არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აღელვებს ღმერთს ქალის ბედი?

აღელვებს ღმერთს ქალის ბედი?

„პირველად ქალმა შესცოდა და სწორედ ქალის გამო ვკვდებით“, „ეკლესიასტიკუსი“, ბიბლიის ერთ-ერთი აპოკრიფული წიგნი, ძვ. წ. II საუკუნე.

„ქალო, შენ ხარ ეშმაკის კერძი, შენ გაუსინჯე პირველად გემო აკრძალული ხის ნაყოფს, შენ ხარ ღვთიური გზის დამგდები . . . შენ აცდუნე ღვთის ხატად შექმნილი კაცი“,  ტერტულიანე, „ქალური შესამოსელის შესახებ“, ახ. წ. II საუკუნე.

ეს უძველესი ციტატები ბიბლიიდან არ არის აღებული. საუკუნეების განმავლობაში სწორედ მსგავსი ციტატების საფუძველზე ამართლებდნენ ქალების ჩაგვრას. დღემდე ზოგი ფანატიკოსი ასეთ რელიგიურ ტექსტებს იშველიებს იმისათვის, რომ ქალზე ბატონობა გაამართლოს, და აცხადებს, რომ სწორედ ქალს მიუძღვის ლომის წილი ადამიანთა უბედურებაში. ღვთის თავდაპირველი განზრახვის თანახმად, მართლა უნდა აეთვალწუნებინა და დაეჩაგრა კაცს ქალი? ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია.

დაწყევლა ღმერთმა ქალი?

რასაკვირველია, არა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა დაწყევლა „ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია“ (გამოცხადება 12:9; დაბადება 3:14). როდესაც ღმერთმა თქვა, რომ ადამი „იბატონებდა“ ცოლზე, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ იგი იწონებდა კაცის მიერ ქალის ჩაგვრას (დაბადება 3:16). ღმერთი უბრალოდ წინასწარმეტყველებდა იმ სავალალო შედეგებზე, რაც მოჰყვებოდა პირველი წყვილის მიერ ჩადენილ ცოდვას.

ასე რომ, ქალების ჩაგვრა ადამიანის ცოდვილი ბუნების გამოძახილია და არა ღვთის ნება. ბიბლია არ ამართლებს იმას, რომ კაცმა იბატონოს ქალზე და ამგვარად საკადრისად ზღოს პირველი ცოდვისთვის (რომაელები 5:12).

დააყენა ღმერთმა ქალი მამაკაცზე დაბლა?

რა თქმა უნდა, არა. დაბადების 1:27-ში ვკითხულობთ: „დაიწყო ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ანარეკლად, ღვთის ანარეკლად შექმნა იგი. კაცად და ქალად შექმნა ისინი“. ღმერთმა კაცი და ქალი იმ უნარით შექმნა, რომ აერეკლათ მისი თვისებები. მართალია, ადამი და ევა ემოციური და ფიზიკური მდგომარეობით ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ, მაგრამ ორივეს ერთი დავალება მიეცათ და შემოქმედმა ორივეს ერთნაირი უფლებები მიანიჭა (დაბადება 1:28—31).

ევას შექმნამდე ღმერთმა განაცხადა: „შევუქმნი [ადამს] დამხმარეს, შემავსებელს“ (დაბადება 2:18). მიანიშნებს სიტყვა „შემავსებელი“ იმაზე, რომ ქალი თავისი სტატუსით კაცზე დაბლა მდგომი იქნებოდა? არა, რადგან ეს ებრაული სიტყვა აგრეთვე ითარგმნება, როგორც „მსგავსი, თანასწორი“ და კაცის „ღირსეული დამხმარე“. დაფიქრდით, როგორ თანამშრომლობენ ერთმანეთთან ოპერაციის დროს ქირურგი და ანესთეზიოლოგი. ერთი მეორის გარეშე ვერას გახდება. მართალია, ოპერაციას უშუალოდ ქირურგი უძღვება, მაგრამ აკნინებს ეს ანესთეზიოლოგის როლს? სულაც არა. მსგავსად, ღმერთმა იმისთვის შექმნა კაცი და ქალი, რომ ერთმანეთთან ეთანამშრომლათ და არა იმისთვის, რომ ერთმანეთს შეჯიბრებოდნენ (დაბადება 2:24).

რა ადასტურებს, რომ ღვთისთვის სულერთი არაა ქალის ხვედრი?

ვინაიდან ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა, თუ როგორ შეიძლებოდა მოპყრობოდა ცოდვილი მამაკაცი ქალს, მის დაცვაზე იზრუნა. ავტორი ლორა აინარდი თავის წიგნში მოსეს კანონის შესახებ, რომელიც ძვ. წ. XVI საუკუნეში მიეცა ისრაელს, აღნიშნავს: „თითქმის ყველგან, სადაც კანონში ქალია ნახსენები, მისი უფლებების დაცვაზეა საუბარი“ (La Bible au féminin).

