არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მისაღებია ბეტელის კაკლის ღეჭვა?

მისაღებია ბეტელის კაკლის ღეჭვა?

მისაღებია ბეტელის კაკლის ღეჭვა?

სამხრეთი აზია. ქუჩაში მოდის მომღიმარი ადამიანი, მოუჩანს ჩაშავებული კბილები და პირი სავსე აქვს მოწითალო ფერის ნერწყვით; ტროტუარზე აფურთხებს და უსიამოვნო წითელ ლაქას ტოვებს. ის ბეტელის კაკალს ღეჭავს.

აღმოსავლეთ აფრიკიდან, პაკისტანიდან და ინდოეთიდან მოყოლებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, პაპუა-ახალი გვინეისა და მიკრონეზიის ჩათვლით, ბეტელის კაკლის მომხმარებელთა რიცხვი ასობით მილიონს ითვლის — უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საუბარია მსოფლიო მოსახლეობის 10 პროცენტზე. ბეტელის კაკლით მოვაჭრეები ზოგჯერ თავიანთ შვილებთან ერთად ბაზრებში ან პირდაპირ ქუჩებში შლიან მაგიდებს და იქ ვაჭრობენ. სხვებს კლიენტების მისაზიდად ათასნაირი ნათურებით აქვთ გაბრდღვიალებული დახლები და მეტი მიმზიდველობისთვის ქირაობენ ნახევრად შიშველ გოგონებს — „ბეტელის კაკლის მშვენებებს“.

ბეტელის კაკლის ბიზნესში მილიარდები ტრიალებს. ასეთი რა არის ეს ბეტელის კაკალი? რატომ ჰყავს ამდენი მომხმარებელი? ახდენს რაიმე გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე? ღვთის თვალში თუ არის გამართლებული მისი მოხმარება? შესაძლებელია მისგან თავის დაღწევა?

რა არის ბეტელის კაკალი?

ბეტელის კაკალი არის ფუფალას, იგივე არეკის პალმის წვნიანი ნაყოფი, რომელიც ხარობს წყნარი ოკეანისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. სახელწოდება „ბეტელი“ მოდის საღეჭი პილპილის სახელწოდებიდან (betel-pepper). არეკის კაკალს ახვევენ საღეჭი პილპილის ფოთოლში ლაიმთან ერთად. ამ დროს კაკალი გამოყოფს მასტიმულირებელ ნივთიერებებს, ალკალოიდებს. ზოგი არომატისთვის ამატებს სანელებლებს, თამბაქოს ან შაქრის შემცვლელ ნივთიერებებს.

ასე მომზადებული ბეტელის კაკალი ნერწყვის გამოყოფას უწყობს ხელს და მას მოწითალო ფერს აძლევს. ვინაიდან ადამიანი ღეჭვის დროს ხშირად იფურთხება, ზოგჯერ ტრანსპორტიდანაც კი, შეიძლება ჩაქროლებული მანქანიდან უსიამოვნო შხეფები მოგხვდეთ.

სანანებელი არ გაგიხდეთ!

ჟურნალში „პირის ღრუს ჰიგიენა“ ნათქვამია: „არეკის კაკალს ძველთაგანვე მოიხმარდა ადამიანი და მას, ძირითადად, სოციალური, კულტურული და ზოგჯერ რელიგიური დატვირთვა ჰქონდა. მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ის სავსებით უწყინარი რამ არის, კარგ ხასიათზე გაყენებს, ეიფორიაში გაგდებს და მთელ სხეულში სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს . . . მაგრამ ფაქტები მეტყველებს, რომ ის სულაც არ არის უწყინარი“.

ნარკომანიის წინააღმდეგ მებრძოლი სახელმწიფო ინსტიტუტები აცხადებენ, რომ ბეტელის კაკლის შემადგენლობაში არსებული ერთ-ერთი ალკალოიდი მიჩვევას იწვევს. მართლაც, ზოგი მომხმარებელი იმდენად არის მასზე დამოკიდებული, რომ დღეში 50 კაკალს ღეჭავს. მათ მალევე უშავდებათ კბილები და შესაძლოა ღრძილების დაავადებაც განუვითარდეთ. როგორც ზემოაღნიშნული ჟურნალი იუწყება, აქტიურ მომხმარებლებს შეიძლება განუვითარდეთ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებაც. ამ დროს გარსი მოყავისფრო-მოწითალო ფერის ხდება და ნაოჭდება. ზოგს შეიძლება ეს დაავადება „ქრონიკულში გადაეზარდოს და მუდმივად პროგრესირებდეს. ამასთანავე, ადამიანს ღია ჭრილობებიც რჩება“. ამ დაავადებას მედიცინის ენაზე ჰქვია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ფიბროზი.

