არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წერილი საბერძნეთიდან

ქადაგება ევროპის უკიდურეს სამხრეთში

ქადაგება ევროპის უკიდურეს სამხრეთში

ჩვენმა იახტამ ეს-ესაა კრეტის ნავსაყუდელი დატოვა. წინ მივიწევთ და ნელ-ნელა თვალს ეფარება ლევკას ულამაზესი მთები. გეზი ხმელთაშუა ზღვაში მდებარე ერთ-ერთი პატარა კუნძულისკენ გვაქვს აღებული. ამ იახტაზე 13 იეჰოვას მოწმე ვართ და კუნძულ გავდოსზე საქადაგებლად მივემგზავრებით. ეს კუნძული, რომელიც რუკაზე წერტილივით მოჩანს, ევროპის უკიდურეს სამხრეთში მდებარეობს.

ზაფხულის ცხელი დღე დგას. ვფიქრობთ, რომ მგზავრობა სასიამოვნო და უსაფრთხო იქნება. მაგრამ მალე ქარი ზღვას აღელვებს და ჩვენს იახტას ნაფოტივით ათამაშებს. ზღვის ავადმყოფობა გვეწყება და მოციქული პავლე გვახსენდება, რომელიც საუკუნეების წინათ სწორედ გავდოსის (იმ დროს ეს კუნძული კავდას სახელით იყო ცნობილი) მისადგომებთან ძლიერ შტორმში მოჰყვა (საქმეები 27:13—17). ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობიანად მივაღწევთ კუნძულამდე.

როგორც იქნა, ხმელეთი გამოჩნდა. დავინახეთ 300 მეტრის სიმაღლის ბრტყელი კლდოვანი სანაპირო. კუნძულის უმეტეს ნაწილზე, დაახლოებით 26 კვადრატულ კილომეტრზე, წიწვოვანი ხეები და ბუჩქნარი იზრდება. სანაპიროები ადგილ-ადგილ ღვიითაა დაფარული.

ერთ დროს კუნძულზე 8 000-მდე მოსახლე ცხოვრობდა, დღეისათვის კი მათი რიცხვი 40-ზე ნაკლებია. როგორც ჩანს, ცივილიზაციამ კუნძულ გავდოსს გვერდი აუარა. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულის სანაპირო ზოლთან ხშირად თვალს მოჰკრავთ ტვირთმზიდ გემებს, კუნძულ კრეტადან კუნძულ გავდოსის მიმართულებით იახტა იშვიათად გადის. კუნძულებს შორის მიმოსვლას ხშირად უამინდობა აფერხებს.

გავდოსზე იმიტომ ჩავედით, რომ ხალხი გაგვემხნევებინა სასიხარულო ცნობით — მომავლის იმედით, რომ ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ დადამიწაზე და სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნებათ. როგორც კი ჩვენი იახტა ნაპირს მიადგა, იქაურებთან მაშინვე დავიწყეთ სასიხარულო ცნობაზე საუბარი.

ოთხსაათ-ნახევრიანი მგზავრობის შემდეგ ფერწასულ სახეებზე გვეტყობოდა, რომ გზაში ძალიან გავწვალდით. მაგრამ მას შემდეგ, რაც ცოტა წავუძინეთ და ფინჯანი ყავა მივირთვით, გამოვცოცხლდით. შემდეგ მოკლედ მიმოვიხილეთ ბიბლიაში ჩაწერილი ცნობა პავლეს მოგზაურობის შესახებ, ვილოცეთ და ქადაგებას შევუდექით.

აქაურები მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხია. ისინი გვეპატიჟებოდნენ სახლებში და გვიმასპინძლდებოდნენ. გარდა იმისა, რომ მათ ბიბლიურ ცნობას ვუზიარებდით, საჭიროების შემთხვევაში დახმარების ხელსაც ვუწვდიდით. მაგალითად, როცა ერთ ქალს ველაპარაკებოდით, ერთ-ერთმა ჩვენმა ელექტრიკოსმა ძმამ შენიშნა, რომ ამ ქალის სამუშაო ადგილზე ელექტრომოწყობილობა დაზიანებული იყო და შეაკეთა. ამან ქალზე ძალიან იმოქმედა. მან ბიბლიური ლიტერატურა აიღო და შეგვაქო კიდეც. მეორე ქალმა თავისი მადლიერება შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „თქვენი საქმე ღვთისგან არის და არა ადამიანისგან. ეს იქიდან ჩანს, რომ ასეთ დაშორებულ კუნძულზე ჩამოხვედით და ქადაგებთ“.

