არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„რა ვჭამოთ?“

„რა ვჭამოთ?“

„რა ვჭამოთ?“

იესოს მსახურების პერიოდში საჭმელ-სასმელი არაერთხელ გამხდარა საუბრის თემა. ქრისტეს პირველი სასწაული წყლის ღვინოდ გადაქცევა იყო. მან რამდენიმე პურითა და თევზით ორჯერ უამრავი ადამიანი დააპურა (მათე 16:7—10; იოანე 2:3—11). როგორც ვიცით, იესო არა მხოლოდ ღარიბებთან ჭამდა, არამედ მდიდრებთანაც ნადიმობდა. მტრები იესოს ცილს სწამებდნენ, რომ ის გაუმაძღარი და სმას გადაყოლილი იყო (მათე 11:18, 19). რასაკვირველია, იესო არც გაუმაძღარი ყოფილა და არც სმას გადაყოლილი. მან იცოდა, რომ საკვები და სასმელი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი იყო; სწორედ ამიტომ ღრმა სულიერი საკითხების ასახსნელად საჭმელ-სასმელზე მოჰყავდა მაგალითები (ლუკა 22:14—20; იოანე 6:35—40).

რას ჭამდნენ და სვამდნენ იესოს დროს მცხოვრები ადამიანები? როგორ ამზადებდნენ საკვებს? რა ძალისხმევას ახმარდნენ საკვების მომზადებას? ამ კითხვებზე პასუხი დაგეხმარებათ, უკეთ ჩასწვდეთ სახარებებში ჩაწერილ გამონათქვამებს და უფრო ნათლად წარმოიდგინოთ ესა თუ ის მოვლენა.

„მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური“

როცა იესო მოწაფეებს ლოცვას ასწავლიდა, აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, ღვთისთვის საარსებო წყარო, დღის სამყოფი პური ეთხოვათ (მათე 6:11). პური იმდენად მნიშვნელოვანი საკვები იყო, რომ ებრაულ და ბერძნულ ენებზე გამოთქმა „საჭმლის ჭამა“ სიტყვასიტყვით „პურის ჭამას“ ნიშნავდა. პირველ საუკუნეში ებრაელები პურს ისეთი მარცვლეული კულტურებისგან აცხობდნენ, როგორიცაა ხორბალი, ქერი, შვრია, სპელტა და ფეტვი. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ერთი ადამიანი წელიწადში დაახლოებით 200 კგ. მარცვლეულს მოიხმარდა, რაც საჭირო კალორიების ნახევარს შეადგენდა.

პურს ბაზარში ყიდულობდნენ, თუმცა ბევრი ოჯახში აცხობდა, რაც ძალიან შრომატევადი საქმე იყო. წიგნში „პური, ღვინო, კედლები და ხელნაწერები“ აღნიშნულია: „ვინაიდან ფქვილი დიდხანს არ ინახება, დიასახლისი ხორბალს ყოველდღე ფქვავდა“. რამდენ დროს ანდომებდა დიასახლისი ამ საქმეს? იმავე წიგნში ნათქვამია: „ხელსაფქვავით დიასახლისი ერთი საათის განმავლობაში 1 კგ. ხორბალს ფქვავდა, რომლისგანაც 800 გრ. ფქვილს იღებდა. დღეში ადამიანი დაახლოებით 500 გრ. პურს ჭამდა. ხუთი ან ექვსსულიანი ოჯახის გამოსაკვებად დიასახლისი სამი საათი ანდომებდა მარცვლეულის დაფქვას“.

ახლა გავიხსენოთ მარიამი, იესოს დედა. გარდა იმისა, რომ სხვა საქმეები უნდა გაეკეთებინა, მას იმდენი პური უნდა გამოეცხო, რომ ქმარს, ხუთ ვაჟიშვილსა და, სულ მცირე, ორ ქალიშვილს ჰყოფნოდათ (მათე 13:55, 56). უდავოა, რომ მარიამი სხვა ებრაელი ქალების მსგავსად მძიმედ შრომობდა იმისათვის, რომ მის ოჯახს დღის სამყოფი პური ჰქონოდა.

