არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წიგნი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ — ნაწილი 2

ასურეთი ბიბლიურ ისტორიაში

წიგნი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ — ნაწილი 2

ეს არის მეორე სტატია იმ შვიდი სტატიიდან, რომელიც „გამოიღვიძეთ!“-ის ყოველ მომდევნო ნომერში გამოქვეყნდება. ეს სტატიები განიხილავს ბიბლიაში მოხსენიებულ შვიდ მსოფლიო მპყრობელს. ამ სტატიების მიზანი იმის ჩვენებაა, რომ ბიბლია სანდოა და ღვთის შთაგონებით არის დაწერილი. მასში ჩაწერილია იმედის მომცემი ცნობა, რომ ადამიანთა არასწორი მმართველობის შედეგად გამოწვეულ ყოველგვარ ტანჯვას ბოლო მოეღება.

ახლო და შუა აღმოსავლეთში ხალხს ასურეთის ხსენებაზეც კი ძარღვებში სისხლი ეყინებოდა. ბიბლიის ერთ-ერთი წიგნის „იონას“ მიხედვით, წინასწარმეტყველი იონა ასურეთის დედაქალაქ ნინევეს საპირისპირო მიმართულებით გაიქცა მას შემდეგ, რაც ღმერთმა მას ამ ქალაქისთვის განაჩენის გაცხადება დაავალა (იონა 1:1—3). როგორც ჩანს, ამის მიზეზი ის იყო, რომ ასურელები ირგვლივ ყველას შიშის ზარს სცემდნენ.

სანდო ისტორია

წინასწარმეტყველმა ნაუმმა ნინევეს „ლომების ბუნაგი“ და „სისხლისმღვრელი ქალაქი“ უწოდა. შემდეგ დასძინა: „არ წყვეტს მტაცებლობას! ისმის მათრახის ხმა და ბორბლის გრიალი, დაქრის ცხენი და გრიალებს ეტლი. მხედარი, მახვილის ბზინვარება, შუბის ელვა, უამრავი დახოცილი და გვამების დიდი გროვა; ბოლო არ უჩანს გვამებს. გვამებზე ბორძიკობენ ისინი“ (ნაუმი 2:11; 3:1—3). ადასტურებს ისტორიული ცნობები ძველი ასურეთის შესახებ ბიბლიაში ჩაწერილ ინფორმაციას?

ერთ-ერთი წიგნი ასურეთს უწოდებს „სასტიკ საბრძოლო მანქანას, რომლის შემზარავი სახე შიშის ზარს სცემდა მტრებს“ (Light From the Ancient Past). ამას ადასტურებს ასურეთის მეფის ასურნასირფალ II-ის ტრაბახით წარმოთქმული სიტყვები, თუ როგორ გაუსწორდა თავის მოწინააღმდეგეებს:

„მისი ქალაქის კარიბჭესთან სვეტი აღვმართე, აჯანყებული მთავრები გავატყავე და სვეტი მათი ტყავით დავფარე. ზოგი სვეტში ჩავაყოლე, ზოგი კი ზედ გავაკარი . . . ხელ-ფეხი დავაჭერი სამეფო კარის ყველა აჯანყებულ მოხელეს . . . ტყვეთა შორის ბევრი ცეცხლში დავწვი და ბევრიც ცოცხლად წამოვიყვანე“. ასურელთა სამეფო სასახლეების გათხრებისას არქეოლოგებმა კედლებზე აღმოაჩინეს რელიეფური გამოსახულებები, რომლებიც აღგვიწერს, რა სისასტიკით ეპყრობოდნენ ასურელები ტყვეებს.

ძვ. წ. 740 წელს ასურელებმა ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს დედაქალაქი, სამარია დაიპყრეს, იქ მცხოვრები ხალხი კი გადაასახლეს. რვა წლის შემდეგ ასურეთი იუდაშიც შეიჭრა * (2 მეფეები 18:13). ასურეთის მეფე სინახერიბმა იუდას მეფე ხიზკიას ხარკის სახით 30 ტალანტი ოქრო და 300 ტალანტი ვერცხლი მოსთხოვა. ბიბლიაში ჩაწერილია, რომ ხიზკიამ ეს ხარკი გადაიხადა. მაგრამ სინახერიბი ამას არ დასჯერდა და მეფეს იუდას დედაქალაქის, იერუსალიმის უსიტყვოდ ჩაბარება მოსთხოვა (2 მეფეები 18:9—17, 28—31).

