არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნივ: ცხრადღიან კონგრესზე შეკრებილი ათასობით დამსწრე, რომელთაც ძმა ჯოზეფ რუტერფორდის მოხსენება მოისმინეს (აშშ, ოჰაიო); მარჯვნივ: ძმა ჯოზეფ რუტერფორდი მიკროფონის საშუალებით მიმართავს დარბაზის გარეთ შეკრებილ ხალხს.

2022 წლის 6 ოქტომბერი
შეერთებული შტატები

სიდარ-პოინტში გამართული კონგრესიდან 100 წლის შემდეგ

ახალი მუზეუმი, სადაც კონგრესის ღირსშესანიშნავი მომენტებია ასახული

სიდარ-პოინტში გამართული კონგრესიდან 100 წლის შემდეგ

1922 წლის 5—13 სექტემბერს სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) გამართული 9-დღიანი კონგრესის შემდეგ უკვე 100 წელი გავიდა. ეს იყო ჩვენს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. დამსწრეები შეერთებული შტატებიდან, კანადიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ ჩასულები. ყოველდღიურად საშუალოდ 10 000 ადამიანი ესწრებოდა პროგრამას, მოხსენებები კი ერთდროულად 11 ენაზე იკითხებოდა.

იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში გაიხსნა ახალი მუზეუმი, სადაც ასახულია ამ კონგრესის ღირსშესანიშნავი მოვლენები. ეს მუზეუმი იმასაც მოგვითხრობს, თუ რა გავლენა იქონია ამ კონგრესმა იმ დროს სამქადაგებლო საქმეზე. ამჟამად მუზეუმში სტუმრობა მხოლოდ ბეთელის ოჯახის წევრებს შეუძლიათ, თუმცა მოგვიანებით, როცა ექსკურსიები განახლდება, სხვებსაც შეეძლებათ სტუმრობა.

კონგრესის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღე იყო 8 სექტემბერი. ძმა ჯოზეფ რუტერფორდის მოხსენების მოსასმენად, რომლის სათაურიც იყო „სამეფო“, დაახლოებით 8 000 დამსწრე შეიკრიბა თვალწარმტაც ერის ტბასთან.

90-წუთიანი მოხსენების ბოლოს, ძმა ჯოზეფ რუტერფორდმა დამსწრეებს ჰკითხა, ნამდვილად სჯეროდათ თუ არა, რომ ქრისტე მმართველობდა. აუდიტორიამ ერთხმად დადებითი პასუხი გასცა. ამის საპასუხოდ ჯოზეფ რუტერფორდმა თქვა: „თქვენ ხართ მისი ცნობის საჯაროდ განმცხადებლები. ამიტომ აუწყეთ, აუწყეთ, აუწყეთ!“, და სცენის თავზე ჩამოიშალა ბანერი, წარწერით: „აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ!“.

ამ მოწოდებამ დამსწრეებს კიდევ უფრო გაუღვივა ენთუზიაზმი, რომ მეტი შემართებით გაეზიარებინათ სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ. კონგრესზე დამსწრეთაგან ბევრი უკვე იყო სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის მქადაგებელი. თუმცა ძმა ჯოზეფ რუტერფორდის მოხსენებამ მათ ცხოვრებაში ახალი მუხტი შეიტანა და აღძრა ისინი, უფრო მეტი ძალისხმევა მოეხმარებინათ კარდაკარ მსახურებისთვის. ერთი და, ეთელ ბენეკოფი, რომელიც იმ დროს 20 წლის იყო, იხსენებს, რომ ბიბლიის მკვლევრები აღძრულები იყვნენ, უფრო მეტი ენთუზიაზმით ეუწყებინათ სამეფოს შესახებ. კიდევ ერთი და, ოდესა ტაკი, რომელიც მაშინ 18 წლის იყო, ამბობს: «ესაიას მსგავსად მინდოდა, მეთქვა: „მე წავალ! მე გამგზავნე!“».

1922 წელს სიდარ-პოინტში გამართული ნათლობა

ძმა ჯოზეფ რუტერფორდის მოხსენების წარმოთქმიდან ორი დღეს შემდეგ ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციამ მიიღო რეზოლუცია, სადაც აღნიშნული იყო: „ჩვენ, როგორც ქრისტიანული ჯგუფი, ჩვენი ბატონის, უფალ ქრისტე იესოს ნაკვალევს მივყვებით და მას ვემორჩილებით. ამიტომ უარს ვაცხადებთ ომებსა თუ რევოლუციებში მონაწილეობაზე და მხარს არ ვუჭერთ ანარქიასა და ძალადობას. ჩვენ არ მივმართავთ თაღლითობას და ღვთის სიტყვას ხალხის შეცდომაში შესაყვანად არ ვიყენებთ. ჩვენ უბრალოდ მშვიდობა გვსურს“. ამ რეზოლუციამ კიდევ უფრო გამოკვეთა განსხვავება ბიბლიის მკვლევრებსა და სხვა რელიგიებს შორის, რომლებიც მხარს უჭერდნენ პირველ და მეორე მსოფლიო ომებს და ხალხს მასში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ.

1922 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „ვიმედოვნებთ, რომ 1922 წლის კონგრესი იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კონგრესი, რაც კი ოდესმე ჩატარებულა და ათასობით დამსწრეს მოგონებები წლების განმავლობაში თან გაჰყვება“.

ძმების მოლოდინი ნამდვილად გამართლდა. დღეს, 100 წლის შემდეგ, აშკარად ვხედავთ, რომ იეჰოვა კვლავაც მხარს უჭერს სამქადაგებლო საქმეს, რომელიც ღვთის სამეფოს და მისი მეფის მეშვეობით ხორციელდება (მათე 24:14).