მაგალითად, კანონის თანახმად, პატივი უნდა ეცათ როგორც მამისთვის, ისე დედისთვის (გამოსვლა 20:12; 21:15, 17). ამავე დროს, სათანადო ყურადღება უნდა გამოევლინათ ორსული ქალის მიმართ (გამოსვლა 21:22). დღესაც კი ღვთის კანონებსა და მსოფლიოს იმ ქვეყნების კანონებს შორის, სადაც ქალთა უფლებები ილახება, კონტრასტი აშკარაა. მაგრამ ღვთის კანონის თანახმად, ქალს კიდევ ბევრი რამის უფლება ჰქონდა.

ღვთის კანონი, რომელიც ქალთა უფლებებს იცავდა

კანონი, რომელიც იეჰოვა ღმერთმა მისცა ისრაელს, ყველას, როგორც კაცების, ისე ქალების ზნეობრივ სიწმინდეს, ფიზიკურ და სულიერ კეთილდღეობას ემსახურებოდა. სანამ ისრაელი უსმენდა და ემორჩილებოდა იეჰოვას, „დედამიწის ყველა ერზე აღმატებული“ იყო (კანონი 28:1, 2). რა უფლებებით სარგებლობდა ქალი ამ კანონის თანახმად? შევეხოთ ზოგიერთ მხარეს:

1. საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი. ძველად ბევრი ისრაელი ქალი სარგებლობდა ისეთი უფლებებით, რითაც ვერ დაიკვეხნიდნენ სხვა ერის ქალები. მართალია, ოჯახის მართვის სადავეები ქმარს ეპყრა ხელთ, მაგრამ იგი ბევრ რამეს ანდობდა ცოლს. მაგალითად, ცოლს შეეძლო შეემოწმებინა და ეყიდა მინდორი, გაეშენებინა ვენახი. თუ ცოლი ხელმარჯვე იყო და დართვა და ქსოვა ეხერხებოდა, შეეძლო ევაჭრა და საკუთარი შემოსავალი ჰქონოდა (იგავები 31:11, 16—19). მოსეს კანონის თანახმად, ქალი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი იყო და არა კაცზე დაბლა მდგომი.

ძველ ისრაელში ქალებს თავისუფლად შეეძლოთ, ღმერთთან პირადი ურთიერთობა ჰქონოდათ. ბიბლიაში მოხსენიებულია ხანა, რომელიც ღმერთს ლოცვაში თავის გულისტკივილს უზიარებდა. მან ქმრისგან დამოუკიდებლად ღმერთს აღთქმაც კი დაუდო (1 სამუელი 1:11, 24—28). ერთი შუნამელი ქალი შაბათობით რჩევისთვის წინასწარმეტყველ ელიასთან მიდიოდა (2 მეფეები 4:22—25). დებორა და ხულდა კი ხალხს ღვთის სიტყვას გადასცემდნენ. აღსანიშნავია, რომ სახელგანთქმული მამაკაცები და მღვდლები სწორედ მათ მიმართავდნენ რჩევისთვის (მსაჯულები 4:4—8; 2 მეფეები 22:14—16, 20).

2. განათლების უფლება. რადგან კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმების მონაწილენი ქალებიც იყვნენ, მათ შეეძლოთ მოესმინათ ხმამაღლა წაკითხული კანონი და ამგვარად მიეღოთ განათლება (კანონი 31:12; ნეემია 8:2, 8). მათ აგრეთვე შეეძლოთ სპეციალური მომზადების გავლა, რათა ღვთის თაყვანისცემაში მიეღოთ მონაწილეობა. მაგალითად, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ზოგი ქალი კარვის შესასვლელთან მსახურობდა, სხვები კი მომღერალთა გუნდში გალობდნენ (გამოსვლა 38:8; 1 მატიანე 25:5, 6).

ბევრ ქალს ცოდნაც ჰქონდა და ხელმარჯვეც იყო საიმისოდ, რომ რაიმე საქმიანობა წამოეწყო (იგავები 31:24). სხვა ერებისგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ მამა ასწავლიდა ვაჟებს, ისრაელში დედები თავიანთ ვაჟებს მანამდე ასწავლიდნენ, სანამ ისინი სრულწლოვნები გახდებოდნენ (იგავები 31:1). აშკარაა, რომ ძველი დროის ისრაელ ქალებს ნამდვილად არ აკლდათ განათლება.

3. საზოგადოების ღირსეული წევრები. ათ მცნებაში ნათელი მითითება იყო მოცემული: „პატივი ეცი მამას და დედას“ (გამოსვლა 20:12). ბრძენი მეფე სოლომონის იგავში ვკითხულობთ: „მოისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის კანონს ნუ უგულებელყოფ“ (იგავები 1:8).

კანონში ზედმიწევნითი მითითებები იყო ჩაწერილი, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ საპირისპირო სქესის ადამიანები ერთმანეთთან და როგორ უნდა გამოევლინათ პატივისცემა ქალის მიმართ (ლევიანები 18:6, 9; კანონი 22:25, 26). კარგი ქმარი ითვალისწინებდა ცოლის ფიზიკურ შესაძლებლობებსა თუ სისუსტეებს (ლევიანები 18:19).