არქეოლოგებმა იგივე ინფორმაცია ნინევეში სინახერიბის ანალებშიც ანუ ისტორიულ ჩანაწერებშიც აღმოაჩინეს. ექვსკუთხა თიხის პრიზმაზე გაკეთებული წარწერიდან ვიგებთ, როგორ იკვეხნის ასურეთის მეფე: „იუდეველმა ხიზკიამ არ დაიდგა ჩემი უღელი. ამიტომ ალყაში მოვაქციე და დავიპყარი მისი 46 გამაგრებული ქალაქი, გალავნიანი ციხე-სიმაგრეები და ირგვლივ მდებარე უამრავი პატარა სოფელი . . . თვითონ ის [ხიზკია], როგორც ჩიტი გალიაში, იერუსალიმში — მის სატახტო ქალაქში გამოვამწყვდიე“. სინახერიბი იმასაც ამბობს, რომ ხიზკიამ მას გაუგზავნა „30 ოქროს ტალანტი, 800 ვერცხლის ტალანტი, ძვირფასი ქვები . . . (და) ყოველგვარი ძვირფასეულობა“. სინამდვილეში, ის აზვიადებს ხიზკიასგან მიღებული ვერცხლის რაოდენობას.

აღსანიშნავია ისიც, რომ სინახერიბი არაფერს ამბობს იერუსალიმის დაპყრობის შესახებ და არც იმას მოიხსენიებს, ღვთის ჩარევით, როგორ დამარცხდა მისი ჯარი. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, ღვთის ანგელოზმა ერთ ღამეში 185 000 ასურელი ჯარისკაცი დახოცა (2 მეფეები 19:35, 36). ერთ-ერთი მკვლევარი, ჯეკ ფინეგანი ამბობს: „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასურეთის მეფეთა წარწერები ძირითადად ტრაბახის სულშია შესრულებული, არც არის გასაკვირი, რომ სინახერიბი თავისი მარცხის შესახებ არაფერს ამბობს“.

უტყუარი წინასწარმეტყველება

დაახლოებით ასი წლით ადრე, ვიდრე ასურეთის იმპერია დაემხობოდა, ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ იეჰოვა ღმერთი პასუხს მოსთხოვდა ამ ამაყ დამპყრობლებს იმის გამო, რომ კადნიერად ეპყრობოდნენ მის ხალხს: „პასუხს მოვთხოვ ასურეთის მეფეს მისი გულის კადნიერების ნაყოფისა და მედიდური თვალების თავდაჯერებული მზერის გამო“ (ესაია 10:12). გარდა ამისა, ღვთის წინასწარმეტყველმა ნაუმმა ნინევეს შესახებ თქვა, რომ გაიძარცვებოდა, მისი კარიბჭეები მტრებისთვის გაიღებოდა და მცველები გაიქცეოდნენ (ნაუმი 2:8, 9; 3:7, 13, 17, 19). წინასწარმეტყველმა სოფონიამ კი ნინევეს გაპარტახება უწინასწარმეტყველა (სოფონია 2:13—15).

ეს წინასწარმეტყველებები ძვ. წ. 632 წელს შესრულდა, როცა ნინევე ბაბილონელებმა და მიდიელებმა ერთობლივი ძალით გაანადგურეს. ამგვარად ასურეთის იმპერიას სამარცხვინოდ მოეღო ბოლო. ბაბილონურ ქრონიკაში ნათქვამია, რომ „დამპყრობლებმა დიდძალი ნადავლი წაიღეს ქალაქიდან და ტაძრიდან“ და ნინევე „ნანგრევების გროვად აქციეს“. მდინარე ტიგროსის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ მოსულის (ერაყი) მოპირდაპირე მხარეს მდებარე უკაცრიელ ადგილას, სადაც ერთ დროს ნინევე იყო, ახლა მხოლოდ ნანგრევებს ნახავთ.

