არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გასაჭირის დროს ღმერთი ყოველთვის მანუგეშებდა

გასაჭირის დროს ღმერთი ყოველთვის მანუგეშებდა

გასაჭირის დროს ღმერთი ყოველთვის მანუგეშებდა

მოგვითხრო ვიქტორია კოლიოიმ

ერთხელ ექიმმა დედაჩემს უთხრა: „მეტი არაფრის გაკეთება აღარ შეგვიძლია თქვენი გოგონასთვის. მას მთელი ცხოვრება ყავარჯნებითა და ორთოპედიული აპარატით მოუწევს სიარული“. ამან გამანადგურა. როგორ უნდა მეცხოვრა, თუ სიარულს ვერ შევძლებდი?

დავიბადე 1949 წლის 17 ნოემბერს ტაპაჩულაში (ჩიაპასის შტატი, მექსიკა). ოთხი დედმამიშვილიდან უფროსი მე ვიყავი. საკმაოდ მხიარული და ჯანმრთელი ბავშვი ვიყავი. მაგრამ ექვსი თვის ასაკში ვეღარ დავხოხავდი და მოძრაობაც მიჭირდა. ორი თვის შემდეგ კი მოძრაობის უნარი საერთოდ დავკარგე. ადგილობრივი ექიმები საგონებელში ჩაცვივდნენ, რადგან ტაპაჩულაში მსგავსი სიმპტომები სხვა ბავშვებსაც აღმოაჩნდათ. ამიტომ მეხიკოდან ჩვენს გამოსაკვლევად ორთოპედი ჩამოვიდა. მან პოლიომიელიტის დიაგნოზი დაგვისვა.

სამი წლის ასაკში ბარძაყის, მუხლებისა და კოჭების ოპერაცია გამიკეთეს. მოგვიანებით ამ დაავადებამ მარჯვენა მხარიც დამიზიანა. ექვსი წლის ასაკში მკურნალობის გასაგრძელებლად მეხიკოში ბავშვთა საავადმყოფოში დამაწვინეს. დედა ჩიაპასში ერთ-ერთ ფერმაში მუშაობდა, ამიტომ მეხიკოში ბებიასთან დავრჩი. დროის უმეტეს ნაწილს საავადმყოფოში ვატარებდი.

რვა წლის ასაკში მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, მაგრამ მოგვიანებით ყველაფერი უარესობისკენ წავიდა და თანდათანობით მოძრაობის უნარი საერთოდ დავკარგე. ბოლოს ექიმებმა მითხრეს, რომ მთელი ცხოვრება ყავარჯნებითა და ორთოპედიული აპარატით მომიწევდა გადაადგილება.

რვა წლის განმავლობაში (7-დან 15 წლამდე) ხერხემალზე, ფეხებზე, მუხლებზე, კოჭებსა და ფეხის თითებზე 25 ოპერაცია გამიკეთეს. ყოველი ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესს გავდიოდი. ერთ-ერთი ოპერაციის შემდეგ ფეხები თაბაშირში ჩამისვეს. როცა თაბაშირი მომხსნეს, მტკივნეული ვარჯიშების კეთება მომიწია.

ნამდვილი ნუგეში

თერთმეტი წლის ვიყავი, როცა ოპერაციის შემდეგ დედამ მომინახულა. მას იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ ჟურნალ „საგუშაგო კოშკიდან“ გაეგო, რომ იესო ქრისტე კურნავდა ავადმყოფებს და დამბლადაცემულებს ფეხზე აყენებდა. დედამ ეს ჟურნალი მეც დამიტოვა. მე ის ბალიშის ქვეშ შევინახე, მაგრამ ერთ დღესაც ის იქ აღარ დამხვდა. ჟურნალი მედდებს უპოვიათ და აუღიათ. მათ ამიკრძალეს მისი წაკითხვა.

ერთი წლის შემდეგ დედამ ისევ მომინახულა. იმ დროს ის უკვე ბიბლიას სწავლობდა მოწმეებთან. მან მომიტანა წიგნი „დაკარგული სამოთხიდან დაბრუნებულ სამოთხემდე“ * და მითხრა: „თუ გინდა იცხოვრო ახალ ქვეყნიერებაში, სადაც იესო განგკურნავს, ბიბლია უნდა ისწავლო“. ასე რომ, ბებიის წინააღმდეგობის მიუხედავად, 14 წლის ასაკში მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. მომდევნო წელს საავადმყოფოს დატოვება მომიწია, რადგან ის მხოლოდ მცირეწლოვანი ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი.

