არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უკანასკნელ წუთებს ითვლის დედამიწა?

უკანასკნელ წუთებს ითვლის დედამიწა?

უკანასკნელ წუთებს ითვლის დედამიწა?

როგორ უპასუხებდით ქვემოთ დასმულ შეკითხვას?

ახლო მომავალში დედამიწის მდგომარეობა

ა) გაუმჯობესდება?

ბ) არ შეიცვლება?

გ) გაუარესდება?

ცდილობთ, რომ მომავალთან დაკავშირებით დადებითი თვალსაზრისი შეინარჩუნოთ? თუ ასე იქცევით, ეს მრავალმხრივ სასარგებლოა. გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ მათ, ვინც მომავალს იმედის თვალით უყურებენ, უფრო გახსნილი გონება აქვთ და უკეთესი ჯანმრთელობით გამოირჩევიან. ერთი გამოკვლევა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ტარდებოდა, ცხადყოფს, რომ ისინი, ვინც მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ, პესიმისტურად განწყობილი ადამიანებისგან განსხვავებით, ნაკლებად უჩივიან გულის კორონარულ დაავადებებს. ეს ზუსტად შეესაბამება ბიბლიაში საუკუნეების წინათ ჩაწერილ სიტყვებს: „მხიარული გული მკურნალივით არის, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს“ (იგავები 17:22).

მრავალს უჭირს დადებითი თვალსაზრისის შენარჩუნება იმის გამო, რომ ზოგი მეცნიერი დედამიწის მომავალზე კარგს არაფერს წინასწარმეტყველებს. ვნახოთ, თუ რა შემაშფოთებელი ცნობები იყო გაშუქებული ახალ ამბებში ჩვენი პლანეტის მომავლის შესახებ.

ჩვენი პლანეტა საფრთხეშია

2002 წელს სტოკჰოლმში არსებული ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტი იძლეოდა გაფრთხილებას, რომ იმ უარყოფითმა გავლენამ, რასაც ეკონომიკის განვითარება ახდენს გარემოზე, შეიძლება ისეთი ბუნებრივი მოვლენები გამოიწვიოს, რაც „საბოლოო ჯამში რადიკალურად შეცვლის დედამიწის კლიმატსა და ეკოსისტემას“. იმავე ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ მთელ მსოფლიოში არსებულმა სიღარიბემ, უსამართლობამ და დედამიწის რესურსების გაჩანაგებამ საზოგადოება შეიძლება კრიზისამდე მიიყვანოს.

2005 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოცემულ ერთ-ერთ ანგარიშში შესული იყო გარემოს შესახებ მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული ოთხწლიანი კვლევების მონაცემები. ამ ფართომასშტაბიანმა კვლევამ, რომელშიც 95 ქვეყნიდან 1 360-ზე მეტი სპეციალისტი მონაწილეობდა, შემაშფოთებელი ფაქტები გამოავლინა. ანგარიშში ნათქვამი იყო: „ადამიანის საქმიანობამ იმდენად უარყოფითად იმოქმედა დედამიწაზე მიმდინარე ბუნებრივ პროცესებზე, რომ ჩვენი პლანეტის ეკოსისტემა მეტად ვეღარ შეძლებს მომდევნო თაობებისთვის საარსებოდ აუცილებელი პირობების შექმნას“. ამ საშინელების თავიდან ასარიდებლად საჭიროა „აღებული კურსის შეცვლა და ამა თუ იმ სფეროში ძირეული ცვლილებების მოხდენა, რაც დღეს სამწუხაროდ არ ხდება“, — აღნიშნულია ზემოხსენებულ ანგარიშში („Millennium Ecosystem Assessment“).

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დასახლების პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი ანა ტიბაიჯუკა გამოხატავს იმ აზრს, რომელსაც სულ უფრო და უფრო მეტი მკვლევარი იზიარებს. ის ამბობს: „თუ არაფერს ვიღონებთ არსებული მდგომარეობის შესაცვლელად, წინ კარგი არაფერი გველოდება“.

იმედის საფუძველი ნამდვილად არსებობს

იეჰოვას მოწმეებსაც, რომლებიც ამ ჟურნალს გამოსცემენ, სწამთ, რომ ახლო მომავალში დედამიწაზე რადიკალური ცვლილებები მოხდება. თუმცა, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ცვლილებები საშინელი მომავლის მომასწავებელი კი არ იქნება, არამედ იმის, რომ დედამიწაზე დადგება ისეთი შესანიშნავი დრო, როგორიც არასოდეს ყოფილა. რის საფუძველზე აქვთ მოწმეებს ასეთი იმედი? მათ სჯერათ იმ დანაპირების, რომელიც ღვთის სიტყვაში, ბიბლიაშია მოცემული. ყურადღება მიაქციეთ, რა წერია ბიბლიაში: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი; დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:10, 11).

ნამდვილად რეალურია ეს იმედი თუ მხოლოდ კეთილი სურვილია? ვიდრე ამ კითხვას პასუხს გავცემდეთ, დაფიქრდით შემდეგზე: ათასობით წლის წინ ბიბლიამ ზუსტად იწინასწარმეტყველა, თუ რა სერიოზული პრობლემები იარსებებდა დღეს დედამიწაზე და რა სირთულეების წინაშე დადგებოდა კაცობრიობა. გთხოვთ, წაიკითხეთ მომდევნო სტატიაში მოცემული ბიბლიური მუხლები და შემდეგ წაკითხული მსოფლიო მოვლენებს შეადარეთ. ეს უფრო მეტად დაგარწმუნებთ, რომ მომავალთან დაკავშირებული ბიბლიური წინასწარმეტყველებები უტყუარია.