არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გეშინიათ გარდაცვლილების?

გეშინიათ გარდაცვლილების?

გეშინიათ გარდაცვლილების?

ამ კითხვაზე შეიძლება ბევრმა მარტივად უპასუხოს: „არა, რატომ უნდა მეშინოდეს?!“ მათ სჯერათ, რომ გარდაცვლილები უგრძნობ მდგომარეობაში არიან. მაგრამ მილიონობით ადამიანი დარწმუნებულია, რომ მკვდრები სულიერ სამყაროში განაგრძობენ ცხოვრებას.

ბენინში (დასავლეთი აფრიკა) ბევრს სწამს, რომ მკვდრებს შეუძლიათ დაბრუნდნენ და თავისი ოჯახის წევრები მოკლან. ხალხი ყველაფერს ყიდის ან ვალებს იღებს, რომ გარდაცვლილი ნათესავების გულის მოსალბობად ცხოველები შესწირონ და ცერემონიები მოაწყონ. ზოგი სპირიტიზმს მიმართავს, რადგან სჯერათ, რომ ადამიანის სიკვდილის დროს სული არ კვდება და ცოცხლებთან განაგრძობს ურთიერთობას. სხვებს მიაჩნიათ, რომ მათი უბედურებები გარდაცვლილთა სულებმა გამოიწვიეს.

მსგავსი რამ შეემთხვა ბენინისა და ნიგერიის საზღვართან მცხოვრებ ერთ მამაკაცს, აგბულას. ის ყვება: „ჩვენს მხარეში სპირიტიზმი ძალიან გავრცელებულია. ადგილობრივი წეს-ჩვეულების თანახმად ტარდება გარდაცვლილის დაბანის ცერემონიალი, რომ ის სულიერ სამყაროში შესასვლელად მოამზადონ. ხშირად გარდაცვლილის დაბანის შემდეგ დარჩენილ საპონს სხვადასხვა მცენარის ფოთლებში ვურევდი. შემდეგ ამ ნაზავს ვუსვამდი სანადირო თოფს და ხმამაღლა ვამბობდი, რომელი ცხოველის მოკვლა მინდოდა. ჩვენთან ხალხი ასეთ რამეს საკმაოდ ხშირად აკეთებს, რადგან ფიქრობენ, რომ საწადელს მიაღწევენ. თუმცა სპირიტიზმის ზოგიერთი სხვა სახეობა საკმაოდ შიშისმომგვრელია.

როდესაც მოულოდნელად ორი ვაჟი დამეღუპა, ვფიქრობდი, რომ ვიღაცამ ჯადო გაგვიკეთა. ამაში დასარწმუნებლად წავედი მოხუც მამაკაცთან, რომელიც ცნობილი მკითხავი იყო. მან ჩემი ეჭვები გაამართლა. ამ კაცმა მითხრა, რომ ჩემი ვაჟები ახლა სულიერ სამყაროში იყვნენ და ელოდებოდნენ თავიანთი მკვლელის სიკვდილს, რომ მისი მსახურები გამხდარიყვნენ. მან ისიც მითხრა, რომ მესამე ვაჟიც მომიკვდებოდა. რამდენიმე დღეში ჩემი ვაჟი მართლაც მოკვდა“.

ერთხელ აგბულა შეხვდა ჯონს, იეჰოვას ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც ნიგერიაში ცხოვრობდა. ჯონმა მას ბიბლიის მეშვეობით აუხსნა, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან მკვდრები. ღვთის სიტყვაში მოცემული ჭეშმარიტების გაგებამ აგბულას ცხოვრება სრულიად შეცვალა. მან შეიძლება თქვენი ცხოვრებაც შეცვალოს.

განაგრძობენ გარდაცვლილები სიცოცხლეს?

