არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან

რატომ აქვს ღმერთს ორგანიზაცია?

რატომ აქვს ღმერთს ორგანიზაცია?

ამ სტატიაში დასმულია კითხვები, რომლებზეც შესაძლოა არაერთხელ გიფიქრიათ, და მითითებულია ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ კითხვებს სცემს პასუხს. იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით იმსჯელებენ თქვენთან ერთად ამ ბიბლიურ მუხლებზე.

1. რატომ ჩამოაყალიბა ღმერთმა ისრაელი ერად?

ღმერთმა აბრაამის შთამომავლებისგან ერი ჩამოაყალიბა და კანონთა კრებული მისცა. მან ამ ერს ისრაელი უწოდა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისა და თავისი სიტყვის, წმინდა წერილების, დაცვა მიანდო (ფსალმუნი 147:19, 20). ეს ყველა ერისთვის სასარგებლო იქნებოდა (წაიკითხეთ დაბადების 22:18).

ღმერთმა ისრაელები აირჩია თავის მოწმეებად. როდესაც ისინი მორჩილებას ავლენდნენ, ღვთის კანონები მათ კეთილდღეობას ემსახურებოდა (კანონი 4:6). თუ ისრაელი ერის ისტორიას გადავავლებთ თვალს, უკეთ გავიცნობთ ჭეშმარიტ ღმერთს (წაიკითხეთ ესაიას 43:10, 12).

2. რატომ არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები ორგანიზებული?

დროთა განმავლობაში ისრაელმა ღვთის კეთილგანწყობა დაკარგა და იეჰოვამ მათ ნაცვლად ქრისტიანული კრება ჩამოაყალიბა (მათე 21:43; 23:37, 38). მანამდე ღვთის მოწმეები ისრაელები იყვნენ, მას შემდეგ კი ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან იეჰოვას მოწმეები (წაიკითხეთ საქმეების 15:14, 17).

იესომ თავის მიმდევრებს ასწავლა, რომ, როგორც ჯგუფს, დაემოწმებინათ იეჰოვას შესახებ და ყველა ერიდან მოემოწაფებინათ ხალხი (მათე 10:7, 11; 24:14; 28:19, 20). ეს საქმიანობა ახლა დასასრულს უახლოვდება. იეჰოვამ მილიონობით ადამიანი სხვადასხვა ერიდან ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში გააერთიანა, რაც მანამდე არასოდეს მომხდარა (გამოცხადება 7:9, 10). ჭეშმარიტი ქრისტიანები ორგანიზებული არიან; ასე რომ, მათ შეუძლიათ გაამხნეონ და დაეხმარონ ერთმანეთს. მთელ მსოფლიოში ისინი ბიბლიის შესწავლის ერთი და იმავე პროგრამას გადიან კრების შეხვედრებზე (წაიკითხეთ ებრაელების 10:24, 25).

3. როგორ ჩამოყალიბდა იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია ჩვენს დროში?

იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა. ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფმა ხელახლა აღმოაჩინა დიდი ხნის მანძილზე დაკარგული ბიბლიური ჭეშმარიტება. მათ იცოდნენ, რომ იესომ ქრისტიანული კრება იმიტომ ჩამოაყალიბა, რომ ექადაგათ. ამიტომ, მათ დაიწყეს მსოფლიოში სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობა. 1931 წელს მათ მიიღეს ახალი სახელი — იეჰოვას მოწმეები (წაიკითხეთ საქმეების 1:8; 2:1, 4; 5:42).

4. როგორ არიან დღეს ორგანიზებული იეჰოვას მოწმეები?

პირველ საუკუნეში სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ქრისტიანულ კრებებს ზედამხედველობას უწევდა ხელმძღვანელი საბჭო, რომელიც კრების თავად იესოს აღიარებდა (საქმეები 16:4, 5). იეჰოვას მოწმეებიც დღეს თავიანთ წინამძღოლად იესოს აღიარებენ (მათე 23:9, 10). მათაც ხელმძღვანელობას უწევს გამოცდილი უხუცესებისგან შემდგარი ხელმძღვანელი საბჭო, რომელიც 100 000-ზე მეტ კრებას ბიბლიურ მითითებებს აძლევს. თითოეულ კრებაში გამოცდილი მამაკაცები მსახურობენ უხუცესებად, ანუ ზედამხედველებად. ისინი სიყვარულით ზრუნავენ ღვთის სამწყსოზე (წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:2, 3).

იეჰოვას მოწმეები ორგანიზებულად ქადაგებენ სასიხარულო ცნობას და ბიბლიას ასწავლიან. იმისათვის, რომ დაეხმარონ ყველა ეროვნების ადამიანს, ისინი თარგმნიან, გამოსცემენ და ავრცელებენ ბიბლიაზე დაფუძნებულ ლიტერატურას 500-ზე მეტ ენაზე. მოციქულების მსგავსად, ისინიც ქადაგებენ კარდაკარ (საქმეები 20:20). იეჰოვას მოწმეები ბიბლიას ასწავლიან მათ, ვისაც ჭეშმარიტება უყვარს. იეჰოვას ხალხი ბედნიერია, რადგან მათი, როგორც ორგანიზებული ჯგუფის, უმთავრესი მიზანია, ასიამოვნონ ღმერთს და დაეხმარონ სხვებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 33:12; საქმეების 20:35).

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-19 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.