„მოდით, ისაუზმეთ“

მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ზოგ მოწაფეს სისხამ დილით გამოეცხადა. მოწაფეები მთელი ღამე თევზაობდნენ, მაგრამ ერთი თევზიც ვერ დაიჭირეს. „მოდით, ისაუზმეთ“, — მოუხმო იესომ თავის დაღლილ მეგობრებს და ცოცხალი თევზითა და პურით გაუმასპინძლდა (იოანე 21:9—13). სახარებებში საუზმის მხოლოდ ეს ერთი შემთხვევაა მოხსენიებული, თუმცა, როგორც წესი, ხალხი დილით პურს, თხილს, ქიშმიშს ან ზეთისხილს მიირთმევდა ხოლმე.

რის თქმა შეიძლება სადილზე? რას მიირთმევდნენ გლეხები სადილზე? ერთ წიგნში ნათქვამია: „სადილი მსუბუქი ჰქონდათ. ძირითადად ჭამდნენ პურს, მარცვლეულს, ზეთისხილსა და ლეღვს“ (Life in Biblical Israel). შესაძლოა სიქარიდან დაბრუნებულმა მოწაფეებმა სწორედ ეს პროდუქტები მიუტანეს თავის მოძღვარს, რომელიც სამარიელ ქალს ელაპარაკებოდა ჭასთან. სახარებაში ვკითხულობთ: „მეექვსე საათი იქნებოდა“ ანუ შუადღე, როცა „მისი მოწაფეები ქალაქში იყვნენ წასული საჭმლის საყიდლად“ (იოანე 4:5—8).

საღამოს მთელი ოჯახი სავახშმოდ იკრიბებოდა. ერთ წიგნში წერია: „უმეტესობა ჭამდა პურს, ქერის და სხვადასხვა მარცვლეულის ფაფებს, პარკოსნებს და იშვიათად ხორბალს. ამ საკვებს ანელებდნენ მარილით, ზეთით ან ზეთისხილით, ხანდახან მწარე საწებლით, თაფლით ან ხილის წვენებით“ (Poverty and Charity in Roman Palestine, First Three Centuries C.E.). მათ სუფრას აგრეთვე ამშვენებდა რძე, ყველი, ბოსტნეული, ახალი ხილი თუ სხვადასხვა ხილის ჩირი. იმ დროს ისრაელში დაახლოებით 30 სახეობის ბოსტნეული მოჰყავდათ — ხახვი, ნიორი, ბოლოკი, სტაფილო, კომბოსტო და სხვა. ამ მხარეში ხარობდა ხილის 25-ზე მეტი სახეობა, კერძოდ (1) ლეღვი, (2) ფინიკი, (3) ბროწეული და სხვა.

წარმოიდგინეთ, რომ ლაზარესა და მისი დების, მართასა და მარიამის ოჯახში სავახშმოდ მისულ იესოს ზემოხსენებული საკვებით გაშლილი სუფრა დახვდა. ახლა ისიც წარმოიდგინეთ, რა სურნელებით აივსებოდა ოთახი, როცა მარიამმა იესოს ფეხებზე „სუფთა ნარდი“ სცხო; ოთახში ამ ნელსაცხებლისა და საკვების სასიამოვნო სურნელი იდგა (იოანე 12:1—3).

„როცა ნადიმს გამართავ“

ერთხელ, როცა იესო „ფარისეველთა ერთ-ერთი უფროსის სახლში საჭმელად შევიდა“, იქ შეკრებილთ მნიშვნელოვან საკითხზე ესაუბრა: „როცა ნადიმს გამართავ, დაპატიჟე ღარიბები, ხეიბრები, კოჭლები და უსინათლოები და ბედნიერი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ გადაგიხადონ. მართალთა აღდგომისას გადაგეხდება“ (ლუკა 14:1—14). როგორ სუფრას გაშლიდა ფარისეველი, იესოს სიტყვები რომ გაეთვალისწინებინა?