პრობლემებთან გამკლავება

ძალიან გულგატეხილი ვიყავი. ბებიის წინააღმდეგობის გამო იძულებული გავხდი ჩიაპასში დავბრუნებულიყავი და მშობლებთან მეცხოვრა. პრობლემები არც სახლში გვაკლდა, რადგან მამას სმა უყვარდა. სიცოცხლე მომბეზრდა და თავის მოწამვლას ვფიქრობდი. მაგრამ ბიბლიის შესწავლა თვალსაზრისის შეცვლაში დამეხმარა. ძალიან მამხნევებდა სამოთხეზე ფიქრი, რომელიც ღვთის დაპირებისამებრ მალე დედამიწაზე იქნება.

ბიბლიაში ჩაწერილი ამ დიდებული იმედის შესახებ სხვებთანაც დავიწყე საუბარი (ესაია 2:4; 9:6, 7; 11:6—9; გამოცხადება 21:3, 4). 1968 წლის 8 მაისს კი 18 წლის ასაკში მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი. 1974 წლიდან თვეში 70 საათზე მეტს ვუთმობდი სხვებთან საუბარს იმ იმედის შესახებ, რომელიც სიცოცხლის სტიმულს მაძლევდა.

აზრიანი და კმაყოფილების მომტანი ცხოვრება

გარკვეული დროის შემდეგ მე და დედა ტიხუანაში, მექსიკისა და შეერთებული შტატების საზღვართან ახლოს გადავედით საცხოვრებლად. ჩვენი საცხოვრებელი ზუსტად არის მორგებული ჩვენს საჭიროებებს. სახლში გადაადგილებას ყავარჯნებისა და ორთოპედიული აპარატის მეშვეობით ვახერხებ, ხოლო საჭმლის მომზადებასა და დაუთოებას ინვალიდის სავარძელში მჯდომი. მსახურებაში გოლფის პატარა ელექტროძრავიანი მანქანით დავდივარ, რომელიც სპეციალურად ჩემთვის არის გადაკეთებული.

ბიბლიურ სწავლებებზე ადამიანებს მხოლოდ ქუჩებსა და სახლებში არ ვესაუბრები. ხშირად მივდივარ საავადმყოფოსთან, რათა იმ ადამიანებსაც ვესაუბრო, რომლებიც იქ სამედიცინო დახმარების მისაღებად არიან მისულები. მათთან საუბრის შემდეგ ჩემი მანქანით ბაზარში მივდივარ საყიდლებზე. შემდეგ კი სახლში ვბრუნდები, რათა დედას სახლის დალაგებასა და საჭმლის მომზადებაში დავეხმარო.

დედა 78 წლისაა. მან სამჯერ გადაიტანა გულის შეტევა, რის გამოც ჯანმრთელობა სერიოზულად აქვს შერყეული. ამიტომ მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მე მიწევს. ოჯახის სარჩენად მეორად ტანსაცმელს ვყიდი. სუსტი ჯანმრთელობის მიუხედავად ჩვენ რეგულარულად ვესწრებით კრების შეხვედრებს. ბიბლიას 30-ზე მეტ ადამიანს ვასწავლიდი. ისინი ახლა თავად ესაუბრებიან სხვებს ბიბლიის შესახებ.

მტკიცედ მჯერა, რომ შესრულდება ღვთის დანაპირები: „მაშინ [ღვთის ახალ ქვეყნიერებაში] კოჭლი ირემივით იხტუნებს“. მანამ კი ღვთის ამ სიტყვებით ვინუგეშებ თავს: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ. აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ. მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები. ჩემი სიმართლის მარჯვენას ჩაგჭიდებ“ (ესაია 35:6; 41:10). *

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ 1958 წელს. ამჟამად აღარ გამოიცემა.

^ აბზ. 18 ვიქტორია კოლიოი 2009 წლის 30 ნოემბერს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა, დედამისი კი 2009 წლის 5 ივლისს.

[სურათი 12 გვერდზე]

შვიდი წლის ასაკში ორთოპედიული აპარატით

[სურათი 13 გვერდზე]

მსახურებაში პატარა ელექტროძრავიანი მანქანით დავდივარ, რომელიც სპეციალურად ჩემთვის არის გადაკეთებული