არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

რამ უბიძგა მექსიკის ერთ-ერთი ბანდის წევრს, რომ ცხოვრება შეეცვალა და პატიოსანი, მუყაითად მშრომელი მოქალაქე გამხდარიყო? რატომ თქვა ერთმა იაპონელმა ბიზნესმენმა ქალბატონმა უარი სიმდიდრის დაგროვებაზე, რაც მისი ცხოვრების მთავარი მიზანი იყო, და რას გრძნობს ახლა ის ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების გამო? რამ აღძრა ერთი რუსი მამაკაცი, რომ მას იარაღით უკანონო ვაჭრობა შეეწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდ მოგებას აძლევდა? ვნახოთ, რას ამბობენ ისინი თავიანთი ცხოვრების შესახებ.

ზოგადი მონაცემები

სახელი, გვარი: ადრიან პერესი

ასაკი: 30 წელი

ქვეყანა: მექსიკა

წარსულში: ბანდის წევრი

მოკლე ბიოგრაფია: 13 წლის ვიყავი, როცა ჩემი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ეკატეპეკ-დე-მორელოსში (მექსიკის შტატი). იმ დროს მთელ ქალაქში ნარკომანია იყო გავრცელებული. ახალგაზრდები საკმაოდ ხშირად სჩადიოდნენ დანაშაულს; ბევრი ვანდალიზმს მიმართავდა. მალე ალკოჰოლს მივეძალე, დავიწყე უზნეო ცხოვრება, ვანდალებს შევუერთდი და სხვების საკუთრებას ვანადგურებდი.

მოგვიანებით ჩვენი ოჯახი დაბრუნდა სან-ვინსენტეში, იმ ქალაქში, სადაც დავიბადე. ნარკომანია აქაც დიდი პრობლემა იყო. ჩვეულებრივი რამ იყო ასეთი სურათის ხილვა — ახალგაზრდები, რომლებიც ნარკოტიკებს იყენებდნენ, ქუჩებში მკვდრები ეყარნენ. მე ერთ ბანდას შევუერთდი, რომელიც სატანის სახელს ატარებდა. ჩვენ ვქურდობდით და ნარკოტიკებს ვიყენებდით, ძირითადად აცეტონსა და წებოს ვყნოსავდით. ხშირად სახლში ისე მივსულვარ, რომ მეორე დღეს არაფერი მახსოვდა; ზოგჯერ ქუჩაში გონებადაკარგული ვეგდე. ზოგი ჩემი მეგობარი ქურდობისა თუ მკვლელობის გამო ციხეში მოხვდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად ღვთისადმი რწმენა ყოველთვის მქონდა. სინდისს რომ არ შევეწუხებინე, „წმინდა კვირის“ განმავლობაში ქრისტეს ტანჯვასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ საეკლესიო ცერემონიალში ვიღებდი მონაწილეობას. თუმცა, ამის შემდეგ ყველანი, მათ შორის ის, ვინც ცერემონიალის დროს ქრისტეს როლს ასრულებდა, ამ დღეს აღვნიშნავდით და ვთვრებოდით.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: დაახლოებით ოცი წლის ვიქნებოდი, როცა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. ვგრძნობდი, რომ ჩემს ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა და თუ ასე გავაგრძელებდი, კარგი არაფერი დამემართებოდა. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გალატელების 6:8-ში ჩაწერილმა სიტყვებმა: „ვინც თავისი ხორცისთვის თესავს, თავისი ხორცისგან ხრწნას მოიმკის, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მარადიულ სიცოცხლეს მოიმკის“. ამ მუხლმა დამანახვა, რომ თუ მსურდა, ჩემი ცხოვრება კარგად წარმართულიყო, ის უნდა დამეთესა, რაც მომავალში გამომადგებოდა.

ბიბლიის შესწავლით თანდათანობით მივხვდი, რომ იეჰოვა იყო ცოცხალი ღმერთი, რომელიც პირადად ჩემდამი ავლენდა ინტერესს, და რომელიც მზად იყო ჩემთვის ეპატიებინა წარსულში ჩადენილი ცოდვები. საკუთარ თავზე გამოვცადე, რომ ის ჩვენს ლოცვებს ისმენს.

