არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოაგვარებთ უთანხმოებებს და შეუწყობთ ხელს მშვიდობას?

მოაგვარებთ უთანხმოებებს და შეუწყობთ ხელს მშვიდობას?

იეჰოვა ღმერთი მოუწოდებს ქრისტიანებს, მშვიდობისკენ სწრაფვა თავიანთი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქციონ. თუ ასე მოვიქცევით, თანაქრისტიანებთან მშვიდობიანი ურთიერთობა გვექნება და ქრისტიანული კრება მშვიდობისმოყვარე ხალხს მიიზიდავს.

მაგალითად, მადაგასკარზე ერთმა ცნობილმა ექიმბაშმა შეამჩნია, რომ იეჰოვას მოწმეებს შორის ერთსულოვნება სუფევდა. მან გაიფიქრა: „თუ ოდესმე რომელიმე რელიგიის მიმდევრობას გადავწყვეტ, იეჰოვას მოწმე გავხდები“. დროთა განმავლობაში მან კავშირი გაწყვიტა სპირიტიზმთან, გაითვალისწინა ბიბლიური პრინციპები ქორწინებასთან დაკავშირებით, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდა, და მშვიდობის ღმერთის, იეჰოვას, თაყვანისმცემელი გახდა.

ამ კაცის მსგავსად ყოველ წელს ათასობით ადამიანი ქრისტიანულ კრებაში პოულობს მშვიდობას, რომელიც ასე სწყურიათ. თუმცა ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ „მწარე შურსა და შუღლს“ შეუძლია მეგობრების დაშორება და კრებაში უთანხმოებების გაჩენა (იაკ. 3:14—16). საბედნიეროდ, ბიბლია რჩევებსაც გვაძლევს, როგორ ავიცილოთ თავიდან მსგავსი პრობლემები და როგორ შევუწყოთ ხელი მშვიდობას. სანამ ამ რჩევებზე ვისაუბრებთ, განვიხილოთ რამდენიმე რეალური შემთხვევა.

პრობლემა და გამოსავალი ამ პრობლემიდან

„ჩემს თანამშრომელთან საერთო ენის გამონახვა მიჭირდა. ერთხელ, როცა მე და ეს ძმა ერთმანეთს ვუყვიროდით, ოთახში ორი კაცი შემოვიდა და ჩვენს დაპირისპირებას შეესწრო“ (კრისი).

„ერთმა დამ, რომელთანაც ხშირად ვქადაგებდი, მოულოდნელად უარი მითხრა მსახურებაზე, შემდეგ კი აღარც მელაპარაკებოდა. წარმოდგენა არ მქონდა, რა დაემართა“ (ჯანეტი).

„სამნი ვსაუბრობდით კონფერენცზარის მეშვეობით. ერთ-ერთი დაგვემშვიდობა. მეგონა, რომ ის უკვე აღარ იყო ხაზზე. ამიტომ ისეთი რაღაცები ვთქვი მასზე, რაც მთლად კარგი არ იყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ისევ გვისმენდა“ (მაიკლი).

„ჩვენს კრებაში ორ პიონერს ურთიერთობა დაეძაბა. ერთი მწარედ აკრიტიკებდა მეორეს. მათმა კინკლაობამ კრების წევრებზე ძალიან ცუდად იმოქმედა“ (გარი).

შესაძლოა ფიქრობთ, რომ ეს უმნიშვნელო გაუგებრობები იყო. მაგრამ თითოეულ შემთხვევაში არსებობდა საშიშროება, რომ გაუგებრობას ძლიერი ემოციური ტკივილი გამოეწვია და უარყოფითად ემოქმედა ამ ადამიანების სულიერ მდგომარეობაზე. ალბათ, გაგახარებთ იმის გაგება, რომ ამ და-ძმებმა გაითვალისწინეს ბიბლიური პრინციპები და მშვიდობა აღადგინეს. რომელი რჩევები დაეხმარა მათ?