ასურეთის განადგურებამ კიდევ ერთი წინასწარმეტყველების შესრულებას შეუწყო ხელი. ასურეთის დაცემამდე, ძვ. წ. 740 წელს ასურელებმა ისრაელის ათტომიანი სამეფოს მოსახლეობა უცხო მიწაზე გადაასახლეს. დაახლოებით იმ პერიოდში წინასწარმეტყველმა ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ იეჰოვა შემუსრავდა და გათელავდა ასურეთს, ისრაელს კი სამშობლოში დააბრუნებდა. ესაიამ დაწერა: „რათა შეკრიბოს [ღმერთმა] თავისი ხალხიდან დარჩენილები ასურეთიდან“. დაახლოებით ორასი წლის შემდეგ, ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა (ესაია 11:11, 12; 14:25).

უტყუარი დანაპირები

ნინევეს დაცემამდე დიდი ხნით ადრე, როცა ასურეთის მტრები მისი მეფეების შიშით ძრწოდნენ, ესაიამ სრულიად განსხვავებული მმართველის გამოჩენა იწინასწარმეტყველა. მან დაწერა: „შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე, რომლის მხარზეც იქნება ხელმწიფობა. დაერქმევა მას . . . მშვიდობის მთავარი. მისი ხელმწიფობა განივრცობა და მშვიდობას ბოლო არ ექნება დავითის ტახტზე და მის სამეფოში მის განსამტკიცებლად და სამართლიანობითა და სიმართლით მის შესანარჩუნებლად, ახლაც და მარადიულადაც. ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მოშურნეობა გააკეთებს ამას“ (ესაია 9:6, 7).

„მშვიდობის მთავრის“, ანუ იესო ქრისტეს მმართველობა, მთელ დედამიწაზე გავრცელდება. ფსალმუნის 72:7, 8-ში ნათქვამია: „მის დროს აყვავდება მართალი და იქნება დიდი მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს. მისი მორჩილები იქნებიან ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდეებამდე“.

იეჰოვა ღმერთი თავის მიერ არჩეული „მშვიდობის მთავრის“ მეშვეობით შეასრულებს იმ დანაპირებს, რომელიც ფსალმუნის 46:8, 9-შია ჩაწერილი: „მოდით, იხილეთ იეჰოვას საქმეები! რა საოცრებები მოახდინა დედამიწაზე. ის წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე, მშვილდს ლეწავს და შუბს ამტვრევს, ცეცხლში ბუგავს ეტლებს“.

ვიდრე ეს წინასწარმეტყველება შესრულდება, იეჰოვას მოწმეები ბიბლიურ საგანმანათლებლო პროგრამაში იღებენ მონაწილეობას და იესოს მსგავსად ადამიანებს მშვიდობიან ცხოვრებას ასწავლიან. მხოლოდ ღმერთს შეუძლია ესაიას 2:4-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების შესრულება: „ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს“. დღეს კი პირიქით, მსოფლიო მმართველები წელიწადში ტრილიონ დოლარს ხარჯავენ შეიარაღებაზე.

სანდო ისტორია და უტყუარი წინასწარმეტყველებები ბიბლიას შეუდარებელს ხდის და ჭეშმარიტებას მოწყურებულებს იმაში არწმუნებს, რომ ეს წიგნი ნამდვილად იმსახურებს ნდობას. ამ სერიის მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ ბიბლიურ ისტორიაში მესამე მსოფლიო იმპერიის დედაქალაქზე, ძველ ბაბილონზე.

^ აბზ. 9 სოლომონის მეფობის შემდგომ, ისრაელის 12-ტომიანი სამეფო ორად გაიყო. იუდასა და ბენიამინის ტომებისგან სამხრეთ სამეფო ჩამოყალიბდა, ხოლო დანარჩენი ათი ტომისგან — ჩრდილოეთ სამეფო. იერუსალიმი სამხრეთ სამეფოს დედაქალაქი იყო, სამარია კი — ჩრდილოეთ სამეფოს.