არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ანუგეშეთ სასიკვდილოდ დაავადებულები

ანუგეშეთ სასიკვდილოდ დაავადებულები

ანუგეშეთ სასიკვდილოდ დაავადებულები

„ვერ ვიჯერებდი, როცა გავიგე, რომ დედაჩემს სასიკვდილო დაავადება სჭირდა. შოკში ვიყავი. იმის გაფიქრებაც კი მზარავდა, რომ ჩემი საყვარელი დედიკო უნდა მომკვდარიყო“, — გრეისი (კანადა).

როდესაც საყვარელ ადამიანს სასიკვდილო დაავადების დიაგნოზს უსვამენ, ოჯახის წევრებიც და მეგობრებიც ამას ძალიან განიცდიან. მათ შეიძლება არც კი იციან, როგორ მოიქცნენ. ზოგი შესაძლოა ვერ წყვეტდეს, უთხრას თუ არა ავადმყოფს სრული სიმართლე მისი მდგომარეობის შესახებ. სხვები კი შეიძლება ეჭვობდნენ, შეძლებენ თუ არა იმის ყურებას, რომ მათი საყვარელი ადამიანი იტანჯება და დაავადების გამო მას, შესაძლოა, არასრულფასოვნების გრძნობაც კი ეუფლება. ბევრი იმაზე წუხს, რომ არ იციან რა უთხრან ავადმყოფს და როგორ მოიქცნენ მისი სიცოცხლის ბოლო დღეებში.

რა უნდა იცოდეთ წინასწარ, რომ სწორად მოიქცეთ, თუ როდისმე თქვენი ახლობლის შესახებ ასეთ საშინელ ამბავს შეგატყობინებენ? როგორ შეგიძლიათ იყოთ „ნამდვილი მეგობარი“ და, ამავე დროს, ნუგეში და მხარდაჭერა აღმოუჩინოთ ავადმყოფს ასეთ მძიმე პერიოდში? (იგავები 17:17).

ბუნებრივი რეაქცია

სავსებით ბუნებრივია, თავზარი დაგცეთ იმის გაგებამ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი სერიოზული დაავადებით იტანჯება. ექიმებიც კი, რომლებიც ყოველდღე ხედავენ ადამიანების სიკვდილს, ხშირად ამას ძალიან განიცდიან და თავს უძლურებადაც კი გრძნობენ, როცა ხედავენ, როგორ იტანჯებიან ფიზიკურად და ემოციურად სასიკვდილოდ დაავადებული ადამიანები.

შეიძლება თქვენც გიჭირთ გრძნობების გაკონტროლება, როცა ხედავთ, რა მძიმე მდგომარეობაშია თქვენი საყვარელი ადამიანი. ბრაზილიაში მცხოვრები ხოზე, რომლის დასაც უკურნებელი დაავადება სჭირს, ამბობს: „აუტანელია იმის დანახვა, თუ როგორ წვალობს გამუდმებული ტკივილებისგან შენთვის ძვირფასი ადამიანი“. როცა მოსემ გაიგო, რომ მის დას კეთრი ჰქონდა, მან ღმერთს შეღაღადა: „ღმერთო, გევედრები! გევედრები, განკურნე ის“ (რიცხვები 12:12, 13).

ჩვენზე ძალიან მოქმედებს ჩვენი ახლობლის მძიმე მდგომარეობა, რადგან თანამგრძნობი ღმერთის, იეჰოვას ანარეკლად ვართ შექმნილნი (დაბადება 1:27; ესაია 63:9). რას გრძნობს ღმერთი, როცა ადამიანთა ტანჯვას ხედავს? ვნახოთ, რას გრძნობდა იესო ასეთ დროს. ის სრულყოფილად ირეკლავდა მამის პიროვნებას (იოანე 14:9). როდესაც იესო ხედავდა ავადმყოფობისგან გატანჯულ ხალხს, მას „გული ეწვოდა“ მათ გამო (მათე 20:29—34; მარკოზი 1:40, 41). როგორც ამ ჟურნალის 24-ე გვერდზე მოცემული სტატიიდან გავიგეთ, როცა იესოს მეგობარი ლაზარე მოკვდა და იესომ დაინახა, თუ როგორ იმოქმედა მისმა სიკვდილმა ლაზარეს ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე, ის ძლიერ აფორიაქდა და „აცრემლდა“ (იოანე 11:32—35). ბიბლია სიკვდილს მტერს უწოდებს და გვპირდება, რომ მალე აღარც ავადმყოფობა და აღარც სიკვდილი აღარ იქნება (1 კორინთელები 15:26; გამოცხადება 21:3, 4).

