არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

▪ „თამბაქოს წევის შედეგად მე-20 საუკუნეში 100 მილიონი ადამიანი დაიღუპა“(ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, შვეიცარია).

▪ „დიდ ბრიტანეთში 1996—2003 წლებში თითქმის 9 000 პაციენტს გაუკეთდა გულის ოპერაცია. მათ შემთხვევაში, ვინც ოპერაციის დროს სისხლი გადაისხა, სიკვდილიანობის რისკი წლის განმავლობაში სამჯერ მეტი იყო, ხოლო ოპერაციიდან 30 დღის განმავლობაში ექვსჯერ მეტი, ვიდრე მათ შემთხვევაში, ვინც უარი თქვა სისხლის გადასხმაზე“(„ნიუ საიენტისტი“, დიდი ბრიტანეთი).

ხელს უწყობს მშვიდობას თუ პირიქით?

„შობის დღესასწაული ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია“, მაგრამ ამ დღესასწაულის დროს „არაერთი კონფლიქტური სიტუაცია იქმნება“, — ნათქვამია მშობლებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ შვედურ ჟურნალში (Vi Föräldrar). სინამდვილეში, შობის დროს ოჯახებში „უფრო მეტი კონფლიქტი და დავაა, ვიდრე წელიწადის რომელიმე სხვა დროს“. ამ ჟურნალის გამომცემლებმა 1 100-ზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვის მშობელი გამოკითხეს, რათა გაეგოთ, ჰქონდათ თუ არა უსიამოვნებები შობის პერიოდში. მშობლების დაახლოებით 88 პროცენტმა აღნიშნა, რომ მათ ოჯახებში კამათის მიზეზი ის გახდა, თუ სად და როგორ აღენიშნათ ეს დღესასწაული. ბევრი კი იმან გააღიზიანა, რომ პაპა-ბებიები ბავშვებს კანფეტებითა და ზედმეტი საჩუქრებით ანებივრებდნენ.

ინტერნეტის საშუალებით მათი შეძენა შესაძლებელია!

შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, შეემოწმებინათ, იქნებოდა თუ არა შესაძლებელი მათი პოტენციური მტრებისთვის „ინტერნეტის საშუალებით სამხედრო აღჭურვილობის შეძენა“, — ნათქვამია ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“. ისინი განაცვიფრა იმის აღმოჩენამ, რომ ამის გაკეთება ძალიან ადვილი იყო. კარგად ცნობილი ონლაინის გამოყენებით მათ უპრობლემოდ შეიძინეს შეერთებული შტატების სამხედროების ტყვიაგაუმტარი საჭურვლის კომპლექტის ნაწილები, ბირთვულ-ქიმიურ-ბიოლოგიური სპეციალური დამცავი ტანსაცმელი, გამანადგურებელი თვითმფრინავის რეაქტიული ძრავის ნაწილები და სხვა საბრძოლო მასალა. დაუდგენელია, სად შოულობენ ასეთ საომარ აღჭურვილობას მათით მოვაჭრეები. ამავე ჟურნალში ნათქვამია, რომ რამდენიმე მათგანზე ამჟამად ძებნაა გამოცხადებული.

გაცემას მეტი ბედნიერება მოაქვს

„ფული ბედნიერებას მოგიტანს, თუ დახარჯავ“, — ასეთი სათაურით დაიბეჭდა სტატია კანადაში გამომავალ გაზეთ „გლოუბ ენდ მეილში“. უმეტესობის აზრით, საკუთარი სიამოვნებისთვის ფულის დახარჯვას ბედნიერება მოაქვს, თუმცა ის, ვინც სხვების დასახმარებლად ხარჯავს ფულს, თანხის რაოდენობის მიუხედავად, გაცილებით ბედნიერია. „სიმდიდრეს ბედნიერება არ მოაქვს, რასაც არაერთი გამოკითხვა ადასტურებს, — ნათქვამია ამავე გაზეთში. — მათ, ვისაც ერთ დროს შემოსავალი მხოლოდ აუცილებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ყოფნიდა, დიდი ბედნიერება მაშინაც კი ვერ იგრძნეს, როცა შემოსავალი გაეზარდათ“.

უძველესი სუპერწებო

ძველად რომში სახელმწიფო მოხელის სადღესასწაულო მუზარადს ვერცხლისგან დამზადებული დეკორატიული დაფნის ფოთლები ამშვენებდა. ეს ფოთლები მუზარადზე ისეთი წებოვანი მასით იყო მიმაგრებული, რომელიც შეიძლება დღევანდელ სუპერწებოს შევადაროთ. ეს შემთხვევით აღმოაჩინა რაინლანდის მუზეუმის (ბორი, გერმანია) მთავარმა რესტავრატორმა ფრენკ ვილერმა. მან ძვ. წ. პირველი საუკუნით დათარიღებულ რკინის მუზარადს, რომელიც მდინარე რაინის ფსკერზე, სულ ცოტა, 1 500 წელი იდო, თხელპირიანი ხერხით პატარა დეტალი მოახერხა. „ხერხვის დროს მეტალის გაცხელების შედეგად მუზარადს დაფნის ფოთლები ასძვრა და მის ადგილას წებოსმაგვარი მასის ნაკვალევი დარჩა“, — გვიხსნის ვილერი. ანალიზმა აჩვენა, რომ ეს მყარი წებოვანი მასა ბიტუმის, ხის ფისისა და საქონლის ქონისგან შედგებოდა.