4. ქალთა უფლებების დაცვა. თავის სიტყვაში იეჰოვა საკუთარ თავს აღწერს, როგორც „უმამო ბავშვების მამასა და ქვრივების მოსამართლეს“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი მათი დამცველი იყო, რომელთაც გვერდში არ ედგა მამა ან ქმარი (ფსალმუნი 68:5; კანონი 10:17, 18). ამიტომ, როცა ერთ-ერთი წინასწარმეტყველის ცოლს მევალე უსამართლოდ მოექცა, იეჰოვამ სასწაული მოახდინა, რათა ამ ქალს თავიც გაეტანა და ღირსებაც არ შელახვოდა (2 მეფეები 4:1—7).

სანამ ისრაელები აღთქმულ მიწას დაიმკვიდრებდნენ, ერთი ოჯახის თავი, ცელოფხადი, ისე დაიღუპა, რომ ვაჟი არ ჰყოლია. მისმა ხუთმა ქალიშვილმა მოსეს სთხოვა, რომ აღთქმულ მიწაზე მამის საკუთრებიდან წილი მიეცა მათთვის. იეჰოვამ მოსეს დაავალა, რომ ამ ქალებს სამართლიანად მოქცეოდნენ და უთხრა: „უნდა მისცე მათ კუთვნილი მემკვიდრეობა მათი მამის ძმებს შორის, გადაეცი მათი მამის მემკვიდრეობა“. ამ დროიდან მოყოლებული ასულებს ისრაელში შეეძლოთ მიეღოთ მამის მემკვიდრეობა და თავისი შთამომავლებისთვის დაეტოვებინათ (რიცხვები 27:1—8).

დამახინჯებული თვალსაზრისი ქალებზე

მოსეს კანონის თანახმად, ქალს ღირსეული ადგილი ეკავა საზოგადოებაში და მის უფლებებს იცავდნენ. მაგრამ ძვ. წ. IV საუკუნიდან მოყოლებული იუდაიზმზე გავლენა მოახდინა ბერძნულმა კულტურამ და საზოგადოებაში ქალის მდგომარეობა დაკნინდა (იხილეთ ჩარჩო „ქალის დაკნინებული მდგომარეობა ძველ დროში“).

მაგალითად, ბერძენი პოეტი ჰესიოდე (ძვ. წ. VIII საუკუნე) კაცობრიობის უბედურებაში ქალს ადანაშაულებდა. თავის ნაშრომ „თეოგონიაში“ ის საუბრობდა „ქალთა მომაკვდინებელ რასასა თუ ტომზე, რომლებიც მოკვდავ მამაკაცთა შორის ცხოვრობდნენ ამ უკანასკნელთა საუბედუროდ“. ამ თვალსაზრისმა ძვ. წ. II საუკუნის დასაწყისიდან იუდაიზმშიც მოიკიდა ფეხი. თალმუდი, რომლის შედგენაც ახ. წ. II საუკუნეში დაიწყო, მამაკაცებს აფრთხილებდა: „დიდხანს არ ესაუბროთ ქალებს, რადგან უზნეობას ჩაიდენთ“.

საუკუნეების მანძილზე ასეთმა გაბატონებულმა შეხედულებამ ღრმა კვალი დააჩნია იუდაურ საზოგადოებაში ქალის ცხოვრებას. იესოს დროს ტაძარში სალოცავად მისულ ქალებს მხოლოდ „ქალთა ეზოში“ შესვლის უფლება ჰქონდათ. რელიგიური განათლების მიღება მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ. როგორც ჩანს, სინაგოგაში ქალები კაცებისგან გამოცალკევებული იყვნენ. თალმუდში მოყვანილია ერთ-ერთი რაბინის სიტყვები: „ვინც თავის ქალიშვილს თორას [კანონი] ასწავლის, ის რყვნის მას“. რადგანაც იუდეველი რელიგიური წინამძღოლები ღვთის თვალსაზრისს ასეთი დამახინჯებული სახით ასწავლიდნენ, მამაკაცთა უმეტესობას ქალთა მოდგმა სძულდა.

დედამიწაზე ყოფნის დროს იესოს შეუმჩნეველი არ დარჩენია იუდაურ ტრადიციებში ღრმად ფესვგადგმული ასეთი არასწორი დამოკიდებულება ქალების მიმართ (მათე 15:6, 9; 26:7—11). აისახებოდა დამკვიდრებული მცდარი შეხედულება იესოს ქალებთან ურთიერთობაზე? რა შეგვიძლია ვისწავლოთ იქიდან, თუ როგორ ექცეოდა ის ქალებს? როგორ შეუმსუბუქა ჭეშმარიტმა ქრისტიანობამ ქალებს ტვირთი? ამ კითხვებზე მომდევნო სტატია გაგვცემს პასუხს.