გასაგებია, რომ გულის სიღრმეში შეიძლება ნებისმიერი ადამიანი დაადანაშაულოთ იმის გამო, რომ თქვენი საყვარელი ადამიანის ავადმყოფობის შესახებ საშინელი ამბავი გაგაგებინათ. მაგრამ საინტერესოა, რომ დოქტორი მარტა ორტისი თავის ნაშრომში, რომელიც მან სასიკვდილოდ დაავადებულთა ზრუნვის საკითხს მიუძღვნა, შემდეგ რჩევას იძლევა: „ავადმყოფის მდგომარეობის გამო ნუ დაადანაშაულებთ სხვებს — სამედიცინო პერსონალს, მედდებს ან საკუთარ თავს. ეს მხოლოდ დაძაბავს სხვებთან თქვენს ურთიერთობას და ხელს შეგიშლით ყველას, რომ იზრუნოთ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — სასიკვდილოდ დაავადებული ადამიანის მოთხოვნილებებზე“. რა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა შეგიძლიათ, რომ დაეხმაროთ საყვარელ ადამიანს დაავადებასთან ბრძოლაში და იმაში, რომ თვალი გაუსწოროს მოახლოებული სიკვდილის რეალობას?

ყურადღება ადამიანზე გადაიტანეთ და არა დაავადებაზე

ცხადია, დაავადებამ ადამიანი შეიძლება დააუძლუროს და გარეგნულადაც შეცვალოს, ამიტომ უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება დაავადების შედეგებზე კი არ გადაიტანოთ, არამედ თავად ადამიანზე. როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება? სარა, რომელიც მედდად მუშაობს, ამბობს: „დროს გამოვყოფ იმისთვის, რომ დავათვალიერო ავადმყოფის სურათები, სადაც ის ჯერ კიდევ ჯან-ღონით სავსეა. ყურადღებით ვუსმენ მას, როცა თავის წარსულზე მელაპარაკება. ეს მეხმარება, რომ მახსოვდეს ავადმყოფის განვლილი ცხოვრება, და მხოლოდ მის ახლანდელ მდგომარეობაზე არ ვიფიქრო“.

ან-კატრინი, რომელიც აგრეთვე მედდაა, გვიხსნის, თუ რა ეხმარება იმაში, რომ ყურადღება მხოლოდ ავადმყოფის ფიზიკურ მდგომარეობაზე არ გაამახვილოს. „ავადმყოფს თვალებში ვუყურებ, — ამბობს ის, — და იმაზე ვფიქრობ, თუ რისი გაკეთება შემიძლია მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“. ერთ-ერთ წიგნში, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ ამოვუდგეთ მხარში სასიკვდილოდ დაავადებულებს, ნათქვამია: „ბუნებრივია, ადამიანზე საშინლად მოქმედებს იმის დანახვა, თუ როგორ შეცვალა ფიზიკურად მათი საყვარელი ადამიანი დაავადებამ ან როგორ დაასახიჩრა ის უბედურმა შემთხვევამ. ამ დროს ყველაზე უკეთესი ისაა, რომ თვალებში ჩახედოთ თქვენს ახლობელს და დაინახოთ მისი შეუცვლელი თაფლისფერი, მწვანე თუ ცისფერი თვალები“ („The Needs of the Dying —A Guide for Bringing Hope, Comfort, and Love to Life’s Final Chapter“).