მდიდარს სუფრაზე ბევრი რამ შეეძლო გამოეტანა, მაგალითად სხვადასხვა ფორმის ყალიბში გამომცხვარი პური, რომელშიც ღვინო, თაფლი, რძე და სანელებლები იქნებოდა შერეული; აგრეთვე კარაქი და მლაშე ყველი, ახალი თუ დაკონსერვებული ზეთისხილი, და რაღა თქმა უნდა, ზეითუნის ზეთი. წიგნში „საკვები ანტიკურ ხანაში“ ნათქვამია, რომ „ერთი ადამიანი წელიწადში 20 კგ. ზეითუნის ზეთს იყენებდა საკვებად, მას ასევე მოიხმარდნენ კოსმეტიკურ საშუალებად და გასანათებლად“.

თუ ფარისეველი სანაპიროსთან ცხოვრობდა, სტუმრებს, ალბათ, ახალდაჭერილი თევზით გაუმასპინძლდებოდა, ხოლო თუ სანაპიროდან მოშორებით — დამარილებული ან მარინადში ჩადებული თევზით. მასპინძელი ხორცითაც უმასპინძლდებოდა სტუმარს, რაც იშვიათი სიამოვნება იყო ღარიბი სტუმრისთვის. სუფრაზე ხშირად ნახავდით კვერცხისგან დამზადებულ კერძებს (ლუკა 11:12). ამ სურნელს კიდევ უფრო ამძაფრებდა ისეთი მწვანილეული და სანელებლები, როგორიცაა პიტნა, კამა, ზირა და მდოგვი (მათე 13:31; 23:23; ლუკა 11:42). ბოლოს კი გამოჰქონდათ დესერტი, ნუშით, თაფლითა და სანელებლებით შეზავებული მოხალული ხორბალი.

ნადიმი, ალბათ, ისე არ ჩაივლიდა, რომ არ ეგემათ ვაზის ნაყოფი, მაგალითად ყურძენი, ქიშმიში ან ღვინო. პალესტინის ტერიტორიაზე ათასობით საწნახელს მიაგნეს, რაც იმაზე მოწმობს, რომ იქ ღვინო დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მხოლოდ გაბაონში არქეოლოგებმა კლდეში ნაკვეთი 63 სარდაფი აღმოაჩინეს, სადაც შეიძლებოდა 100 000 ლიტრი ღვინოს შენახვა.

„ნურასოდეს დაიწყებთ წუხილს“

სახარებების კითხვისას ყურადღება მიაქციეთ, რამდენჯერ მოიყვანა იესომ საჭმელ-სასმელთან დაკავშირებული მაგალითები, ან რას ასწავლიდა იესო სუფრასთან ხალხს. იესოსა და მის მოწაფეებს ჭამაც უყვარდათ და სმაც, განსაკუთრებით მეგობრებთან, თუმცა ეს არ იყო მათთვის მთავარი.

იესომ უთხრა მოწაფეებს, რომ გაწონასწორებული თვალსაზრისი ჰქონოდათ ჭამა-სმაზე: «ნურასოდეს დაიწყებთ წუხილს და ნუ იტყვით: „რა ვჭამოთ?“ ან: „რა ვსვათ?“ ან: „რა ჩავიცვათ?“ რადგან ყოველივე ამას უცხოტომელები ეძებენ მთელი მონდომებით და თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს» (მათე 6:31, 32). მოწაფეებმა ყურად იღეს იესოს რჩევა და ღმერთმაც იზრუნა მათ მოთხოვნილებებზე (2 კორინთელები 9:8). მართალია, ჩვენი კვების რაციონი განსხვავდება პირველ საუკუნეში მცხოვრები ადამიანების კვების რაციონისგან, მაგრამ დარწმუნებული შეგვიძლია ვიყოთ, რომ თუ ღვთის ნებას პირველ ადგილზე დავაყენებთ, ის ჩვენს მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს (მათე 6:33, 34).