არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მე-7 გაკვეთილი

როგორი პიროვნებაა იეჰოვა?

როგორი პიროვნებაა იეჰოვა?

როგორი პიროვნება წარმოგიდგებათ თვალწინ, როცა ღმერთზე ფიქრობთ? შესაძლოა ის მოწიწებას გგვრიდეთ, მაგრამ ისეთივე მიუწვდომელი გეჩვენებოდეთ, როგორც ვარსკვლავები შორეულ გალაქტიკაში. ან შეიძლება ფიქრობდეთ, რომ იგი უპიროვნო ძალაა, ისევე როგორც ჭექა-ქუხილი. სინამდვილეში, როგორი პიროვნებაა იეჰოვა? ბიბლიის მეშვეობით ის თავის თვისებებს გვიმჟღავნებს და გვარწმუნებს, რომ ზრუნავს ჩვენზე.

1. რატომ ვერ ვხედავთ ღმერთს?

„ღმერთი სულია“ (იოანე 4:24). იეჰოვას არა აქვს ფიზიკური სხეული. ის ჩვენთვის უხილავ, ზეციერ სამყოფელში მკვიდრობს.

2. რა თვისებები აქვს ღმერთს?

მართალია, ღმერთს ვერ ვხედავთ, მაგრამ ის არის რეალური პიროვნება, რომელსაც არაერთი მიმზიდველი თვისება გააჩნია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულია და არ მიატოვებს თავის ერთგულებს“ (ფსალმუნი 37:28). ის აგრეთვე თანამგრძნობი და გულმოწყალეა, განსაკუთრებით კი მათ მიმართ, ვინც იტანჯება (იაკობი 5:11). ღვთის სიტყვიდან იმასაც ვიგებთ, რომ „იეჰოვა ახლოს არის გულგატეხილებთან, ის იხსნის სულდამწუხრებულებს“ (ფსალმუნი 34:18). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ვინც ცუდად იქცევა, ტკივილს აყენებს იეჰოვას (ფსალმუნი 78:40, 41). მაგრამ ვინც სწორად იქცევა, გულს უხარებს მას (წაიკითხეთ იგავების 27:11).

3. საიდან ვიგებთ, რომ ღმერთს ვუყვარვართ?

იეჰოვას უმთავრესი თვისება სიყვარულია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). ღვთის სიყვარულზე მხოლოდ ბიბლია კი არა, მისი შემოქმედებაც მოწმობს (წაიკითხეთ საქმეების 14:17). დაფიქრდით, როგორ შეგვქმნა ღმერთმა. მან მოგვცა უნარი, დავტკბეთ მშვენიერი ფერებით, სასიამოვნო ჰანგებითა და გემრიელი საკვებით. აშკარაა, იეჰოვას სურს, რომ გავიხაროთ სიცოცხლით.

გაიღრმავეთ ცოდნა

ქვემოთ შეიტყობთ, რა ძალით ასრულებს იეჰოვა გასაოცარ საქმეებს. გაიგებთ იმასაც, თუ როგორ ავლენს ღმერთი თავის შესანიშნავ თვისებებს.

4. წმინდა სული ღვთის მოქმედი ძალაა

როგორც ჩვენ ვიყენებთ ხელებს სხვადასხვა საქმის შესასრულებლად, ისე იყენებს იეჰოვა წმინდა სულს თავისი ნების შესასრულებლად. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ წმინდა სული პიროვნება კი არა, ძალაა, რომლითაც ღმერთი დიდებულ საქმეებს ასრულებს. წაიკითხეთ ლუკას 11:13 და საქმეების 2:17; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • ღმერთი „გადმოღვრის“ თავის წმინდა სულს მათზე, ვინც სთხოვს. აქედან გამომდინარე, წმინდა სული პიროვნებაა თუ ღვთის მოქმედი ძალა? ახსენით.