ასეთ დროს საჭიროა, რომ თავი ხელში აიყვანოთ და როგორც არ უნდა გიჭირდეთ, ავადმყოფს გვერდში ამოუდგეთ. ჟორჟი, ქრისტიანი ზედამხედველი, რომელიც რეგულარულად ინახულებს მძიმე ავადმყოფებს, ამბობს: „ახლობლისადმი სიყვარული იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ ჩვენი შინაგანი განცდების მიუხედავად მაინც შეგვეძლოს მის გვერდით ყოფნა“. თუ მთელ ყურადღებას ადამიანზე გადაიტანთ და არა მის დაავადებაზე, ეს თქვენთვისაც სასარგებლო იქნება და მისთვისაც. ივონი, რომელიც სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნავს, ამბობს: „როდესაც გესმის, რომ შეგიძლია ავადმყოფს ღირსების გრძნობის შენარჩუნებაში დაეხმარო, ეს ძალებს გაძლევს, რომ მისი ფიზიკური უძლურების შემხედვარე ემოციურად არ გამოიფიტო“.

მზად იყავით მოსასმენად

ბევრს შეიძლება უჭირდეს სასიკვდილოდ დაავადებულ ადამიანთან ურთიერთობა მაშინაც კი, თუ ის ძალიან უყვარს. რატომ? ისინი იმაზე წუხან, რომ არც კი იციან, რა უთხრან. თუმცა, ან-კატრინი, რომელიც ბოლო დროს თავის მეგობარს ედგა თავზე, აღნიშნავს, რომ დუმილიც ბევრს ნიშნავს. ის ამბობს: „ადამიანის ნუგეშისცემა არა მარტო სიტყვებით შეგვიძლია, არამედ ჩვენი მოქმედებითაც. გვერდით მიუჯექით მას, ხელი ხელზე მოჰკიდეთ და როდესაც ის თავის გრძნობებს გამოხატავს, ნუ ეცდებით, რომ ცრემლები შეიკავოთ — ეს ყოველივე იმაზე მეტყველებს, რომ ის ჩვენთვის ძვირფასია“.

თქვენს საყვარელ ადამიანს შესაძლოა, იმის მოთხოვნილება ჰქონდეს, რომ თავისი გრძნობები გამოხატოს და ვინმეს ღიად და გულახდილად ესაუბროს. მაგრამ, ხშირად ისე ხდება, რომ ავადმყოფი წუხს იმაზე, რომ მისი ახლობლები მძიმედ განიცდიან მის მდგომარეობას, და ამიტომ ერიდება ასეთ საკითხებზე საუბარს. კეთილი აღძვრებიდან გამომდინარე მეგობრებიცა და ოჯახის წევრებიც შეიძლება ერიდებოდნენ ავადმყოფისთვის მტკივნეულ თემებზე საუბარს და შეიძლება უმალავდნენ კიდეც მას სიმართლეს მისი ჯანმრთელობის შესახებ. რა შედეგი მოჰყვება ასეთ დუმილს? ერთი ექიმი, რომელიც ზრუნავს სასიკვდილოდ დაავადებულ ავადმყოფებზე, აღნიშნავს, რომ სიმართლის დამალვის შედეგად ავადმყოფის ახლობლებს „მხედველობიდან რჩებათ მნიშვნელოვანი რამ — ავადმყოფს არ ეძლევა საშუალება, თვალი გაუსწოროს რეალობას და ამის შესახებ ღიად ილაპარაკოს“. ამიტომ, თუ ავადმყოფს სურს, მას უნდა მივცეთ საშუალება, თავისუფლად ილაპარაკოს თავისი მდგომარეობისა და მოახლოებული სიკვდილის შესახებ.

