არჩეულ მასალაზე გადასვლა

რას ამბობს ბიბლია კრემაციაზე?

რას ამბობს ბიბლია კრემაციაზე?

ბიბლიის თვალსაზრისი

 ბიბლია კრემაციასთან დაკავშირებით კონკრეტულ მითითებებს არ იძლევა. მასში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, ცხედარი უნდა დაიმარხოს, თუ უნდა დაიწვას.

 ბიბლიაში მოთხრობილია შემთხვევები, როცა ღვთის ერთგული მსახურები მარხავდნენ თავიანთ მიცვალებულებს. მაგალითად, აბრაამმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავისი ცოლისთვის, სარასთვის, უსაფრთხო დასამარხი ადგილი მოეძებნა (დაბადება 23: 2—20; 49:29—32).

 ბიბლიაში აგრეთვე მოხსენიებულია შემთხვევები, როცა ღვთის ერთგულ მსახურთა ცხედრები თუ ნეშტები დაწვეს. მაგალითად, როდესაც მეფე საული და მისი სამი ვაჟი ბრძოლაში დაიხოცნენ, მათ გვამებს მტრები უპატივცემულოდ მოექცნენ. როდესაც ისრაელის ერთგულმა მებრძოლებმა ამ შეურაცხმყოფელი საქციელის შესახებ შეიტყვეს, წამოიღეს საულისა და მისი ვაჟების გვამები, დაწვეს და დამარხეს (1 სამუელი 31:8—13). ბიბლიიდან ჩანს, რომ ისრაელთა მხრიდან ამგვარი ქმედებები მისაღები იყო (2 სამუელი 2:4—6).

მცდარი შეხედულებები კრემაციაზე

 მცდარი შეხედულება: კრემაციით მიცვალებულისადმი უპატივცემულობას გამოხატავენ.

 სინამდვილე: ბიბლია ამბობს, რომ ადამიანი სიკვდილის შემდეგ მტვერს უბრუნდება. ეს ის არის, რაც ბუნებრივად ხდება გვამის გახრწნის შედეგად (დაბადება 3:19). უბრალოდ, კრემაცია აჩქარებს გვამის ფერფლად, ანუ მტვრად ქცევის პროცესს.

 მცდარი შეხედულება: ბიბლიურ დროში მხოლოდ იმ ადამიანთა გვამებს წვავდნენ, რომელთაც ღმერთი არ იწონებდა.

 სინამდვილე: ზოგიერთი ორგული ადამიანის, მაგალითად, აქანის და მისი ოჯახის წევრების გვამები, დაწვეს (იესო ნავეს ძე 7:25). თუმცა ეს გამონაკლისი იყო, და არა კანონი (კანონი 21:22, 23). როგორც უკვე აღინიშნა, ღვთის ზოგი ერთგული მსახურის ცხედარიც კი დაწვეს. მაგალითად, საულის ვაჟის, იონათანის ცხედარი.

 მცდარი შეხედულება: ღმერთი ვერ აღადგენს ადამიანს კრემაციის შემდეგ.

 სინამდვილე: მკვდრების გაცოცხლებაში ღმერთს ხელს ვერაფერი შეუშლის. მნიშვნელობა არ აქვს, გარდაცვლილის სხეული დაიმარხა, დაიწვა, ზღვაში დაიკარგა, თუ მხეცებმა შეჭამეს (გამოცხადება 20:13). ყოვლისშემძლე შემოქმედს ადვილად შეუძლია, გარდაცვლილებს ახალი სხეულები მისცეს (1 კორინთელები 15:35, 38).