არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაუახლოვდით ღმერთს

მისი უხილავი თვისებები ნათლად ჩანს

მისი უხილავი თვისებები ნათლად ჩანს

გწამთ ღმერთი? შეგიძლიათ მოიყვანოთ ღვთის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები? სინამდვილეში, ჩვენ გარშემო ყველაფერი ბრძენი, ძლიერი და მოსიყვარულე შემოქმედის არსებობაზე მოწმობს. რა ფაქტები გვაქვს მხედველობაში და რამდენად ძლიერია ისინი? პასუხისთვის ვიმსჯელოთ მოციქულ პავლეს სიტყვებზე, რომლებიც მან რომში მცხოვრებ თანაქრისტიანებს მისწერა.

პავლემ თქვა: „მისი [ღვთის] უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა, ასე რომ, მათ გამართლება არა აქვთ“ (რომაელები 1:20). როგორც პავლემ აღნიშნა, სამყაროში ყველაფერს შემოქმედის ხელი ატყვია. მოდი, უფრო დეტალურად გავარჩიოთ მოციქულის სიტყვები.

ღვთის თვისებები „ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან“, — აღნიშნა პავლემ. ამ კონტექსტში „ქვეყნიერებად“ ნათარგმნ ბერძნულ სიტყვაში არ იგულისხმება პლანეტა დედამიწა; მასში ადამიანები იგულისხმებიან. a მაშასადამე, პავლე იმას ამბობდა, რომ იმ წუთიდანვე, როცა დედამიწაზე ადამიანები გაჩნდნენ, მათ შეეძლოთ შემოქმედებაზე დაკვირვებით ღვთის თვისებები დაენახათ.

ყველაფერი, რაც შემოქმედის არსებობაზე მეტყველებს, „ნათლად ჩანს“. დამალული არაფერი არ არის. სამყაროში ყველაფერი — დიდიდან პატარამდე — ნათლად ცხადყოფს არა მარტო შემოქმედის არსებობას, არამედ იმასაც, რომ მას შესანიშნავი თვისებები აქვს. განა ღვთის სიბრძნეზე არ მეტყველებს ის, რომ სამყარო ასე გონივრულად არის შექმნილი? განა ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა და აზვირთებული ტალღები ღვთის სიძლიერეს არ ამტკიცებს? განა საკვების მრავალფეროვნება, აისისა და დაისის ცქერა, რაც უდიდეს სიამოვნებას გვგვრის, ღვთის სიყვარულის დადასტურება არ არის? (ფსალმუნი 104:24; ესაია 40:26).

რამდენად თვალშისაცემია ფაქტები? იმდენად თვალშისაცემი, რომ მათ, რომლებიც ამ ფაქტებს ვერ ხედავენ და ასეთი სახით უარყოფენ ღვთის არსებობას, „გამართლება არა აქვთ“. ერთი სწავლული ასეთ შედარებას აკეთებს: წარმოიდგინეთ მძღოლი, რომელიც უგულებელყოფს საგზაო ნიშანს, რომელიც კრძალავს მარჯვნივ შეხვევას. პოლიციელი აჩერებს მძღოლს და ჯარიმას უწერს. მძღოლი ცდილობს, დაარწმუნოს პოლიციელი, რომ საგზაო ნიშანი არ შეუნიშნავს. ცხადია, პოლიციელი მის ნათქვამს არ იჯერებს, რადგან საგზაო ნიშანი გამოსაჩენ ადგილას დგას და მძღოლსაც შესანიშნავი მხედველობა აქვს. გარდა ამისა, მძღოლის ვალდებულებაა, დაინახოს საგზაო ნიშნები და შესაბამისად იმოქმედოს. იმავეს თქმა შეიძლება ღვთის ქმნილებებზეც, რომლებიც მის არსებობაზე მიუთითებს. ეს „ნიშანი“ საკმაოდ ხილული და თვალშისაცემია. როგორც გონიერ ქმნილებებს, ადამიანებს გვაქვს იმის უნარი, რომ დავინახოთ ეს „ნიშანი“. უარყოფას გამართლება არა აქვს!

სამყაროში ყველაფერს შემოქმედის ხელი ატყვია

მართლაც, ჩვენ გარშემო გადაშლილი სამყარო ლამაზ წიგნს მოგვაგონებს, რომელიც ბევრ რამეს მოგვითხრობს შემოქმედზე. მაგრამ არსებობს ნამდვილი წიგნიც, რომელიც ბევრად მეტს გვეუბნება ღმერთზე. ეს წიგნი ბიბლიაა. ბიბლიის ფურცლებიდან ვიგებთ პასუხს ისეთ მნიშვნელოვან კითხვაზე, როგორიცაა: რა აქვს ღმერთს განზრახული დედამიწასთან და მასზე მცხოვრებ ადამიანებთან დაკავშირებით? ამ კითხვაზე პასუხის ცოდნა დაგეხმარებათ უფრო ახლოს გაიცნოთ ღმერთი, რომლის „უხილავი თვისებები . . . ნათლად ჩანს“ ყველგან, საითაც არ უნდა მიმოვიხედოთ.

აგვისტოში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:

რომაელები 1—16

a ბიბლია აგრეთვე საუბრობს იმაზე, რომ „ქვეყნიერება“ ცოდვილია და მხსნელს საჭიროებს. ასეთ კონტექსტებში სიტყვა „ქვეყნიერებაში“ აშკარად ადამიანები იგულისხმება და არა დედამიწა (იოანე 1:29; 4:42; 12:47).