ბოლო მოუღოს ჩვენს ტანჯვას?

სოფო: ნამდვილად შეძლებს.

მარინა: ბუნებრივია, იმიტომ გაწუხებთ დედის მდგომარეობა, რომ გიყვართ ის, ხომ ასეა?

სოფო: რა თქმა უნდა.

მარინა: დედათქვენის განკურნება რომ შეგეძლოთ, დღესვე არ განკურნავდით?

სოფო: რასაკვირველია.

მარინა: დაფიქრდით. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთს შეუმჩნეველი არ რჩება ჩვენი გასაჭირი, მას ესმის ჩვენი გრძნობები; გარდა ამისა ის უსაზღვრო ძალასაც ფლობს, რომ ბოლო მოუღოს ტანჯვას. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენის მოთმენა უწევს ღმერთს, რომ დღესვე არ უსვამს წერტილს ამ ყველაფერს?

სოფო: ამ კუთხით არასდროს მიფიქრია.

მარინა: როგორც ჩანს, ღმერთს საფუძვლიანი მიზეზი აქვს და იმიტომ უშვებს დროებით ჩვენს ტანჯვას. *

სოფო: რა ვიცი, ალბათ აქვს.

მარინა: თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ისევ გამოგივლით და ამ საკითხზე უფრო ვრცლად ვისაუბროთ.

სოფო: კარგი, დაგელოდებით. *

გაგჩენიათ ბიბლიური კითხვები, რომლებზეც ისურვებდით პასუხის მიღებას? გაინტერესებთ, რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს? თუ ასეა, ჰკითხეთ მათ, როცა შეხვდებით. ისინი დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებიან.

^ აბზ. 59 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, მე-11 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 62 ამ რუბრიკის მომავალ სტატიაში განხილული იქნება კითხვა, რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვას.