არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიიღეთ დახმარება „ნუგეშის მამისგან“

მიიღეთ დახმარება „ნუგეშის მამისგან“

მიიღეთ დახმარება „ნუგეშის მამისგან“

მეფე დავითი ძალიან იტანჯებოდა და „მშფოთვარე ფიქრები“ აწუხებდა. მაგრამ მას არასდროს შეჰპარვია ეჭვი იმაში, რომ შემოქმედს კარგად ესმის ადამიანების. იგი წერდა: „იეჰოვა, შენ გამომიკვლიე და მიცნობ. შენ იცი, როდის ვჯდები და როდის ვდგები. შორიდან ხვდები ჩემს ფიქრებს. ჯერ სიტყვაც არ არის ჩემს ენაზე, რომ შენ უკვე იცი ყველაფერი, იეჰოვა“ (ფსალმუნი 139:1, 2, 4, 23).

ჩვენც უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ შემოქმედს ესმის ჩვენი. მან იცის, როგორ თრგუნავს დეპრესია ჩვენს არასრულყოფილ გონებასა და სხეულს. მისთვის აგრეთვე ცნობილია, რა იწვევს დეპრესიას და როგორ შეიძლება დღევანდელ პირობებში მისი საუკეთესოდ დაძლევა. გარდა ამისა, შემოქმედი გვპირდება, რომ მალე დეპრესიით აღარავინ დაიტანჯება. ვერავინ დაგვეხმარება იმაზე უკეთ, ვიდრე „ჩაგრულების ნუგეშისმცემელი ღმერთი“ (2 კორინთელები 7:6).

თუმცა დეპრესიაში მყოფს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, როგორ ეხმარება ღმერთი მათ, ვისაც უარყოფითი ემოციები ეძალება.

არის იეჰოვა დეპრესიაში მყოფთა გვერდით?

ღმერთი ახლოს არის თავის მსახურებთან, რომლებიც დეპრესიაში არიან. ის თითქოს მკვიდრობს ‘დაჩაგრულებთან და თავმდაბლებთან, რათა გამოაცოცხლოს თავმდაბალთა სულები და გამოაცოცხლოს დაჩაგრულთა გულები’ (ესაია 57:15). რა მანუგეშებელია, რომ „იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“ (ფსალმუნი 34:18).

როგორ ანუგეშებს ღმერთი მათ, ვინც დეპრესიაშია?

ღვთის თაყვანისმცემლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიმართონ „ლოცვების მომსმენს“, რომელიც დაეხმარება, დასძლიონ უარყოფითი ემოციები (ფსალმუნი 65:2). ბიბლია მოგვიწოდებს, რომ გული გადმოვუღვაროთ იეჰოვას: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილიპელები 4:6, 7).

ხომ არ ფიქრობთ, რომ ღირსი არ ხართ, ღმერთმა თქვენი ლოცვები მოისმინოს?

ვინც დეპრესიაშია, შეიძლება დაასკვნას, რომ ღმერთს ვერანაირად ვერ ასიამოვნებს. მაგრამ ჩვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ მგრძნობიარენი ვართ და „ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფსალმუნი 103:14). მაშინაც კი, თუ „ჩვენი გული გვდებს მსჯავრს“, ჩვენ შეგვიძლია გულდაჯერებული ვიყოთ, რომ „ღმერთი ჩვენს გულებზე დიდია და მან ყველაფერი იცის“ (1 იოანე 3:19, 20). თქვენ შეგიძლიათ ლოცვის დროს გამოიყენოთ ისეთი სიტყვები, როგორიც მაგალითად, ფსალმუნის 9:9, 10; 10:12, 14, 17-სა და 25:17-შია ჩაწერილი.

იმდენად სასოწარკვეთილი ხომ არ ხართ, რომ გიჭირთ თქვენი გრძნობების სიტყვებით გადმოცემა?

როდესაც უარყოფითი გრძნობები მოგიზღვავდებათ და გაგიჭირდებათ სიტყვებით გადმოსცეთ თქვენი ტკივილი, გულს ნუ გაიტეხთ! მიმართეთ „თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამას“, რომელსაც ძალიან კარგად ესმის თქვენი გრძნობები და იცის, რა გჭირდებათ (2 კორინთელები 1:3). ამ სტატიათა სერიაში მოხსენიებული მარია ამბობს: „დროდადრო იმდენად დაბნეული ვარ, რომ არ ვიცი, რაზე ვილოცო. მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთს ესმის ჩემი და მეხმარება“.

როგორ პასუხობს ღმერთი ჩვენს ლოცვებს?

