არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ ᲝᲯᲐᲮᲔᲑᲡ | ᲥᲝᲠᲬᲘᲜᲔᲑᲐ

ეჭვიანობა ზიანს აყენებს ცოლქმრულ ურთიერთობას

ეჭვიანობა ზიანს აყენებს ცოლქმრულ ურთიერთობას

 ეჭვი და უნდობლობა ძირს უთხრის ქორწინებას. რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ დაიცვათ თქვენი ქორწინება ამ საფრთხისგან?

ამ სტატიაშია:

 რა არის ეჭვიანობა

 ეჭვიანობა არის ძლიერი, არასასიამოვნო გრძნობა, რომელიც მაშინ გვეუფლება, როცა გვგონია, რომ ჩვენი მეუღლის მიმართ ვინმე რომანტიკულ ინტერესს იჩენს, ან პირიქით, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მეუღლე ზედმეტ ყურადღებას ავლენს სხვის მიმართ. ამ დროს შეიძლება ისიც კი ვიფიქროთ, რომ ჩვენს ქორწინებას საფრთხე ემუქრება. თუ ეჭვები საფუძვლიანია, სავსებით ბუნებრივია, რომ ასეთი გრძნობა დაგვეუფლოს. ქორწინება ხომ ორ ადამიანს შორის ყველაზე მტკიცე კავშირად ითვლება, ამიტომ ცოლ-ქმარმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ გაუფრთხილდეს ამ ურთიერთობას.

 ბიბლიური პრინციპი: „ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. . . ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:6).

 „ეჭვი რაღაცით განგაშის სიგნალს ჰგავს. ის საფრთხეზე მიგანიშნებს და გიბიძგებს, საჭირო ზომები მიიღო“ (ბენჯამინი).

 ზოგჯერ შეიძლება ეჭვისა და შიშის მიზეზი სულაც არ გვქონდეს. ასეთი უსაფუძვლო ეჭვიანობა დამანგრეველია. თუმცა გულწრფელი სიყვარული იცავს ცოლ-ქმარს უსაფუძვლო ეჭვებისგან (1 კორინთელები 13:4, 7, სქოლიო). ფსიქოლოგი რობერტ ლიჰი წერს: „უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე ადამიანმა შეიძლება ისეთი რამ გააკეთოს, რაც საფრთხეს შეუქმნის ქორწინებას, არადა მისი მიზანი შესაძლოა ამ კავშირის დაცვა იყო“. a

 რა იწვევს უსაფუძვლო ეჭვებს

 თუ წარსულში მეუღლემ გიღალატათ და ოჯახი დაგენგრათ, ეს შესაძლოა იმის მიზეზი გახდეს, რომ პატარა წვრილმანზეც კი იეჭვიანოთ. ან თუ თქვენი მშობლები ღალატის გამო გაეყარნენ, შეიძლება გაგიჩნდეთ შიში, რომ თქვენც იგივე დაგემართებათ.

 „როცა პატარა ვიყავი, მამა დედას ღალატობდა, ამიტომ მიჭირს, ვენდო სხვებს. ამან იმდენად დიდი ემოციური დაღი დამასვა, რომ ზოგჯერ მეუღლესაც კი ვერ ვენდობი“ (მელისა).

 კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება დაუცველობის განცდა იყოს. თუ თქვენც მსგავსად გრძნობთ თავს, შესაძლოა ყველაფერს ეჭვის თვალით უყუროთ და თავი იმაშიც დაირწმუნოთ, რომ მეუღლე მარტივად გაგცვლით სხვაზე.

 „მეგობარმა ჩემს ქმარს სთხოვა, ხელისმომკიდედ გაჰყოლოდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ პატარძლის ხელისმომკიდესთან უნდა ყოფილიყო ქორწილის განმავლობაში. ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი და ქმარსაც ვაიძულე უარი ეთქვა“ (ნაომი).

 ქორწინებასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები ყველა ქვეყანაში განსხვავებულია, თუმცა ქრისტიანმა ბიბლიური პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს. თქვენი აზრით, სწორად მოიქცა ნაომი? მოგვიანებით ის მიხვდა, რომ ეჭვიანობის მიზეზი არ ჰქონდა. ნაომი აღნიშნავს: „იმ პერიოდში ყველა ქალზე ვეჭვიანობდი, თავს დაუცველად ვგრძნობდი და გონებაში არეული აზრები მიტრიალებდა“.

 მნიშვნელობა არა აქვს, რატომ ეჭვიანობთ, თუ ეჭვებს გასაქანს მისცემთ, შეიძლება იქამდეც კი მიხვიდეთ, რომ მეუღლე უსაფუძვლოდ დაადანაშაულოთ ღალატში. ასეთი ეჭვიანობა ძირს უთხრის ნდობას და ზოგჯერ ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახება.

 ბიბლიური პრინციპი: „ეჭვიანობა კიბოს ჰგავს“ (იგავები 14:30, „Easy-to-Read Version“).

 როგორ უნდა გათავისუფლდეთ ეჭვებისგან

 განიმტკიცეთ მეუღლისადმი ნდობა. ნაცვლად იმისა, რომ უარყოფითზე იფიქროთ, იმაზე გაამახვილეთ ყურადღება, რაც მეუღლის სანდოობაზე მოწმობს.

 „ჩემი ქმრის დადებით თვისებებზე ვფიქრობ ხოლმე. თუ ის ვინმეს მიმართ ყურადღებას იჩენს, ეს მის მზრუნველობაზე მეტყველებს და არა იმაზე, რომ სხვა მოტივები ამოძრავებს. დროდადრო ჩემს თავს ვახსენებ, რომ, თუ ჩემს მშობლებს წარუმატებელი ქორწინება ჰქონდათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი ქორწინებაც ასეთი იქნება“ (მელისა).

 ბიბლიური პრინციპი: „[სიყვარულს] ყველაფერი სწამს“ (1 კორინთელები 13:7).

 დარწმუნდით, ნამდვილად გაქვთ თუ არა ეჭვიანობის მიზეზი. ზემოთ მოხსენიებული ფსიქოლოგი რობერტ ლიჰი აღნიშნავს: „ხშირად ჩვენი ფიქრები სწორი გვგონია. თუმცა შეიძლება ეს ასე სულაც არ იყოს. თუ რაღაცაში ვართ დარწმუნებული, ეს მაინცდამაინც არ ნიშნავს, რომ დამამტკიცებელი ფაქტებიც არსებობს“. b

 „ჩვენმა არასწორმა დასკვნებმა და ვარაუდებმა შეიძლება ჩვენს ქორწინებას საფრთხე შეუქმნას“ (ნადინი).

 ბიბლიური პრინციპი: „ყველამ დაინახოს თქვენი გონიერება“ (ფილიპელები 4:5).

 ესაუბრეთ მეუღლეს თქვენს გრძნობებზე. რაც არ უნდა იყოს ეჭვიანობის მიზეზი, დაელაპარაკეთ თქვენს მეუღლეს და შეთანხმდით, როგორი ურთიერთობა გექნებათ საპირისპირო სქესთან.

 „ასეთი საუბრების დროს გახსოვდეთ, თქვენს მეუღლეს არ სურს, გული გატკინოთ და გამოსავლის პოვნას ისიც ცდილობს. დარწმუნებული იყავით, რომ მას სწორი მოტივები ამოძრავებს. შესაძლოა ის ვერც კი აცნობიერებს, რომ საკმარის ყურადღებას არ გითმობთ. იმაზეც დაფიქრდით, თქვენ ხომ არ ხართ ზედმეტად მგრძნობიარე ან ბევრს ხომ არ მოელით მისგან“ (სიარა).

 ბიბლიური პრინციპი: „თითოეულმა ის კი არ აკეთოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 10:24).

a b წყარო: წიგნი „The Jealousy Cure“.