არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ითხოვს იეჰოვა ჩვენგან?

რას ითხოვს იეჰოვა ჩვენგან?

დაუახლოვდით ღმერთს

რას ითხოვს იეჰოვა ჩვენგან?

კანონი 10:12, 13

გამოვავლინოთ თუ არა მორჩილება? გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის ადვილი არ არის. მკაცრ და ზედმეტად მომთხოვნ მმართველს ქვეშევრდომები უხალისოდ ემორჩილებიან. მაგრამ იეჰოვას მისი თაყვანისმცემლები სიხარულით ემორჩილებიან. რა არის ამის მიზეზი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად განვიხილოთ მოსეს სიტყვები, რომლებიც კანონის 10:12, 13-შია ჩაწერილი. *

ღვთის მოთხოვნები მოსემ შემდეგი კითხვით შეაჯამა: „რას ითხოვს შენგან იეჰოვა, შენი ღმერთი?“ (მუხლი 12). ღმერთს შეუძლია ნებისმიერი რამ მოითხოვოს ჩვენგან, რადგან ის უზენაესი უფალი და სიცოცხლის მომცემია (ფსალმუნი 36:9; ესაია 33:22). მას აქვს უფლება, ჩვენგან მორჩილება მოითხოვოს, თუმცა არ გვაიძულებს, რომ ასე მოვიქცეთ. რას ითხოვს ის ჩვენგან? მას სურს, რომ ‘გულით დავემორჩილოთ’ (რომაელები 6:17).

რამ უნდა აღგვძრას ღვთისადმი სიხარულით მორჩილებისკენ? მოსემ ერთ-ერთი ფაქტორი მოიხსენია: „გეშინოდეს იეჰოვასი, შენი ღვთისა“ (მუხლი 12). * ეს ავადმყოფურ შიშს კი არ ნიშნავს, რასაც ცუდი შედეგები მოჰყვება, არამედ ღვთისადმი ჯანსაღ და პატივისცემის გამომხატველ შიშს. თუ ღვთისადმი მოკრძალებულ შიშს გამოვავლენთ, გულს არ ვატკენთ მას.

უმთავრესად, რამ უნდა აღგვძრას ღვთისადმი მორჩილებისკენ? მოსემ დაწერა: „გიყვარდეს იგი [იეჰოვა] და ემსახურე იეჰოვას, შენს ღმერთს, მთელი გულითა და სულით“ (მუხლი 12). ღვთისადმი სიყვარული მხოლოდ გრძნობა არ არის. ერთ ნაშრომში ნათქვამია: „გრძნობად ნათარგმნი ებრაული ზმნები ზოგჯერ სიყვარულით ნაკარნახევ მოქმედებაზეც მიუთითებს“. იმავე ნაშრომში აღნიშნულია, რომ ღვთისადმი სიყვარული ნიშნავს მისდამი „სიყვარულით მოქმედებას“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მართლა გვიყვარს ღმერთი, ისე მოვიქცევით, რომ მას ვასიამოვნოთ (იგავები 27:11).

მოსემ თქვა, რომ სრულად უნდა დავემორჩილოთ ღმერთს და ვიაროთ „მისი გზით“ (მუხლი 12). იეჰოვას სურს, რომ ყველაფერი შევასრულოთ, რასაც ის ჩვენგან ითხოვს. იმოქმედებს სრული მორჩილება ჩვენს ცხოვრებაზე უარყოფითად? არავითარ შემთხვევაში.

მორჩილება კურთხევებს მოგვიტანს. მოსემ დაწერა: ‘დაიცავი იეჰოვას მცნებები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ შენდა სასიკეთოდ’ (მუხლი 13). იეჰოვამ ყველა მცნება ჩვენდა სასიკეთოდ მოგვცა. შეუძლებელია ეს სხვაგვარად იყოს, რადგან ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). ღვთის ყველა მოთხოვნა ჩვენს მარადიულ კეთილდღეობას ემსახურება (ესაია 48:17). თუ ყველაფერს შევასრულებთ, რასაც იეჰოვა ითხოვს, დღესვე ავირიდებთ თავიდან იმედგაცრუებას და მომავალში ღვთის სამეფოს მმართველობის დროს უსასრულო კურთხევებს მივიღებთ. *

გამოვავლინოთ თუ არა მორჩილება? როცა იეჰოვასადმი მორჩილებაზე მიდის საუბარი, გონივრულია ყოველთვის სრულად და სიხარულით დავემორჩილოთ მას. მორჩილების ერთგულად გამოვლენა დაგვაახლოებს იეჰოვასთან, ჩვენს მოსიყვარულე ღმერთთან, რომელსაც ყოველთვის საუკეთესო სურს ჩვენთვის.

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 მართალია მოსემ ეს სიტყვები ძველ ისრაელებს უთხრა, მასში მოცემული პრინციპები გამოადგება ყველას, ვისაც სურს ღმერთს ასიამოვნოს (რომაელები 15:4).

^ აბზ. 6 კანონის წიგნში მოსემ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ღვთის მსახურებს ღვთისადმი შიში უნდა ჰქონოდათ და შესაბამისად ეცხოვრათ (კანონი 4:10; 6:13, 24; 8:6; 13:4; 31:12, 13).

^ აბზ. 9 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 3, სათაურით „რა მომავალი ელის დედამიწას ღვთის განზრახვის თანახმად“.