ბეტელის კაკლის ღეჭვა აგრეთვე იწვევს პირის ღრუს კიბოს ერთ-ერთ სახეობას, პირის ღრუს კარცინომას და ხახის უკანა კედლის კიბოს. სწორედ ამიტომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში პირის ღრუს კიბოს მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ტაივანში პირის ღრუს კიბოთი დაავადებულთა დაახლოებით 85 პროცენტს სწორედ ბეტელის კაკალმა „უსახსოვრა“ ეს დაავადება. უფრო მეტიც, „ტაივანში ამ დაავადების მაჩვენებელი ბოლო 40 წლის განმავლობაში 4-ჯერ გაიზარდა. ის სიკვდილის გამომწვევ 10 ძირითად მიზეზთა შორისაა“, — ნათქვამია ტაივანში გამომავალ ერთ-ერთ წამყვან გაზეთში (The China Post).

რა ხდება სხვაგან? პაპუა-ახალ გვინეაში გამომავალ ერთ გაზეთში გამოქვეყნებული იყო პაპუა-ახალი გვინეის სამედიცინო საზოგადოების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები: „პაპუა-ახალ გვინეაში გავრცელებული ყველასათვის საყვარელი საღეჭი საშუალება, ბეტელის კაკალი, წელიწადში სულ მცირე 2 000 ადამიანს უსწრაფებს სიცოცხლეს. ის არის მრავალი დაავადების გამომწვევი წყაროც“ (The Papua New Guinea Post-Courier). ამ დაავადებათა რიცხვში შედის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებიც. „მათ კი, ვინც ბეტელის კაკლის აქტიური მომხმარებელია, შესაძლოა არა ერთი, არამედ მრავალი დაავადება განუვითარდეთ, როგორც ეს მწეველთა შემთხვევაში ხდება“, — აცხადებს ერთი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

რას ამბობს ბიბლია?

ბიბლია სამედიცინო სახელმძღვანელო არ არის და ამიტომ კონკრეტულად ბეტელის კაკლის ღეჭვაზე არაფერია მასში ნათქვამი. თუმცა სავსეა პრინციპებით, რომელთა გამოყენებით ადამიანი უფრო სუფთად, ჯანმრთელად და გაცილებით უკეთ იცხოვრებს. აბა, დაფიქრდით და რა დასკვნას გამოიტანთ ქვემოთ მოყვანილი ბიბლიური მუხლებიდან. დაუკვირდით ასევე მუხლების შემდგომ დასმულ კითხვებს.

„განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს, და ღვთის შიშით სრულვყოთ სიწმინდე“ (2 კორინთელები 7:1). „წარადგინეთ თქვენი სხეულები . . . წმინდა, ღვთისთვის მოსაწონ მსხვერპლად“ (რომაელები 12:1). იქნება ადამიანი ღვთის თვალში წმინდა და სუფთა, თუ ის ბეტელის კაკლის ღეჭვით იბინძურებს ორგანიზმს?

„მისით [ღმერთით] ვცოცხლობთ“ (საქმეები 17:28). „ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი ზემოდანაა“ (იაკობი 1:17). სიცოცხლე უნიკალური ძღვენია ღვთისგან. შეიძლება იმის თქმა, რომ ადამიანი აფასებს ამ ძღვენს, თუ ის მავნე ჩვევებს არის აყოლილი და ჯანმრთელობას ინადგურებს?

„ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა“ (მათე 6:24). „არაფერს დავემონები“ (1 კორინთელები 6:12). უნდა ემონებოდეს ადამიანი, რომელსაც სურს, ღმერთს ასიამოვნოს, რაიმე უწმინდურ ჩვევას და უნდა რთავდეს საკუთარი ცხოვრების კონტროლის ნებას?

„მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მარკოზი 12:31). „სიყვარული ბოროტს არ უკეთებს მოყვასს“ (რომაელები 13:10). ნუთუ სიყვარულის გამოვლენაა ის, რომ მიდიხარ ტროტუარზე და თან აქეთ-იქით იფურთხები და ტოვებ წითელ, უსიამოვნო „ნაკვალევს“.