ვინ გაგვცემს ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს? ამ კითხვაზე პასუხს მათგანაც კი ვერ მივიღებთ, ვისაც ყველაზე მეტად აქვს კავშირი სპირიტულ ძალებთან. მხოლოდ იეჰოვას, ‘ზეცისა და დედამიწის, ხილულისა და უხილავის’ შემოქმედს შეუძლია გვიპასუხოს ამ კითხვაზე (კოლოსელები 1:16). მან ანგელოზები ზეცაში საცხოვრებლად შექმნა, ადამიანები და ცხოველები კი დედამიწაზე დაასახლა (ფსალმუნი 104:4, 23, 24). ყველაფერი დედამიწაზე მისით არსებობს (გამოცხადება 4:11). განვიხილოთ, რას ამბობს ღვთის სიტყვა, ბიბლია სიკვდილთან დაკავშირებით.

სიკვდილი პირველად იეჰოვამ მოიხსენია. მან ადამი და ევა გააფრთხილა, რომ თუ არ დაემორჩილებოდნენ, მოკვდებოდნენ (დაბადება 2:17). რას ნიშნავდა ეს? იეჰოვამ ადამს აუხსნა: „მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“ (დაბადება 3:19). სიკვდილის დროს სიცოცხლე წყდება, სხეული იხრწნება და მტვრად იქცევა.

ადამმა და ევამ შეგნებულად გამოავლინეს დაუმორჩილებლობა და ამიტომ სიკვდილით დაისაჯნენ. მაგრამ, ისინი პირველები არ მომკვდარან — ჯერ მათი ვაჟი აბელი მოკვდა, რომელიც თავისმა უფროსმა ძმამ, კაენმა მოკლა (დაბადება 4:8). კაენს არ ეშინოდა, რომ მკვდარი ძმა მასზე შურს იძიებდა. მას ცოცხალი ადამიანების ეშინოდა, რომლებსაც მისთვის ზიანის მიყენება შეეძლოთ (დაბადება 4:10—16).

საუკუნეების შემდეგ მცხოვრები მეფე ჰეროდე ძალიან აღშფოთდა, როცა ასტროლოგებმა უთხრეს, რომ „იუდეველთა მეფე“ დაიბადა. მან გადაწყვიტა, მოეშორებინა თავისი პოტენციური მეტოქე, ამიტომ ბრძანა, ბეთლემში ორ წლამდე ასაკის ვაჟები დაეხოცათ. მაგრამ, ანგელოზმა უთხრა იოსებს, რომ იესოსა და მარიამთან ერთად ‘გაქცეულიყო ეგვიპტეში’ (მათე 2:1—16).

ჰეროდეს სიკვდილის შემდეგ ანგელოზმა იოსებს ამცნო, ისრაელში დაბრუნებულიყო, რადგან „დაიხოცნენ . . . ბავშვის მძებნელნი“ (მათე 2:19, 20). ანგელოზმა, რომელიც სულიერი ქმნილება იყო, იცოდა, რომ ჰეროდე ზიანს ვეღარ მიაყენებდა იესოს. მკვდარი მეფის არც იოსებს ეშინოდა. მაგრამ იოსებს ეშინოდა ჰეროდეს სასტიკი მემკვიდრის, არქელაესი. ამიტომ ის ოჯახთან ერთად არქელაესგან მოშორებით გალილეაში დასახლდა, სადაც მისი ძალაუფლება არ ვრცელდებოდა (მათე 2:22).

ამ შემთხვევიდან ვიგებთ, რომ მკვდრები უმოქმედო მდგომარეობაში არიან. მაშ, როგორ შეგვიძლია ავხსნათ ის, რაც აგბულას შეემთხვა და რაც სხვების ცხოვრებაში ხდება?

„დემონები“ ანუ უწმინდური სულები

ერთხელ იესოს ბოროტი სულებით შეპყრობილი ორი კაცი შეხვდა. სულებმა იცნეს ის და ასე მიმართეს: „ღვთის ძეო“. იესომაც იცოდა მათი ვინაობა. ისინი გარდაცვლილთა სულები არ იყვნენ. იესომ მათ „დემონები“ ანუ უწმინდური სულები უწოდა (მათე 8:29—31; 10:8; მარკოზი 5:8).

