არჩეულ მასალაზე გადასვლა

უნდა მივმართოთ თუ არა ლოცვით წმინდანებს?

უნდა მივმართოთ თუ არა ლოცვით წმინდანებს?

ბიბლია გვპასუხობს:

 არა. ჩვენ მხოლოდ ღმერთს უნდა მივმართოთ ლოცვით იესოს სახელით. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: «ასე ილოცეთ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“» (მათე 6:9). მას არასდროს უთქვამს თავისი მოწაფეებისთვის, რომ ღვთის გარდა ლოცვით მიემართათ წმინდანებისთვის, ანგელოზებისთვის ან სხვა რომელიმე ქმნილებისთვის.

 იესომ თავის მოწაფეებს აგრეთვე უთხრა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6). ღმერთმა მხოლოდ იესოს მისცა უფლება, ყოფილიყო შუამავალი ჩვენსა და ღმერთს შორის (ებრაელები 7:25).

რა მოხდება, თუ ღმერთსაც მივმართავთ ლოცვით და წმინდანებსაც?

 ღვთის მიერ ადამიანებისთვის მიცემულ ათ მცნებაში ვკითხულობთ: „მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი“ (გამოსვლა 20:5, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). რა გაგებით არის ღმერთი „შურისმგებელი“? ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ეს სიტყვა ნათარგმნია როგორც „განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი“. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მხოლოდ ღმერთს უნდა ვცეთ თაყვანი და ლოცვითაც მხოლოდ მას უნდა მივმართოთ (ესაია 48:11).

 ჩვენ ღმერთს გულს ვტკენთ, თუ ლოცვით მივმართავთ სხვებს — წმინდანებს და ანგელოზებს. როდესაც მოციქული იოანე ანგელოზის ფეხებთან თაყვანსაცემად დაემხო, ანგელოზმა შეაჩერა: „ამას ნუ იზამ! მეც ისეთივე მონა ვარ, როგორიც შენ და შენი ძმები, რომლებიც იესოს შესახებ დამოწმების საქმეს ასრულებენ. ღმერთს ეცი თაყვანი“ (გამოცხადება 19:10).