იეჰოვა წმინდა სულის მეშვეობით გასაოცარ საქმეებს ასრულებს. წაიკითხეთ ფსალმუნის 33:6 და 2 პეტრეს 1:20, 21; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • რა საქმეები მოიმოქმედა იეჰოვამ წმინდა სულით?

5. იეჰოვას პიროვნება გვიზიდავს

მოსე წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს. მიუხედავად ამისა, მას სურდა, უკეთ გაეცნო თავისი შემოქმედი. ამიტომ მან ღმერთს სთხოვა: „გამაგებინე შენი გზები, რომ გიცნობდე“ (გამოსვლა 33:13). ამ თხოვნაზე საპასუხოდ იეჰოვამ მას თავისი თვისებები გააცნო. წაიკითხეთ გამოსვლის 34:4—6 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რომელი თვისებები გააცნო იეჰოვამ მოსეს?

  • იეჰოვას თვისებებიდან რომელი გიზიდავთ ყველაზე მეტად?

6. იეჰოვა ზრუნავს ადამიანებზე

ებრაელები, ღვთის ხალხი, მონები იყვნენ ეგვიპტეში. რას გრძნობდა იეჰოვა, როცა მათ ჩაგვრას ხედავდა? მოუსმინეთ აუდიოჩანაწერს და თვალი მიადევნეთ ბიბლიის ამ მონაკვეთს ან თავად წაიკითხეთ გამოსვლის 3:1—10. შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:

  • რა გრძნობები ეუფლება იეჰოვას, როცა ხედავს ხალხის ტანჯვას? (იხილეთ მე-7 და მე-8 მუხლები)

  • გჯერათ, რომ იეჰოვას ადამიანების დახმარების სურვილიც გააჩნია და ამის ძალაც შესწევს? ახსენით.

7. შემოქმედება იეჰოვას უბადლო თვისებებზე მეტყველებს

იეჰოვა თავის პიროვნებას შემოქმედების მეშვეობით გვაცნობს. ნახეთ ვიდეო. შემდეგ წაიკითხეთ რომაელების 1:20 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:

  • იეჰოვას რომელ თვისებებს ხედავთ მისი შემოქმედებიდან?

ზოგი ამბობს: „ღმერთი უბრალოდ ძალაა, რომელიც ყველგან და ყველაფერშია“.

  • თქვენ რას ფიქრობთ?

  • რატომ ფიქრობთ ასე?

შეჯამება:

იეჰოვა თვალით უხილავი სულიერი პიროვნებაა, რომელსაც უამრავი მიმზიდველი თვისება აქვს, მათ შორის, სიყვარული.

გასამეორებელი კითხვები:

  • რატომ ვერ ვხედავთ იეჰოვას?

  • რა არის წმინდა სული?

  • რომელია იეჰოვას ზოგიერთი თვისება?

დავალება:

გაიგეთ მეტი:

გაიღრმავეთ ცოდნა იეჰოვას შესახებ და შეიტყვეთ მეტი მის ოთხ ძირითად თვისებაზე.

„როგორი პიროვნებაა ღმერთი?“ („საგუშაგო კოშკი“, №1, 2019)

გაეცანით მტკიცებულებებს, რომ იეჰოვა არაა ყველგან და ყველაფერში.

„არის ღმერთი ყველგან და ყველაფერში?“ (სტატია ვებგვერდზე)

გაიგეთ, რატომ ადარებს ბიბლია წმინდა სულს ღვთის „ხელს“.

„რა არის სულიწმიდა?“ (სტატია ვებგვერდზე)

ერთი უსინათლო მამაკაცი ვერ იჯერებდა, რომ ღმერთს აღელვებდა მისი მდგომარეობა. გაიგეთ, თუ როგორ შეიცვალა მან აზრი.

„ახლა სხვების დახმარებაც შემიძლია“ („საგუშაგო კოშკი“, 1 ოქტომბერი, 2015)