ბიბლიაში მოხსენიებულნი არიან ღვთის ერთგული სულიერი ქმნილებები, აგრეთვე ისინი, ვინც ღვთის წინააღმდეგ წავიდნენ. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვამ ადამი და ევა ედემის ბაღიდან გააძევა და ბაღის აღმოსავლეთით ქერუბიმები ანუ ანგელოზები დააყენა, რომ არავინ შესულიყო მასში (დაბადება 3:24). როგორც ჩანს, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ადამიანმა სულიერი ქმნილებები დაინახა.

მოგვიანებით ზოგი ანგელოზი ჩამოვიდა დედამიწაზე და ადამიანის სახე მიიღო. ამის გაკეთება მათთვის იეჰოვას არ დაუვალებია. ანგელოზებმა თავიანთი სურვილით „მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო“, სულიერი სამყარო (იუდა 6). ისინი ეგოისტურად მოქმედებდნენ. მათ ცოლად მოიყვანეს ადამიანთა ასულები და ეყოლათ შვილები, რომლებსაც ნეფილიმები ეწოდათ. ნეფილიმები და მათი ურჩი მამები მოძალადეები იყვნენ და მთელ დედამიწაზე ბოროტებას სჩადიოდნენ (დაბადება 6:1—5). იეჰოვამ მდგომარეობა იმით გამოასწორა, რომ ნოეს დღეებში მსოფლიო წარღვნა მოავლინა. წარღვნის დროს განადგურდნენ ბოროტი ადამიანები, მათ შორის ნეფილიმები. რა მოუვიდათ დედამიწაზე ჩამოსულ ანგელოზებს?

წარღვნის დროს ისინი იძულებული გახდნენ, ზეცაში დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ იეჰოვამ ისინი აღარ მიიღო და მათ ვეღარ შეძლეს დაბრუნებოდნენ „თავიანთ თავდაპირველ მდგომარეობას“ (იუდა 6). ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღმერთმა შემცოდველი ანგელოზები არ დაინდო, ჩაყარა ტარტაროზში, უკუნი სიბნელით მოცულ ჯურღმულებს გადასცა და სასამართლოსთვის შემოინახა“ (2 პეტრე 2:4).

ტარტაროზი არ არის კონკრეტული ადგილი. ეს არის ღმერთს ჩამოშორებული ანგელოზების დამცირებული მდგომარეობა. ასეთ მდგომარეობაში მყოფი დემონების მოქმედება შეზღუდულია. დემონებს აღარ შეუძლიათ ხორცის შესხმა, თუმცა ისინი ადამიანის აზროვნებასა და ცხოვრებაზე კვლავაც დიდ გავლენას ახდენენ. მათ ცხოველების მართვაც შეუძლიათ (მათე 12:43—45; ლუკა 8:27—33). დემონებს შეცდომაში შეჰყავთ ხალხი იმით, რომ გარდაცვლილთა სულებად ევლინებიან. რატომ აკეთებენ ისინი ამას? იმიტომ, რომ ადამიანები იეჰოვას თაყვანისმცემლები არ გახდნენ და მათ მკვდრების მდგომარეობის შესახებ ჭეშმარიტება არ გაიგონ.

როგორ დავძლიოთ შიში?

აგბულამ დაინახა, რომ მკვდრებთან და სულებთან დაკავშირებით ბიბლიური ახსნა გონივრული იყო. ის მიხვდა, რომ უფრო მეტი უნდა ესწავლა. მან დაიწყო ბიბლიისა და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების კითხვა, რომლებსაც ჯონი აძლევდა. აგბულას ნუგეში მოჰგვარა იმის გაგებამ, რომ მის შვილებს სამარეში ეძინათ და სულიერ სამყაროში არ ელოდებოდნენ თავიანთ მკვლელს, რომ მისი მსახურები გამხდარიყვნენ (იოანე 11:11—13).

