მათეს სახარება 12:1—50

  • იესო „შაბათის უფალია“ (1—8).

  • ხელგამხმარი კაცის განკურნება (9—14).

  • ღვთის საყვარელი მსახური (15—21).

  • იესო დემონებს წმინდა სულის დახმარებით დევნის (22—30).

  • მიუტევებელი ცოდვა (31, 32).

  • „ხე ნაყოფით იცნობა“ (33—37).

  • იონას ნიშანი (38—42).

  • რა ხდება, როცა უწმინდური სული ბრუნდება (43—45).

  • იესოს დედა და ძმები (46—50).

12  იმ ხანებში, შაბათ დღეს, იესომ ყანაზე გაიარა. მის მოწაფეებს მოშივდათ და დაიწყეს თავთავების გლეჯა და ჭამა.+  ამის დანახვაზე ფარისევლებმა უთხრეს მას: „შეხედე, შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რისი კეთებაც შაბათს ნებადართული არ არის!“+  მან კი უთხრა მათ: «არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მას და მის მხლებლებს მოშივდათ?!+  როგორ შევიდა ღვთის კარავში, სადაც მან და მისმა ხალხმა წარსადგენი პური+ ჭამეს, რომლის ჭამის უფლებაც მხოლოდ მღვდლებს ჰქონდათ+ და არა მას და მის მხლებლებს?!  ანდა არ წაგიკითხავთ კანონში, რომ შაბათობით ტაძარში მღვდლები არღვევენ შაბათს, მაგრამ ბრალი არ ედებათ?!+  მე კი გეუბნებით: აქ არის ის, ვინც ტაძარზე დიდია.+  თქვენ რომ მიმხვდარიყავით, რას ნიშნავს „გულმოწყალება მსურს+ და არა მსხვერპლი“,+ მსჯავრს აღარ დასდებდით უდანაშაულოებს;  კაცის ძე შაბათის უფალია!»+  იქიდან წამოსული იესო სინაგოგაში შევიდა. 10  იქ ერთი ხელგამხმარი კაცი იყო.+ მათ, ვინც საბაბს ეძებდნენ, რომ იესოსთვის ბრალი დაედოთ, ჰკითხეს მას: „ნებადართულია შაბათს განკურნება?“+ 11  მან კი მიუგო: „რომელიმე თქვენგანს ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ მოჰკიდებს ხელს და არ ამოიყვანს?!+ 12  ადამიანი ხომ ბევრად ძვირფასია ცხვარზე! ასე რომ, შაბათს სიკეთის კეთება ნებადართულია“. 13  მაშინ იმ კაცს უთხრა: „გაიწოდე ხელი!“ მანაც გაიწოდა ხელი და მეორე ხელივით საღი გაუხდა. 14  ფარისევლები კი გავიდნენ და მოითათბირეს, რომ მოეკლათ იესო. 15  ეს რომ გაიგო, იესო იქაურობას გაეცალა. დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა მას+ და მან ყველა განკურნა, 16  მაგრამ მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ მის შესახებ არავისთვის მოეყოლათ,+ 17  რათა შესრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი: 18  „აი ჩემი საყვარელი მსახური,+ რომელიც ამოვირჩიე და რომელიც მოვიწონე!+ ჩემს სულს* დავავანებ მასზე+ და ის გააგებინებს ხალხებს, რა არის სამართალი; 19  არც იდავებს+ და არც იყვირებს, მთავარ ქუჩებშიც ვერავინ გაიგებს მის ხმას. 20  გადატეხილ ლერწამს არ მოტეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს,+ სანამ სამართალს არ გაამარჯვებინებს. 21  მისი სახელის იმედი ექნებათ ხალხებს“.+ 22  მიიყვანეს მასთან დემონით შეპყრობილი უსინათლო და მუნჯი კაცი. მან განკურნა ის; ისიც ალაპარაკდა და თვალი აეხილა. 23  მთელი ხალხი განცვიფრებული კითხულობდა, ეს ხომ არ არისო დავითის ძე. 24  ამის გაგონებაზე ფარისევლებმა თქვეს: „ეს კაცი ვერ განდევნიდა დემონებს, მათი მმართველის, ბელზებელის*, დახმარების გარეშე“.+ 25  იესომ იცოდა, რასაც ფიქრობდნენ, ამიტომ უთხრა: „გაყოფილი სამეფო დაემხობა და გაყოფილი ქალაქი ან ოჯახი დაიქცევა. 26  თუ სატანა სატანას დევნის, მაშინ გაყოფილა იგი და როგორღა გაძლებს მისი სამეფო?! 27  თუ მე ბელზებელის ძალით ვდევნი დემონებს, თქვენი ძეები* ვიღას ძალით დევნიან?! ამიტომ ისინი დაგდებენ მსჯავრს. 