უდავოა, „კაცი რასაც დათესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7, 8). ეს არის ბუნების გარდაუვალი კანონი. თუ „ვთესავთ“ ცუდ ჩვევებს, მოვიმკით იმას, რაც ცუდია. თუ ღვთის ნების თანახმად ვცხოვრობთ და კარგ ჩვევებს ვივითარებთ, არა მარტო იმას მოვიმკით, რაც კარგია, არამედ მივაღწევთ ჭეშმარიტ, ულევ ბედნიერებას. თუ თქვენც ბეტელის კაკლის „ტყვე“ ხართ და გსურთ, ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოთ და ის აკეთოთ, რაც ღვთის თვალში სწორია, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ თავი დააღწიოთ ამ ულმობელ „ბატონს“. დაფიქრდით ქვემოთ მოცემულ სამ რჩევაზე.

სამი რჩევა

1. საჭიროა მოტივაცია. ცუდი ჩვევის დასაძლევად არ არის საკმარისი მხოლოდ იმის ცოდნა, რომ ეს ჯანმრთელობისთვის საზიანოა. საჭიროა უფრო ძლიერი მოტივაცია. თუ არა და მაშ, რატომ ვერ ანებებს ბევრი თავს თამბაქოს, ნარკოტიკებს ან ბეტელის კაკალს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცის, რამდენად მავნეა ეს ჯანმრთელობისთვის? ძლიერი მოტივაცია აღმოჩნდება თქვენთვის შემოქმედის ახლოს გაცნობა და იმის გაგება, თუ რა ძლიერ უყვარხართ მას. ამაში ბიბლიის გამოკვლევა დაგეხმარებათ. „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი [და] მოქმედი“, — ნათქვამია ებრაელების 4:12-ში.

2. ღმერთს სთხოვეთ დახმარება. იესო ქრისტე გვირჩევს: „ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ, რადგან ვინც ითხოვს, იღებს, ვინც ეძებს, პოულობს, და ვინც აკაკუნებს, გაეღება“ (ლუკა 11:9, 10). როდესაც ღმერთი, იეჰოვა, დაინახავს, რომ მთელი გულით ლოცულობთ და გულწრფელად გსურთ დახმარება, ხელს არ გკრავთ და აუცილებლად აღმოგიჩენთ დახმარებას. „ღმერთი სიყვარულია“, — ვკითხულობთ 1 იოანეს 4:8-ში. ერთ-ერთი, ვინც თავის თავზე გამოსცადა ასეთი ღვთიური სიყვარული, იყო პავლე მოციქული. აი, რას გვწერს იგი: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილიპელები 4:13).

3. სხვებსაც სთხოვეთ დახმარება. იმ ადამიანებს, ვისთანაც ურთიერთობთ, შეუძლიათ თქვენზე ან დადებითად იმოქმედონ, ან უარყოფითად. „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“, — წერია იგავების 13:20-ში. ასე რომ, გონივრულად აირჩიეთ, ვისთან გექნებათ ურთიერთობა. იეჰოვას მოწმეთა შორის ბევრია ისეთი, ვინც ერთ დროს ბეტელის კაკალს ღეჭავდა. ამ ჩვევის დაძლევაში მათთვის დიდად დამხმარე აღმოჩნდა ბიბლიის შესწავლა და თანამორწმუნეებთან ურთიერთობა.

[ჩარჩო⁄სურათები 24, 25 გვერდებზე]

მათ მოიშორეს ეს ჩვევა

„გამოიღვიძეთ!“-მა ინტერვიუ აიღო 5 ადამიანისგან, რომლებიც ერთ დროს ბეტელის კაკალს ღეჭავდნენ. აი, რას ამბობენ ისინი:

რატომ დაიწყეთ ბეტელის კაკლის ღეჭვა?

პოლინი: ჩემმა მშობლებმა ბეტელის კაკალი ბავშვობაშივე გამასინჯეს. ჩვენს სოფელში ასეთი ტრადიცია იყო.

ბეტი: 2 წლისა ვიყავი, მამაჩემმა ბეტელის კაკალი რომ დამაღეჭინა. მოზარდობის წლებში, სადაც წავიდოდი, თან იმდენი კაკალი დამქონდა, რომ ბეტელის კაკლის ხეს ვგავდი. ბოლოს იმდენად მივეჩვიე, რომ დილით, როგორც კი ავდგებოდი, ეგრევე ბეტელის კაკალს ჩავიგდებდი ხოლმე პირში.

უენ-ჩანგი: ბეტელის კაკლის ღეჭვა 16 წლისამ დავიწყე. თუ გინდოდა, რომ მაგარი ბიჭი ყოფილიყავი და დაგემტკიცებინა, რომ უკვე დიდი იყავი, ბეტელის კაკალი უნდა დაგეღეჭა.