ადვილი არ იყო ცხოვრებაში ცვლილებები მომეხდინა და ბანდა დამეტოვებინა. ზოგი ტერიტორია ბანდებს უბნებად ჰქონდათ დაყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ ბანდის წევრი აღარ ვიყავი, ზოგ უბანზე მაინც არ შემეძლო გავლა იმის შიშით, რომ სხვა ბანდის წევრებს არ გადავყროდი. დროდადრო ძველ მეგობრებს ვემალებოდი, რადგან ისინი შეეცდებოდნენ, რომ ვეიძულებინე, კვლავ გამომეყენებინა ნარკოტიკები.

როდესაც სამეფო დარბაზში კრების შეხვედრებზე დავიწყე დასწრება, დიდი სიყვარული და სითბო ვიგრძენი. გაოცებული ვიყავი, რადგან ამ ხალხს ნამდვილი რწმენა ჰქონდა და ისინი ნასწავლის შესაბამისად ცხოვრობდნენ. კრება აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმ გარემოსგან, სადაც ადრე ვიყავი.

კურთხევები: ათი წლის წინ მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი. ყველანაირად ვცდილობ, რომ ბიბლიიდან ნასწავლი ცხოვრებაში გამოვიყენო. ამის წყალობით ოჯახის წევრების პატივისცემა დავიმსახურე. ახლა ისინი ისე მიცნობენ, როგორც მუყაით მშრომელს. პატიოსანი შრომით მათ ფინანსურადაც ვეხმარები. დედაჩემმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო და ახლა ისიც იეჰოვას მოწმეა. მამაჩემიც ცვლილებებს ახდენს ცხოვრებაში. მართალია, ჩემი ოჯახის წევრებიდან უმეტესობა არ არის იეჰოვას მოწმე, მაგრამ, მას შემდეგ, რაც დაინახეს, თუ რა ცვლილებები მოვახდინე ცხოვრებაში, მათ აღიარეს რომ ბიბლიას შეუძლია ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.

ზოგადი მონაცემები

სახელი, გვარი: იაიოი ნაგატანი

ასაკი: 50 წელი

ქვეყანა: იაპონია

წარსულში: წარმატებული ბიზნესმენი

მოკლე ბიოგრაფია: გავიზარდე პატარა ქალაქში, სადაც ხალხი ძალიან მეგობრული იყო. მამაჩემს დიდი მაღაზია ჰქონდა, სადაც ათი კაცი ჰყავდა დასაქმებული. ჩვენი სახლი მაღაზიის გვერდით იდგა, ასე რომ, მართალია დედა და მამა ძალიან დაკავებულები იყვნენ, მარტოობა არასოდეს მიგრძნია.

სამ დას შორის ყველაზე უფროსი ვიყავი. მშობლები ბავშვობიდანვე მასწავლიდნენ, თუ როგორ გავძღოლოდი ოჯახის ბიზნესს. ადრეულ ასაკში გავთხოვდი. ჩემმა ქმარმა სამსახური მიატოვა ბანკში, რათა დამხმარებოდა ბიზნესის მართვაში. ჩვენ სამი შვილი შეგვეძინა. ბავშვებზე დედაჩემი ზრუნავდა და საოჯახო საქმეებსაც ის აკეთებდა, მე კი დილიდან გვიანობამდე მაღაზიაში ვიყავი. ჩვენი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, თავისუფალ დროს მაინც ვნახულობდით, რომ ოჯახს დრო ერთად გაგვეტარებინა.

ეკონომიკის დაცემამ უარყოფითად იმოქმედა იმ სავაჭრო უბანზე, სადაც მაღაზია გვქონდა გახსნილი; ამის გამო ჩვენი ბიზნესიც დაზარალდა. შექმნილ მდგომარეობასთან გასამკლავებლად გადავწყვიტეთ, მთავარი გზის პირას გაგვეხსნა სამშენებლო მასალების მაღაზია. მაღაზიის მშენებლობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მამაჩემი, რომელიც ჩვენი კომპანიის პრეზიდენტი იყო, მოულოდნელად ავად გახდა და მეტყველების უნარი წაერთვა. მამის მძიმე მდგომარეობის გამო ახალ მაღაზიაზე ზრუნვა მთლიანად მე მომიწია, ჩემი ქმარი კი ძველ მაღაზიაზე ზრუნავდა. ჩვენ ძალიან დაკავებულები ვიყავით.

