არჩეულ მასალაზე გადასვლა

რა არის თორა?

რა არის თორა?

ბიბლია გვპასუხობს

 სიტყვა „თორა“ მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან „თორაჰ“, რომელიც შეიძლება ითარგმნოს როგორც მითითება, დარიგება, სწავლება ან კანონი a (იგავები 1:8 „ბიბლიური საზოგადოების გამოცემა“, „ბსგ“; 3:1; 28:4). ქვემოთ მოცემული მაგალითებიდან დავინახავთ, რა გაგებით არის გამოყენებული ბიბლიაში ეს ებრაული სიტყვა.

  •   ხშირ შემთხვევაში სიტყვა „თორაჰ“ ბიბლიის პირველ ხუთ წიგნზე მიუთითებს. ეს წიგნებია: „დაბადება“, „გამოსვლა“, „ლევიანები“, „რიცხვები“ და „მეორე კანონი“. ამ წიგნებს აგრეთვე ეწოდება პენტატევხი, რომელიც ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „ხუთ გრაგნილს“. თორა მოსემ დაწერა, ამიტომ მას მართებულად შეიძლება ეწოდოს „მოსეს კანონის წიგნი“ (იესო ნავეს ძე 8:31; ნეემია 8:1). როგორც ჩანს, თავიდან ხუთწიგნეული ერთ გრაგნილს წარმოადგენდა, თუმცა მოგვიანებით დაყვეს, რათა მკითხველს მისი გამოყენება გაადვილებოდა.

  •   სიტყვა „თორაჰ“ ისრაელი ერისთვის მიცემულ ისეთ კანონებსაც მოიაზრებს, როგორიცაა „კანონი ცოდვის შესაწირავზე“, „კანონი კეთრზე“ და „კანონი ნაზირზე“ (ლევიანები 6:25; 14:57; რიცხვები 6:13).

  •   ზოგჯერ სიტყვა „თორაჰ“ მშობლების, ბრძენი ადამიანების და ღმერთის მითითებას, დარიგებასა და სწავლებას გულისხმობს (იგავები 1:8, „ბსგ“; 13:14, „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“; ესაია 2:3).

რის შესახებ მოგვითხრობს თორა ანუ ხუთწიგნეული?

  •   ის შემოქმედებაზე და პირველი ადამიანის შექმნიდან მოსეს სიკვდილამდე მომხდარ მოვლენებზე მოგვითხრობს (დაბადება 1:27, 28; კანონი 34:5).

  •   თორაში ვკითხულობთ მოსეს კანონთა კრებულში შესულ წესებსა და კანონებს (გამოსვლა 24:3). მოსეს კანონთა კრებული 600-ზე მეტი კანონისგან შედგება. მათ შორის ყველაზე ცნობილია შემა, რომელიც იუდეველთა რწმენის სიმბოლოა. მასში ნათქვამია: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით“ (კანონი 6:4—9). იესომ ამ კანონს „პირველი და უდიდესი მცნება“ უწოდა (მათე 22:36—38).

  •   თორაში ღვთის სახელი იეჰოვა დაახლოებით 1 800-ჯერ გვხვდება. თორა არ კრძალავს ღვთის სახელის გამოყენებას. პირიქით, მასში არაერთ ადგილას ვკითხულობთ, რომ ღვთის ხალხს უნდა წარმოეთქვა ღვთის სახელი (რიცხვები 6:22—27; კანონი 6:13; 10:8; 21:5).

მცდარი შეხედულებები თორას შესახებ

 მცდარი შეხედულება: კანონები, რომლებსაც თორაში ვხვდებით, მარადიული და უცვლელია.

 სინამდვილე: ბიბლიის ზოგ თარგმანში შაბათთან, სამღვდელოებასთან და გამოსყიდვის დღესთან დაკავშირებული კანონები მოხსენიებულია როგორც „მარადიული“ და „სამარადისო“ (გამოსვლა 31:16; 40:15; ლევიანები 16:33, 34). თუმცა ებრაული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია როგორც „სამარადისო“ ან „მარადიული“, შესაძლოა აგრეთვე მიუთითებდეს პერიოდზე, რომელიც განუსაზღვრელი დროით გრძელდება და არა უსასრულოდ, მარადიულად. b კანონის შეთანხმების დადებიდან 900 წლის შემდეგ იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ ამ შეთანხმებას „ახალი შეთანხმება“ შეცვლიდა (იერემია 31:31—33). «„ახალი შეთანხმება“ რომ ახსენა, ამით აჩვენა [ღმერთმა], რომ წინანდელმა [შეთანხმებამ] თავისი დრო მოჭამა» (ებრაელები 8:7—13). კანონის შეთანხმება ახალი შეთანხმებით დაახლოებით 2 000 წლის წინ შეიცვალა ქრისტეს სიკვდილის საფუძველზე (ეფესოელები 2:15).