წარსულში, სიკვდილის პირას მყოფი ღვთის მსახურები თავიანთ შიშს დაუფარავად გამოხატავდნენ იეჰოვა ღმერთის წინაშე. მაგალითად, 39 წლის მეფე ხიზკიამ, რომელმაც შეიტყო, რომ უნდა მომკვდარიყო, გულში კი არ ჩაიკლა თავისი მწუხარება, არამედ ის ხმამაღლა გამოხატა (ესაია 38:9—12, 18—20). მსგავსადვე, უკურნებელი სენით დაავადებულებსაც უნდა მიეცეთ საშუალება, გამოხატონ თავიანთი დარდი იმის გამო, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენიათ. შესაძლოა ისინი გულგატეხილები არიან იმის გამო, რომ ვეღარ მოასწრებენ პირადი მიზნების განხორციელებას — ვეღარ წავლენ სამოგზაუროდ, ვეღარ იყოლიებენ შვილებს, ვეღარ მოესწრებიან შვილიშვილების გაზრდას ან ვეღარ შეძლებენ ღვთის მსახურებაში უფრო მეტის გაკეთებას. შესაძლოა ავადმყოფი შიშობს, რომ მეგობრები და ოჯახის წევრები გარკვეულწილად მოერიდებიან მასთან ურთიერთობას იმის გამო, რომ არ ეცოდინებათ, როგორ მოიქცნენ მისი თანდასწრებით (იობი 19:16—18). ავადმყოფს შეიძლება იმის შიშიც ჰქონდეს, რომ ტკივილებისგან დაიტანჯება, მისი სხეულის ესა თუ ის ორგანო თავის ფუნქციას დაკარგავს ან ის სიმარტოვეში მოკვდება.

ან-კატრინი ამბობს: „მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ახლობელს მისცეთ საშუალება, გამოხატოს თავისი განცდები, არ შეაწყვეტინოთ საუბარი, არ განსაჯოთ ის და არ უთხრათ მას, რომ მისი შიში უსაფუძვლოა. ეს ყველაზე საუკეთესო საშუალებაა, რომ გაიგოთ, რას გრძნობს ის სინამდვილეში, რა სურს მას, რისი ეშინია და რისი მოლოდინი აქვს“.

მხედველობაში მიიღეთ ის, რაც ავადმყოფს ძალიან სჭირდება

თქვენი ახლობლის მძიმე მდგომარეობამ, რომელიც შესაძლოა უფრო გაუარესდა ინტენსიური თერაპიისა თუ მსგავსი მკურნალობის შედეგად გამოწვეული გვერდითი მოვლენების გამო, შეიძლება იმდენად დაგამწუხროთ, რომ დაგავიწყდეთ ის, რაც ავადმყოფს ძალიან სჭირდება — კერძოდ ის, რომ მას მივცეთ საშუალება, თავად გააკეთოს არჩევანი.

ზოგ ქვეყანაში ოჯახის წევრები შეიძლება ცდილობდნენ, გაუფრთხილდნენ ავადმყოფს იმით, რომ მას სიმართლე დაუმალონ მისი მდგომარეობის შესახებ და, აქედან გამომდინარე, საშუალებაც კი არ მისცენ, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, როგორი სახის მკურნალობა აირჩიოს. სხვა ქვეყნებში სხვა სახის პრობლემა იჩენს თავს. მაგალითად, ჟერი, რომელიც საავადმყოფოს თანამშრომელია, ამბობს: „მნახველები ზოგჯერ ავადმყოფის თანდასწრებით ისე ლაპარაკობენ მის შესახებ, თითქოს ის იქ არ იყოს“. ზემოთ აღწერილ ორივე შემთხვევაში ავადმყოფს ღირსების გრძნობა ელახება.