ბიბლია არ ამბობს, რომ ღმერთი დღეს ყველა ჩვენს პრობლემას გადაჭრის. მაგრამ ის გვაძლევს ძალას, რომ ავიტანოთ ყველაფერი, მათ შორის დეპრესია (ფილიპელები 4:13). მარტინა აღიარებს: „პირველ ხანებში იეჰოვას ვთხოვდი, რომ რაც შეიძლება მალე განვეკურნე დეპრესიისგან, რადგან ვფიქრობდი, რომ მეტის ატანა აღარ შემეძლო. დღეს კი იმითაც ვგრძნობ შვებას, რომ ღმერთს ყოველდღე ვთხოვ ძალას“.

დეპრესიაში მყოფთათვის სულიერი სიძლიერის წყარო ბიბლიაა. სარა, რომელიც 35 წელი დეპრესიით იტანჯებოდა, თავად დარწმუნდა, რომ ბიბლიის ყოველდღიურად კითხვას მართლაც დიდი ძალა აქვს. ის ამბობს: „ძალიან მადლიერი ვარ ექიმების, რომლებმაც დახმარება აღმომიჩინეს, მაგრამ ყველაზე მეტად ღვთის სიტყვა დამეხმარა. ბიბლიის რეგულარული კითხვა ჩვევად გავიხადე“.

დეპრესია სამუდამოდ მიეცემა დავიწყებას!

დედამიწაზე ყოფნის დროს იესო ქრისტემ ღვთის ძალით განკურნა სხვადასხვა დაავადებით გატანჯული ადამიანები. მას დიდი სურვილი ჰქონდა, მძიმე ავადმყოფებს შვება ეგრძნოთ. იესომ საკუთარ თავზე გამოსცადა, რას შეიძლება გრძნობდეს გატანჯული ადამიანი. წამებით სიკვდილის წინა ღამეს „ქრისტემ ძლიერი ღაღადითა და ცრემლებით შესწირა ვედრება და თხოვნა მას, ვისაც სიკვდილისგან მისი ხსნა შეეძლო“ (ებრაელები 5:7). ამიტომ, იესოს „შეუძლია დაეხმაროს მათაც, ვინც ახლა იცდება“ ანუ თავის მიმდევრებს, რომლებიც შინაგან ტკივილს განიცდიან (ებრაელები 2:18; 1 იოანე 2:1, 2).

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთის განზრახვის თანახმად, აღარ იარსებებს დეპრესიის ხელშემწყობი პირობები. ღმერთი გვპირდება: „ვქმნი ახალ ცასა და ახალ დედამიწას; აღარ გაიხსენებენ წინანდელს და არც გულში გაივლებენ. იხარეთ და მარადიულად იმხიარულეთ იმით, რასაც ვქმნი“ (ესაია 65:17, 18). „ახალი ცა“ ანუ ღვთის სამეფო ყველა პრობლემას გადაჭრის. „ახალი დედამიწა“, მართალი ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოება, ფიზიკურად, ემოციურად და სულიერად აბსოლუტურად ჯანმრთელი იქნება. ყველა დაავადება სამუდამოდ მოისპობა!

[ჩანართი 9 გვერდზე]

«იეჰოვა, ყველაზე ღრმა ორმოდან მოვუხმე შენს სახელს. ისმინე ჩემი ხმა, ყურს ნუ მომარიდებ, როცა შვებას, შველას გთხოვ! შენ მომიახლოვდი იმ დღეს, როცა მოგიხმობდი, და მითხარი: „ნუ გეშინია!“» (გოდება 3:55—57).

[ჩარჩო⁄სურათები 7 გვერდზე]

„ანუგეშეთ დამწუხრებული სულები“

ბარბარა დეპრესიით იტანჯება, მას ხშირად უღირსობის გრძნობა ეუფლება. როცა მისი მდგომარეობა გაუსაძლისი ხდება, ის და მისი ქმარი თავიანთი ოჯახის მეგობარს ჟერარს ურეკავენ, რომელიც უხუცესად მსახურობს კრებაში. ის ყოველთვის მოთმინებით უსმენს ბარბარას, რომელიც გულამოსკვნილი ქვითინებს და ერთსა და იმავეს გაუთავებლად იმეორებს.