„ნუ იდავებთ გზაში“ (დაბ. 45:24). იოსებმა ეს სიტყვები თავის ძმებს უთხრა, რომლებიც მამასთან ბრუნდებოდნენ. როცა ადამიანი გრძნობებს ვერ აკონტროლებს და ადვილად გამოდის მდგომარეობიდან, ამან შეიძლება სხვებიც გააღიზიანოს. კრისი მიხვდა, რომ მისი სისუსტე სიამაყე იყო და მითითებების მიღება უჭირდა. მას ძალიან უნდოდა, შეცვლილიყო, ამიტომ მოუბოდიშა ძმას და ყველაფერი გააკეთა საკუთარი თავისა და გრძნობების გასაკონტროლებლად. მისი შემხედვარე, თანამშრომელმაც გარკვეული ცვლილებები მოახდინა. ახლა ისინი მხარდამხარ ემსახურებიან იეჰოვას.

„გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება“ (იგავ. 15:22). ჯანეტი მიხვდა, რომ უნდა გაეთვალისწინებინა ეს პრინციპი. მან გადაწყვიტა, გულახდილად ესაუბრა დასთან, რომელმაც მასთან ურთიერთობა შეწყვიტა. საუბრის დროს ჯანეტმა სთხოვა დას, აეხსნა განაწყენების მიზეზი. ცხადია, ამ თემაზე ლაპარაკი ადვილი არ იქნებოდა. თავიდან დაძაბულობა შეიმჩნეოდა, მაგრამ ნელ-ნელა სიტუაცია განიმუხტა და საუბარი მშვიდი ტონით წარიმართა. და მიხვდა, რომ ადგილი ჰქონდა გაუგებრობას და ჯანეტი არაფერ შუაში იყო. მან ბოდიში მოუხადა ჯანეტს. ახლა ისინი კვლავ ძველებურად თანამშრომლობენ.

„თუ ძღვენი მიიტანე სამსხვერპლოსთან და იქ გაგახსენდა, რომ შენს ძმას რაღაც აქვს შენ წინააღმდეგ, დატოვე შენი ძღვენი იქვე სამსხვერპლოს წინ, წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი“ (მათ. 5:23, 24). ალბათ გახსოვთ, რომ ეს სიტყვები იესომ მთაზე ქადაგებისას წარმოთქვა. ზემოთ მოხსენიებული მაიკლი თავს საშინლად გრძნობდა, რადგან დაუფიქრებლად და უტაქტოდ მოიქცა. მან გადაწყვიტა, მშვიდობა აღედგინა ძმასთან, რომელსაც აწყენინა. ის შეხვდა მას და თავმდაბლად მოუბოდიშა. რა შედეგი გამოიღო ამან? მაიკლი ამბობს: „ძმამ მთელი გულით მაპატია“. მათ შორის ჩატეხილი ხიდი გამთელდა.

„მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ“ (კოლ. 3:12—14). ერთი უხუცესი დაეხმარა ზემოთ მოხსენიებულ ორ პიონერს, დაფიქრებულიყვნენ შემდეგ კითხვებზე: განა გვაქვს იმის უფლება, რომ ჩვენი უთანხმოების გამო სხვები დავამწუხროთ?! ნუთუ მართლა არა გვაქვს მიზეზი, რომ მოვუთმინოთ ერთმანეთს და მშვიდობა შევინარჩუნოთ კრებაში?! ამ დებმა, რომლებიც დიდი ხნის პიონერები იყვნენ, გაითვალისწინეს უხუცესის რჩევა. ახლა ისინი კარგად უგებენ ერთმანეთს და ერთად ქადაგებენ სასიხარულო ცნობას.

თუ ვინმემ გაწყენინათ, კარგი იქნება კოლოსელების 3:12—14-ში ჩაწერილი რჩევის გათვალისწინება. ბევრს თავმდაბლობა ეხმარება წყენის პატიებასა და დავიწყებაში. მაგრამ, თუ პრობლემა მაინც არ გვარდება, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ მათეს 18:15-ში ჩაწერილი პრინციპი. მიუხედავად იმისა, რომ ეს რჩევა სერიოზულ ცოდვებს ეხება, მისი გამოყენება მაინც შეგიძლიათ. მიდით მწყენინებელთან და თავმდაბლად შეეცადეთ პრობლემის მოგვარებას.