ახალმა მაღაზიამ დიდი მოგება მოგვიტანა. ვამაყობდი იმით, რომ საქმეს კარგად ვუძღვებოდი. ზოგჯერ სამუშაოს გამო ღამეებსაც კი ვათენებდი. შვილები ძალიან მიყვარდა, მაგრამ მთელი ჩემი გონებით სამუშაოზე ვიყავი გადართული. მეუღლესთან სალაპარაკოდ დრო თითქმის არ მრჩებოდა. თუ ერთმანეთთან სასაუბროდ ვიცლიდით, მაშინაც კი სულ რაღაცაზე ვკამათობდით. დაძაბული დღის ბოლოს განტვირთვის მიზნით თითქმის ყოველთვის ვსვამდი ჩემს მეგობრებთან და ბიზნეს-პარტნიორებთან ერთად. სხვას არაფერს ვაკეთებდი — მხოლოდ ვმუშაობდი, ვსვამდი და მეძინა. მართალია, წარმატებული ბიზნესი მქონდა, მაგრამ ბედნიერი მაინც არ ვიყავი, თუმცა ვერც ის გამეგო, რატომ.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: როდესაც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე, ჩემზე განსაკუთრებით იმოქმედა სამმა ბიბლიურმა მუხლმა. ცრემლები ვერ შევიკავე, როდესაც მათეს 5:3-ში ჩაწერილი სიტყვების მნიშვნელობას ჩავწვდი: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო“. ამ მუხლმა დამანახვა, თუ რატომ ვგრძნობდი სიცარიელეს მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად უზრუნველყოფილი ვიყავი და თანამშრომლების პატივისცემაც არ მაკლდა. მივხვდი, რომ ნამდვილ ბედნიერებას მხოლოდ მაშინ მივაღწევდი, თუ სულიერს ვიქნებოდი მოწყურებული და ამ წყურვილს დავიკმაყოფილებდი.

იმ წლებში იაპონიამ მძიმე ეკონომიკური კრიზისი განიცადა. საკუთარი თვალით ვიხილე, როგორ შესრულდა ჩემს ბიზნეს-პარტნიორებზე 1 ტიმოთეს 6:9-ში ჩაწერილი სიტყვები: „ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, ებმება ცდუნებაში, მახეში, ბევრ უგუნურ და მავნებელ სურვილში, რომელიც ღუპავს და ანადგურებს ადამიანებს“. მივხვდი, რომ იესოს სიტყვები, რომლებიც მათეს 6:24-შია ჩაწერილი — „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა“ — მეც მეხებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები მომეხდინა.

მივხვდი, რომ ყურადღებას ვერ ვაქცევდი ჩემს მშობლებს, მეუღლესა და შვილებს. საკუთარ თავში ისიც დავინახე, რომ რამდენიმე უარყოფითი თვისება შევიძინე. თავდაჯერებული გავხდი და ადვილად გამოვდიოდი მდგომარეობიდან. თავიდან ვფიქრობდი, რომ ვერ შევძლებდი შეცვლას და გამიჭირდებოდა, ქრისტიანი გავმხდარიყავი. მაგრამ, მე მართლა მიყვარდა შვილები, და შევამჩნიე, რომ როდესაც ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას ბიბლიურ რჩევებს ვითვალისწინებდი, ეს ბავშვებზე ძალიან დადებითად მოქმედებდა. მე უფრო მეტ დროს ვატარებდი მათთან ერთად და ისინი ქრისტიანულ შეხვედრებზეც დამყავდა.

კურთხევები: ნამდვილ სიხარულსა და კმაყოფილებას მანიჭებს ის, რომ ვიცი, რა არის სიცოცხლის აზრი, შემიძლია ვემსახურო ღმერთს და ვიცხოვრო ისე, რომ მას ვასიამოვნო. სამსახურს ოჯახზე წინ აღარ ვაყენებ და პირადი ღირსების გრძნობაც დავიბრუნე.

როდესაც დედაჩემმა დაინახა, რომ ბიბლიურმა პრინციპებმა ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა, მანაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა და ქრისტიანი გახდა. საბედნიეროდ, არც მამაჩემს და არც ჩემს ქმარს არაფერი ჰქონიათ საწინააღმდეგო, რომ იეჰოვას მოწმეები გავმხდარიყავით. ახლა შვილებთან უფრო ახლოს ვარ და ნამდვილად ბედნიერი ოჯახი მაქვს.

ზოგადი მონაცემები

სახელი, გვარი: მიხეილ ზუევი

ასაკი: 51 წელი

ქვეყანა: რუსეთი

წარსულში: იარაღის უკანონოდ მოვაჭრე

მოკლე ბიოგრაფია: ჩემი მშობლიური ქალაქი კრასნოგორსკი მწვანეშია ჩაფლული. ქალაქის სამხრეთით მდინარე მოსკოვი მიედინება, დასავლეთით და ჩრდილოეთით კი მას თითქმის მთლიანად ტყეები აკრავს.