ჟერარი მას ყურადღებით უსმენს, არ განსჯის, არ ეკამათება და არ კიცხავს (იაკობი 1:19). ბიბლიაში მოცემული რჩევის დახმარებით მან ისწავლა, ‘ენუგეშებინა დამწუხრებული სულები’ (1 თესალონიკელები 5:14). იგი მოთმინებით არწმუნებს ბარბარას, რომ ის ძალიან ძვირფასია იეჰოვა ღმერთისთვის, ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის. ჟერარი მას უკითხავს ხოლმე ერთ ან ორ მანუგეშებელ მუხლს ბიბლიიდან, მიუხედავად იმისა, რომ ეს მუხლები მანამდეც არაერთხელ წაუკითხავს მისთვის. სანამ ყურმილს დაკიდებს, ჟერარი მასთან და მის მეუღლესთან ერთად ლოცულობს, რაც ორივეს ძალიან ანუგეშებს (იაკობი 5:14, 15).

ჟერარმა იცის, რომ არ არის კვალიფიცირებული ექიმი და არასდროს იღებს საკუთარ თავზე ბარბარას ექიმების პასუხისმგებლობას. თუმცა მისი წყალობით ბარბარა ისეთ დახმარებასაც იღებს, რასაც ცოტა ექიმი თუ შესთავაზებდა. ის ბიბლიური მუხლებითა და ლოცვით ანუგეშებს ბარბარას.

„ანუგეშეთ დამწუხრებული სულები“

შეგიძლიათ უთხრათ: „მინდა იცოდე, რომ ვფიქრობ შენზე. ვიცი, რომ თავს ყოველთვის კარგად არ გრძნობ. ამ ბოლო დროს როგორ ხარ?“

გახსოვდეთ: ელაპარაკეთ გულწრფელად და თანაგრძნობით მოუსმინე მაშინაც კი, როცა დეპრესიაში მყოფი იმას ამბობს, რაც უკვე არაერთხელ აქვს ნათქვამი.

შეგიძლიათ უთხრათ: „აღფრთოვანებული ვარ იმით, რასაც შენი ჯანმრთელობის მიუხედავად აკეთებ (ან მაოცებს შენი ქრისტიანული თვისებები). შეიძლება მეტის გაკეთების სურვილი გაქვს, მაგრამ იეჰოვა და ჩვენ ვაფასებთ იმას, რასაც აკეთებ და ძალიან გვიყვარხარ“.

გახსოვდეთ: იყავით თანამგრძნობი და კეთილი.

შეგიძლიათ უთხრათ: „ამას წინათ გამამხნევებელი მუხლი ვნახე ბიბლიაში“, ან „როცა ჩემს საყვარელ მუხლს ვკითხულობ, სულ შენ მახსენდები“. შემდეგ წაუკითხეთ ეს მუხლი ან ზეპირად უთხარით.

გახსოვდეთ: ნუ დაარიგებთ ჭკუას.

[ჩარჩო 9 გვერდზე]

ბიბლიიდან მიღებული ნუგეში

ლორინა მხნევდება იეჰოვას იმ დანაპირებით, რომელიც ჩაწერილია ესაიას 41:10-ში: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ. აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ. მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები. ჩემი სიმართლის მარჯვენას ჩაგჭიდებ“.

ალვარო ამბობს, რომ ხშირად ანუგეშებს ფსალმუნის 34:4, 6-ში ჩაწერილი სიტყვები: „ვკითხე იეჰოვას და მიპასუხა, ყველა ჩემი შიშისგან გამათავისუფლა. მოუხმო დაჩაგრულმა იეჰოვას და მანაც მოუსმინა, ყველა გასაჭირიდან დაიხსნა იგი“.

ნაოიას ყოველთვის ამხნევებს ფსალმუნის 40:1, 2, რომელშიც წერია: „იეჰოვაზე ვამყარებდი იმედს; მან ყური მომაპყრო და მომისმინა, როცა შველა ვთხოვე . . . და ნაბიჯები განმიმტკიცა“.

ფსალმუნის 147:3 არწმუნებს ნაოკოს, რომ იეჰოვა „კურნავს გულგატეხილებს და უხვევს მტკივნეულ ჭრილობებს“.

იესოს სიტყვები, რომლებიც ჩაწერილია ლუკას 12:6, 7-ში, ეხმარება ელიზას, მიენდოს იეჰოვას: „განა ხუთ ბეღურას ორ მონეტად არ ყიდიან? მაგრამ ღმერთს არც ერთი მათგანი არ ავიწყდება. თქვენს თავზე კი თმაც დათვლილია. ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“.

სხვა ბიბლიური მუხლები:

ფსალმუნი 39:12: „ისმინე ჩემი ლოცვა, იეჰოვა, და ყური მომაპყარი, როცა შველას გთხოვ. როცა ცრემლებს ვღვრი, ნუ დადუმდები“.

2 კორინთელები 7:6: ღმერთი ‘ჩაგრულების ნუგეშისმცემელია’.

1 პეტრე 5:7: „ყველა თქვენი საწუხარი მას [ღმერთს] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“.