28  მაგრამ, თუ ღვთის სულის დახმარებით ვდევნი დემონებს, მაშინ მოსულა ღვთის სამეფო და ვერ გაგიგიათ.+ 29  ვინც ძლიერი კაცის სახლში შეიჭრება, როგორ გაიტაცებს მის ქონებას, თუ ჯერ არ შებოჭავს მას?! მხოლოდ მაშინ შეძლებს მისი სახლის გაძარცვას. 30  ვინც ჩემ მხარეზე არ არის, ჩემ წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან ერთად არ აგროვებს, ფანტავს.+ 31  ამიტომ გეუბნებით: ყველანაირი ცოდვა და მკრეხელობა ეპატიებათ ადამიანებს, მაგრამ წმინდა სულის გმობა არ ეპატიებათ.+ 32  მაგალითად, თუ ვინმე კაცის ძეს დაგმობს, ეპატიება,+ მაგრამ, თუ ვინმე წმინდა სულს დაგმობს, არ ეპატიება არც ახლა* და არც მომავალში.+ 33  თუ ხეს კარგად უვლით, ნაყოფსაც კარგს გამოიღებს, ხოლო თუ — ცუდად, ნაყოფსაც უვარგისს გამოიღებს; ხე ნაყოფით იცნობა.+ 34  გველგესლას ნაშიერნო,+ როგორ ილაპარაკებთ კარგს, როცა ბოროტები ხართ?! პირი ხომ გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს.+ 35  კარგ კაცს თავისი კარგი საგანძურიდან კარგი გამოაქვს, ცუდ კაცს კი თავისი ცუდი საგანძურიდან — ცუდი.+ 36  გეუბნებით: კაცი ყოველი უვარგისი სიტყვისთვის აგებს პასუხს+ სასამართლოს დღეს, 37  რადგან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით დაგედება მსჯავრი“. 38  მაშინ ზოგიერთმა მწიგნობარმა და ფარისეველმა უთხრა: „მოძღვარო, გვინდა, რომ ნიშანი გვიჩვენო“.+ 39  მან მიუგო: „ბოროტ და ორგულ* თაობას სურს ნიშნის ხილვა, მაგრამ იონა წინასწარმეტყველის ნიშნის გარდა სხვა ნიშანს ვერ იხილავს.+ 40  როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამი დღე და ღამე,+ ასევე იქნება კაცის ძე დედამიწის გულში სამი დღე და ღამე.+ 41  გასამართლებისას ნინეველებიც ამ თაობასთან ერთად აღდგებიან მკვდრეთით და მსჯავრს დასდებენ მას, რადგან მათ მოინანიეს, როცა იონამ უქადაგა,+ მაგრამ ვინც აქ არის, ის იონაზე დიდია.+ 42  გასამართლებისას სამხრეთის დედოფალიც ამ თაობასთან ერთად აღდგება მკვდრეთით და მსჯავრს დასდებს მას, რადგან ის შორეული მხარიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად,+ მაგრამ ვინც აქ არის, სოლომონზე დიდია.+ 43  როცა ადამიანიდან უწმინდური სული გამოდის, ის მოსასვენებელი ადგილის საპოვნელად უწყლო ადგილებს გაივლის, მაგრამ ვერ პოულობს+ 44  და ამბობს, დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედიო. მიდის და ხედავს, რომ სახლი ცარიელია, თანაც დაგვილი და გალამაზებული. 45  მაშინ მიდის და მოჰყავს თავისზე ბოროტი სხვა შვიდი სული, შედიან ისინი შიგნით და ბინავდებიან, და ეს კაცი იმაზე ცუდ დღეში ვარდება, ვიდრე თავდაპირველად იყო.+ ასე მოუვა ამ ბოროტ თაობასაც!“ 46  ის ჯერ კიდევ ხალხს ელაპარაკებოდა, როცა დედამისი და მისი ძმები+ მივიდნენ და გარეთ დადგნენ, რადგან მასთან საუბარი სურდათ.+ 47  ვიღაცამ უთხრა მას: „დედაშენი და შენი ძმები დგანან გარეთ, შენთან საუბარი სურთ“. 48  მან კი ამის მთქმელს მიუგო: „ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?“ 49  ხელი მოწაფეებისკენ გაიშვირა და თქვა: „აი დედაჩემი და ჩემი ძმები!+ 50  ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებას ასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც!“+

სქოლიოები

ბერძნ. „პნევმა“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
იგულისხმება სატანა.
იგულისხმებიან მიმდევრები.
ბერძნ. „ეონ“. იხ. „ქვეყნიერება“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სიტყვასიტყვით — „მრუშ“.