არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მიჰბაძეთ ღმერთს“

„მიჰბაძეთ ღმერთს“

დაუახლოვდით ღმერთს

„მიჰბაძეთ ღმერთს“

ეფესოელები 4:32—5:2

სამწუხაროდ, სიკეთეს, თანაგრძნობას, მიმტევებლობასა და სიყვარულს დღეს იშვიათად თუ ავლენენ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ასეთი კეთილშობილური თვისებების გამომუშავების მცდელობას აზრი არა აქვს? კრიტიკული გული მსჯავრს ხომ არ გდებთ და ხომ არ გარწმუნებთ, რომ ასეთი თვისებების განსავითარებლად ვერასოდეს შეძლებთ იმ ბარიერის გადალახვას, რომელიც შესაძლოა ძვალ-რბილში გამჯდარმა მავნე ჩვევებმა თუ წარსულში დაშვებულმა სერიოზულმა შეცდომებმა შეგიქმნათ?! შემოქმედი გვარწმუნებს, რომ შეგვიძლია ამ ბარიერის გადალახვა და ღირსეული თვისებების გამომუშავება! ამის გაგება სულს დაგიმშვიდებთ!

ღვთის სიტყვა ქრისტიანებს მოუწოდებს: „ამიტომ მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა“ (ეფესოელები 5:1). ეს სიტყვები იმის საუცხოო დადასტურებაა, რომ ღმერთს სჯერა თავისი თაყვანისმცემლების. იეჰოვა ღმერთმა ადამიანი თავის ანარეკლად და მსგავსებად შექმნა (დაბადება 1:26, 27). ამგვარად მან თქვენშიც ჩადო ის თვისებები, რაც თვითონ აქვს *. ასე რომ, როცა ბიბლია მოგიწოდებთ — „მიჰბაძეთ ღმერთს“ — ამით შეიძლება ითქვას, რომ თავად იეჰოვა გეუბნებათ: „მე მჯერა შენი, და ვიცი რომ არასრულყოფილების მიუხედავად, გარკვეულწილად მაინც შეგიძლია დამემსგავსო“.

ღვთის რომელი თვისებების გამომუშავება შეგვიძლია? ამ კითხვაზე პასუხს სცემს ეფესოელების 5:1-ის კონტექსტი. ყურადღება მიაქციეთ, რომ პავლე ამ მუხლს იწყებს სიტყვით „ამიტომ“, რითაც აგრძელებს წინა მუხლში დაწყებულ აზრს, სადაც საუბარია სიკეთეზე, თანაგრძნობასა და პატიებაზე (ეფესოელები 4:32; 5:1). მომდევნო მუხლში კი პავლე ქრისტიანებს ერთმანეთის სიყვარულისკენ მოუწოდებს (ეფესოელები 5:2). მართლაც, როცა საქმე სიკეთის გამოვლენას, გულწრფელ თანაგრძნობას, მთელი გულით პატიებას და სიყვარულს ეხება, გვყავს უბადლო მაგალითი — იეჰოვა ღმერთი.

რატომ უნდა გვინდოდეს, რომ ღვთის მსგავსები ვიყოთ? პავლეს სიტყვებში — „მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა“ — კარგად ჩანს ამის მიზეზი. ხომ გივსებთ გულს სითბოთი ეს სიტყვები? იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებს შვილებად მიიჩნევს და ძალიან უყვარს ისინი. როგორც პატარა ბიჭუნა ცდილობს ჰგავდეს მამას, ისე ჭეშმარიტი ქრისტიანები ცდილობენ, ზეციერ მამას დაემსგავსონ.

იეჰოვა არავის აიძულებს, რომ მიჰბაძონ; მან ჩვენ ნების თავისუფლება გვიბოძა. ასე რომ, მიჰბაძავთ ღმერთს თუ არა, პირადად თქვენი გადასაწყვეტია (კანონი 30:19, 20). არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ გაქვთ იმ თვისებების გამოვლენის უნარი, რომელიც ღმერთს აქვს. რაღა თქმა უნდა, ღმერთს რომ მიჰბაძოთ, ჯერ უნდა გაიგოთ, როგორია ის. ბიბლია დაგეხმარებათ, გაეცნოთ შეუდარებელ ღმერთს და მის თვისებებს. მილიონების მსგავსად შეიძლება თქვენც გაგიჩნდეთ იმის სურვილი, რომ მიჰბაძოთ ღმერთს!

[სქოლიო]

^ აბზ. 5 კოლოსელების 3:9, 10-დან ჩანს, რომ ადამიანი იმ გაგებით არის შექმნილი ღვთის მსგავსად, რომ მისი მსგავსი პიროვნული თვისებები აქვს. ღვთისთვის მოსაწონად ცხოვრების მსურველებს ბიბლია მოუწოდებს: „შეიმოსეთ ახალი პიროვნებით, რომელიც . . . ახლდება მისი შემოქმედის პიროვნებისამებრ“.