არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნინევე თავს იწონებდა შთამბეჭდავი შენობებითა და ძეგლებით.

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რა დაემართა ნინევეს იონას წინასწარმეტყველების შემდეგ?

ძვ. წ. VII საუკუნის ასურეთი მსოფლიოს უდიდეს იმპერიას წარმოადგენდა. ის „გადაჭიმული იყო დასავლეთით კვიპროსიდან აღმოსავლეთით ირანამდე. იყო დრო, როცა მის ფარგლებში ეგვიპტეც შედიოდა“, — აღნიშნულია ბრიტანეთის მუზეუმის ვებგვერდზე. მისი დედაქალაქი ნინევე მსოფლიოს უდიდეს ქალაქად ითვლებოდა. ნინევე თავს იწონებდა შთამბეჭდავი ქანდაკებებით, ულამაზესი ბაღებით, მდიდრული სასახლეებითა და უდიდესი ბიბლიოთეკებით. როგორც ძველ ნინევეში აღმოჩენილი კედლის წარწერიდან ვიგებთ, მეფე ასურბანიფალი სხვა ასურელი მეფეების მსგავსად თავს „მსოფლიოს მეფეს“ უწოდებდა. იმ დროს ასურეთი და მისი დედაქალაქი ნინევე უძლეველი ჩანდა.

ასურეთის სამეფო იმ ეპოქის უძლიერეს იმპერიად ითვლებოდა.

მაშინ, როცა ასურეთი თავისი დიდების მწვერვალზე იყო, იეჰოვას წინასწარმეტყველმა სოფონიამ მას უწინასწარმეტყველა: „[იეჰოვა] გაანადგურებს ასურეთს, ნინევეს უდაბნოსავით გაახრიოკებს“. წინასწარმეტყველმა ნაუმმა კი ასეთი რამ წარმოთქვა ამ ქალაქზე: „დაიტაცეთ ვერცხლი, დაიტაცეთ ოქრო!.. დაცარიელდა, გაუდაბურდა და აოხრდა ქალაქი!.. ყველა შენი შემხედვარე გაიქცევა და იტყვის, განადგურდა ნინევე“ (სოფ. 2:13; ნაუმ. 2:9, 10; 3:7). რადგან ასურეთის იმპერიის დამარცხება იმ დროს წარმოუდგენელი რამ იყო, ეს წინასწარმეტყველებები დაუჯერებლად ჟღერდა.

ნინევე უკაცრიელ და ხრიოკ ადგილად იქცა.

მაგრამ მოხდა ის, რასაც არავინ მოელოდა! ძვ. წ. VII საუკუნის დასასრულს ასურეთი ბაბილონელებმა და მიდიელებმა დაიპყრეს. საბოლოო ჯამში, ნინევე განადგურდა და დავიწყებას მიეცა. ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთ პუბლიკაციაში ნათქვამია: „შუა საუკუნეებისთვის ნინევეს მიტოვებული ნანგრევები ისე იყო ჩამარხული, რომ მხოლოდ ბიბლიიდან თუ შეიძლებოდა მისი არსებობის შესახებ რაიმეს გაგება“. ბიბლიური არქეოლოგიის საზოგადოების ონლაინ არქივის თანახმად, XVll საუკუნის დასაწყისში „კაციშვილს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ასურეთის დიდებული დედაქალაქი ოდესმე თუ არსებობდა“. 1845 წელს არქეოლოგმა ოსტინ ჰენრი ლეიარდმა ნინევეს ადგილას გათხრები დაიწყო. აღმოჩენილი ნანგრევები ნინევეს წარსული დიდების უტყუარი მოწმე იყო.

ნინევეზე ზუსტად შესრულებული ბიბლიური წინასწარმეტყველებები გვიმტკიცებს იმის რწმენას, რომ თანამედროვე პოლიტიკური სისტემის განადგურების შესახებ წარმოთქმული ბიბლიური წინასწარმეტყველებებიც ზედმიწევნით შესრულდება (დან. 2:44; გამოცხ. 19:15, 19—21).