არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლიური მუხლების ახსნა

ფილიპელების 4:13 — „ყველაფერი შემიძლია ჩემს განმაძლიერებელ ქრისტეში“

ფილიპელების 4:13 — „ყველაფერი შემიძლია ჩემს განმაძლიერებელ ქრისტეში“

 „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი განმამტკიცებლის დახმარებით“ (ფილიპელები 4:13, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).

 „ყველაფერი შემიძლია ჩემს განმაძლიერებელ ქრისტეში“ (ფილიპელები 4:13, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

ფილიპელების 4:13-ის ახსნა

 პავლე მოციქულის ეს სიტყვები ღვთის თაყვანისმცემლებს არწმუნებს, რომ მისი ნების შესასრულებლად ისინი აუცილებლად მიიღებენ საჭირო ძალას.

 ზოგიერთი ბიბლიის მთარგმნელის აზრით, პავლეს ძალას ქრისტე აძლევდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვა „ქრისტე“ ამ მუხლის უძველეს ბერძნულ ხელნაწერებში არ გვხვდება. შესაბამისად, ბევრ თარგმანში ამ მუხლში „ქრისტე“ არაა მოხსენიებული. მაგალითად, ქართულ ენაზე ნათარგმნ ზოგ ბიბლიაში ეს მუხლი ასეა გადმოტანილი: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი განმამტკიცებლის დახმარებით“ („ახალი ქვეყნიერების თარგმანი“) და „ყოველივე ძალმიძს ჩემი გამაძლიერებლის მიერ“ (ახალი აღთქმა და ფსალმუნი, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი). ისმის კითხვა: სინამდვილეში ვის გულისხმობდა პავლე?

 ამ ბიბლიური მუხლის კონტექსტი იმაზე მიანიშნებს, რომ პავლეს ღმერთი ჰყავდა მხედველობაში (ფილიპელები 4:6, 7, 10). ამავე წერილში პავლემ ფილიპელებს უთხრა: „ღმერთი მოქმედებს თქვენში მოქმედების ძალასაც გაძლევთ“ (ფილიპელები 2:13), ხოლო 2 კორინთელების 4:7-ში მან აღნიშნა, რომ ღმერთი აძლევდა თავისი მსახურების შესასრულებლად საჭირო ძალას (შეადარეთ 2 ტიმოთეს 1:8). აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ პავლე ფილიპელების 4:13-შიც ღმერთს გულისხმობდა.

 პავლემ ისიც აღნიშნა, რომ „ყველაფრის ძალა“ შესწევდა. რას გულისხმობდა ის „ყველაფერში“? როგორც ჩანს, იმ ყოველივეს, რაც მსახურების დროს გადახდა თავს. მას სჯეროდა, რომ ღმერთი ყველანაირ სიტუაციაში იზრუნებდა მის საჭიროებებზე. პავლემ ისწავლა, რომ კმაყოფილი ყოფილიყო იმით, რაც ჰქონდა, იქნებოდა ეს ცოტა თუ ბევრი (2 კორინთელები 11:23—27; ფილიპელები 4:11).

 პავლეს სიტყვები ღვთის თაყვანისმცემლებს დღესაც უსახავს იმედს. ღმერთი მათ აუცილებლად მისცემს ძალას, რომ განსაცდელები აიტანონ და მისი ნება შეასრულონ. ის თავისი მოქმედი ძალის ანუ წმინდა სულის, თავისი სხვა თაყვანისმცემლების და ბიბლიის მეშვეობით აძლიერებს მათ (ლუკა 11:13; საქმეები 14:21, 22; ებრაელები 4:12).

ფილიპელების 4:13-ის კონტექსტი

 პავლემ ეს სიტყვები ფილიპელი ქრისტიანებისთვის მიწერილი წერილის ბოლოსკენ დაწერა. ეს წერილი მათ დაახლოებით ახ. წ. 60-61 წელს მისწერა რომში პირველი პატიმრობის დროს. რაღაც დროის მანძილზე ფილიპელი ქრისტიანები პავლე მოციქულს მატერიალურად ვერ უჭერდნენ მხარს, თუმცა ახლა შესაძლებლობა მიეცათ, რომ მის საჭიროებებზე ეზრუნათ (ფილიპელები 4:10, 14).

 პავლემ შეაქო ისინი გულუხვობისთვის და დაარწმუნა, რომ ყველაფერი ჰქონდა, რაც სჭირდებოდა (ფილიპელები 4:18). მან აგრეთვე ხელიდან არ გაუშვა იმის შესაძლებლობა, რომ მათთვის ერთი მნიშვნელოვანი რამ ესწავლებინა: ყველა ქრისტიანს, მდიდარს თუ ღარიბს, შეუძლია იყოს ცხოვრებით კმაყოფილი, თუ ღვთის დახმარების იმედი ექნება (ფილიპელები 4:12).