პატარაობიდანვე მიყვარდა ჩხუბი; გარდა ამისა ხშირად იარაღით ვერთობოდი. ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. ამასთანავე, ცეცხლსასროლ იარაღს, ტყვია-წამალსა და დანებს ვამზადებდი. დროთა განმავლობაში ეს „საქმიანობა“ შემოსავლის წყაროდ მექცა. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ჩემი მუდმივი „კლიენტები“ იყვნენ, რომლებიც ჩემგან იარაღს ყიდულობდნენ.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: 90-იანი წლების დასაწყისში შევხვდი იეჰოვას მოწმეებს, მაგრამ თავიდან მათი არ მჯეროდა. ვფიქრობდი, რომ ზედმეტ კითხვებს სვამდნენ.

ერთ დღესაც ერთმა მოწმემ რომაელების 14:12 წამიკითხა, სადაც წერია: „ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“. ამ მუხლმა სერიოზულად დამაფიქრა ჩემს ცხოვრებაზე და აღმძრა, გამეგო, რას ითხოვდა ღმერთი ჩემგან.

ყველანაირად ვეცადე, გამომეყენებინა კოლოსელების 3:5—10-ში ჩაწერილი ბიბლიური რჩევა: „ამიტომ ჩაკალით თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, მავნებელი სურვილები და სიხარბე, რაც კერპთაყვანისმცემლობაა. ამ ყველაფრის გამო ღვთის რისხვა მოდის . . . მოიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, ბრაზი, ბოროტება; თქვენი პირიდან ნუ ამოვა ლანძღვა და უწმაწური სიტყვები. ნუ მოატყუებთ ერთმანეთს; გაიხადეთ ძველი პიროვნება მისი საქმეებითურთ და შეიმოსეთ ახალი პიროვნებით“.

ძალიან გამიძნელდა ასეთი ცვლილებების მოხდენა. ჩემი ყოფილი „პარტნიორები“ კვლავაც მთავაზობდნენ ფულს, რომ მათთვის იარაღი გამეკეთებინა. გარდა ამისა, ძალიან მიჭირდა თავშეკავება, როდესაც ვინმე შეურაცხყოფას მაყენებდა. მიუხედავად ამისა, მთლიანად გავანადგურე მთელი ჩემი იარაღის არსენალი, რაშიც დიდ ფულის აღება შემეძლო, რომ გამეყიდა. როდესაც გავიგე, რამდენად დიდ სიყვარულს ავლენენ ჩემ მიმართ ღმერთი და იესო ქრისტე, ამან აღმძრა, რომ მეც სიყვარულითვე მეპასუხა მათთვის. მთელი გულით მოვეკიდე ბიბლიის პირად შესწავლას, ვესწრებოდი კრების შეხვედრებს და ღმერთს ლოცვაში დახმარებას ვთხოვდი.

კურთხევები: თანდათანობით, ქრისტიანი ძმების დახმარებით და დიდი ძალისხმევის შედეგად, ‘ახალ პიროვნებად შევიმოსე’ და უკეთესი ადამიანი გავხდი. მახარებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ღმერთი ზრუნავს თითოეულ ჩვენგანზე და რომ ის გარდაცვლილებსაც კი აღადგენს (საქმეები 24:15). ძალიან ვაფასებ იეჰოვას მოწმეების გულწრფელობას, პატიოსნებას და იმას, რომ ისინი ღვთის ერთგულები არიან. გარდა ამისა, მადლიერი ვარ, რომ მათ ჩემ მიმართ ნამდვილი ინტერესი გამოავლინეს.

თავიდან, ჩემი ოჯახის ზოგი წევრი და მეგობარი ჩემი ახალი რწმენის წინააღმდეგი იყო. მაგრამ შემდეგ ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ჩემთვის უკეთესი იყო, რელიგიური ვყოფილიყავი, ვიდრე კრიმინალურ სამყაროსთან მქონოდა კავშირი. ბედნიერი ვარ, რომ ახლა ჩემს დროსა და ენერგიას იარაღით ვაჭრობას კი აღარ ვუთმობ, არამედ მშვიდობის ღმერთის შესახებ ქადაგებას.

[სურათი 27 გვერდზე]

სინდისს რომ არ შევეწუხებინე, კათოლიკურ ცერემონიებში ვმონაწილეობდი

[სურათი 28 გვერდზე]

არაფერი მაკლდა, მაგრამ ბედნიერი მაინც არ ვიყავი