გარდა ამისა, არსებობს ისეთი რამ, რაც ავადმყოფს ძალიან სჭირდება — ეს არის იმედი. იმ ქვეყნებში, სადაც ხელმისაწვდომია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, ავადმყოფებს ხშირად იმედი ეძლევათ, რომ ეფექტური მკურნალობა კარგ შედეგს გამოიღებს. მიშელი, რომლის დედასაც სამჯერ განუვითარდა სიმსივნე, ამბობს: „თუ დედას სურს, რომ მკურნალობის სხვა მეთოდი მოსინჯოს ან სხვა სპეციალისტს ეჩვენოს, მე მას ვეხმარები საჭირო ინფორმაციის მოძიებაში. მესმის, რომ რეალისტი უნდა ვიყო, მაგრამ ისიც მესმის, რომ ჩემი სიტყვებით დედას იმედი არ უნდა დავუკარგო“.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ განკურნების იმედი არ არსებობს? გახსოვდეთ, რომ სასიკვდილოდ დაავადებულისთვის მნიშვნელოვანია, რომ სიკვდილზე ღიად ილაპარაკოს. ქრისტიანი ზედამხედველი ჟორჟი, რომლის სიტყვებიც ზემოთ მოვიხსენიეთ, ამბობს: „მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს არ დაუმალო სიკვდილის მოახლოება. ეს მას საშუალებას აძლევს, რომ აუცილებელი ზომები მიიღოს და მზად იყოს სიკვდილთან შესახვედრად“. ასეთი მომზადების შედეგად ის მშვიდად იქნება იმის გამო, რომ ყველაფერი, რისი მოგვარებაც უნდოდა, მოაგვარა, და ნაკლებად ექნება ისეთი გრძნობა, თითქოს სხვებს ტვირთად აწევს.

ცხადია, ადვილი არ არის ავადმყოფთან ასეთ საკითხებზე საუბარი. მაგრამ, ასეთი გულახდილი საუბრები იმის განსაკუთრებულ შესაძლებლობას მოგცემთ, რომ დაუფარავად გამოხატოთ ის, რასაც მის მიმართ გრძნობთ. სიკვდილის პირას მყოფ ადამიანს შეიძლება სურდეს, მოაგვაროს ადრინდელი უთანხმოებები, გამოხატოს სინანული ან ითხოვოს პატიება. ასეთმა საუბრებმა თქვენ შეიძლება კიდევ უფრო დაგაახლოვოთ იმ ადამიანთან, რომელიც ხელიდან გეცლებათ.

ნუგეში ბოლო წუთებში

როგორ შეგიძლიათ ანუგეშოთ სიკვდილის პირას მყოფი ადამიანი? დ-რი ორტისი, რომლის სიტყვებიც ზემოთ იყო მოყვანილი, ამბობს: „მიეცით საშუალება ავადმყოფს, რომ გამოთქვას თავისი უკანასკნელი სათხოვარი. ყურადღებით მოუსმინეთ მას. თუ შესაძლებელია, შეუსრულეთ ის, რასაც გთხოვთ. თუ არ შეგიძლიათ მისი თხოვნის შესრულება, გულწრფელად უთხარით ამის შესახებ“.

ახლა ისე, როგორც არასდროს, მომაკვდავ ადამიანს შეიძლება ძალიან სჭირდებოდეს, რომ გვერდით ჰყავდეს ისინი, ვინც მისთვის ძალიან ძვირფასნი არიან. ჟორჟი ამბობს: „დაეხმარეთ ავადმყოფს, რომ ურთიერთობა ჰქონდეს ახლობლებთან მაშინაც კი, თუ მას უჭირს დიდხანს ლაპარაკი“. თუ ავადმყოფის პირადად ნახვა არ ხერხდება, ტელეფონით დალაპარაკებაც კარგი საშუალებაა ურთიერთგამხნევებისა და ერთობლივი ლოცვისთვის. კრისტინა, რომელმაც ერთიმეორის მიყოლებით სამი ახლობელი დაკარგა, იხსენებს: „სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ისინი უფრო მეტად გრძნობდნენ, თუ რამდენად სჭირდებოდათ, რომ თანაქრისტიანებს მათთან ერთად ელოცათ“.

უნდა მოერიდოთ საყვარელი ადამიანის თანდასწრებით ტირილს? არა. თუ მის წინაშე ცრემლებს არ შეიკავებთ, მას, ფაქტობრივად, იმის შესაძლებლობას მისცემთ, რომ აქეთ განუგეშოთ. ზემოხსენებულ წიგნში აღნიშნულია: „ძალიან გულის ამაჩუყებელი მომენტია, როდესაც მომაკვდავი ადამიანი განუგეშებთ. ეს თავად მისთვის შეიძლება უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს“. როდესაც სიკვდილის პირას მყოფი ადამიანი სხვებს ანუგეშებს, ეს შესაძლებლობას აძლევს თავად მას, ვისაც სხვები მზრუნველობას არ აკლებენ, საკუთარ თავში კვლავ დაინახოს მზრუნველი მეგობარი, დედა ან მამა.