აგბულა იმასაც მიხვდა, რომ სპირიტიზმისთვის აღარ უნდა მიემართა. მან ოკულტიზმთან დაკავშირებული ყველა ნივთი დაწვა (საქმეები 19:19). ზოგმა გააფრთხილა აგბულა, რომ სულების რისხვას დაიტეხდა თავს, მაგრამ მას არ შეშინებია. მან გაითვალისწინა ეფესოელების 6:11, 12-ში მოცემული რჩევა. ამ მუხლებში წერია, რომ უნდა ‘შევიმოსოთ ღვთის სრული საჭურვლით, რადგან ვიბრძვით ბოროტი სულების წინააღმდეგ’. სულიერ საჭურველში შედის ჭეშმარიტების ცოდნა, სიმართლით შემოსვა, მშვიდობის შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება, რწმენის განვითარება და სულის მახვილის, ანუ ღვთის სიტყვის გამოყენება. ასეთი საჭურველი დამცავია, რადგან მას ღმერთი გვაძლევს!

ზოგმა მეგობარმა და ნათესავმა აგბულასთან ურთიერთობა გაწყვიტა, რადგან მან სპირიტიზმთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები უარყო. აგბულა მეგობრების გარეშე არ დარჩენილა. მან იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ კრებაში შეიძინა ახალი მეგობრები, რომლებსაც სწამთ ბიბლიაში ჩაწერილი სწავლებები.

აგბულამ იცის, რომ მალე იეჰოვა დედამიწას ბოროტებისგან განწმენდს და დემონებს ყოველგვარი მოქმედების საშუალებას წაართმევს. ბოლოს ღმერთი მათ სამუდამოდ გაანადგურებს (გამოცხადება 20:1, 2, 10). ღმერთი დედამიწაზე აღადგენს ყველას „ვინც [სამახსოვრო] სამარხებში არიან“ (იოანე 5:28, 29). აღდგენილებს შორის იქნებიან აბელი, ის უდანაშაულო ბავშვები, რომლებიც მეფე ჰეროდემ დაახოცვინა, და მილიონობით სხვა მკვდარი. აგბულას სწამს, რომ მისი სამი შვილიც აღდგება. მკვდრეთით აღდგენილებს შორის შესაძლოა თქვენი საყვარელი გარდაცვლილი ახლობლებიც იყვნენ. ყველა აღდგენილი დაგიდასტურებთ, რომ სიკვდილის დროს უგრძნობ მდგომარეობაში იყვნენ და ვერაფერს იგებდნენ, როცა მათთვის რაიმე რიტუალს ატარებდნენ.

არანაირი მიზეზი არა გაქვთ, რომ მკვდრების გეშინოდეთ. თქვენ შეგიძლიათ მოუთმენლად დაელოდოთ იმ დროს, როცა თქვენს საყვარელ გარდაცვლილ ახლობლებს შეხვდებით. ვიდრე ეს დრო დამდგარა, შეისწავლეთ ბიბლია და რწმენა განიმტკიცეთ. გქონდეთ ურთიერთობა მათთან, ვისაც სჯერა ბიბლიური სწავლებების. არ დაუშვათ, რომ, თუნდაც გართობის მიზნით, რაიმე კავშირი გქონდეთ სპირიტიზმთან. „შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურვლით“, რათა თავი დაიცვათ დემონებისგან (ეფესოელები 6:11). იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან ბიბლიის უფასო შესწავლაში წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ *

აგბულას აღარ ეშინია მკვდრების. ის სწავლობს, როგორ გაუწიოს წინააღმდეგობა დემონებს. აგბულა ამბობს: „არ ვიცი, ვინ გამოიწვია ჩემი ბიჭების სიკვდილი. მაგრამ მას შემდეგ, რაც იეჰოვას მსახურება დავიწყე, შვიდი შვილი შემეძინა. მათ ვერც ერთი დემონი ვერ მიაყენებს ზიანს“.

[სქოლიო]

^ აბზ. 25 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩანართი 13 გვერდზე]

აგბულას აღარ ეშინია მკვდრების. ის სწავლობს, როგორ გაუწიოს წინააღმდეგობა დემონებს

[სურათი 12 გვერდზე]

კაენს არ ეშინოდა, რომ მკვდარი ძმა მასზე შურს იძიებდა