 მცდარი შეხედულება: იუდაური ზეპირგადმოცემული ადათ-წესები და თალმუდი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თორა.

 სინამდვილე: ბიბლიაში არსად წერია, რომ ღმერთმა მოსეს თორასთან ერთად ზეპირი კანონიც გადასცა. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: «უთხრა იეჰოვამ მოსეს: „ჩაიწერე ეს სიტყვები“» (გამოსვლა 34:27). ზეპირი კანონი (რომელმაც მოგვიანებით წერილობითი სახე მიიღო, მიშნას სახელით გახდა ცნობილი და საბოლოოდ თალმუდის ნაწილად იქცა) შედგება ფარისევლების მიერ მოგონილი ადათ-წესებისგან. ეს იუდაური ადათ-წესები ხშირად წინააღმდეგობაში მოდიოდა თორასთან. სწორედ ამიტომ უთხრა იესომ ფარისევლებს: „თქვენ თქვენივე ადათ-წესებით ძალა დაუკარგეთ ღვთის სიტყვას“ (მათე 15:1—9).

 მცდარი შეხედულება: ქალებს ეკრძალებათ თორას სწავლა.

 სინამდვილე: მოსეს კანონი მოითხოვდა, რომ კანონის ყოველი სიტყვა თითოეული ისრაელის, მათ შორის ქალებისა და ბავშვების წინაშე წაეკითხათ. კანონში ვკითხულობთ: „რათა მოისმინონ და ისწავლონ, ეშინოდეთ იეჰოვასი, შენი ღვთისა, და გულდასმით შეასრულონ ამ კანონის ყველა სიტყვა“ (კანონი 31:10—12). c

 მცდარი შეხედულება: თორა შეიცავს ფარულ ცნობებს.

 სინამდვილე: თორას დამწერს, მოსეს არ უთქვამს, რომ კანონში რაიმე გაუგებარი და დაფარული იქნებოდა, პირიქით ის ამბობს, რომ კანონში ჩაწერილი სიტყვები არც ძნელი შესასრულებელია და არც მიუწვდომელი (კანონი 30:11—14). თეორიას იმის შესახებ, რომ თორა კოდირებულ ინფორმაციას შეიცავს, ვხვდებით კაბალაში, იუდეველთა მისტიკურ ტრადიციებში, რომელიც ბიბლიურ აზრებს „ოსტატურად შეთხზული“ მეთოდებით გადმოსცემს d (2 პეტრე 1:16).

a იხილეთ The Revised Edition of „The Strongest Strong’s Exhaustive Concordance of the Bible“, entry 8451 in the section “Hebrew-Aramaic Dictionary-Index to the Old Testament“.

b იხილეთ „ძველი აღთქმის თეოლოგიური ლექსიკონი“, ტომი 2, გვ. 672, 673.

c თორასგან განსხვავებით, იუდაური ადათ-წესები ქალებს თორას სწავლას უკრძალავდა. მაგალითად, მიშნაში მოყვანილია ერთი რაბინის, ელიეზერ ბენ ჰირკანოსის, სიტყვები: „ვინც თავის ქალიშვილს თორას ასწავლის, ის რყვნის მას“ (სოტა 3:4). იერუსალიმის თალმუდში ვხვდებით ამავე რაბინის სიტყვებს: „უმჯობესია, თორას სიტყვები ცეცხლს მიეცეს, ვიდრე ქალები ეზიარონ მათ“ (სოტა 3:19ა).

d „იუდაურ ენციკლოპედიაში“ ვკითხულობთ, რა დამოკიდებულება აქვს კაბალას თორაზე: „თორას განსაკუთრებული ღირებულება არ გააჩნია, თუმცა ფაქტია, მასში მოცემული ინფორმაცია სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს“ (მეორე გამოცემა, ტომი 11, გვ. 659).