ჯიაო-ლიანი: ბეტელის კაკლით ვვაჭრობდი და ასე ვირჩენდი თავს. საქმე რომ არ ჩამვარდნოდა, ხარისხიანი პროდუქტი უნდა მქონოდა, ამიტომ ხშირად მიწევდა კაკლის გასინჯვა. ბოლოს კაკლის ღეჭვა ჩვევად მექცა.

როგორ იმოქმედა ამ ჩვევამ თქვენს ჯანმრთელობაზე?

ჯიაო-ლიანი: პირში, კბილებზე და ტუჩებზე სულ წითელი ლაქები მქონდა. მრცხვენია, ჩემს მაშინდელ სურათებს რომ ვუყურებ. დღემდე მაქვს ტუჩებზე წყლულები.

პოლინი: პირში წყლულები მიჩნდებოდა, გულისრევები და დიარეა მქონდა.

ბეტი: 35 კილო ვიყავი, რაც ჩემს სიმაღლეს არაფრით არ შეესაბამებოდა. საშინელი კბილები მქონდა, ამიტომ ხშირად ქვაბის სახეხით ვიხეხავდი და ვიპრიალებდი.

სემი: დიარეა და ღრძილების დაავადება მქონდა. ერთი კბილიღა დამრჩა. ბოლოს უკვე ქვაბის სახეხიც ვეღარ მშველოდა.

რატომ დაანებეთ თავი?

პოლინი: ბიბლიაში წავიკითხე 2 კორინთელების 7:1 და გავიგე, რომ ღმერთს სურს, „განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცს“. ყველანაირად ვეცადე, რომ მიმეტოვებინა ეს ჩვევა. მინდოდა, ჩემი შემოქმედისთვის მესიამოვნებინა.

სემი: მინდოდა, რომ იეჰოვა ღმერთის წმინდა სულს წარემართა ჩემი ცხოვრება. ვლოცულობდი, რომ იეჰოვა დამხმარებოდა ამ ჩვევის დაძლევაში. ლოცვებზე პასუხი მივიღე. უკვე 30 წელია, აღარ ვღეჭავ ბეტელის კაკალს.

ჯიაო-ლიანი: ბიბლიაში ასეთი სიტყვები წავიკითხე: „გაისუფთავეთ ხელები, ცოდვილებო“ (იაკობი 4:8). ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. განა შეიძლებოდა გამეყიდა ან თავად დამეღეჭა ბეტელის კაკალი, როცა გავიგე, რამხელა ზიანის მოყენება შეეძლო მას? იმ დღიდან გადავწყვიტე „გამესუფთავებინა ხელები“ ამ ფიზიკურად და სულიერად უწმინდური ჩვევისგან.

მას შემდეგ, რაც ეს ჩვევა მიატოვეთ, შეიცვალა რამე თქვენს ცხოვრებაში?

უენ-ჩანგი: ბეტელის კაკლის ღეჭვა იმიტომ დავიწყე, რომ თანატოლებს გოიმად არ ჩავეთვალე. დღეს მაგათზე კარგი მეგობრებიც მყავს კრებაში და იეჰოვასთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს.

სემი: რა შედარებაა, დღეს უკეთესად ვარ ფიზიკურადაც და სულიერადაც. ფულს უაზროდ აღარ ვხარჯავ და ოჯახისთვისაც მეტი მრჩება.

პოლინი: თავს უფრო ლაღად და კარგად ვგრძნობ. კბილებიც გამითეთრდა და გამიმაგრდა. სახლში და ეზოში აღარ მიყრია ბეტელის კაკლის ნაფცქვენები და აღარც წითელი ფურთხებია ეზოში.

ბეტი: სუფთა სინდისი მაქვს; ჯანმრთელობაც გამიუმჯობესდა. ახლა სკოლაში მასწავლებლად ვმუშაობ და თან სრული დროით ვმსახურობ.

[სურათები]

ბეტი

პოლინი

უენ-ჩანგი

ჯიაო-ლიანი

სემი

[დიაგრამა⁄სურათები 23 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ბეტელის კაკლის ხშირმა მოხმარებამ შეიძლება სერიოზულად დაუზიანოს ადამიანს ჯანმრთელობა.

ჩაშავებული კბილები და ღრძილების დაავადება

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ფიბროზი

პირის ღრუს რქოვანი შრის უჯრედის კარცინომა

[სურათი 22 გვერდზე]

საღეჭი პილპილის ფოთოლში გახვეული ბეტელის კაკალი