ბიბლიაში სხვა პრაქტიკული რჩევებიც არის ჩაწერილი. ისინი სასურველ შედეგს იმ შემთხვევაში მოგვიტანს, თუ გამოვავლენთ სულის ნაყოფისთვის დამახასიათებელ თვისებებს (გალ. 5:22, 23). როგორც ზეთით გაპოხვა უწყობს ხელს მექანიზმის გამართულად მუშაობას, ისე ღვთის მოსაწონი თვისებები აადვილებს მშვიდობის აღდგენას.

ხასიათების მრავალფეროვნება კრებას ამშვენებს

ხასიათი არის თვისებათა ერთობლიობა, რაც ადამიანებს ერთმანეთისგან განასხვავებს და მათ ურთიერთობას უფრო საინტერესოს ხდის. თუმცა ხასიათის განსხვავებულობა შეიძლება უთანხმოების მიზეზიც გახდეს. ერთი ძმა, რომელიც დიდი ხანია უხუცესად მსახურობს, ამბობს: „მორცხვ და მორიდებულ ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს გახსნილ და უკომპლექსო ადამიანებთან ურთიერთობა. მართალია, ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო განსხვავებაა, მაგრამ ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები წარმოშვას“. ხომ არ ფიქრობთ, რომ რადიკალურად განსხვავებული ხასიათის ადამიანები უთანხმოებებს ვერ გაექცევიან? დაფიქრდით ორი მოციქულის, პეტრესა და იოანეს ხასიათზე. მაგალითად, როცა პეტრეზე ვსაუბრობთ, ხშირად თვალწინ წარმოგვიდგება პირდაპირი და იმპულსური ადამიანი. რაც შეეხება მოციქულ იოანეს, მას ალბათ მოსიყვარულე და გაწონასწორებულ ადამიანად ვთვლით. ამისთვის გარკვეული საფუძველიც გვაქვს. როგორც ჩანს, მათ განსხვავებული ხასიათი ჰქონდათ, მაგრამ ეს მათ ხელს არ უშლიდა თანამშრომლობაში (საქ. 8:14; გალ. 2:9). დღესაც სავსებით შესაძლებელია, რომ განსხვავებული ხასიათის ქრისტიანებმა ერთმანეთთან კარგად ითანამშრომლონ.

შესაძლოა კრებაში რომელიმე თანაქრისტიანის საუბარი ან საქციელი გაღიზიანებთ. თუმცა გესმით, რომ ქრისტე მისთვისაც მოკვდა და ვალდებული ხართ, მის მიმართ სიყვარული გამოავლინოთ (იოან. 13:34, 35; რომ. 5:6—8). ნაცვლად იმისა, რომ ასეთ თანაქრისტიანთან მეგობრობაზე ხელი ჩაიქნიოთ ან მასთან ურთიერთობას მოერიდოთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: მართლა აკეთებს ის ისეთ რამეს, რასაც ბიბლია განსჯის?! განზრახ ცდილობს ჩემს გაღიზიანებას თუ უბრალოდ განსხვავებულები ვართ? რა მხრივ მაძლევს ის კარგ მაგალითს? განსაკუთრებით დასაფიქრებელია ბოლო კითხვა.

შესაძლოა ეს ადამიანი ლაპარაკის მოყვარულია, თქვენ კი არა. დაფიქრდით, როგორ გაუადვილდება მას მსახურებაში საუბრის წამოწყება. თუ მასთან მსახურებას დაგეგმავთ, ბევრ რამეს ისწავლით. ან შესაძლოა ის უფრო ხელგაშლილია, ვიდრე თქვენ. დაუკვირდით, რამხელა სიხარულს ანიჭებს მას ხანდაზმულების, დაუძლურებულებისა და გაჭირვებულების დახმარება. ამით იმის თქმა გვინდა, რომ განსხვავებული ხასიათის მიუხედავად, თქვენ შეგიძლიათ დაუახლოვდეთ თანაქრისტიანს, თუ მის დადებით თვისებებზე გაამახვილებთ ყურადღებას. შეიძლება განუყრელი მეგობრები არ გახდეთ, მაგრამ ეს დაგეხმარებათ, კარგი ურთიერთობა განივითაროთ ერთმანეთთან, შინაგანი სიმშვიდე იგრძნოთ და კრებაში მშვიდობას შეუწყოთ ხელი.

