არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საშობაო განწყობით მოცული მსოფლიო

საშობაო განწყობით მოცული მსოფლიო

საშობაო განწყობით მოცული მსოფლიო

სიხარულით ელოდებით შობა-ახალ წელს თუ იძაბებით მისი მოახლოებისას? ამ პერიოდში მილიონობით ადამიანი იწყებს იმაზე ფიქრს, თუ ვის რა აჩუქოს, გასწვდება თუ არა ხარჯებს და რამდენი ხანი მოუწევს საახალწლოდ აღებული ვალების გადახდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, შობა-ახალი წელი დიდი პოპულარობით სარგებლობს. საშობაო განწყობა არაქრისტიანულ ქვეყნებსაც გადაედო. იაპონიაში შობა მრავალი ოჯახისთვის ჩვეულებრივი დღესასწაულია, რომელიც არანაირ რელიგიურ დატვირთვას არ ატარებს. „ლოყებღაჟღაჟა სანტა-კლაუსს [ჩინეთის] დიდი ქალაქების მაღაზიების არაერთ ვიტრინაში ნახავთ. საშობაო ციებ-ცხელებამ ქალაქის მოსახლეობის საშუალო ფენაც მოიცვა. მათ საყიდლებზე სიარულისთვის, ჭამა-სმისა და დროს ტარებისთვის კარგი მიზეზი მიეცათ“, — ნათქვამია „უოლ-სტრიტ ჯორნელში“.

მრავალ ქვეყანაში შობა-ახალი წელი კარგი შემოსავლის წყაროდ იქცა, განსაკუთრებით ჩინეთში, რომელიც „ხელოვნური ნაძვის ხეების, ბრჭყვიალა მოსართავების, მოციმციმე ნათურებისა თუ სხვა საახალწლო აქსესუარების უმსხვილესი ექსპორტიორია“, — ნათქვამია იმავე ჟურნალში.

შობა-ახალი წლის მსგავს დღესასწაულებს მუსლიმანებიც აღნიშნავენ, ოღონდ არა 25 დეკემბერს. ანკარასა (თურქეთი) და ბეირუთში (ლიბანი) უკვე აღარავის უკვირს ვიტრინებში მარადმწვანე ხეებისა და შეფუთული საჩუქრების დანახვა. ინდონეზიაში სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები აფინანსებენ სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებას, რომლის დროსაც ბავშვებს სანტა-კლაუსთან სადილი და სურათების გადაღება შეუძლიათ.

დასავლეთის ქვეყნებში შობა წმინდა კომერციული დღესასწაულია, რომელიც მთელი თავისი რეკლამებით „აშკარად ბავშვებზეა გათვლილი“, — ნათქვამია კანადაში გამომავალ ერთ საინფორმაციო ბიულეტენში (Royal Bank Letter). მართალია, ზოგიერთები ჯერ კიდევ ესწრებიან საშობაო წირვა-ლოცვას ეკლესიებში, მაგრამ ბევრი ეკლესიებში სიარულს სავაჭრო ადგილებში სიარულს ამჯობინებს, სადაც ხშირად გაისმის საშობაო სიმღერები. რამ გამოიწვია ეს ბუმი? არის ეს რამენაირად დაკავშირებული შობის წარმოშობასთან? საიდან მომდინარეობს ეს დღესასწაული?

სანამ ამ კითხვებს გავცემთ პასუხს, მოდით ერთად განვიხილოთ ის ბიბლიური მონაკვეთი, რომელიც სავარაუდოდ შობის დღესასწაულს უდევს საფუძვლად.

[ჩარჩო⁄სურათი 4 გვერდზე]

რას გვამცნობს სახარებები

მათეს სახარება: «როცა მეფე ჰეროდეს დროს იუდეის ბეთლემში იესო დაიბადა, აღმოსავლეთიდან იერუსალიმში ასტროლოგები მივიდნენ და თქვეს: „სად არის იუდეველთა მეფე რომ დაიბადა? აღმოსავლეთში მისი ვარსკვლავი ვიხილეთ და მოვედით, რათა მდაბლად თაყვანი ვცეთ“. ამის მოსმენაზე აფორიაქდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი. შეკრიბა უფროსი მღვდლები . . . და გამოჰკითხა, თუ სად უნდა დაბადებულიყო ქრისტე». როცა უთხრეს, რომ ის ბეთლემში უნდა დაბადებულიყო, ასტროლოგებს უთხრა: „წადით, კარგად მოძებნეთ ის ბავშვი და, როცა იპოვით, შემატყობინეთ“.

„მათ მოუსმინეს მეფეს და წავიდნენ. და აი, ვარსკვლავი, რომელიც მათ აღმოსავლეთში იხილეს, წინ მიუძღოდა მათ იმ ადგილამდე, სადაც ბავშვი იყო . . . როცა სახლში შევიდნენ, დაინახეს ბავშვი მარიამთან, დედამისთან“. მას შემდეგ, რაც იესოს ძღვენი მიართვეს, „ღმერთმა სიზმარში გააფრთხილა, ჰეროდესთან არ დაბრუნებულიყვნენ, [ამიტომ] სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში“.

«მათი წასვლის შემდეგ იოსებს სიზმარში იეჰოვას ანგელოზი ეჩვენა და უთხრა: „ადექი, წაიყვანე ბავშვი და დედამისი, გაიქეცი ეგვიპტეში . . .“. ისიც ადგა იმ ღამეს, წაიყვანა ბავშვი და დედამისი და წავიდა . . . როცა ჰეროდემ დაინახა, რომ ასტროლოგებმა მოატყუეს, გაცეცხლდა, დაგზავნა ხალხი და ბეთლემსა და მთელ მის შემოგარენში დაახოცვინა ორ წლამდე ასაკის ყველა ბიჭი» (მათე 2:1—16).

ლუკას სახარება: „იოსებიც წავიდა გალილეის ქალაქ ნაზარეთიდან იუდეაში, დავითის ქალაქ ბეთლემში . . . რათა აღწერილიყო მარიამთან, თავის ცოლთან ერთად . . . იქ ყოფნისას მას . . . შეეძინა ვაჟი, პირმშო, სახვევებში გაახვია და ბაგაში ჩააწვინა, რადგან სასტუმროში ადგილი აღარ იყო“.

«იმ მხარეში მწყემსები იყვნენ ველად და ღამით თავიანთ სამწყსოს დარაჯობდნენ. უეცრად იეჰოვას ანგელოზი დადგა მათ წინაშე . . . მწყემსები ძალიან შეშინდნენ. ანგელოზმა უთხრა მათ: „ნუ გეშინიათ, რადგან გახარებთ, რომ ყველას დიდი სიხარული ელის: დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მხსნელი, უფალი ქრისტე“». მაშინ მწყემსები „სასწრაფოდ წავიდნენ და ნახეს მარიამი, იოსები და ჩვილი, რომელიც ბაგაში ეწვინათ“ (ლუკა 2:4—16).