ჩვენი ლიტერატურა ხალხს ძალიან მოეწონა. ერთმა კაცმა აიღო ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. მან გვითხრა, რომ დამატებითი ლიტერატურა მიგვეცა, რომ ზამთრის პერიოდში წაეკითხა. სხვამ კი მხოლოდ თავისთვის კი არ გამოგვართვა პუბლიკაციები, არამედ თავისი კლიენტებისთვისაც, რომლებიც მის მაღაზიაში შედიოდნენ. მან თავისი მისამართიც მოგვცა, რომ ჟურნალები ყოველთვე გაგვეგზავნა მისთვის. ერთი ოჯახი ძალიან განცვიფრდა, როცა ვაჩვენეთ, რომ ბიბლიაში მათი პატარა კუნძულიცაა მოხსენიებული. მათაც სიხარულით აიღეს ჩვენი ჟურნალები.

მართალია, ასეთი გამოხმაურება ჩვენთვის ძალიან წამახალისებელი იყო, მაგრამ ამ კუნძულზე ჩამოსვლამ არასასიამოვნო მოგონებებიც აგვიშალა. სარაკინიკოს ყურესთან არის შენობა, სადაც საბერძნეთის მთავრობის მიერ გადასახლებული ხალხი ცხოვრობდა. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ქადაგების გამო სწორედ აქ გადმოასახლეს ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე, ემანუილ ლიონუდაკისი. * იმ დროს გავდოსს აღწერდნენ «უკაცრიელ კუნძულად, სადაც არაფერი ხარობდა და მხოლოდ შხამიან მორიელებს დაედოთ ბინა. ბევრი კვდებოდა შიმშილის, სიდუხჭირისა და არაერთი ავადმყოფობის გამო. ამიტომ, კუნძულს სამართლიანად უწოდებდნენ „სიკვდილის კუნძულს“». ძმა ლიონუდაკისს თევზაობით გაჰქონდა თავი და რადგან ერთადერთი იეჰოვას მოწმე იყო, მასსავით გადასახლებულთ უქადაგებდა. იმ სახლის ხილვამ, სადაც ძმა ლიონუდაკისი 70 წლის წინათ ცხოვრობდა, მის ქალიშვილს, სიძესა და შვილიშვილს მძიმე წარსული მოაგონა. ძმა ლიონუდაკისმა კარგი მაგალითი დაგვიტოვა, რომ ჩვენც ერთგულები და აქტიურები ვიყოთ მსახურებაში.

აქ გადასახლებულთათვის გავდოსი ნამდვილად არ ყოფილა საოცნებო სამოთხე. მაგრამ ჩვენთვის ის მართლაც სასიამოვნო ადგილი აღმოჩნდა, რადგან შაბათ-კვირის განმავლობაში კუნძულის სტუმართმოყვარე მაცხოვრებლებმა 46 ჟურნალი და 9 ბროშურა დაიტოვეს. ერთი სული გვაქვს, კვლავ როდის შევხვდებით ახალშეძენილ მეგობრებს.

ამასობაში კუნძულის დატოვების დროც დადგა. მაგრამ ავდარმა შეგვიშალა ხელი და უამინდობის გამო კუნძული საღამოს 5 საათის ნაცვლად დილის 3 საათზე დავტოვეთ და აზვირთებულ ზღვაში გავედით. ხუთსაათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ კრეტაში ჩავედით. ტალღებზე იახტის საათობით ტორტმანის გამო ხმელეთზე გადმოსულნი ჯერ კიდევ ბარბაცით მივაბიჯებდით, მაგრამ გვიხაროდა, რომ შევძელით კუნძულ გავდოსის მცხოვრებთათვის იეჰოვა გაგვეცნო (ესაია 42:12). ყველანი ერთ აზრზე ვართ — გაღებული მსხვერპლი ამად ღირდა! შიში, რომელიც განვიცადეთ, მალე დავიწყებას მიეცემა, ეს მოგზაურობა კი სასიამოვნო მოგონებად დაგვრჩება.

^ აბზ. 11 ემანუილ ლიონუდაკისის ბიოგრაფია შეგიძლიათ იხილოთ 1999 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 25—29.