ევოდიასა და სინტიქეს შეიძლება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხასიათი და ჩვევები ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, პავლე მოციქულმა მოუწოდა მათ, ერთი აზრი ჰქონოდათ უფალში (ფილ. 4:2). აკეთებთ თქვენც ყველაფერს, რომ კრებაში მშვიდობა და ერთობა იყოს?

მალევე მოაგვარეთ უთანხმოებები

სარეველას მსგავსად, რომელიც ადვილად შეიძლება მოედოს ყვავილების ბაღს, გულში ჩატოვებულმა წყენამ შეიძლება ღრმად გაიდგას ფესვი, თუ მაშინვე არ ამოვძირკვავთ მას. ბოღმაში გადაზრდილმა წყენამ შეიძლება მთელ კრებაზე უარყოფითად იმოქმედოს. მაგრამ, იეჰოვასა და და-ძმების სიყვარული აღგვძრავს, არ მივცეთ პირად უთანხმოებებს ღვთის ხალხს შორის არსებული მშვიდობის დარღვევის საშუალება.

თავის დამდაბლებასა და მშვიდობისკენ სწრაფვას შესანიშნავი შედეგი მოჰყვება

როცა უთანხმოებების მოგვარებას მშვიდობიანი გზით ვცდილობთ, ხშირად შედეგი მოლოდინს აჭარბებს. განვიხილოთ ერთი დის შემთხვევა. ის გრძნობდა, რომ ერთი თანაქრისტიანი ბავშვივით ექცეოდა. ეს და ამბობს: „მისი დამოკიდებულება ძალიან მაღიზიანებდა, ამიტომ უხეშად და ცივად ვექცეოდი. ვფიქრობდი: რადგან ის არ მექცევა პატივისცემით, არც მე ვცემ პატივს“.

შემდეგ ეს და დაფიქრდა თავის საქციელზე. ის ამბობს: „დავინახე ჩემი სისუსტეები და ძალიან არ მომეწონა. მივხვდი, რომ აზროვნება უნდა შემეცვალა. ვილოცე ამ საკითხზე, დას პატარა საჩუქარი ვუყიდე და ბარათი დავუწერე, რომელშიც ჩემი უხეშობისთვის ბოდიშს ვუხდიდი. ჩვენ ჩავეხუტეთ ერთმანეთს და შევთანხმდით, რომ დავივიწყებდით მომხდარს. ამის შემდეგ ურთიერთობაში პრობლემა აღარ გვქონია“.

ადამიანები ილტვიან მშვიდობისკენ. მაგრამ მდგომარეობის დაკარგვის შიში და სიამაყე მათ ისეთი საქციელისკენ უბიძგებთ, რაც მშვიდობიანი სულაც არ არის. ეს ასეა მათ შორის, ვინც იეჰოვას თაყვანისმცემლები არ არიან, მაგრამ ღვთის ხალხს შორის მშვიდობა და ერთობა უნდა სუფევდეს. ღვთივშთაგონებით პავლე წერდა: „გევედრებით, იმ მოწოდების ღირსად იაროთ, რომლითაც მოწოდებულნი ხართ, სრული თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით, რომ სიყვარულით უთმენდეთ ერთმანეთს და გულმოდგინედ იცავდეთ სულის ერთიანობას მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირით“ (ეფეს. 4:1—3). „მშვიდობის გამაერთიანებელ კავშირს“ დიდი ფასი აქვს. მოდი გავაძლიეროთ ეს კავშირი და მშვიდობიანად მოვაგვაროთ ნებისმიერი უთანხმოება!