გასაგებია, რომ ზოგიერთი გარემოების გამო თქვენ შეიძლება ვერ შეძლოთ საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა მისი სიცოცხლის ბოლო წუთებში. მაგრამ თუ თქვენ მასთან ხართ, იქნება ეს საავადმყოფოში თუ სახლში, ეცადეთ, რომ ხელი ხელზე გეკიდოთ მის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ამ უკანასკნელ წუთებში თქვენ იმის შესაძლებლობა გეძლევათ, რომ გამოხატოთ თქვენი გრძნობები და უთხრათ ის, რაც შესაძლოა ადრე იშვიათად გითქვამთ. იმ შემთხვევაშიც, თუ თავად მას არაფრის თქმა არ შეუძლია, თავს ნუ შეიკავებთ იმისგან, რომ დაემშვიდობოთ და უთხრათ, რომ გიყვართ და გაქვთ იმედი, რომ კვლავ შეხვდებით მას აღდგომის შემდეგ (იობი 14:14, 15; საქმეები 24:15).

თუ ამ უკანასკნელ წუთებს მაქსიმალურად გამოიყენებთ, მოგვიანებით შეიძლება აღარ გაგიჩნდეთ სინანულის გრძნობა. სინამდვილეში, იმის გახსენება, რომ უკანასკნელ წუთებში თქვენ ყველანაირად აგრძნობინეთ თქვენს საყვარელ ადამიანს, რომ გიყვარდათ ის, მომავალში ნუგეშს მოგგვრით. გარდა ამისა, თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ მისთვის ‘ნამდვილი მეგობარი იყავით გასაჭირში’ (იგავები 17:17).

[ჩანართი 27 გვერდზე]

თუ მთელ ყურადღებას ადამიანზე გადაიტანთ და არა მის დაავადებაზე, ეს თქვენთვისაც სასარგებლო იქნება და მისთვისაც

[ჩარჩო⁄სურათი 29 გვერდზე]

ავადმყოფის ნების გამოხატულება

მრავალ ქვეყანაში ცდილობენ, დაიცვან სასიკვდილოდ დაავადებული ადამიანის უფლება, მოკვდეს მშვიდად და ისე, რომ სიცოცხლის ბოლომდე ღირსების გრძნობა ჰქონდეს შენარჩუნებული. წერილობითი სახით შედგენილი ავადმყოფის ნების გამოხატულება ხელს უწყობს იმას, რომ გათვალისწინებული იყოს მისი უფლებები და მას საშუალება მიეცეს, თავისი სურვილისამებრ, სიცოცხლის ბოლო წუთები სახლში ან საავადმყოფოში გაატაროს.

ავადმყოფის ნების გამოხატულება . . .

• ხელს შეუწყობს ექიმებსა და ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობას;

• ოჯახს შეუმსუბუქებს მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პასუხისმგებლობას;

• შეამცირებს არასასურველი, უსარგებლო, ავადმყოფისთვის მძიმედ ასატანი და ძვირადღირებული მკურნალობის მეთოდების გამოყენებას.

ავადმყოფის ნების გამოხატულება, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს:

• იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვისაც ავადმყოფი მკურნალობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების უფლებას აძლევს;

• მკურნალობის ის მეთოდები, რომლებზეც ავადმყოფი თანხმდება ან უარს ამბობს იმ შემთხვევაში, თუ მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება;

• თუ შესაძლებელია, იმ ექიმის სახელი და გვარი, ვისთვისაც ცნობილია ავადმყოფის გადაწყვეტილებები.

[სურათი 26 გვერდზე]

ყურადღება ავადმყოფის განვლილ ცხოვრებაზე გადაიტანეთ, და არა მხოლოდ მის ახლანდელ მდგომარეობაზე